მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

 

"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"

 

აღსარებისა და სულიერი ბრძოლების შესახებ

 

მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება დაბადებიდან ბოლო ამოსუნთქვით აღსრულებამდე როგორც ერთიანი, არც თუ ხანგრძლივი აქტი წარმოგვიდგება. მისი შინაარსი და ხარისხი შეიძლება რაღაც წამიერ მომენტში შევიგრძნოთ. წარმოვიდგინოთ წყლით სავსე იდეალურად სუფთა ჭურჭელი; შეხედვისთანავე შეგვიძლია დავასკვნათ ეს ჭურჭელი რამდენად სუფთა წყლით არის სავსე. მაშინ სწორედ ასე იქნება, როდესაც სხვა სივრცეში ჩვენი გადასვლის დრო დადგება. ასე იქნება, რადგან ყოველგვარი, თუნდაც ჩვენს მიერ ქმნილი უმნიშვნელო ჩქამი, ჩვენს ცხოვრებაში თავის კვალს ტოვებს.

წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ჩემი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ბოროტმა აზრმა, მაგალითად, მკვლელობის სურვილმა ჩემს გულში (შეად. "ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი" (მათ. 15:19).) მხოლოდ ერთხელ გაიელვა, თუ იგი ჩემი არსიდან სინანულითა და აღსარებით არ განიდევნა, ჩემი ცხოვრების სხეულზე ეს ერთადერთი აზრი შავ ლაქად დარჩება. "ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება" (ლკ. 12:2-3), ანუ არაფერი იფარება და ვერაფერი დაიმალება.

ჩვენ თავს ხშირად ვაწყნარებთ და ვარწმუნებთ, რომ, რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ არავის დაუნახავს და არავინ არაფერი იცის. მაგრამ, როდესაც მარადიულობაში გადასვლის სამზადისში ვართ, უწინარესად ყველაფერი ჩვენთვის იცვლება და ვცდილობთ ჩვენში არსებული ყოველგვარი შავი ლაქისაგან თავი დავიხსნათ.

"თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან" (1 იოან. 1:8-9). ღვთისა და ადამიანის წინაშე სინანულითა და თვითგმობით ადამიანი სრულად გაპატიოსნდება, გულრწფელი აღსარებით წმინდა ჭურჭელში არსებული წყალიც გასუფთავდება და თავის სიწმინდეს დაუბრუნდება. როდესაც მე ვინანიებ, ყველა ცოდვაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რადგან ქვეყნიერების ცოდვათა შორის ვერ ვპოულობ ისეთს, რაშიც, თუნდაც გონების ოდნავი შეხებით, მე თავად არ შემიცოდავს. ჩემი სულის სხვაგვარი მოძრაობაც კი ჩემი ცოდვიანობის ნიშანია. ვის შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ აღძრული საკუთარი იდეების ტყვეობაში არ იმყოფება? და ვისა აქვს იმის გარანტია, რომ უნებლიედ მოახლოვებული უკეთურება მასში სამარადისოდ არ დამკვიდრდება?

სანამ ჩვენ კიდევ ამ ქვეყნადა ვართ, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა გაგვაჩნია; მაგრამ მას შემდეგ რა იქნება, როდესაც წუთისოფლის მიღმა აღმოვჩნდებით, არ ვიცით. მატერიალური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ: თეორიულად, მასამ, რომელიც დედამიწის მიზიდულობის ველიდან გასვლისას საკმაოდ ძლიერი ბიძგით გაიტყორცნება, შეიძლება უსასრულო სივრცეში იფრინოს; იქნებ იგივე ხდება სულთან დაკავშირებითაც? ღვთის სიყვარულით შეპყრობილი, სხეულისაგან და შესაბამისად გრავიტაციის (სხეულთა ურთიერთმიზიდულობის) თავისებურებისაგან განთავისუფლებული - უკიდეგანო კოსმოსში მოქცეული სული, იქნებ სწორედ ღმერთისკენ გაემართება? ან პირიქით: ხომ არ მოხდება ისე, რომ ღმერთის უარმყოფელნი "გარესკნელის ბნელში გაიყრებიან" (მათ. 8:12) და სიყვარულისა და ნათლის საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან? ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს საშუალება საკუთარ პიროვნებას ვხედავდეთ. ამიტომ, იმისათვის, რათა ჩვენი ცოდვები საიმქვეყნოდ არ დავიტოვოთ, სინანულსაც უნდა განვიცდიდეთ და აღსარებასაც უნდა ვამბობდეთ.

არარაობისა და უნებლიეთ გაჩენილი ბოროტი აზრების დასამარცხებლად მათ მიმართ მიჯრით დაპირისპირება ყოველთვის არ არის სასიკეთო. უმჯობესია ხშირად გავიხსენოთ, უფალს კაცთათვის რა აქვს დასაბამიდან ჩაფიქრებული. საჭიროა იმის ცოდნა, რომ სამყაროს ღვთის ნებით შექმნამდე სრულყოფილების სისრულე იყო ადამიანი, ამიტომ ჩვენც უნდა ვეცადოთ ჩვენი ცხოვრებაც ღმერთის ნების შესაბამისად მოვაწყოთ (შდრ. "მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა" (მთ. 5:48); ეფ. 2:10; 1:4-5). ჩვენ მიმართ ღმერთის ინიციალური იდეის დაკნინება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დიდი ცოდვა იქნებოდა. თუ ადამიანები ვერ ხედავენ, რომ მათ პიროვნებასა და მით უმეტეს მოყვასში, ღირსება მკვირობს, ცხოველებს ემსგავსებიან და ერთმანეთის ხოცვას იწყებენ. ო, რა პარადოქსულად ცვლადია ადამიანი: ერთი მხრივ, ის იწვევს საკვირველ აღფრთოვანებას, ხოლო მეორე მხრივ, სისასტიკისა და ველურობის გამო მისი საქციელი გასაოცრად მტკივნეულია. სული ლოცვისაკენ მიილტვის, მაგრამ როგორც წესი, ეს ლოცვა საბოლოო მიზანს ვერ აღწევს, რადგან არავის და არაფერს შეუძლია ადამიანს მოუშალოს ბოროტებისკენ გადახრის უფლება და არ მისცეს ნება ნათელის ნაცვლად ბნელი აირჩიოს (შდრ. "ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოან. 3:19).).

