მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმინდა მღვდელმთავარი
ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


ჩვენი ერის ბედნიერი მომავალი

ადამიანები უმეტესად ცხოვრობენ სურვილებით, ვიდრე - რეალობით. უფრო მეტად - მომავალით, ვიდრე - აწმყოთი. დღევანდელი დღე არის ის, რაც გუშინ არ გვქონდა, ეს ჩვენი გუშინდელი სურვილებია და გუშინდელი მომავალი. გუშინ ჩვენ ვცხოვრობდით ოცნებით ხვალინდელ დღეზე. დადგა დილა და ჩვენი აზრები და ოცნებები მომდევნო დღისაკენ მიიქცა. გამოდის, რომ ჩვენი აზრები და სურვილები წინ უსწრებს დროს. ძალიან იშვიათია ჩვენს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ჩვენ ვთხოვთ დროს შეჩერდეს. და ასე მთელი ცხოვრება - უფრო მეტად ყურადღებას შორეულ საგანზე ვაჩერებთ, ვიდრე ახლოზე. უმეტესად გვამოძრავებს გონება და გული, რეალობას კი ყურადღებას არ ვაქცევთ. ამიტომაც ჩვენი ბედნიერების მხოლოდ მცირედი ნაწილია ჩვენს ხელთ. მეტი ნაწილი კი - შორს, მომავალშია, მომავალში, რომელსაც ჩვენი სურვილები და გულისწადილი გვიხატავს. ამიტომაც ჩვენი ბედნიერება არასოდეს იქნება სრულყოფილი.

   ჩვენ ერის ბედნიერება და მომავალი საგარეო საქმეთა სამინისტროს მივანდეთ. ყველანი შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ ქვეყნის ბედნიერება კარგად მოფიქრებულ დიპლომატიურ თამაშზეა დაფუძნებული. და აღარ გვჯერა, რომ ჩვენი მომავალი თვითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ვივიწყებთ რა ჩვენს მოვალეობებს, მივჩერებივართ საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ გვწამს, რომ იგი პოლიტიკის დაფაზე სწორ სვლას გააკეთებს და გაიმარჯვებს.
   "ჩვენთან არაფერი მოწესრიგდება!" - გვესმის ყოველი მხრიდან. ჩვეულებრივ მოვლენად იქცნენ ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სამშობლოსა და თანამემამულეთა წინაშე, სხედან რესტორნებში და გაიძახიან: "ჩვენთან არაფერი მოწესრიგდება!". ვაჭრები, რომელთაც არ გააჩნიათ ვაჭრობის ნიჭი და უცოდინარობით იტანჯებიან, აკრიტიკებენ საგარეო საქმეთა მინისტრს და ამბობენ: "ჩვენთან არაფერი მოწესრიგდება"! ქალები, რომლებმაც შვილები ვერ აღზარდეს, მიიჩნევენ, რომ საგარეო პოლიტიკა შესაცვლელია მარცხნივ და არა მარჯვნივ, ამიტომაც: "ჩვენთან არაფერი მოწესრიგდება!". ასეთია პროგნოზი ადამიანებისა, რომელთაც არც თავისი თავისა სჯერათ და არც თავიანთი ერის. ასეთი ადამიანები დღეს ძალიან ბევრი არიან, დადიან ქუჩა-ქუჩა და აკრიტიკებენ ყველას, მათ საკუთარი არაფერი გააჩნიათ, გარდა კრიტიკისა, რომელიც უნდა ითქვას, ჩვენს ქვეყანაში არ ფასობს. ისინი ხშირად იმეორებენ: "ახლანდელი თაობა რომ საერთოდ გადაშენდეს, შესაძლოა მაშინ აღიზარდოს უკეთესი".
