რატომ იყო ადამიანთა ცოდვით დაცემა შესაძლებელი?
შემოქმედმა ადამიანი შექმნა და სამი უდიდესი ნიჭი - თავისუფლება, გონება და სიყვარული უბოძა. ეს ნიჭები აუცილებელია ადამიანის სულიერი ზრდისა და ნეტარებისთვის. მაგრამ სადაც თავისუფლებაა, იქვე დასაშვებია არჩევანის გაკეთებისას ორჭოფობა და ცდუნება. გონის საცდური გონებითი ამპარტავნებაა. ეს ნიშნავს, საღვთო ზესიბრძნისა და სიკეთის შეცნობის ნაცვლად ბოროტისა და კეთილის გაგება უფლის გარეშე სცადო; მოისურვო, თავად გახდე ღმერთი. სიყვარულის გრძნობის საცდურია ღმერთისა და მოყვასის ნაცვლად გიყვარდეს საკუთარი თავი და ყოველივე ის, რაც ქვენა სურვილებს დაგიკმაყოფილებს და წარმავალ განცხრომაში გამყოფებს. პირველმა ადამიანმა ვერ გაუძლო ამ ცდუნებებს...
ვისარგებლოთ მამა იოანე კრონშტადტელის ამ თემასთან დაკავშირებული აზრებით: რატომ დაუშვა ღმერთმა თავისი საყვარელი არსების, ყოველი მიწიერი ქმნილების გვირგვინის - ადამიანის დაცემა? პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია: თუ დაცემის ნებას წაართმევდა, მაშინ საჭიროც აღარ იქნებოდა მისი შექმნა ღვთის სატად და მსგავსად. მისთვის ზედმეტი გახდებოღა ღვთის ხატის განუშორებელი თვისების - თავისუფალი ნების მინიჭება. ასეთი ადამიანი დაემორჩილებოდა აუცილებლობის კანონს, ისევე, როგორც უსულო ქმნილებანი: მზე, ცა, ვარსკვლავნი, დედამიწა, ყოველგვარი სტიქია და უტყვი ცხოველები. მაგრამ მაშინ ხომ აღარ იქნებოდა დედამიწაზე მიწიერ ქმნილებათა მეუფე, საღვთო სახიერების, ზესიბრძნის, შემოქმედებითი ყოვლისშემძლეობისა და განგებულების მეხოტბე?! მაშინ ადამიანი ვერაფრით შეძლებდა, დაემტკიცებინა შემოქმედისთვის თავისი ერთგულება, თავდადება და თავგანწირული სიყვარული. ვერ მოიპოვებდა ბრძოლით და ვერ დაიდგამდა გამარჯვების უხრწნელ გვირგვინს, ვეღარ ეზიარებოდა მარადიულ ნეტარებას, რომელიც ღვთისადმი ერთგულებისა და თავდადების ჯილდოა და ვერ ჰპოვებდა მიწიერ ცხოვრებაში შრომისა და მოღვაწეობის შემდგომ მარადიულ განსვენებას.