ჭეშმარიტი ღმერთისადმი "სულითა და ჭეშმარიტებით" (იოან. 4:23) აღვლენილი ლოცვა უხრწნელი და მოუშლელი მყოფობაა. ფსიქოლოგიურად ჩვენ, ცხოვრების არარაობაში ჩაფლულებმა, ჩვენ მიერ აღვლენილი ასეთი ლოცვის შესახებაც შეიძლება დავივიწყოთ, მაგრამ ღმერთს იგი არასოდეს ავიწყდება (შდრ. "მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას" (ლკ. 10:41-42). საყოველთაო აღდგომისა და დიდი სამსჯავროს დროს, ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა კეთილი საქმე, ჩვენს გასამართლებლად, ჩვენ გვერდით აღმოჩნდება; და პირიქით, ჩვენ მიერ განხორციელებული, მოუნანიებელი ყოველგვარი უკეთურება მამხილებლად გადაგვექცევა. რაც უნდა უცნაურად და არალოგიკურად მოგვეჩვენოს, უგვანო საქციელი და უკეთური გამონათქვამებისგან ჩვენი სამშვინველი ცრემლით განიბანება. რა თქმა უნდა, ცრემლივე ჩამოგვბანს ჩვენი ცოდვის მძიმე შედეგებს. ცრემლით ვიკურნებით ჩვენ მიერ მოყვასის მიმართ ჩადენილი ცოდვების გამო აღძრული ნეგატიური ძალების ზემოქმედებისაგან; ადამიანის ცხოვრების სისრულე ღვთაებრივი ძალით აღორძინდება, მაგრამ არა მხოლოდ ღვთის ნებით, ანუ ცალმხრივად, არამედ მხოლოდ მონანიე და აღმსარებელ მორწმუნესთან ერთად, რადგან ღმერთი ადამიანისათვის ადამიანის გარეშე არაფერს აკეთებს.

ჩვენს პირად ცხოვრებაში ღმერთის მონაწილეობას განგებულებას ვუწოდებთ. ეს განგებულება წარმართული ბედისწერისაგან სრულიად განსხვავებულია. ცალკეულ შემთხვევებში არსებულიდან ჩვენ თავად ვირჩევთ სასურველ ვარიანტებს. როდესაც ჩვენ წინაშე განსხვავებული გზები ჩნდება, სრულიად ნორმალურია თვითონ ვირჩევდეთ და მივილტვოდეთ სასურველისკენ. ეს არჩევანი გარკვეული მსხვერპლის გაღებასთან უეჭველად იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, აქ გამოვლინდება ჩვენი სულიერი თავისუფლება. უფრო ხშირად ადამიანები დროებით სურვილებს ემორჩილებიან და ღვთის მიერ ბოძებულ ნათელზე უარს ამბობენ. ასე თანდათან ადამიანები მაცდური ვნებების ორომტრიალში ექცევიან და ვეღარ ჭვრეტენ სასურველ ნათელს. მაინც უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ არჩევანს გარკვეული მსხვერპლი და ტკივილი მაინც მოჰყვება და თუ ღვთის ნებას მივყვებით, ჩვენ მიერ გაღებული ყოველი მსხვერპლი ღმერთს გვაახლოვებს. თავად იესო ქრისტე ბრძანებს: "მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი" (ლკ. 22:42).

იმისათვის, რომ მეტად მივემსგავსოთ იესო ქრისტეს, სიკვდილის საიდუმლოს უეჭველად უნდა შევეხოთ ჩვენი სიცოცხლით. ამ, ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელ ზღვარს მიღმა არსებულ მიუჩრდილებელ ნათელში, მხოლოდ ჩვენი ღმერთისა და მამის წყალობით შეგვიძლია გადავინაცვლოთ. ასეთია ჩვენი იმედები ქრისტეში, და ეს იმედები უეჭველად გამართლდება, რადგან, როგორც ათასწლეულებმა და ეკლესიურმა გამოცდილებამ გვიჩვენა, ყოველი მისი აღთქმა უტყუარი და უცვალებელია.

ევანგელიე - სახარება - იწყება და მთავრდება სინანულის მოწოდებით. წმინდა ასკეტებიც და ჩვენი ეკლესიის მამებიც იმას გვასწავლიან, რომ თუ ადამიანი როგორც ცოდვილი არ ლოცულობს, მისი ლოცვა ღმერთამდე არ აღწევს. "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან" (1 იოან. 1:8), რადგან ძე ღმრთისა ბრძანებს: "მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათ. 9:13).

"მყრალი ზღვა ძევს ჩვენსა და ჩვენი გონების თვალით დანახულ სამოთხეს შორის, ეს ზღვა მხოლოდ შიშის მენიჩბეების მიერ მართული აღსარების გემით შეიძლება გადაიცუროს. და თუ ამ აღსარების გემს შიშის მენიჩბეები არ მართავენ, ჩვენ ამ მყრალ ზღვაში ჩავიძირებით... აღსარება - გემია, შიში მესაჭე, ხოლო ღვთაებრივი ნავმისადგომი სიყვარულია... ამ ნავსაყუდისკენ მიილტვის ყოველი დამაშვრალი და მონანიე. როდესაც ცოდვის მყრალ ზღვას გადავლახავთ და ნავსაყუდს სიყვარულით მივაღწევთ, ღმერთთან მაშინ ვიქნებით მიახლებული" (ღირსი ისააკ ასური, 83-ე სიტყვა).

სინანულია ჩვენი ასკეტური ცხოვრების მთავარი ფონი. წმინდა ეფრემ ასურმა მეტად საჭირო ლოცვა დაგვიტოვა: "მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა". კიდევ და კიდევ: ღვთის მაძიებლისათვის - ვისაც სურს ცოცხალი ღმერთის ხილვა, მისთვის ჭეშმარიტად სულიერი აქტია და უდიდესი ფასეულობაა საკუთარი ცოდვების დანახვა. უფრო მეტიც: ეს აქტი ჩვენში ჭეშმარიტი ნათლის მოქმედებაა და ეს ნათელი თავად ღმერთია.