   მაგრამ ყური არ უგდოთ მათ, ძმანო და დანო, რამეთუ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. თაობები ერთმანეთისაგან არ განიყოფა ჩინეთის კედლით, არამედ ახლანდელი ერწყმის მომავალს. გუშინდელი თაობა ხვალინდელს არა მარტო სხეულს გადასცემს, არამედ სულიერებასა და მორალს. ყოველი თაობა სულდგმულობს და იკვებება წინამდებარე თაობით. და ბოლოს, თაობები არ ცხოვრობენ დამოუკიდებლად - ერთად აუცილებლად ცხოვრობენ რამდენიმე თაობის ადამიანები. ამიტომაც ლოგიკას მოკლებულია მტკიცება, რომ მომავალი თაობა იქნება სრულიად ჯანმრთელი, მაშინ როდესაც ჩვენ მძიმე სენითა ვართ დაავადებული. და, რომ ისინი იქნებიან აბსოლუტურად კეთილნი, მაშინ როდესაც ჩვენ ბოროტნი ვართ. ჩვენ სერიოზულად უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას, თუ გვსურს გვყავდეს ჯანმრთელი შვილები.
   ამიტომ უფლება არა გვაქვს გავკიცხოთ მომავალი თაობა და ვუძახოთ: "უწმინდურნი", "უპასუხისმგებლონი". პირიქით, უნდა მოვუწოდოთ მათ, დავანახოთ ჩვენი ცუდი და კარგი მხარეები და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა მათ არჩიონ ჯანსაღი და ნათელი, ბოროტება კი მოიძულონ. ჩვენ არ უნდა დავემალოთ შვილებს, არამედ ვეჩვენოთ ისეთები, როგორებიც ვართ - მათ ხომ ვერაფერს დავუმალავთ. და მოდით, ვუთხრათ: "ჩვენ ვართ თქვენი ხსნა და დაღუპვაც, შეგვხედეთ იმ მხრიდან, საიდანაც ხსნას დაინახავთ".
   ჩვენი რწმენა არ პასუხობს ჩვენს სურვილებს: გვსურს გვქონდეს ბე-დნიერი სამშობლო, თვითონ კი არ გვწამს მისი. განვაგდოთ უღირსი წარმოდგენები, რომ ჩვენ გაგვათავისუფლებს და გაგვაძლიერებს ერთი ადამიანი. განათავისუფლეთ და განაძლიერეთ თვითოეულმა საკუთარი თავი და როდესაც ყველა გავხდებით თავისუფალნი და ძლიერნი, მაშინ ჩვენი სამშობლოც ძლიერი იქნება. გარეგანი თავისუფლება არ ფასობს შინაგანის გარეშე. ისევე, როგორ გარეგნული ძალა არაფერია შინაგანის გარეშე.
   შევხედოთ ცხოვრებას რეალურად. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენი ოცნების სასახლის მშენებლობაში თვითოეულმა დავდოთ ქვა, რამეთუ ჩვენ ვართ ჩვენი მომავლის მშენებლები.
   განაგდეთ პესიმისტური აზრები, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ.
   გაიხსენეთ, ყველა დიდი ერი თავიდან მცირერიცხოვანი იყო. ჩვენი ეკლესია, რომელშიც დღეს მილიონობით ადამიანი ირიცხება, თავდაპირველად ათეულ ადამიანს ითვლიდა. ამ ათეულმა კი სამყარო დაიპყრო. მათ არა რიცხობრივად ან სხვა საშუალებებით, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტებით გაიმარჯვეს. ვისაც ქრისტეს, სწამს, მას საკუთარი თავისაც სწამს, ეს კი გამარჯვების ნიშანია.
   ერთი სიტყვით, მთელი ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ. ამიტომ თვითოეული ჩვენგანი უნდა გახდეს საკუთარი თავის შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ სხვა ადამიანებზე და ხშირად ვაკრიტიკებთ მათ. საკუთარ თავზე კი ცოტას ვლაპარაკობთ და საერთოდ არ ვაკრიტიკებთ. სამწუხაროდ, არ მსმენია "ჩვენთან არაფერი მოწესრიგდება, რადგან მე უპასუხისმგებლო კაცი ვარ"! ყველა გაიძახის: "არაფერი მოწესრიგდება, რადგან ის ცუდი ადამიანია". მაგრამ ყველა ადამიანს რომ განეცხადებინა: "ჩემი ქვეყანა უბედურია, იმიტომ რომ მე მისი უპასუხისმგებლო მოქალაქე ვარ" - სერბეთი სამ დღეში გარდაიქმნებოდა. სამ წელიწადში კი ბედნიერი ქვეყანა გახდებოდა და ყველანი ბედნიერი ვიქნებოდით.
