უსიამოვნო, პირქუში მხარეები ჩვენი ადამიანური ცხოვრების მხიარულ მომენტებს გარკვეულწილად უფრო მძაფრად აღქმადსა და ძვირფასს ხდის. მაგრამ თავად საღვთო წერილი გვეუბნება, რომ მძიმე ტანჯვა და სნეულება არ უნდა მივიჩნიოთ სრულიად კანონიერ და ბუნებრივ მოვლენებად, ისინი უფრო ნორმიდან გადახვევას წარმოადგენენ. ზნეობაში ბოროტების გაჩენით დაიწყო კაცთა მოდგმის ტანჯვა - იგი ჩვენს ცხოვრებაში შემოსული ცოდვის შედეგია. ამას ადასტურებს ბიბლიის პირველივე გვერდები: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი (შესაქ. 3,16) - ეს სიტყვები ევასთვის იყო განკუთვნილი, მისი დაცემის შემდგომ; ადამს კი ღმერთმა უთხრა: წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა (შესაქ. 3,17). მწუხარება მოევლინა ადამიანებს, როგორც მათი დასჯის, შეგონებისა და გამოსწორების საშუალება. წმ. ბასილი დიდის გამოთქმით, ტანჯვა და სიკვდილი აღკვეთს ცოდვათა გაღრმავებას. საღვთო წერილი მრავალ მაგალითს გვთავაზობს მწუხარებისა და ცოდვის, როგორც მიზეზსა და შედეგს შორის ურთიერთკავშირის გააზრებისთვის. მიიღეთ სწავლაბ, ნუუკუე განრისხნეს უფალი (ფს. 3,12), კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაბთა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი (ფს. 118,71). თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სნეულებათა და მწუხარებათა მიზეზნი უმრავლეს შემთხვევაში. თავად ადამიანები არიან. ფიზიკურ კეთილდღეობას გამოდევნებულნი იქმნიან თავიანთი არსებობისთვის ხელოვნურ, არანორმალურ პირობებს, სასტიკ ორთაბრძოლაში ერთვებიან რაღაც დემონური განწყობის, სიამაყის, შურისგებისა და სიავის გამო.
როგორც საღვთო წერილი გვასწავლის, ზნეობრივი ბოროტების შედეგი ადამიანიდან ცხოველთა სამყაროსა და ყველა ქმნილებაზე ვრცელდება. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე, - წერს პავლე მოციქული და განმარტავს, - რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან იგი დაამორჩილა, სასოებით, რამეთუ თგი იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა (რომ. 8,20-22).