ჩემი სულიერი მსახურების რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელმაც ცოდვის სიმძიმე და ბუნება გულით შეიგრძნო. როგორც წესი, ცოდვას ჩვენ მორალის დონეზე განვიხილავთ და თუ ოდესმე მორალზე მაღლა აღმოვჩნდით, განხილვის სიღრმე მაინც არასაკმარისი იქნება.

იმ გზებიდან, რომელიც საკუთარი ცოდვის შეცნობაში უნდა დაგვეხმაროს, უმნიშვნელოვანესია ქრისტეს ღვთაებრიობის შეგრძნება, რადგან სულიწმიდის სიყვარული ადამიანზე სწორედ ამ ნიჭის გამო ვრცელდება. ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილების შედეგად მიღებული ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი ადამიანს მოასურვებს, მუდმივად ამ მადლმოსილ მდგომარეობაში იყოს. და თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება ღვთის მადლის კლებას შეიგრძნობს, ყოველგვარი რაციონალური ფსიქოანალიზის გარეშე მიხვდება, რომ თავისი საქმით ან შინაგანი მდგომარეობით ღმერთს განუდგა და მისი ქმედება ღვთის სამართალს არ შეესაბამება. მორწმუნის სული აღსარებისთვის განემზადება და სინანულით აღვსილი გულწრფელი ლოცვით ღვთის სიყვარულის მოპოვებას კვლავ შეეცდება. რაც უფრო ძლიერია სულიწმიდის მადლის შეგრძნება, მით ღრმაა ძალა ჭეშმარიტი აღსარებისა. ასეთი ადამიანი ღვთის წინაშეა და განუსჯელადაა ღვთის შიშსა და სიყვარულში. დაწერილია: "ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ" (ლკ. 17:20), ამ მდგომარეობაში კი ადამიანი თავისთავად მუდმივი განწმენდის პროცესშია.

ცოდვის შეცნობის სხვა შემთხვევაში კაცი საკუთარ პიროვნებას ღვთის სამსჯავროზე დააყენებს. შინაგანი მდგომარეობის გონიერი კონტროლის შედეგად დარწმუნდება, რომ იგი არ იცავს ღვთის მცნებებს და შეეცდება აღსარების გზით მოინანიოს შეცოდებები. იმისათვის, რომ მიზანი ამ გზით იქნეს მიღწეული, აუცილებელია, პიროვნება დიდი გულისყურით მოეკიდოს საღვთო სჯულის შესწავლას, რადგან "ფართო არს ღმერთის მცნებანი" და "ფრიად ღრმაა უფლის ზრახვანი" (შეად. ფსალმ. 118:96; 91:5).

ადამიანური სინდისისა და გონის სულიერად ჭვრეტის შესაძლებლობები გაცილებით მწირია, ვიდრე ღვთისაგან ბოძებული წმინდა მცნებები, "რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროის არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი" (1 იოან. 3:20). სრული სინანულისათვის ამ ორი გზით ერთდროული მოქმედებაა საჭირო - გული და გონი, ეს არის ის, რაც შემდეგ, უკვე ჭეშმარიტი მარადიული ცხოვრების პროცესში უეჭველად გაერთიანდება. "ღმერთი სიყუარულისაი არს" (1 იოან. 4:8), მან იცის საკუთარი და ჩვენი ნამდვილი სახე; და მასში ყველაფერი ერთიანია. ამიტომ ადამიანმა უწინარესად ღვთის სიყვარული უნდა შეიგრძნოს და მხოლოდ ამის შემდეგ ეძიოს ცოდნა - ჯერ ღმერთის და შემდეგ საკუთარი პიროვნების შესახებ. სხვაგვარად ვერ მისწვდება მის მიმართ არსებულ ღმერთის იდეას: "რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი" (1 იოან. 4,8).

ჩემი აზრები უფრო გასაგები რომ გახდეს, მოვიყვან მაგალითს. ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი წერს, რომ გარკვეული ნათელი მას მრავალჯერ გამოეცხადა, წმინდანს უყვარდა ეს ნათელი და მისკენ მიილტვოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ ხვდებოდა: ვინ უნდა ყოფილიყო ეს ნათელი. ერთხელ, ნათელის ხილვის პროცესში, მოიკრიბა გაბედულება და იკითხა: ვინ ხარ შენ? პასუხი მიიღო და მიხვდა, რომ ამ ნათელში იესო ქრისტე ეცხადებოდა. ამის შემდეგ ღირსი სვიმონის ცხოვრება არა მხოლოდ სიყვარულით იყო აღვსილი, არამედ მან უკვე "იცოდა", რას წარმოადგენდა ეს სიყვარული. ასეთ კავშირს, განცდას და შემეცნებას, ჩვენს ცხოვრებაში დიდი საიმედოობა მოაქვს.

სხვა ასკეტების ასეთივე გამოცდილება გახდა ის საფუძველი, რაზეც შემდგომში აიგო ეკლესიური სწავლება უქმნელი ნათელის შესახებ.

"და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა მიმართ წარმართთა" (ლკ. 24:46-47). დიდებულია გამოუთქმელი ნიჭი აღსარებისა: სწორედ მას უკავშირდება დაუსაბამო ღმერთის - ჩვენი მამის შეცნობის საიდუმლოში ადამიანის სულის შეღწევის შესაძლებლობა. ყოფიერების ნამდვილი შინაარსის გამოცხადება: მხოლოდ სინანულისა და აღსარების ძალით შეიმეცნება ის, რაც დაბადებამდე ადამიანის შექმნასთან დაკავშირებული წმინდა სამების მარადიული თათბირის შინაარსი იყო.

