მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პროტოპრესვიტერი
მიქაელ პომაზანსკი

 

ბოროტება და ცოდვა სამყაროში

 

ღვთის მოწყალება დაცემული ადამიანისადმი.

 

დაცემის შემდგომ ღმერთმა არ განაგდო ცოდვილი ადამიანი. უფალს არ წაურთმევია ადამიანისთვის არც ცხოველთა სამყაროსგან მისი განმასხვავებელი ხატი ღვთისა, არც თავისუფალი ნება, სულიერ საწყისთა შემმეცნებელი გონება და სხვა. ღმერთი ადამიანს მოექცა, როგორც მკურნალი და აღმზრდელი - სამოსით დაფარა მისი სიშიშვლე. კაცთა ზესთამჩენობისა და სიამაყის, ხორციელ გულისთქმათა და ვნებათა დასაცხრობად სამკურნალო და ამასთან აღმზრდელობითი მნიშვნელობის საშუალებები - შრომა და სნეულებანი გამოიყენა (ჩვენ თავად განვიცდით შრომის აღმზრდელობით გავლენას და ვგრძნობთ, თუ როგორ განწმედს სულს სნეულება). ღმერთმა ადამიანი ფიზიკურ სიკვდილს დაუქვემდებარა, რათა აეცილებინა მისთვის საბოლოო, სულიერი სიკვდილი, ანუ მასში ცოდვის საწყისების უკიდურესი, სატანურ ზღვარს მიღწეული განვითარება.

 

მაგრამ მწუხარებისა და სიკვდილის ბუნებრივი ლაგამი ბოლომდე ვერ ამოძირკვავს თავად ბოროტების საწყისს. იგი მხოლოდ მის განვითარებას აფერხებს. ადამიანისათვის უკიდურესად აუცილებელი იყო ისეთი ძალა, ზებუნებრივი შემწეობა, რომელიც თავად კაცობრიობაში შინაგან გადატრიალებას მოახდენდა და განუხრელი, სულ უფრო ღრმად დაცემის ნაცვლად მას ცოდვაზე გამარჯვებისა და ღმერთისკენ თანდათანობითი ზეასვლის შესაძლებლობას მისცემდა.

 

საღვთო განგებულებამ წინასწარ განჭვრიტა ადამის ჯერ კიდევ განუმტკიცებელი თავისუფალი ნების დაცემა და მისი აღდგინებაც ასევე წინასწარ მოაწყო. ადამის ცოდვით დაცემა არ იქცა კაცობრიობის გამოუსწორებელ დაღუპვად. ღვთის წინასაუკუნო განჩინების თანახმად, მის ამაღორძინებელ ძალად დედამიწაზე გარდამომხდარი ძე ღვთისა იქცა.