მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

არქიეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი


სიტყვა ხარების დღესასწაულზე


ღვთის დედის მონაწილეობა ჩვენი ცხონების საქმეში

სიხარული სულიწმიდის მადლისა

წმიდა ხარების დიდებული დღესასწაულის საკითხავში ნათქვამია: მოივლინა გაბრიილ ქალწულისა მიმართ მარიამისა, და აუწყა მას სიხარული გამოუთქმელი.

ეს გამოუთქმელი სიხარული ქალწულმა მარიამმა მაშინვე იგრძნო, როგორც კი ახარა მთავარანგელოზმა, რაწამს მუცლად-იღო ჩვენი მხსნელი, ჭეშმარიტი ღმერთი, მეორე ღვთიური ჰიპოსტასი. იმდენად დიდი იყო ეს სიხარული, რომ ქალწულ მარიამს არ შეეძლო გულში დაეტია, და აჩქარებით გაეშურა, რათა თავისი ნათესავისთვის, მართალი ელისაბედისთვის გაეზიარებინა.

რაღა თქმა უნდა, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ამ სიხარულს მთელი სისავსით ვერ განიცდიდა მას შემდეგ, რაც მისი ღვთაებრივი ძე თავის მესიანურ მსახურებას შეუდგა ცხონებისათვის ყოვლისა სოფლისა, იწყო რა ტანჯვა მწიგნობართა და ფარისეველთა შურისა და გაბოროტების გამო. მასთან ერთად დედობრივ გულში იტანჯებოდა ყოვლადწმიდა დედაც ღვთისა. ამასთან, იგი არასოდეს ივიწყებდა მართალი სვიმეონისაგან ნაწინასწარმეტყველებს, რომ ქრისტეს ცხოვრებაში დადგებოდა ჟამი, რომელიც დედის გულს ორლესული მახვილივით მოსწყლავდა. ასეც მოხდა, როდესაც იგი ენით გამოუთქმელი გულის ტკივილით აღსავსე იდგა ჯვართან, რომელზეც მისი ღვთიური ძე იყო გაკრული. ღვთიური ჰიპოსტასი განიზრახავდა, ადამიანური ხორცნი შეესხნა. საიდან მიიღო უფალმა ეს სხეული? ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის საშოდან. მაშასადამე, იგი ყველაზე უშუალოდ მონაწილეობს ჩვენს ცხონებაში, მაშინ როცა ანგელოსები ჩვენს ხსნას მხოლოდ გარეგანად შეეწევიან, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ლოცვებით, თავიანთი მადლით. სწორედ ამიტომაც ყოვლადწმიდა ყველა ქერუბიმსა და სერაბინზე უპატიოსნესია.

ესეც არაა საკმარისი. ჩვენ ვუწყით, რომ წმიდა ზიარების გარეშე ცხონება არ ძალგვიძს. უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ, - ამბობს უფალი, - და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა (იოანე 6, 53). მაგრამ საიდანაა ეს ხორცი ქრისტესი, რომელსაც ჩვენ წმიდა ევქარისტიით ვიღებთ? ქალწულ მარიამის ყოვლადწმიდა საშოდან.

ამიტომაც მისი მადლი, მისი ლოცვითი კადნიერება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა ანგელოსისა და ყველა წმინდანის ლოცვა ერთად აღებული, როგორადაც იტყვის მამა იოანე კრონშტადტელი თავის სადღიურო ჩანაწერებში: ,,ჩემი ქრისტესმიერი ცხოვრება”.

ღვთისმშობლის ღვთიური დიდება და აქედან მომდინარე გამოუთქმელი სიხარული, მთავარანგელოზ გაბრიელისაგან რომ ემცნო, კიდევ უფრო საცნაური გახდა მიძინების შემდგომ. ეს აშკარად ჩანს ღვთის სათნო წმინდანებისადმი ჩვენება-გამოცხადებებში. წმინდა სერაფიმ საროველის ცხოვრებაში აღწერილია, თუ როგორი ღვთიური დიდებით მოსილი, ანგელოსებით გარშემორტყმული, წმინდა იოანე ნათლისმცემელთან, დიდებულ მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან და წმინდა ქალწულებთან ერთად ეჩვენა ღვთისმშობელი წმიდა ხარების დღესასწაულზე სერაფიმესა და დივეევოს სავანის მართალ მონაზონ ევპრაქსიას. ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო ყოვლადწმიდის ღვთიური დიდების დიდებულებას და მკვდარივით დაეცა მიწაზე. დედა ღვთისა მიუახლოვდა მას, ხელი მოჰკიდა, ფეხზე წამოაყენა და სიყვარულით იწყო საუბარი მასთან, შეადარა რა თავის პატიოსნებასა და ქრისტესადმი სიყვარულში მოღვაწე ყველა მონაზონი წმინდა მოწამეებს.