ყველგან მსუფევი ღმერთის, მისივე ქმნილების მიერ შემეცნება ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი. მაგრამ შეუძლებელია ამ ცოდნის, მხოლოდ წიგნებისა და საღვთისმეტყველო სკოლების დახმარებით მოპოვება. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მიღება ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენს პიროვნულ სულში, აბსოლუტურად აუხსნელად, ღვთაებრივმა ნათელმა შემოაღწია და ეს ჭეშმარიტი ცოდნა მხოლოდ მაშინ მკვიდრდება, როდესაც ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენში უფლის ქმედითად ყოფნა ნიშნავს ჩვენს ზიარებას ღმერთის ყოფასთან. სწორედ ამ გზით ენიჭება ჩვენს სულს ღმერთთან ერთობა, ანუ ის წილი, "რომელიც არ წაერთმევა მას" (ლკ. 10:42). ამ სიკეთის მიღწევის ყველაზე ვარგისი საშუალება იესო ქრისტეს მიერ ჩვენს ღრმა რწმენაში ჩანერგილი სინანულის გულმხურვალე ლოცვაა.

ადამიანის გამო ღმერთის საწყისი შემოქმედებითი იდეა თუ არ განვჭვრიტეთ, თუ არ განვიცადეთ უფლის სიწმინდე, ვერ შევიგრძნობთ იმ დიდ სინანულს, რაც ჩვენი დაცემის თანამდებია. ჩვენ შეიძლება მეტად გვტკიოდეს არსებული სინამდვილე; შეიძლება ცხოვრების რაღაც მანძილზე ღვთაებრივი ცეცხლიც განვიცადოთ და ჩვენი ცოდვიანობის მისაწვდომ შეგრძნებებში სინანულიც დაგვეუფლოს, მაგრამ სხვაგვარია ტოტალური სინანული, რომლის დროსაც უქმნელი ნათლის წყალობით, ერთი მხრივ, სრულად ვიხილავთ იმ ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი არსია მოქცეული, ხოლო მეორე მხრივ, დავინახავთ იმ შეუვალ სიწმინდეს, რაც ცოცხალი ღმერთის გარშემო მკვიდრობს.

ჩვენი ცოდვების გამო დიდი გლოვის შედეგად, ჩვენში ღმერთი სასწაულებრივად იწყებს მოქმედებას. ამ დროს მის მამობრივ სითბოს ვგრძნობთ და ჩვენდაუნებურად იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ძალებით ასეთ მდგომარეობას ვერ შევინარჩუნებთ. როდესაც ამ სითბოს შეგრძნება ჩამოგვშორდება, კვლავ სიკვდილის წყვდიადში ჩავიძირებით; ამ მდგომარეობაში კვლავ ვიწყებთ ღმერთის ძებნას, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, ყოვლისმომცველი უფალი ჩვენთვის მიუწვდომელ შორეთში აღმოჩნდება.

როდესაც ჩემი ყოფის საწყაო იესო ქრისტეს მცნებები ხდება: როდესაც ვიცი, რომ ღმერთი მთელი არსით, ხოლო მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, ისე უნდა მიყვარდეს, მაშინ ჩემთვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შორს არის ჩემგან ის სანუკვარი მიზანი, რომელსაც მიველტვი. ამ დროს მეჩვენება, რომ ჯერ კიდევ ვერ მივუახლოვდი აღმსარებლობას, ანუ იმ წმინდა ცეცხლს, რომელიც უკვე შემეხო და საკუთარი სითბო შემაგრძნობინა. თავის დროზე შემძრა მომაკვდავი სისოი დიდის სიტყვებმა, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როდესაც დაუსაბამო უფალი გამოეცხადა: "უფალო იესო, მომეც ცოტა დრო აღსარებისთვის"... მის სარეცელთან მდგომმა გაოცებულმა ძმებმა ჰკითხეს სისოის: "შენ ამბობ მამაო, რომ ვერ მოასწარი აღსარების თქმა?" წმინდანმა უპასუხა: "დამიჯერეთ, ძმებო, რომ მე ჯერ არც კი დამიწყია აღსარება". ძმებისთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ სისოი დიდმა სრულყოფილებას მიწიერ ცხოვრებაშივე მიაღწია.

პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ასე აღიქმება ღვთაებრივი დაუსაბამობა. როდესაც ჩვენი შესაძლებლობები ცოცხალი ღმერთის მომქანცველი წყურვილით გადაილახება, ეს ძალა ჩვენსავე სულს ყოველივე ყოფითისაგან ათავისუფლებს და ის ისეთ გამოუთქმელ უძირო სულიერ სივრცეში გადაჰყავს, სადაც ღმერთია, რომელიც სიყვარულია და მისი უსაზღვროების მეტი არავინ და არაფერი იპოვება. იქ ნათელი, როგორც ასეთი, არ აღიქმება, მაგრამ იქ არც ბნელია. ეს უსაზღვრობა უცნაურად გამჭვირვალეა და გონიერი თვალი უსაზღვრობაში დაუბრკოლებლად მიიქცევა, და მიქცეული ამ მოგზაურობაში კიდეს ვერასდროს აღწევს.

მორწმუნე, რომელიც იესო ქრისტეს ჭეშმარიტ შემომქმედად და კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობიდან გამომხსნელ ღმერთად შეიგრძნობს, სინანულში ჯოჯოხეთსაც დაინახავს და სხეულებრივად აღსრულების ჟამს აღდგომასაც იხილავს. აღსარება გონებრივი, ანუ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისადმი და ყველაფრისადმი რაც ჩვენთან არის დაკავშირებული, მხოლოდ ჩვენი ინტელექტუალური დამოკიდებულების შეცვლის პროცესი არ არის. ეს არის ცვლილება, ამ ცვლილებას თან სდევს ღმერთისა და მისი სიწმინდის წინაშე საკუთარი ცოდვიანობისა და ღმერთის სიწმინდისაგან დაშორებით გამოწვეული ტკივილი და გულითადი სინანული. არ არსებობს უფრო დიდი მწუხარება, ვიდრე ამგვარი შეგრძნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ პიროვნებას ყველაზე და ყველაფერზე უარეს არსებად მიიჩნევს. ყოველგვარი მიწიერი განცდა დროებითია, მაგრამ დროებითი არ არის ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან. როდესაც მარადიული სულიერების სივრცეში აღმოვჩნდებით, საკუთარი ცოდვიანობის სიძულვილი გაგვიძლიერდება და ჩვენში წარმოქმნილი ვედრების გრძნობა თავდავიწყებულ ლოცვაში გადაიზრდება.

