ფიზიკური უბედურებანი ცოდვის შედეგსა და იმავდროულად საღვთო სასჯელსაც წარმოადგენს. ეს ასახულია ღვთის სიტყვებში, რომლითაც მან პირველმშობლებს მიმართა სამოთხიდან განდევნისას. ცხადია, სასჯელი არსებობს, როგორც ადამიანის შემდგომი და სააბოლოო დაცემისაგან შემაკავებელი საშუალება.
წმ. კირილე ალექსანდრიელი დაცემული ადამიანისთვის ჯაფისა და სნეულებათა მნიშვნელობაზე ამბობს: როდესაც ადამიანმა მოიწია გამომფიტავი მარხვა და მწუხარება, ხვედრად ერგო სნეულებანი, ტანჯვა-ვაება და სხვა ცხოვრებისეული სიავენი - ამით მას ერთგვარად ლაგამი ამოედო. იმისთვის, რომ კეთილგონივრულად ვერ შეინარჩუნა უშრომელი და უდარდელი ცხოვრება, მას ეძლევა სხვადასხვა განსაცდელი, რათა ტანჯვით განიკურნოს იმ სნეულებისგან, რომელიც ნეტარებაში მყოფს დაატყდა თავს.
ეს წმიდა მამა აგრეთვე სიკვდილის შესახებაც მსჯელობს: რჯულმდებელი (ღმერთი) სიკვდილით აჩერებს ცოდვის გავრცელებას და ამით თვით სასჯელში თავის კაცთმოყვარეობას ავლენს. მიცემული მცნების დარღვევა მან სიკვდილთან დააკავშირა და ამიტომ დაადო ასეთი სასჯელი განდგომილს, მაგრამ ღმერთი ყოველივეს ისე აწესრიგებს, რომ თვით სასჯელი გადარჩენას ემსახურება. სიკვდილი შლის ამ ჩვენს ცოცხალ ბუნებას და ამგვარად, ერთი მხრივ, აჩერებს ბოროტების მოქმედებას, მეორე მხრივ კი, ადამიანს კურნავს სნეულებისაგან, ათავისუფლებს ჯაფისგან, აქრობს მის დარდსა და საზრუნავს და განასრულებს სხეულის ტანჯვას. ასეთი კაცთმოყვარეობით შეაზავა მსაჯულმა თავად სასჯელი.