მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


ჰომეოპათია – მეცნიერება და არა იდეოლოგია


ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც მუდმივად შევიცნობთ, მაგრამ რომელიც არ არის შეცნობადი ბოლომდე. თვითონ მატერია, მიუხედავად მისი ხელშესახები მდგომარეობისა, არის ამოუწურავი საიდუმლო. მეცნიერების განვითარებამ, მაგ: კვანტური ფიზიკის აღმოჩენებმა, ფარდა ახადა ბევრ ისეთ მოვლენას, რომელზეც კაცობრიობას წარმოდგენაც არ ჰქონდა. ჰომეოპათიაც, ათწლეულების მანძილზე, საიდუმლოების ბურუსით იყო მოსილი.
ჰომეოპათია, როგორც მედიცინის ცალკე მიმართულება, აღმოცენდა არცთუ შორეულ წარსულში, თუმცა მისი კვალი გვხვდება ანტიკური ხანისა და შუასაუკუნეების სამედიცინო ტრაქტატებში. მკურნალობის მეთოდმა, რომელიც მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა და სისტემაში მოიყვანა გერმანელმა ექიმმა და მეცნიერმა ჰანემანმა, იმთავითვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება მკურნალობის დადებითი შედეგებით. თუმცა, როგორც კლასიკური მედიცინის სტანდარტული მეთოდების საპირისპირო მიმართულებამ, იმდროინდელი ექიმების დიდი კრიტიკაც გამოიწვია. ჰომეოპათიის ეს ოპოზიციონერობა დევნაში გადაიზარდა და ჰანემანი იძულებული იყო დაეტოვებინა გერმანია და საცხოვრებლად საფრანგეთში გადასულიყო.
მიუხედავად მედიცინის ავტორიტეტების მტრული განწყობისა, ჰომეოპათია სწრაფად ვითარდებოდა, რაც ეფუძნებოდა დაავადებათა მკურნალობის კარგ შედეგებს. უკვე რამდენიმე ათეული წლის შემდეგ განწყობა ჰომეოპათიის მიმართ იმდენად შეიცვალა, რომ მის მომხრეებად შეიძლება ვნახოთ ცნობილი მეცნიერები, ევროპელი მონარქები და სხვა გამოჩენილი პიროვნებები.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია კეთილგანწყობილი იყო ჰომეოპათიის მიმართ. გუბერნიებში მოღვაწე ბევრი მღვდელი თავისი სამწყსოსთვის იყენებდა მკურნალობის ამ მეთოდს. ცნობილი პიროვნებები, შემდგომში ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულნი – ეგნატ ბრიანჩანინოვი და ფეოფანე ზატვორნიკი სარგებლობდნენ ჰომეოპათიური პრეპარატებით. საინტერესოა ამ მხრივ წმ. მატრონას ისტორიაც. მას თავის ახლობლებში ჰყავდა ორი ჰომეოპათი. ერთი მათგანი ქრისტიანული მოძღვრებისაგან საკმაოდ შორს იდგა. მიუხედავად ამისა, წმინდანი ხშირად აგზავნიდა თავის სულიერ დას მასთან ჰომეოპათიური საშუალებებისთვის. ჰომეოპათიის მიმდევარი იყო ცნობილი ექიმი პიროგოვი, რომელსაც ავადმყოფებთან ვიზიტისას თან ჰქონდა ამ სახის წამლები. ჰომეოპათიას მფარველობდა მეფე ნიკოლოზ II.
საქართველოში ჰომეოპათიურ საშუალებებს იყენებდნენ ქართველი პატრიარქები კალისტრატე და ეფრემი.
კომუნიტური წყობის დროს ჰომეოპათია ფაქტიურად იდევნებოდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჰომეოპათიური მკურნალობა არ ეტეოდა მატერიალისტური მსოფლმხედველობის ჩარჩოებში და ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას. კომუნისტური დიქტატის დამთავრების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. ჰომეოპათია არა მარტო აღიარეს, არამედ მიანიჭეს ოფიციალური სტატუსი. დღეს იგი განვითარებულია ქვეყნებში, რომლებიც განსხვავებულია რელიგიით, ანთროპოლოგიური წარმოდგენებით, ეთნიკური ტრადიციებით. ეს მოწმობს იმას, რომ ჰომეოპათია არ მიეკუთვნება რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემებს. ჰომეოპათები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები, ჰქონდეთ სხვადასხვა ფილოსოფიური ხედვა. ეს ეხება მათ შინაგან სამყაროს და არა მედიცინის ამ მიმართულებას. ჰომეოპათია რჩება პრაქტიკულ მედიცინად, რომელიც დამყარებულია ფაქტებზე და მისი ეფექტურობა მტკიცდება არა განყენებული დისკუსიების ფონზე, არამედ ავადმყოფის საწოლთან.