ღვთაებრივი რეალობების ჭვრეტა მხოლოდ იმდენად არის შესაძლებელი, რამდენადაც კონკრეტული ადამიანის პიროვნული სული ღმერთთან იქნება მიახლოებული და მოცემულ მომენტში მისი მდგომარეობა რამდენად იქნება ღვთაებრივი პიროვნების ჭვრეტის შესაბამისი. მართლაც: როგორ უნდა შეძლოს საკუთარ სამშვინველში ამპარტავნების ბრჭყალებით შებოჭილმა პიროვნებამ თვინიერი სულის დატევა? ანდა, შესაძლებელია თუნდაც "ერთი მცირეთა ამათგანი", რომელსაც, როგორც მამის სახეს "ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ" (მთ. 18:10) გეჯავრებოდეს და ღვთაებრივ სიყვარულს ქადაგებდე? ამრიგად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი ღმერთის უკვდავი დიდებისა და მიუაჩრდილებელი ღვთაებრივი ნათლის ხილვას, თუ მას ეს ნიჭი სულიწმიდის მადლით მიეცემა.

ღმერთთან ყოველი ჭეშმარიტი შეხვედრა უფლის მიერ ადამიანისთვის გაღებული ის მადლია, რომელიც ჩვენ ღვთაებრივი ცხოვრების: სიმდაბლისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მადლმოსილების მოზიარედ გვაქცევს. ჩვენში უქმნელი ძალის დამკვიდრებით დაუსაბამო ცხოვრების მონაწილენი ვხდებით. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც ადამიანი (არა თავისი არსით, არამედ ღვთაებრივი მადლით) დაუსაბამობას ეზიარება.

ამქვეყნიურობის ფარგლებში მოქცეული გონებითაც უნდა ვცდილობდეთ ჩვენს აზროვნებაში, განცდასა და ვედრებაში ქრისტეს მივემსგავსოთ, რადგან დაწერილია: "იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს" (ფილ. 2:5), "რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო" (ებრ. 5:7).

იქნებ საჭიროა ისიც ითქვას, რომ ისეთი გარე დამკვირვებლისთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრების არსს არ მიახლოებია, წვდომით მოპოვებულ უქმნელ ნათელში მნიშვნელოვანი არაფერია. ძონძებში გამოწყობილი მორწმუნე უფრო უდაბნოში მცხოვრები ასკეტია, რომელიც თავისი ფიზიკური გარეგნობით, ამაქვეყნის ძლიერთათვის უბადრუკი, სრულიად დაუცველი არსებაა, მაგრამ შინაგანად ის ჭეშმარიტი ბუმბერაზია, მისი სამეფო ზეცათაგანია და არ არის ამის სოფლისაგანი.

დასაწყისში სინანულისათვის სიმწარის შეგრძნებაა თანმდევი, მაგრამ ძალიან მალე მორწმუნე დაინახავს, რომ ის ცხოვრების ახალი ენერგიით აღივსება და ეს ძალა მის გონებაზე სასწაულებრივ გავლენას მოახდენს. თავად მონანიე მდგომარეობა ღმერთთან სიყვარულში მიახლოების პროცესად წარმოგვიდგება. პოროვნული სულის წინაშე სულ უფრო ნათლად ვლინდება პირველქმნილი ადამიანის ენით აღუწერელი სრულყოფილება. როდესაც ამ ბრწყინვალებას შევცქერით, დაახლოებით გასაგები ხდება ცოდვიანობის გამო, როგორ დაეცა და განადგურდა სამყაროს შემომქმედის ჩვენთვის არსებული იდეა. უფლისა და მამისგან მომავალმა ნათელმა "გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე" (2 კორ. 4:6). თავად იესომ ამის შესახებ ბრძანა: "ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა" (იოან. 6:44). სინანულის მადლით, ჩვენში არსებულ ძე ღმერთის ხატს ჩვენვე მოვიკვლევთ. ო, რა მტკივნეულია ეს პროცესი. სასტიკმა მახვილმა ჩვენს გულში თავისი გავარვარებული წვერით უნდა გაიაროს. და როგორ უნდა ვთქვა იმ თავზარის შესახებ, რომელიც ამ დროს დაატყდება ადამიანს? და როგორ უნდა აღვწერო ის აქტი, რომლის დროსაც ღმერთი ჩვენს კვალად გებას განახორციელებს? მამასთან ძისა და ლოგოსის ერთარსობა ჩვენში ყველაფრით მასთან მიმსგავსების დიდ სურვილს იწვევს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით: ვიტანჯებით, მაგრამ იმის გამო, რაც აქამდე ჩვენთვის უცხო იყო. ჩვენთვის ეს ტანჯვა შთამაგონებელია და არა მომაკვდინებელი. ამ ტანჯვას თან უქმნელი ძალა ახლავს. ჩვენ ვიძირებით ღვთაებრივ მიუწვდომლობაში, ჩვენ განცვიფრებულები ვართ იმით, რაც ჩვენში ხდება. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მოვლენა რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენზე მეტია. ცნობიერებაში ჩვენ ვიბუზებით, ვიკუმშებით, უკიდურესად ვცოტავდებით და ამ დროს სახარებისეული უძღები შვილის მომლოდინე მამის მსგავსად (ლკ. 15:20), უფალი მოდის და გვეკონება. შიშისა და ძრწოლისგან ვთავისუფლდებით და ჩვენში თავის ადგილს "ღმერთით გაოცება" იკავებს. ის გვმოსავს უძვირფასესი შესამოსელით; მრავალგვარი მაღალი ნიჭით გვამშვენებს. ამ ნიჭთაგან ყოვლისმომცველი და ყოვლად უბადლო სიყვარულია. ასე გარდაიქმნება ჩვენი პირველი აღმსარებლობითი ტკივილი სიხარულად და სიტკბოებად; სიყვარული ახლა უკვე ახალი სახით ვლინდება, ეს არის ღვთაებრივი ნათლის მიღმა დარჩენილი ყოველი არსის მიმართ აღძრული თანაგრძნობა.

