მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმინდა მღვდელმთავარი
ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


„მისიონერული წერილები“


ოქსიმე პ.-ს - ბოროტი მონის შესახებ

როდესაც ლაპარაკობს მეორედ მოსვლის შესახებ, ქრისტე ადამიანებს ხან მონებს, ხანაც კი ბატონებს უწოდებს. ორივე შემთხვევაში იგი თითოეულს აფრთხილებს, რომ ყველანი ფხიზლად და მხნედ უნდა ელოდნენ მას, უფალს - დიდებისა და სამყაროს მსაჯულს. თითოეული ადამიანი ბატონ-პატრონია სულიერი საუნჯისა, რომელიც მის სულშია. ყოველი მათგანი იმავე სიფრთხილითა და მზრუნველობით უნდა ინახავდეს თავის შინაგან განძს, როგორითაც პატრონი ინახავს საკუთარ ხილულ მიწიერ საუნჯეს. „უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა (მათ. 24,43). იმდენად, რამდენადაც არ უწყის ჟამი მოსვლისა, განუწყვეტლივ უნდა დაიცვას სახლი ნებისმიერ დროს - დღისა და ღამის განმავლობაში.

ჩვენც ამგვარადვე განუწყვეტლივ უნდა დავიცვათ ჩვენი სულები ეშმაკეულისაგან, ბოროტი და უხილავი ქურდებისაგან, რათა მათ საუნჯე არ წარგვტაცონ და სული ჩვენი ქრისტეს მეორედ მოსვლის დღისათვის გაკოტრებული და ცარიელი არ დატოვონ.

უფალი მონებს იმიტომ გვიწოდებს, რომ ჩვენ ამ საუკუნეში უფლისაგან ნასესხები საგანძურით ვსარგებლობთ. ამ ადგილას იგი განსაკუთრებით ხალხთა ბელადებს მიმართავს, რომელნიც როგორც მონანი უფლისა, უფლისავე სახელით საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდნენ. აქ იგი ბელადებს ერთგულებად და ბოროტებად ჰყოფს. ერთგული და ბრძენი მონა - მეფე ან ღვთისმსახური, მშობელი ან მასწავლებელი - მუდმივად ბატონის, ანუ ქრისტეს მოსვლის მოლოდინში ცხოვრობს და ცდილობს, რომ ღვთისშვილებს საზრდო დროულად, ანუ - სწორად და მეთოდურად მიაწოდოს. ეს კი ნიშნავს, გამოკვებოს ისინი უფლის კანონებით, რჩევებითა და მაგალითებით, დაიცვას ბოროტისაგან და განამზადოს ზეციური სასუფევლისათვის. ბოროტი მონა კი თავის გულში იტყვის: „ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად“ (მათ. 24,48) - და ხალხის ტანჯვას დაიწყებს, დროს კი ნაყროვანებასა და ლოთობაში გაატარებს. მაგრამ მოვა უეცრად ბატონი და დასჯის ბოროტ მონას. ვხედავ, რომ თქვენ ზუსტად ეს სასჯელი გაცბუნებთ. როგორ დასჯის ღმერთი ბოროტ და ორგულ მონას? გახლეჩს მას. რას ნიშნავს ეს - გახლეჩვა? - კითხულობთ თქვენ. ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ - განიყოს სული სხეულასაგან და სხეული მიწიერ ხრწინლებას მიეცეს, ხოლო სული კი გეენიის ცეცხლს, სადაც ტირილი და კბილთა ღრჭენა იქნება. აი, რა დაემართება ბოროტ მონას, რომელიც არ ელის თავისი ბატონის მოსვლას და რომელიც საკუთარ თავს კა არ აყენებს ხალხის სამსახურში, არამედ - მას იმსახურებს.

ხსნა და ჯანმრთელობა თქვენ უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 152)