წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი
ღირსი ნიკოდიმოსი დაიბადა 1749 წელს კუნძულ ნაქსოსზე. წერა-კითხვა სამრევლო ტაძრის მღვდელთან ისწავლა, შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად ქალაქ სმირნაში ჩავიდა; ხოლო 1770 წელს, როდესაც სმირნის სასწავლებელი დაამთავრა, კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და მიტროპოლიის მდივნად დაიწყო მუშაობა. ამავე წლებში გაიცნო და სამუდამოდ დაუმეგობრდა კორინთელ ეპისკოპოს მაკარის, რომლის რჩევითა და ხელშეწყობით მან თავს იდვა უზარმაზარი შრომა – წმინდა მამათა თხზულებების გამოცემა.
მონაზვნური ცხოვრებისადმი სიყვარული ნიკოდიმოსს ერთ-ერთ ისიხასტ ბერთან – სილიბისტროსთან ნაცნობობამ აღუძრა. 1775 წელს იგი ათონის მთაზე ჩავიდა და წმინდა დიონისეს მონასტერში აღიკვეცა ბერად. როდესაც წმინდა პაისი ველიჩკოვსკის ღვაწლი მთელს ათონის მთაზე გახდა ცნობილი, ღირს ნიკოდიმოსს მხურვალე სურვილი აღეძრა, დამოწაფებოდა წმინდანს. ამ მიზნით მან ათონის მთა მიატოვა და მოლდავეთისკენ გაემგზავრა. მაგრამ მოულოდნელად ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და გემი, რომლითაც ნიკოდიმოსი მგზავრობდა, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გამორიყა. მაშინ მან კვლავ ათონის მთას მიაშურა და თავის მოძღვართან – არსენისთან ერთად პანტოკრატორის მონასტრის სკიტში დასახლდა, სადაც რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ მშვიდობით აღესრულა. ეს მოხდა 1809 წლის 14/27 ივლისს. 1955 წელს ღირსი ნიკოდიმოსი წმინდანთა დასში შერაცხეს. დღეს მას მართლმადიდებელი ბერძნები თავიანთ სულიერ განმანათლებლად და მასწავლებლად თვლიან. და, მართლაც, ბიზანტიისშემდგომი პერიოდის საბერძნეთის სულიერი განათლების საქმეში ღირს ნიკოდიმოსს უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის.
|