დღეს დიდი დილემა დგას კაცობრიობის წინაშე. მხოლოდ ქიმიურ პრეპარატებზე დამყარებული მედიცინა, რომელიც ხშირად იმართება ფარმაკოლოგიური ფირმების დიქტატით, კატასტროფას უახლოვდება. სულ უფრო ფართო გავრცელებას ჰპოვებს ჯგუფი დაავადებებისა, რომელიც ცნობილია წამლისმიერი დაავადებების სახელით. ეს ემსგავსება ადამიანის მიერ შექმნილ ცივილიზაციას, რომელიც შეიძლება საკუთარი წარმოებების გამონაბოლქვმა გაანადგუროს ან დედამიწას, რომლის სიკვდილს აჩქარებს ხშირად გაუგებარი ტექნოლოგიებით შექმნილი ქიმიური სასუქები. ამ ფონზე ისახება გამოსავალი – მივმართოთ ბუნებას და მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებს. ორგანიზმის ხედვაც ამ საშუალებების პრიზმაში განსხვავებულია. მოვიყვან მაგალითებს: 1. ჰომეოპათიური და ფიტოთერაპიული სწავლების მიხედვით, ბაქტერიებისა და ვირუსების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე მჟღავნდება მაშინ, როდესაც სუსტდება იმუნური სისტემა. შედეგად ვითარდება დაავადება. ამიტომ სწორი მკურნალობა მიმართული უნდა იყოს პირველ რიგში, ორგანიზმის შინაგანი დისჰარმონიის აღმოფხვრისა და იმუნური სისტემის აღდგენისაკენ. 2. ნერვული სისტემის სომატური დარღვევების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს პათოლოგიურ მდგომარეობებს. Aარა მარტო სული მოქმედებს სხეულზე, არამედ სხეულიც, რაღაც ხარისხით, ახდენს ზემოქმედებას ფსიქიურ პროცესებზე. ამიტომ ბუნებრივი საშუალებები, მოქმედებენ რა ნერვულ, ჰორმონულ, ენდოკრინულ სისტემებზე, ირიბად ახდენენ ზეგავლენას სულიერ მდგომარეობაზე.
ჰომეოპათიური საშუალებების მოქმედების მექანიზმებში ჩაწვდომა სხვადასხვა თეორიასა და ჰიპოთეზას ჰბადებს. შესაძლებელია, ადამიანის ორგანიზმში არის სასიგნალო სისტემა, რომლის რეცეპტორები რეაგირებენ მიკროგამღიზიანებელ ფაქტორებზე და რაც სუსტია ეს გამღიზიანებელი, მით მეტი რეზონანსი აქვს მასზე ორგანიზმს. შესაძლებელია, ეს რეცეპტორები იმდენად ფაქიზია, რომ გრძნობენ შორეული კოსმიური სხეულების ზეგავლენას, რაც შემჩნეული ჰქონდათ უძველეს სწავლულებს. დიდი ალბათობაა, ჩვენი ორგანიზმი მუდმივად იღებდეს მიკროგამღიზიანებლების უამრავ იმპულსს, რომელსაც ვერ აფიქსირებს ვერცერთი ხელსაწყო. ჰომეოპათიური განზავებები სწორედ ასეთი იმპულსებია. ამ სქემიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომ აქვთ მაღალ განზავებებს ასეთი ძალა და ინტენსივობა და მოქმედებენ ორგანიზმის ღრმა, ზოგჯერ შეუსწავლელ სტრუქტურებზე.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის მამები ადამიანს თვლიდნენ და თვლიან მიკროსამყაროდ, რადგან მასში არის კოსმოსის ყველა ელემენტი და აღბეჭდილია მაკროსამყაროს სტრუქტურა. ამიტომ ითვლება ადამიანი უმაღლესი გონის შემოქმედების გვირგვინად და საიდუმლოდ, რომელსაც მეცნიერება ბოლომდე ვერასოდეს შეიცნობს. ამიტომ მივენდოთ ბუნების ძალას!