წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
ეპილოგი
საყვარელო ძმებო, აი, ღმრთის შეწევნით, დავასრულეთ კიდეც ჩვენი თხრობა და, წმინდა წერილსა და ღვთაებრივ მამათა თხზულებებზე დაყრდნობით, მთელი სიცხადით წარმოვაჩინეთ, თუ რაოდენ სასარგებლო და აუცილებელია სულისთვის განუწყვეტელი ზიარება; ისიც დავამტკიცეთ, რომ ამის გარეშე შეუძლებელია ვინმემ ღმრთის სიყვარული მოიპოვოს, – ღმრთისა, რომელმაც შეგვქმნა ჩვენ, აქამდე არყოფილნი, და როდესაც მოვკვდით, ხელმეორედ გვშვა.
მაშ ასე, ახლა აღარაფერი მოგვეთხოვება გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, შევასრულოთ ეპიტემია და, ჯეროვნად მომზადებულები, შიშითა და ძრწოლით მივეახლოთ საიდუმლოს. დაე ჩვენ, ყველანი, ვისაც – ფსალმუნთმგალობელის თქმით – გვნებავს ცხოვრებაჲ და გვიყვარან ხილვად დღენი კეთილნი, მივეახლოთ ტკბილ იესო ქრისტეს, ჩვენს უფალს, რომელიც ყოველდღე გვიხმობს წმინდა ტრაპეზიდან: "მოვედით და ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო ჩემი, რომელიც განგიზავეთ წმინდა ბარძიმში; მოვედით, რათა განათლდეთ სულით და ხორცით, რათა გამოიზარდოთ და განსძღეთ უკვდავების სასმელითა და საჭმელით, და რათა განკითხვის ჟამს "პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს".
სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ჟამი, "ვიქმოდით კეთილსა", ვითარცა ბრძანებს მოციქული: "აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაჲ" (2 კორ. 6,2); და როგორც წინასწარმეტყველი ოსე გვაუწყებს, მივისწრაფოთ და "ვსდევდით ცნობად უფალსა, ვითარცა ცისკარი მზაჲ, ვპოოთ იგი და მოვიდეს ჩუენდა, ვითარცა წვიმაჲ მსთუადი და მცხუედი" (ოსე 6,3); ვისმინოთ წინასწარმეტყველ იერემიასი, რომელიც ამბობს: "დადეგით გზათა ზედა და იხილეთ, და იკითხენით ალაგნი უფლისანი საუკუნენი და იხილეთ, რომელ არს გზა კეთილი, და ვიდოდეთ მას ზედა, და ჰპოოთ უბიწო-ყოფაჲ სულთა თქუენთა" (იერ. 6,16); შევინანოთ, მთელი სულითა და გულით შევინანოთ ჩვენი უწინდელი უდებება და ახლა მაინც გამოვსწორდეთ, რათა ჩვენს სმენას არ მოსწვდეს წინასწარმეტყველ იერემიას მამხილებელი ხმა: "უფალო, თუალნი შენნი სარწმუნოებად მიმართ, ჰგუემენ იგინი და არა სტკიოდა, მოასრულენ იგინი და არა ინებეს მითუალვად წურთაჲ. განიმყარნეს პირნი მათნი უფროჲს კლდისა და არა ინებეს მოქცევაჲ... წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებენ უმართლოთა და მღდელთა აღიტყუელნეს ხელნი მათნი და ერმან ჩემმან შეიყვარა ესრეთ...
ვიეთ მიმართ თქუა და უწამებდე, და სასმენელ იქმნეს? აჰა, უმეტკუეთილებ ყურნი მათნი, და ვერ ძალუძს სმენაჲ. აჰა, სიტყვაჲ უფლისაჲ იქმნა მათდა ყუედრებად მიმართ, არა ინებონ სმენაჲ მისი... რამეთუ მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე ყოველთა აღასრულნეს უსჯულონი, მღდელითგან და ვიდრე ცრუწინასწარმეტყველამდე ყოველთა ქმნეს ტყუილი" (იერ. 5;3,31; 6;10,13).
მოდით, ვისმინოთ ის სიტყვები, რომელთაც სარგებელი მოაქვთ სულისთვის და ნუ გამოვეძიებთ, ვინ წარმოთქვამს მათ: ბრძენი თუ არაბრძენი, სახელოვანი თუ მდაბალი. რამეთუ რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს იმან, რომ ესა და ეს ადამიანი დიდი და სახელგანთქმულია? ან რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს იმით, რომ იგი სრულიად უმნიშვნელო და შეუმჩნეველია? ჩვენ ხომ არც ერთის ყიდვას ვაპირებთ, არც მეორისას. ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის სიტყვებს მოაქვს სარგებელი, ხოლო ვინ წარმოთქვამს ამ სიტყვებს – ეს ჩვენ არ გვეხება. ამიტომაც, რასაც გვეუბნებიან, ყველაფერი, ყოველი სიტყვა, წმინდა წერილს უნდა შევუდაროთ; თუ ეთანხმება წერილს, უნდა მივიღოთ, ხოლო თუ არ ეთანხმება, ჩვენ ასეთი რამ არ გვჭირდება – არც ერთისგან, არც მეორისგან. როდესაც ვინმე ხორბლის ან სხვა სანოვაგის საყიდლად ბაზარში მიდის, იმის გარკვევას ხომ არ დაიწყებს, როგორი ადამიანია გამყიდველი – კარგი თუ ცუდი, არამედ მხოლოდ საქონელს აკვირდება. ჩვენც ასევე გულმოდგინედ უნდა ვაკვირდებოდეთ ყოველ სიტყვას და არ უნდა გარდავხდეთ იმას, რაც ღვთაებრივმა მამებმა დაგვიწესეს – თუკი არ გვინდა, რომ სწორი გზა დავკარგოთ.
