მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმინდა მღვდელმთავარი
ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


„მისიონერული წერილები“


საღვთო სჯულის მასწავლებელს

თქვენს ზოგიერთ კოლეგაზე ბრაზობთ, რომლებიც გმობენ სკოლებში (ქრისტეს რჯულის) საღვთო რჯულის სწავლებას და მართალიც ბრძანდებით. რისხვა თქვენი - სამართლიანი რისხვაა, ასეთი რისხვა სათნოა უფლისათვის. მაგრამ მხოლოდ მრისხანება და დაჟინება არ ღირს. აუცილებელია მათთვის ვილოცოთ, ვინც უგუნურებით ეწინააღმდეგება საღვთო რჯულის სკოლაში სწავლებას, რათა ღმერთმა თვალები აუხილოს და დაინახონ, რომ იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან, რადგანაც ახალგაზრდა თაობის მთელი აღზრდა ეფუძნება ურყევ კლდეს ქრისტიანული სწავლებისა. ასე იყო ჩვენთან ჩვენი ათასწლოვანი მართლმადიდებლური ისტორიის განმავლობაში, ასე უნდა იყოს დღეს, ხვალე და უკუნითი უკუნისამდე. ასეთ აღზრდას არ შევურცხვენივართ უწინ, არ შეგვარცხვენს არც მომავალში. მან განსაკუთრებული ადამიანები მოგვცა, ჩვენი ისტორიის მშვენებად რომ იქცნენ, ისევე როგორც გარსკვლავები ამშვენებენ ცის კაბადონს. ასეთი ადამიანები - ვარსკვლავები ჩვენი ისტორიის კაბადონზე მრავლად არიან და კიდევ რა შეიძლება იყოს აღზრდის მიზანი, თუ არა - ადამიანებად, ნამდვილ ადამიანებად ჩამოყალიბება?

პედაგოგიური მეცნიერება ჩვენშიაც და ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანულ მეცნიერებას უნდა ეთანხმებოდეს. თუკი აღზრდა ქრისტეს მეცნიერებას ჩამოშორდება, იზარალებს არა მეცნიერება, არამედ - აღზრდა, ადამიანები დაიკარგებიან. თუკი ქრისტიანული საფუძველი აღზრდისა სკოლებში დანგრეული იქნება, იგი ადამიანთათვის და ხალხისთვის საშიშროებად გადაიქცევა. რამეთუ განათლებული, მაგრამ უზრდელი ადამიანი საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც უფრო სახიფათოა, ვიდრე აღზრდილი და გაუნათლებელი. ბზარს რწმენაში უცილებლად მოჰყვება ბზარი ადამიანის ხასიათში. ამას მოწმობს როგორც წმიდა, ასევე საერთო ისტორია მონათლული ხალხებისა. ისრაელის რომელი მეფეც უნდა ყოფილიყო, თუკი იგი ღმერთს განუდგებოდა, განუდგებოდა ამავე დროს ზნეობასაც. რადგანაც როგორც მდინარეა დაკავშირებული თავის სათავესთან, ხოლო სინათლე კი მზესთან, ასევეა ზნეობა რწმენასთან კავშირში.

„მე ვარ გზაჲ“ (იოან. 14,6), - თქვა ქრისტემ და კიდევ მან თქვა: „მეც მე წყალი ცხოველი“ (შეად. იოან. 4,10-14; 7,38.) და „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“ (იოან. 8,12). საით მივმართავთ ამ გზას ჩამოცილებულ ჩვენს შვილებს, თუ არა - უფსკრულისაკენ?! რით დავარწყულებთ მათ ცხოველ სულებს, ამ მაცოცხლებელი წყლის გარეშე, თუ არა - ჭაობის მღვრიე ნაგუბარით, რომელსაც ჯოგი სვამს?! რით გავანათლებთ ამ ნათლის გარეშე, თუ არა - მოჩვენებითი ათინათით?!

მაგრამ, ამბობენ, რომ საღვთო რჯული ჩვენი დროებისათვის არ არის. არ ვიცი... ერთს კი ვხედავ, რომ ჩვენს დროშიც მხოლოდ ის ადამიანები არიან გამორჩეულნი, რწმენასა და უფლის კანონს რომ ეყრდნობიან. არ ვიცი, რომელ სწავლებას შეეძლო, ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ქრისტეს სწავლებას ჩანაცვლებოდა, რადგანაც არ არსებობს არავითარი სხვა მეცნიერება ადამიანის, მისი ცხოვრების აზრის, ზნეობის შესახებ, მართლმადიდებლური სწავლების გარდა.

ამგვარად, არავის ძალუძს, სხვა საძირკვლის ჩაყრა არც ჩვენს დროში და არც ათასი წლის მერე ჩვენს შემდეგ, გარდა იმ ცოცხალი საძირკვლისა, რომელმაც თავადვე შექმნა თავი თვისი და თქვა: „თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15,5).

მშვიდობა თქვენ და წყალობა უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 150)