აშკარაა, თუ როგორი გულმოდგინებით უნდა ვესწრაფოდეთ მის ლოცვით შუამავლობას წინაშე ღვთიური საყდრისა. იგი ხომ ქრისტეს შემდეგ ჩვენი უპირველესი შემწეა. ძრწიან მის წინაშე ყველა ჩვენი უბედურების მთავარი დამნაშავენი, – დემონები. ისინი არათუ მის სიახლოვეს ვერ ჩერდებიან, არამედ მისი სახელის ხსენებაზეც კი გარბიან. დედა ღვთისა ჩვენი უპირველესი შემწეა ეშმაკებთან, ცოდვებთან და ვნებებთან ბრძოლაში. იგი ყველა ჩვენთა სნეულებათა უპირველესი მკურნალია და მხსნელი ყოველთა უბედურებათაგან.

ოღონდ კი მიწყივ ყოვლადწმიდასთან ვიყოთ მისდამი გულმოდგინე ლოცვებში, ოღონდ კი მუდამ მის დედობრივ საფარველს ვესწრაფოდეთ მტკიცე რწმენით და არცერთი ჩვენი ლოცვა, არცერთი წვეთი ცრემლისა, არცერთი ჩვენი ლოცვითი სულთქმა უკვალოდ არ გაქრება. იგი არა მარტო მიწიერი ცხოვრებისას გამოგვიხსნის ყოველგვარი ბოროტებისაგან, არამედ ჩვენთან იქნება ამა სოფლიდან ჩვენი გასვლის ჟამსაც, რათა ჩვენზეც აღსრულდეს ბოგოლუბსკის ღვთისმშობლის აკათისტოს სიტყვები: ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა შენ თვით გამოგვიჩნდი, ყოვლადწმიდაო (კონდაკი 13). იგი სიკვდილის შემდეგ ყველა ეშმაკს განსდევნის ჩვენგან, ჰაერისმცველთაგან დაგვიცავს საზვერეების გავლისას, თავისი ძის საყდართან წარგვადგენს, როგორც საყვარელ შვილებს და შეჰვედრებს მას, რათა თავისი ზეციური სამოთხის სავანეში დაამკვიდროს ჩვენი სულები.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ხარებული გამოუთქმელი სიხარული ჩვენი მონაპოვარიცაა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა სულიწმიდისაგან მიიღო მადლი, ღვთის დედა ყოფილიყო. ჩვენ კი იმავე სულისაგან მოგვემადლა, შვილ ღმრთისად ყოფნა. ამიტომ მეტ-ნაკლებად ჩვენც შეგვიძლია ვიქონიოთ გამოუთქმელი სიხარული, ვისწრაფით რა მთელი გულით ამ მადლისაკენ, მადლი ესე შეგვეწევა, განუხრელად აღვასრულებდეთ საღმრთო მცნებებს. მადლის მიერ ღვთიურთა მცნებათა ამგვარი აღსრულებით სწორედ გამოუთქმელი, ანუ იგივე ღვთიური სიხარულის მფლობელნი ვხდებით, თანახმად თქმულისა: უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ... სიხარული ჩემი თქუენთანა ეგოს, და სიხარული თქვენი სავსებით იყოს (ე.ი. სრულყოფილი იქნება) (იოანე 15, 10-11). ამ სიხარულს ყველა წმინდანი, მართალი ცხოვრების გამო, უკვე აქ – დედამიწაზე განიცდის. ზოგიერთი, მაგ., ანდრია სალოსი და ღირსი სერაფიმ საროველი ჯერ კიდევ მიწიერი ცხოვრების ჟამს ღირს-იქმნენ, სამოთხის მშვენიერებით დამტკბარიყვნენ და განეცადათ გამოუთქმელი სიხარული. ღირსი სერაფიმე მესამე ცად ამაღლებისას, მგემებელი ამ სიხარულისა, ამბობს, რომ ადამიანური ენით შეუძლებელია მისი რამენაირად გადმოცემა, და რომ ამ ნეტარებისთვის ნებისმიერი სატანჯველი უნდა დაითმინო.

გვახსოვდეს, თითოეული ჩვენგანისთვისაცაა ღვთისაგან განმზადებული გამოუთქმელი სიხარული. ამიტომაც ეს სიხარული ჩვენი ღვაწლის, მთელი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების უკანასკნელ მიზნად გვეგულებოდეს, რათა უფალმა ღირს-გვყოს სამოთხის ნეტარებას ლოცვითა ყოვლადწმიდისა ქალწულ მარიამისათა, ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა