მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

არქიეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი


რაში ცდებიან "მართლმადიდებელი" ეკუმენისტები

(ნაწილი I)


მართლმადიდებელი ეკუმენისტები, ერთი შეხედვით, ეკლესიის სწავლების ქვაკუთხედად ეკლესიის ერთიანობას მიიჩნევენ. მაგრამ მცნება „ერთიანში" ისინი თავიანთ არასწორ, დამახინჯებულ აზრს დებენ, ვინაიდან ერთიან ეკლესიაში არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ ყველა სხვაგვარადმადიდებელს, ე.ი. ერეტიკოსს მოიაზრებენ.
ეკუმენისტური თვალთახედვა რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლურისაგან, რომელიც ერთიან ეკლესიაში ყოველთვის მოიაზრებდა მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელ ადამიანებს.
ჩვენი ეკლესია ერეტიკოსებს არასდროს მიიჩნევდა ქრისტეს სხეულის წევრებად. ამასთან, რაგვარად შეიძლება მსგავსი შეხედულება მივიჩნიოთ მართლმადიდებლურად, როდესაც მსოფლიო კრებები ერეტიკოსებს ანათემას გადასცემდნენ, ე.ი. განაყენებდნენ ეკლესიისაგან?
ეკლესიის ცნების განსაზღვრებისას ეკუმენისტები უგულებელყოფენ მსოფლიო კრებების ავტორიტეტს, მაგრამ ეს იგივეა მთლიანად უარყო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი და ჭეშმარიტების განმსაზღვრელ ერთადერთ კრიტერიუმად საკუთარი მოსაზრება მიიჩნიო.
ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესიის არსებობის ეჭვსა და ურწმუნოებას წარმოაჩენენ ეკუმენისტები ეკლესიის საყოველთაობის განსაზღვრებისას.
წმინდა მამებთან ერთად, საყოველთაოს, კათოლიკე, ან მსოფლიოს ვუწოდებთ ეკლესიას იმიტომ, რომ ის არ იზღუდება არც ადგილმდებარეობით, არც დროით, არც ეროვნულობით, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ყველა დროსა და ერში მცხოვრებ ჭეშმარიტ მორწმუნეებს, ხოლო ეკუმენისტები ამ სახელწოდების ქვეშ არა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანებს, არამედ ყველა ერეტიკოსს მოიაზრებენ.
ასეთივე მცდარი ხედვა გააჩნია ეკუმენისტებს მოციქულებრივი ეკლესიის ცნების განსაზღვრების დროსაც.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეკუმენისტები მოციქულებრივ ეკლესიებად სახელდებენ ე.წ. „ქრისტიანულ ეკლესიებს", რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ მოციქულებრივი წარმომავლობა ან მემკვიდრეობა.
ისინი მოციქულებრივ ეკლესიებად სახელდებენ არამართლმადიდებლებს, მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქულმა მათი ცრუსწავლებები ანათემას გადასცა: „არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (გალ. 1. 8).
ყველაზე მეტად ეკუმენისტები მრწამსის მეცხრე მუხლთან მიმართებით სცოდავენ, როდესაც ერეტიკოსებს წმინდა ეკლესიის წევრებად მიიჩნევენ. ეკლესიას იმიტომ ეწოდება წმინდა, რომ ის სულიწმიდას გარდაუვლენს მორწმუნეთ მირონცხების საიდუმლოთი ნათლისღების დროს.
ეს აღმაღორძინებელი და მაცხოვნებელი მადლი სულიწმიდისა არის ყველაზე ძვირფასი და აღმატებული ჩვენთვის, ვინაიდან ეს გახლდათ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის, ჯვარცმისა და სიკვდილის მიზეზი.
მაცხოვარი ბრძანებს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს" (ლუკ. 12. 49).
ანტონი დიდი და მაკარი მეგვიპტელი ქრისტეს ამ სიტყვების განმარტებისას დასძენენ, რომ ცეცხლში მაცხოვარი სულიწმიდის მადლს გულისხმობს, რომელიც გარდამოდის ჩვენზე მირონცხების საიდუმლოთი.
ამიტომაც ბრძანებს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „სწორედ ეს გახლავთ ქრისტეს მოსვლის მიზანი, რათა მორწმუნეებმა მიიღონ სულიწმიდა. რათა ქრისტე თავად იყოს სული ჩვენი სულისა. რათა სულიწმიდის მოქმედებით განვიწმინდოთ, განვაახლოთ გონება, სინდისი და ყოველი გრძნობა".
ამრიგად, ეკლესიის უდიდესი მამები გვასწავლიან, რომ ცათა სასუფეველი, რომლის ძიება პირველყოვლისა დაგვავალა უფალმა (მათ. 6. 33), გახლავთ მადლი სულიწმიდისა და საწინდარი ჩვენი წმინდა ცხოვრებისა.
სულიწმიდის მადლი - საგანძური ჩვენი ეკლესიისა, არ შეიძლება არსებობდეს პროტესტანტიზმში, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ მირონცხების საიდუმლო.
„მართლმადიდებლური აღმსარებლობის" მოწმობით, ნათლისღების შედეგად მხოლოდ ცოდვებისაგან ვიწმინდებით, ვკვდებით ამქვეყნიური ცხოვრებისთვის და სულიწმიდით ვღორძინდებით ახალი და წმინდა ცხოვრებისათვის.
მაგრამ ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ იმ მადლის მეშვეობით, რომელიც გვენიჭება მირონცხების საიდუმლოთი. ამ საიდუმლოთი გვეძლევა მადლი სულიწმიდისა თავისი მადლმოსილი ნიჭებით, რომლებიც გვაძლიერებენ სულიერ ცხოვრებაში.
მადლმოსილი წმინდა ცხოვრება შეუძლებელია ჰქონდეს
არამართლმადიდებელ ქრისტიანს, მათ რომც გააჩნდეთ მირონცხების საიდუმლო, მართლმადიდებლობისაგან ერესში გასვლის შედეგად, ეს საიდუმლო არანამდვილი და არამაცხოვნებელია.
ამრიგად, ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები, როდესაც წმინდა ეკლესიის წევრებად მოიაზრებენ ერეტიკოსებს. ერთ-ერთი ეკუმენისტი ლიდერი ამბობს: „ისინი წმინდანებად ღვთის მადლითა და სიყვარულის ურთიერთობით გახდებიან".
აქ მართლმადიდებელი ეკუმენისტები ერთმანეთში ურევენ მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული წევრის ცოდვასა და ადამიანურ უძლურებას სხვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებთან, მათ „ეკლესიებთან", ვინაიდან მცდარად მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლებიცა და ერეტიკოსებიც ღვთის მადლის მეშვეობითა და სიყვარულის ურთიერთობით, და არა ჭეშმარიტი სწავლების საფუძველზე, გახდებიან წმინდანები.
მაგრამ მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, რაგინდ მძიმე ცოდვაში არ უნდა აღმოჩნდეს, სინანულის საიდუმლოს მეშვეობით, მაცხოვნებელი მადლით ყოველთვის შეუძლია მიაღწიოს ჭეშმარიტ და სრულყოფილ სიწმინდეს მადლში.
მაგრამ ერეტიკოსს თუ ერეტიკულ ორგანიზაციას ეს მადლი არასდროს ექნებათ, ვიდრე არ შეინანებენ თავიანთ ცრუსწავლებას და შეუდგებიან მართლმადიდებლობას, იმიტომ რომ მათთან არ მოქმედებს მირონცხების საიდუმლო, შედეგად მადლი სულიწმიდისა.
რაგვარ ღვთის მადლსა და წმინდანობაზე საუბრობენ მართლმადიდებელი ეკუმენისტები არამართლმადიდებლებთან მიმართებით? ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით, სულიწმიდის მადლი ორი სახით ცლინდება:
1) გარეგნული მზრუნველობის, ადამიანების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევის მომზადების სახით;
2) შინაგანი, აღმაღორძინებელი, მაცხოვნებელი მადლის სახით, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს.
ცხადია, მართლმადიდებელი ეკუმენისტები ერეტიკოსების წმინდანობას სიყვარულის ურთიერთობაზე საუბრისას, არ გულისხმობენ პირველი მადლის გარეგნული სახით გამოვლინებას, ვინაიდან ის მათ წმინდანებად ვერ გახდის. მაშასადამე, აქ შინაგანი, მაცხოვნებელი მადლი იგულისხმება.
მაგრამ მაცხოვნებელი მადლი არამართლმადიდებლებს ან საერთოდ არა აქვთ, ან არ მოქმედებს მათთან, შედეგად არ აცხოვნებს და არ შექმნის წმინდანად.
ამრიგად, ვერც ერთი, ვერც მეორე სახის მადლი არამართლმადიდებელ ქრისტიანებს ვერ აცხოვნებს. ამდენად, მართლმადიდებელი ეკუმენისტები ამაოდ საუბრობენ ერეტიკოსების მადლმოსილებასა და სიწმინდეზე.
გარდა ამისა, განა არამართლმადიდებელი შეიძლება გახდეს წმინდანი „სიყვარულის ურთიერთობით"? რომც არსებობდეს სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა მართლმადიდებლისა ერეტიკოსისადმი, ის მათთვის სასიამოვნო მოგონებას არ აღემატება.
ხოლო იმისათვის, რომ გახდეს წმინდანი, ერეტიკოსი არა მხოლოდ უნდა შეუერთდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, და აღიქვას მისი მაცხოვნებელი მადლი, არამედ უნდა შეუდგეს: ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას, უკომპრომისო ბრძოლას ცოდვებთან და ვნებებთან, ღვთაებრივი მცნებების აღსრულებას, ვიწრო და ეკლიანი გზით სვლას.
მხოლოდ ამის შედეგად ქრისტიანი, მადლის მეშვეობით, ხდება წმინდანი. ამდენად, მართლმადიდებელი ეკუმენისტების სიტყვები ერეტიკოსების მადლმოსილების, წმინდანობისა და სიყვარულის შესახებ უსაფუძვლო და უდიდეს ცდომილებად უნდა მივიჩნიოთ...