მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პროტოპრესვიტერი
მიქაელ პომაზანსკი

 

ბოროტება და ცოდვა სამყაროში

 

ბოროტება და უბედურებანი.

 

ჩვენს სასაუბრო ენაში ბოროტება ორი სახის მოვლენას ეწოდება. ხშირად ამ სიტყვაში იგულისხმება საერთოდ ყველაფერი, რაც უბედურებისა და ტანჯვის წყაროა. მეორე, უფრო ზუსტი და პირდაპირი გაგებით, ბოროტება ეწოდება ნების არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეულ ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს.

ფიზიკური სამყაროს უბედურებები, მაგალითაც, მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა, ცხადია, თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი. სამყაროს საერთო სისტემაში ისინი აღიქმებიან ისე, როგორც ფერწერაში ნათელ საღებავებზე ლაქის დანახვა, ან საამო ბგერათა წყობაში უხეში ხმების გაგონება და სხვა. - ასე წარმოიდგენდნენ ამ მოვლენებს წმიდა მამები (ნეტარი ავგუსტინე და გრიგოლ ღვთისმეტყველი). შეუძლებელია უარყო, რომ სტიქიური მოვლენები ხშირად მგრძნობიარე ქმნილებათა და ადამიანთა უბედურებისა თუ მწუხარების მიზეზი ხდება, მაგრამ გვმართებს კეთილკრძალულებითი გრძნობით მოვიხაროთ ქედი სამყაროს ყოვლადბრძნული მოწყობის წინაშე, სადაც ბრმა სტიქიურ ძალთა და ორგანულ ქმნილებათა უსასრულოდ მრავალფეროვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო და ყოველ წამს ურთიერთშეჯახებული მისწრაფებანი თანხმდებიან, ჰარმონიაში მოდიან და სამყაროს უწყვეტი განახლებისა და განვითარების წყაროდ იქცევიან.