დიდია აღტაცება კიდევ იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ არსებული ღვთის ნების შემეცნებას ვიწყებთ; ღვთაებრივ შემოქმედებით პროცესს პიროვნულად ვეზიარებით; როდესაც საქმე დაცემიდან ჩვენს წამოდგომას შეეხება, უფალთან ერთად ვმოქმედებთ და აი, ღმერთი თავისი საქმის "თანამონაწილეებად" გვაქცევს. ამგვარია სინანულში ჩვენი პიროვნული სულის აღორძინების გზა.

უფალმა თავის მიწიერ ცხოვრებაში, განხორციელებული მძიმე ცრემლისღვრით მოიპოვა ადამიანური უკვდავება, მისი რიდი და გოდება ის საფუძველი გახდა, რის გამოც იქნა შესმენილი; მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ძეა, მაინც მძიმე ტანჯვა-წამებით, ტკივილითა და სრული მორჩილებით დაამტკიცა თავისი და ღვთის ყოველი ერთგული ადამიანის მორჩილება და ამგვარად განახორციელა მათი სამარადჟამო გამოხსნა... ამის შესახებ ჩვენ ბევრი საუბარი გვმართებს, მაგრამ ძნელია ქრისტიანული ცხოვრების სიღრმეები გასაგებად აუხსნა მოყვასს, თუ მას ამ საკვირველ სფეროსთან ურთიერთობის გამოცდილება არ გააჩნია (შეად. ებრ. 5:7-11).

"ვისაც ყური აქვს", იესო ქრისტე "ყველა მისი გამგონისათვის" ერთადერთ გზად გადაიქცა და ყოველ მორწმუნეს შეუძლია ლოცვაში ქრისტეს მაგალითით ისარგებლოს. რა შემიძლია ვთქვა მე, კაცთა შორის ყველაზე მცირემ? ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე "მე ვლოცულობდი ტირილით". ქრისტეს მცნებებით ჩემს შეცოდებებს განვიხილავდი და ასეთ ლოცვამდე მივდიოდი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მტანჯველ სიმწარეს აღუწერელ უფსკრულში გადავყოლივარ... შემდეგ ეს ჭირი უკან იხევდა და მაშინ ვივსებოდი ნათლითმოსილი სიყვარულით. ვფიქრობდი, რომ ეს სიყვარული სამუდამოა; მეჩვენებოდა, რომ ვიწექი გადასასვლელში "თვით ფარდის მიღმაც" (ებრ. 6:19), საიდანაც ჩემ მიერ მიტოვებულ მიწაზე დაბრუნებაც კი აღარ მინდოდა. უფალს არ სურდა ჩემი წაყვანა.

მრავალჯერ გამხსენებია მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანის ხილვის შემდეგ ეგვიპტეში გაიგზავნა და შემდეგ მთელი ორმოცი წლის მანძილზე სხვადასხვა სახის ვნებებით იმათგან იტანჯებოდა, ვინც უნდა გადაერჩინა; უნდა გამოეხსნა ისინი, ვისაც თავად არ ჰქონდა ამის სურვილი. როდესაც ამას ვამბობ, ცხადია, მე არც წინასწარმეტყველებს, არც მოციქულებს და არც დიდ მამებს არ ვედრები, მე მხოლოდ ანალოგიის ისეთ მცირე ელემენტს ვხედავ, რომლის გარეშეც გზის გაგრძელებაც შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა თავისი სიმდაბლის გამო არ მიმატოვა, უფრო მეტიც, ის საშუალებას მაძლევდა მის უქმნელ ნათელს დავკვირვებოდი. ჩემს ცხოვრებად ქრისტე გადაიქცა; მე იესო მთელი გულით შემიყვარდა და მასთან ვერანაირი პარალელის გავლება ვერ წარმომიდგენია: ერთადერთი უფალი და ღმერთი ჩემთვის ის არის. თითქმის დაუოკებლად მტკივა გული და უამრავი ჩემი შებრკოლების გამო მუდმივად ვშიშობ, მისი გულმოწყალება არ დავკარგო. მასთან ბევრი დავის, ჩემი ჯვრის მრავალჯერ მიტოვების მცდელობის მიუხედავად, მე მაინც მას, ქრისტეს ჯვარს ვეამბორები და ავად თუ კარგად, მაინც ვატარებ ჩემს ჯვარს (შეად.: "მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე" (მათ. 16:24).

და ახლაც ვადიდებ ჩემს უფალს, რომელმაც მომმადლა მე მწარე სინანული და აღსარებაში აღორძინება.

"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ" (მათ. 4:5). აი, ჩემს გულს ბრძოლაში ვხედავ, მაგრამ როგორ მოვუთხრო თანამოძმეებს იმ წმინდა მგლოვიარების შესახებ, რომელსაც განვიცდი? ჩემთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ ისინი ზრდასრული ადამიანისგან ყოველგვარ ტირილს და გლოვას სამარცხვინოდ მიიჩნევენ. მართლაც, სასირცხვოა ტირილი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე გარდამავალ საკითხებს: კარიერას, ქონებას, პრივილეგიებს, სოციალურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას და სხვა ამგვარ საკითხებს შეეხება. მაგრამ მგლოვიარება, რომლის შესახებაც უნდა გესაუბროთ, ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას ეხება: ამ მგლოვიარებაში ყოფიერების სხვა სიბრტყე იგულისხმება. ასეთი მგლოვიარება და ტირილი ჩვენში მხოლოდ მაშინ აღიძვრება, როდესაც ღმერთის სრულიად წმინდა სული შეგვეხება. წარმოიდგინეთ: უფალი გვეწვია... გული უხრწნელი სიყვარულით აღგვივსო, ხოლო გონებას ახლებურად ხედვის ნიჭი მიანიჭა... მან ჩვენი სული ყოფიერების უქმნელ სივრცეებში აიტაცა. ყველა ვნებულისა და გაჭირვებულის გამო ჩვენს ფაქიზ არსებას გეთსიმანიის ლოცვის თანამგრძნობელი ცეცხლი მოედო და ეს უკანასკნელი მთლიანად მოიცვა მობრძანებული სიყვარულის ძალაუფლებამ. ასეთი იყო მოციქულებისა და იმ ჩვენი წმინდა მამების მგლოვიარება, რომლებმაც კურთხევა თავად უფლისგან მიიღეს. ეს ჭეშმარიტი ცეცხლი, რომელიც ჩვენს გულებს მოედო, დედამიწაზე თავად ქრისტეს მიერ იქნა გაჩაღებული (შეად. "ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას" (ლკ. 22:44; 12:49).

ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ღმერთისგან გამომავალი ნათელი ძალა ჩვენზე ასეთ ნაკადად გადმოიფრქვევა: არსებულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ბუნებისათვის გაუსაძლისია ამგვარ ცეცხლთან შეხება. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, ჩვენი აღდგენა უქმნელი ნათლის გამოცხადებით იწყება და სწორედ ამ საშუალებით ჩვენთვის თვალსაჩინო ხდება ღმერთთან განშორების საიდუმლო. ასეთ შემთხვევაში, ღმერთისგან ჩვენი განდგომის გამო, გულს მწუხარე სიყვარულის გრძნობა ეუფლება და აღძრულ საკუთარ გრძნობებს გლოვის გარდა სხვა არანაირი გამოსავალი აღარ რჩება.

მხოლოდ გულუბრყვილობის გამო შეიძლება მიიჩნიო, რომ შეიძლება ქრისტეს გზას უცრემლოდ გაჰყვეს ადამიანი. აიღე მშრალი კაკალი, დადე მძიმე პრესის ქვეშ და დაინახავ, როგორ გამოჟონავს სითხე. როდესაც უფლის სიტყვის უხილავი ცეცხლი ჩვენს გულს ყოველი მხრიდან მოედება, მაშინაც თავის უტყვ ეგოიზმში, და რაც უარესია, თავის გაამპარტავნებულ სპაზმებში მოქცეულ ჩვენს გაქვავებულ გულში რაღაცა მსგავსი ხდება. მაგრამ ეს არის ჭეშმარიტად ისეთი ცეცხლი, რომელსაც ყველაზე მაგარი მეტალისა და ქვის გალღობაც კი ძალუძს "მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!" (ლუკ. 12:49; 22:44).

ვისაც სიცოცხლის მანძილზე ამ ცეცხლის მოახლოება არ შეუგრძნია, ვერ გაიგებს, რის შესახებ მიმდინარეობს აქ საუბარი. სახარებაში გადმოცემული ქადაგების პირველ სიტყვებში ვკითხულობთ: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი" (მათ. 4:17) და აქ აშკარად ჩანს ჩვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლისაკენ მოწოდება. ამ ცვლილების განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ზეციური ნათლის ცეცხლს, რომელმაც ჩვენი გული უნდა დაარბილოს, უშუალოდ ჩვენს ცეცხლოვან სურვილს შევაგებებთ, და შემდეგ ეს ლბილი გული ღვთიური საგნით გაიჭედება.

სულიერი მგლოვიარება თავისი ბუნებით განსხვავდება მშვინვიერი ტირილისაგან. ის, რაც სულიერია, ღმერთზე უწყვეტ ფიქრთან და მასთან განშორების გამო მტკივნეულ გლოვასთან არის დაკავშირებული. მაშინ, როდესაც სულიერი გლოვა ადამიანს მომაკვდინებელი ვნებებისაგან ასუფთავებს და ცხოველმყოფელს ხდის, მგზნებარე მშვინვიერი ტირილი ახშობს და ანადგურებს სხეულს. სულიერ გლოვაში ცრემლის ფრქვევით ჩვენი გონი გრძნობადი წარმოდგენებისგან იწმინდება, ამ გზით ჩვენს სამშვინველში სულიერი გამბედაობა ძლიერდება და ადამიანი ყოველგვარ განგაშზე, შფოთსა და შიშზე მაღლამდგომი ხდება. რაც ღრმაა ჩვენი აღმსარებლური გლოვა, მით უფრო საფუძვლიანად ვთავისუფლდებით მოჩვენებით ბუნებრივი სურვილებისა და ისეთი გამანადგურებელი გრძნობებისაგან, როგორიც არის ამპარტავნება და მრისხანება.

მგლოვიარების გარეშე ჩვენი ფერისცვალებაც შეუძლებელია და ვინც ასე არ ფიქრობს, ის ვერ გრძნობს, რა მომაკვდინებელი ძალაუფლება აქვს ცოდვას ჩვენზე. პირველადი მწარე აღსარების შემდეგ გლოვაში ღვთის სიყვარულით გამოწვეული ცრემლი ჩნდება. ეს კი უკვე ნიშანია, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია და მისი მოქმედებით უკვე ახალ უხრწნელ ცხოვრებაში გადავინაცვლებთ.

სულიერი გლოვა ზეციური მოვლენაა. ვცდილობ და არ შემიძლია გავიხსენო - მიტირია თუ არა სრულწლოვან ასაკში? ნიშანდობლივია, რომ ეპოქა რომელშიც ვცხოვრობდი მძიმე მოვლენების ფონზე მიმდინარეობდა. მე მრავალჯერ ვმდგარვარ არათუ მძიმე, არამედ სასიკვდილო განსაცდელის წინაშეც. როდესაც ჭეშმარიტი ნათელი გამომეცხადა და ჩემი ცოდვიანობის სიმძიმე შევიგრძენი, მაშინ დავიწყე უნებლიეთ გლოვა-გოდება: ეს შეგრძნება ჩემზე ძლიერი იყო, დამეუფლა უიმედობა და არ შემეძლო ამ შეგრძნების შეჩერება. თავიდან ჩემს დაცემულობას დავტიროდი. მოგვიანებით ვგოდებდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც არ იცოდნენ ღმერთი და თანაგრძნობით შეპყრობილი ვხედავდი უღმერთობით გამოწვეულ მათ სავალალო მდგომარეობას. ათონის მთაზე, მით უმეტეს (მეორე) ომის დროს უდაბნოში, მთელი მსოფლიოს გამო გულამოსკვნილი ტირილი მეუფლებოდა.