   ასე რომ, საკუთარი თავიდან დავიწყოთ გამოსწორება. ვიყოთ წინამორბედნი ჩვენი შვილების ბედნიერების მშენებლობაში. დაე, დაინახონ მათ, თუნდაც ერთი გაბედული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, დაინახონ გაკვალული ბილიკი, რომელზედაც ისინი განაგრძობენ სვლას.
   მოდით, ჩვენი შვილების თვალში ბავშვებად დავრჩეთ. ეს სულაც არ არის შეურაცხმყოფელი, პირიქით ეს აუცილებელი პირობაა სასუფეველში მოსახვედრად. ჩვენი მომავალი ბედნიერი სამშობლო ზეცადაა და იგი ასევე დედამიწაზეა. ვერცერთ მათგანში ვერ მოვხვდებით, თუ ყრმებს არ მივემსგავსებით.
   კურთხეულ იყავით, ჩვენო შვილებო! მართალია, ჩვენი კურთხევა არ ფასობს დიდად, რადგან ჩვენ, თქვენი წინაპრები, უღირსად მოვიქეცით როგორც ღვთის, ასევე ადამიანების წინაშე. მაგრამ ჩვენს ლოცვაში დიდი სურვილია, რათა თქვენ ჩვენზე ღირსეულად მოიქცეთ.
   გაკურთხებთ ჩვენო შვილებო, დაე თქვენი გზა ეკლიანი იყოს, ისევე როგორც ჩვენი და ჩვენი წინაპრებისა, არა ვარდებით მოფენილი, არამედ ეკლიანი. რამეთუ ვარდდაფენილ გზას დაღუპვისაკენ მივყავართ, ეკლიანს - ცხონებისაკენ. ჩვენ დაღლილობისაგან ვეცემოდით, დასისხლიანებულნი და ტანჯულნი ვარდებს ვეძებდით. თქვენ კი ჩვენზე ძლიერნი უნდა იყოთ და მიუხედავად სიძნელისა, გზა უნდა განაგრძოთ.
   გლოცავთ, შვილებო. დაე განმრავლდეს თქვენი რიცხვი. რათა მათ, ვინც ვერ გაუძლებს, ღირსეული შეცვლა ჰყავდეს. ღმერთმა ქნას რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემობრუნდეს დიადი მიზნისაკენ, რაც შეიძლება მეტი გონება მოიქცეს ღვთისაკენ.
   იყავით მტკიცენი რწმენაში. რამეთუ რწმენა თქვენს სულებს თვითმყოფადობას ანიჭებს. ეს კი წარმატების საწინდარია.
   იყავით მტკიცენი იმედში. ვისაც იმედი არ გააჩნია, ის ვერაფერს მიაღწევს, რამეთუ იმედშია მომავალი.
  იყავით მტკიცენი სიყვარულში. სიყვარული, ცეცხლის მსგავსად, ცხოვრებას გვითბობს. დაე, რაც შეიძლება მეტი ცეცხლი იყოს თქვენს გულებში. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ცეცხლი არ განელდეს. გახსოვდეთ, სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს.
  იყავით მომთმენნი და მამაცნი. გაჩეხეთ ეკალ-ბარდი და იარეთ მწვერვალისკენ. გაიყუჩეთ ტკივილი გალობით. დაიტანჯებით, მაგრამ იგალობეთ, თუნდაც ტკივილისაგან ცრემლი მოგერიოთ, გალობა არ შეწყვიტოთ. იცხოვრეთ მომავლით, იარეთ პირდაპირ და ნუ მობრუნდებით. რამეთუ ვინც უკან მოიხედავს, ლოდად იქცევა. დაე თქვენმა სიმტკიცემ გააკვირვოს ცა და დედამიწა, ყველა ქვეყნის ერი. მაშინ ჭეშმარიტად ძლიერნი ვიქნებით. მაშინ ვიგრძნობთ ჭეშმარიტ თავისუფლებას.