მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

წინასიტყვაობა

 

წინამდებარე წიგნი ორი დიდი წმინდანის – ათონელი ბერის – ნიკოდიმოსისა და კორინთელი მიტროპოლიტის – მაკარის ერთობლივი შრომის ნაყოფია. ისინი XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდნენ საბერძნეთში. ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი ყველა მორწმუნისთვის საყვარელი წიგნის – "უხილავი ბრძოლის" ავტორია. მღვდელმთავარ მაკარიზე ძალიან ცოტა რამაა ჩვენთვის ცნობილი. ამ ორი ადამიანის ღრმა სიმდაბლის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელ სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე განთქმულმა ნაშრომმა თავის დიდებას არ აზიარა ის ადამიანები, ვისი წყალობითაც იგი ქვეყანას მოევლინა. საუბარია „ფილოკალიაზე". ამ კრებულისთვის მასალის მოძიება, მისი შედგენა და გამოცემა სწორედ წმინდა ნიკოდიმოსმა და მაკარიმ იდვეს თავს. მათვე გამოაქვეყნეს ბერძენთათვის „ფილოკალიაზე" არანაკლებ ცნობილი წიგნი – „ევერგეტინოსი".

 

„სწავლანი განუწყვეტელი ზიარების შესახებ" აგრეთვე დიდი მოვლენა იყო საბერძნეთის ეკლესიის ცხოვრებაში. იმისათვის, რომ კარგად ჩავწვდეთ საქმის ვითარებას, ორიოდე სიტყვით იმ ისტორიულ კონტექსტსაც უნდა შევეხოთ, რომელშიც ამ წიგნს თავისდაუნებურად უმთავრესი როლის შესრულება მოუწია.

 

1453 წლის კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ საბერძნეთის ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე იგრძნობოდა სულიერი ცხოვრების დაკნინება. და, აი, XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ეკლესიის სულიერ სამყაროში შესამჩნევი გამოცოცხლება დაიწყო. ამის გამოხატულება იყო, პირველ რიგში, წმინდა მამათა მრავალრიცხოვანი თხზულებების გამოცემა, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო პოლემიკა დასავლურ განმანათლებლურ იდეებთან დაკავშირებით, და, აგრეთვე, ბრძოლა იმისათვის, რომ წმინდა მამათა გადმოცემები განხორციელებულიყო საეკლესიო პრაქტიკაში.

 

წმინდა მამათა თხზულებების გამომცემლები, დასავლური იდეების მოწინააღმდეგენი და ეკლესიის სიწმინდისთვის მებრძოლნი – ეს ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ: ერთად მოღვაწე და ერთნაირად მოაზროვნე. მოწინააღმდეგეებმა მათ დაცინვით მეტსახელად „კოლივადები" შეარქვეს, ვინაიდან ისინი მტკიცე უარს ამბობდნენ კვირა დღეებში მიცვალებულთა მოხსენიებასა და კოლიოს კურთხევაზე. მაგრამ ახლა, ორასი წლის შემდეგ, როდესაც კოლივადური მოძრაობის პირველი წარმომადგენლები – მაკარი კორინთელი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი და ათანასე პარიელი წმინდანთა დასში შერაცხეს, ეს მეტსახელი უნებურად მათს განსადიდებლად აჟღერდა.

 

კამათი კოლიოს თაობაზე კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ათონის მთის წმინდა ანას სკიტის ბერებმა გადაწყვიტეს, ტიპიკონით დაწესებული შაბათის პანაშვიდი კვირა დღეებში შეესრულებინათ. ტიპიკონის ამგვარი დარღვევის საბაბი გახდა 1754 წელს დაწყებული სკიტის ახალი ტაძრის მშენებლობა. ამ ტაძრისთვის მრავალი შემოწირულობა მოდიოდა საბერძნეთის ყოველი კუთხიდან; შემოწირულობებს სახელებიც მოჰყვებოდა, რომლებიც შაბათის მიცვალებულთა წირვებში უნდა მოეხსენიებინათ. ამის გამო წირვა საკმაოდ გახანგრძლივდა. შაბათი დღე კი სხვა დღეებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ ეს იყო ერთადერთი "ბაზრობის" დღე – როდესაც ბერებს თავიანთი ხელსაქმე გასაყიდად მიჰქონდათ ათონის დედაქალაქ კარიესში. ახლა კი ბერები ვეღარ ასწრებდნენ ბაზრობაზე წასვლას და, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, მიცვალებულთა პანაშვიდი კვირაობით გადაეხადათ. ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი აღუძრა მათ, ვისაც „კოლივადებს" უწოდებდნენ. „პანაშვიდი, – ამბობდნენ ისინი, – სადღესასწაულო ელფერს უკარგავს კვირა დღეს, რომელიც ქრისტიანთათვის მომავალი საუკუნის სიმბოლოა".

 

სამოცი წლის მანძილზე მიმდინარეობდა კამათი კოლიოს თაობაზე. კოლივადებმა დაითმინეს სასტიკი დევნა: ისინი მოსწყვიტეს ათონის წმინდა მთას, მათ ჩამოართვეს სამღვდელო ხარისხი. და, აი, ამ გაცხარებული კამათის დროს გამოიცა წიგნი – „სწავლანი განუწყვეტელი ზიარების შესახებ", რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა დაპირისპირება ორ მხარეს შორის.

 

დღეს კოლივადები ყველას მიერ ტრადიციონალისტებად და ევროპული სულის წინააღმდეგ მებრძოლებად არიან აღიარებული. ხოლო მათი მოწინააღმდეგეების საქციელი აღიქმება, როგორც მცდელობა იმისა, რომ ეკლესიის სწავლება დროის მოთხოვნილებებს დაექვემდებაროს და მხოლოდ ის საეკლესიო გადმოცემები იქნას ხელშეუხებლად დაცული, რომლებიც არ არღვევენ ადამიანის მშვიდ ცხოვრებას.

 

თანამედროვე ათონელი ბერები თავიანთ თავს კოლივადების მემკვიდრეებს უწოდებენ; თუმცა კი იმ დროს, როდესაც კოლივადები მოღვაწეობდნენ, ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს გამარჯვება მათი მოწინააღმდეგეების მხარეს იყო. ახლა ათონის მთაზე არათუ წელიწადში, არამედ კვირაში რამდენჯერმე ეზიარებიან.

 

ვფიქრობთ, კეთილმორწმუნე მკითხველი წინამდებარე ნაშრომში წმინდა მამების სულს შენიშნავს, „ფილოკალიის" სულს, რომლისთვისაც ესოდენ უცხოა ევროპული კაცთაყვანისცემა. აქაც, ამ ნაშრომშიც, ისევე როგორც კოლივადების სხვა სწავლებებში, აზრის შეუმცდარობის მთავარ კრიტერიუმად საეკლესიო გადმოცემებთან და წმინდა მამათა სწავლებებთან მისი შეთანხმებულობა ითვლება. ხალხურ გადმოცემებს კი, რომლებმაც ასე უხვად შემოაღწია ეკლესიის ცხოვრებაში, კოლივადები, მამათა სწავლებებზე დაყრდნობით, ქრისტიანის უმთავრესი მიზნის – ცხონების ხელისშემშლელად მიიჩნევენ.

 

როდესაც ადამიანის ერთადერთ სარგებელად და სიკეთედ ცხონება გვევლინება, მაშინ ყველა სხვა ტრადიციისა და სიკეთის მიმზიდველობა იფანტება და ქრება, როგორც ცთუნება.

  

მღვდელმონაზონი სვიმეონი (გაგატიკი)[1]