დიდი ხნის მანძილზე ჩემს გონებაში მუდმივად მეორდებოდა სიტყვები: "საშინელებაა ცოცხალი ღმრთის ხელში ჩავარდნა!" (ებრ. 10:31) და მძიმე რამ არის უღმერთოდ დარჩენა. ღვთის სიყვარულის გარეშე ყველაფერი უაზრობაა: სამშვინველი გრძნობს ბნელეთში კვდომას (შეად. "კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია" (1 კორ. 13:1-3).). ამ გრძნობით გამოწვეული შიში და სიბნელე იმით ძლიერდება, რომ ის არა მხოლოდ ჩემ გარშემო, თავად ჩემშიცაა. როდესაც უქმნელი ნათელი ჩემი შინაგანი ჯოჯოხეთისგან მათავისუფლებს, ჩემგან ყოველი ვნება გამოდის, და მე მესმის, რომ ჩემს ყოვლისმპყრობელ უფალს შეუძლია მის ხატად - ყოველგვარი გარე ძალაუფლებებისა და ბოროტებისგან შეუვალ თავისუფალ მეუფედ - მეც მქნას.

გლოვის ხასიათის ცვლილება ჩემი შინაგანი მდგომარეობის შეცვლას უკავშირდება. დროდადრო გულიცა და გონებაც საოცარ სიმშვიდეს განიცდის და სიყვარულის შეგრძნების გამო ცრემლიც "ტკბება". მაგრამ, როდესაც ღვთაებრივი სული გამეყრება და უკვდავების სუნთქვას ვეღარ შევიგრძნობ, მაშინ ერთგვარი სევდა და შიში მეუფლება. ამ დროს ლოცვა გულის გადამლევ სასოწარკვეთილებას ემსგავსებოდა, და იყო შემთხვევები, რომ საათობით მიწაზე გულდაღმა ვეგდე. ქანცგამოცლილი მკვრივ საწოლზე გადავდიოდი; ვიწექი და ცრემლი არ მიწყდებოდა, გონება სდუმდა და ჩემი აზრი სასოწარკვეთაში იკარგებოდა.

საერთოდ, ეს ამბები უბრალო სიტყვებით მსურდა გადმომეცა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ამ "მოვლენების" ადამიანზე აღმატებულ, ღვთივ ბოძებულ ძალოვანებას, მკითხველი ვერ შეიგრძნობდა.

"ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს" (იოან. 4:24). მაცხოვრის სიტყვები "სულითა და ჭეშმარიტებითა" დასაშვებია ორი თვალსაზრისით გვესმოდეს: "ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის" (იოან. 15:26), და სულითა და ჭეშმარიტებით, რომელიც მონანიე ადამიანისათვის არის დამახასიათებელი - "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში" (1 იოან. 1:8-10). სულიწმიდა გადმოდის ადამიანზე და პიროვნება, როგორც ღვთის ხატი, ღვთაებრივი ჭეშმარიტების გავლენით თავად ხდება ჭეშმარიტი.

ღმერთთან, რომელიც სიყვარულია, ჩვენი ერთად ყოფნა გულისხმობს ორის - ადამიანისა და ღმერთის - ნების ურთიერთშერწყმას. შეერთება სიყვარულის სისავსეში ხორციელდება. ღმერთი - პიროვნული სული და ადამიანი - პიროვნება (პერსონა) მარადიულ ღვთაებრივ ცხოვრებაში ერთიანდებიან და ამ გზით ჩვენ ღმერთს შევიმეცნებთ.

ქრისტიანული შთაგონების საბოლოო მიზანი ასეთი სიყვარულის მიღწევაა. მიზნის მიღწევას წინ ხანგრძლივი და რთული გზა უდევს. ამ გზაზე ღმერთის დიდებული ძალების თანადგომის გაგება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და გარკვეულ მომენტებში, როდესაც პიროვნული სული მძიმე სინანულშია, მას ამ შეგრძნების ნიჭი თავად უფლისგან ღვთაებრივი ნათელის სახით ეძლევა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ღვთაებრივი წვევა არ ნიშნავს ღვთის მარადიულ თანადგომას. ეს ჯერ კიდევ ისეთი "დაუმსახურებელი სიმდიდრეა", რომელიც ადამიანმა თავისი ახალი ცოდვების გამო, შეიძლება კვლავაც დაკარგოს. ასეთი მადლის და ყველაფერი იმ სიკეთის შენარჩუნება, რაც ღვთის წყალობით მოგვეცა, მხოლოდ მრავალწლიანი გოდებით არის შესაძლებელი (შეად. "ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა. თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?" (ლუკ. 16:9-12)). ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მას ჩვენი მამები არ დაეთანხმებოდნენ. ჩვენ კი ვცდილობთ, მათ მიერ გაკვალულ გზას გავყვეთ და მათ მიერ მემკვიდრეობით გადმოცემული ცხოვრებით ვიცხოვროთ.

ღვთაებრივი გზა ასეთია: ის წრფელად მონანიეს წარუდგება და მის სიყვარულს ადამიანი უქმნელ ნათელში დროის შეგრძნების გარეშე იღებს. ჩვენ კვლავაც ვიმეორებთ სიტყვას - სიყვარული, მაგრამ ონტოლოგიურად მასში უკლებლივ სიყვარულს, უსასრულო სიდიადეს და უზომო თავმდაბლობას, ყოვლისმპყრობელ მშვენიერებას და ზეამქვეყნიურ სიმშვიდეს ვგულისხმობთ. ღმერთის სტუმრობა ადამიანს თავისი ღმერთის მოზიარედ - ენითგამოუთქმელ მიწიერ სიტყვად აქცევს. ჩვენ ერთი სურვილი გვამოძრავებს: შემეცნებული ღვთაებრივი სიყვარული ისე გავითავისოთ, რომ ის ჩვენს განუყრელ და მარადიულ ბუნებად გადაიქცეს.