მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

წმინდა მღვდელმთავარი მაკარი კორინთელი
(ხსენება 17 აპრილს, ძვ. სტ.)

 

წმინდა მღვდელმთავარი მაკარი დაიბადა 1731 წელს ქალაქ კორინთოში. მისი წინაპრები ცნობილი პატრიარქები და საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. განათლება კუნძულ კეფალენიაზე მიიღო. როდესაც საკუთარ სულში მონაზვნური ცხოვრებისადმი მისწრაფება შეიგრძნო, მაკარიმ პელოპონესის "დიდი მღვიმის" მონასტერს მიაშურა. მაგრამ მშობლების სასტიკი წინააღმდეგობის გამო იღუმენმა იგი არ მიიღო. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მაკარიმ საღმრთო წერილისა და წმინდა მამათა თხზულებების შესწავლას მიჰყო ხელი. 1765 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა – სამუელმა იგი კორინთოს ეპისკოპოსად აკურთხა. 1769 წელს პელოპონესზე თურქეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, რის გამოც მაკარი იძულებული გახდა, კუნძულ ზაკინთოსზე გამგზავრებულიყო, შემდეგ კი გიდრუზე, სადაც გაიცნო კიდეც ნიკოდიმოსი.

 

აჯანყების ჩაქრობისთანავე თურქებმა პელოპონესზე ახალი ეპისკოპოსები გაგზავნეს. ასე რომ, მაკარის საშუალება მიეცა, მთლიანად ასკეტიზმისთვის მიეძღვნა თავი. იგი ათონის მთაზე ჩავიდა და კოლივადებს შეუერთდა. აქ მოვიყვანთ ერთ-ერთ სახასიათო ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან.

 

როდესაც ათონის მთის ბერებმა კვირა დღეს ალექსანდრიის პატრიარქის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდის ჩატარება გადაწყვიტეს და მაკარიც მიიწვიეს, მღვდელმთავარმა მიუგო: "ჰოი, პატიოსანნო მამანო, ნუთუ საჭირო იყო, გამოგეტოვებინათ ყველა დღე და გამოგერჩიათ კვირა, რათა დარღვეულიყო ღვთაებრივი მამების განჩინება? მათ ხომ ერთსულოვნად აკრძალეს კვირა დღეებში მიცვალებულთა მოსახსენიებელი მსახურება. მე ამ დღეს პანაშვიდს არ ვგალობ. ხოლო ჩემს ეპარქიაში არც ერის ხალხი აკეთებდა კვირა დღეებში კოლიოს და არც მე თვითონ, ეპისკოპოსს ჩამიდენია ამგვარი დანაშაული. ასე რომ, შემინდეთ, ვერ მოვალ".

 

მდგომარეობა რომ აღარ გაემწვავებინა, ამ უარის შემდეგ მაკარიმ მიატოვა წმინდა ათონის მთა და კუნძულ ქიოსზე გაემგზავრა. იქ მან კონსტანტინოპოლის პატრიარქ პროკოფის რისხვითა და მუქარით სავსე წერილი მიიღო. ამის საპასუხოდ კი წმინდანმა ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "შენი მუქარა და დაშინება მდგომარეობას არ გამოასწორებს. მე კი მზადა ვარ, ყველაფერი დავითმინო, რასაც შენი ყოვლადუწმიდესობა გადამიწყვეტს".

 

წმინდა მაკარი კუნძულ ქიოსზევე გარდაიცვალა – 1805 წლის 16/29 აპრილს. კეთილმორწმუნე ხალხი ჯერ კიდევ ოფიციალურ კანონიზაციამდე განადიდებდა მას, როგორც წმინდანს. ქიოსის ერთ-ერთ სოფელში მის სახელზე ეკლესიაც კი ააგეს.