თანამედროვე სექტანტებს ჯეროვნად რომ შეესწავლათ საღმრთო წერილი, თავიანთ წინაპრებს აღარ გაჰყვებოდნენ და მათთან ერთად სულს არ წარიწყმედდნენ. უწინაც თესავდა მზაკვარი დემონი მათში სხვადასხვა მწვალებლობას, ყველაფერს ართმევდა და წმინდა ნათლისღებისგანაც განაყენებდა. ჩვენ კი, მართლმადიდებლებს, იმით გვებრძვის, იმით ცდილობს ჩვენს დაღუპვას, რომ საღმრთო ზიარების განუწყვეტელობას გვიკარგავს. რაკი ვერ შეარყია ჩვენი სიმტკიცე ნათლისღებასთან მიმართებაში, ახლა სხვა ხერხს მიმართავს ჩვენს წარსაწყმედად.
და ნუ იფიქრებთ, თითქოს ერთსა და მეორეს შორის რაიმე განსხვავება არსებობდეს, რამეთუ ჩვენი უფლის გადაწყვეტილება ერთნაირი იყო ორივესთან მიმართებაში – როგორც ეს ზემოთ დავასაბუთეთ. ხომ არავითარი განსხვავება არ არის დაბადებასა და არდაბადებას შორის, თუკი დაბადებას შიმშილით სიკვდილი მოსდევს?
ასევე ჩვენც, რა თქმა უნდა, წმინდა ნათლისღება ხელმეორედ გვშობს, მაგრამ თუკი ამის შემდეგ განუწყვეტლივ არ ვიკვებებით საღმრთო საიდუმლოთი, რათა სულიერად ვიარსებოთ, ასეთ შემთხვევაში მადლის უკმარისობით – შიმშილით ვკვდებით და კიდევ უფრო მეტად ვემონებით ვნებებს, ვიდრე ისინი, ვისაც საერთოდ არ მიუღია ნათელი.
ამიტომაც მე გთხოვთ: ახლა, სანამ ჯერ კიდევ ვცოცხლობთ, შეგვაძრწუნოს ჩვენი უფლის სიტყვებმა, რათა არ დავკარგოთ საუკუნო ნეტარება და, ყოველგვარ ნუგეშინისცემას მოკლებულნი, არ შევძრწუნდეთ მომავალი განკითხვის ჟამს. ნუ მივემსგავსებით მათ, ვისაც იესო ქრისტე ასე ამხელდა: "დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ" (მარკ. 7,8).
ნუ მოვტყუვდებით ცრურწმენითა და ხალხში გავრცელებული მითქმა-მოთქმით, არამედ დაწერილს ჩავუღრმავდეთ, რამეთუ ამბობს ბასილი დიდი: "სწორედ რომ უბოროტესმა ჩვეულებამ მოგვატყუა, სწორედ რომ უდიდესი ბოროტების მიზეზად გვექცა დამახინჯებული ადამიანური გადმოცემა"[67]. და კვლავ ამბობს: "თუკი ადამიანი, რომელმაც ნათლისღების დროს ჩვეულებრივ აღუთქვა ღმერთს, რომ ამიერიდან საკუთარი თავისთვის კი აღარ იცოცხლებდა, არამედ მისთვის მომკვდრისა და აღდგომილისათვის, – თუ ასეთი ადამიანი შეეცდება, სჯულის აღსრულებით განიმართლოს თავი, იგი უნდა განიკითხოს, როგორც მეძავი. [ხოლო თუ ქრისტიანი სჯულისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო ასე მკაცრად ისჯება,] მაშინ რაღა შეიძლება ითქვას ადამიანურ გადმოცემებზე? მათი მიდევნება მხოლოდ და მხოლოდ სასჯელს დაგვატეხს თავზე, როგორც ეს უფლის სიტყვებმა გამოაჩინა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს საკუთარ ნააზრევს, კაცობრივ სიბრძნეზე დაფუძნებულს, მოციქული ამ ნააზრევის მხნედ უკუგდებას გვასწავლის: "რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მხედრობისაჲ არა ხორცით არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუვეველად ძნელოვანთა; გულის სიტყუათა დავარღვევთ და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა" (2 კორ. 10,4-5). [აქ მოციქული გულისხმობს როგორც ადამიანურ ნააზრევს,] ასევე ყოველგვარ გარეგნულ, მოჩვენებით [ადამიანურ] სიმართლეს – თუნდაც ღმრთის გულისათვის ვცდილობდეთ მის მოპოვებას. აქედან ცხადი ხდება, თუ რა საშინლად დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბრძნობით ღმრთის მცნებებს ამახინჯებენ. რამეთუ ნათქვამია: "ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!" (ეს. 5,21) ამიტომაც აუცილებელია, ერთნაირად უკუვაგდოთ ყველაფერი: სატანური ავხორცობაც, ამსოფლიური საზრუნავიც, ადამიანური გადმოცემებიც, საკუთარი სურვილებიც – რაოდენ კეთილგანზრახულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ისინი"[68].
ნუ გარდავხდებით ღვთაებრივ მცნებებს, რათა უტყვ ცხოველებს არ მივემსგავსოთ და თევზებზე უფრო უგუნურნი არ აღმოვჩნდეთ: ისინი ხომ ღმრთის კანონებს არ ეწინააღმდეგებიან, როგორც ამას ბასილი დიდი გვაუწყებს: "თევზი არ ედავება ღმრთის კანონებს, ჩვენ კი, ადამიანები, უარს ვამბობთ მაცხოვნებელი სწავლების მიღებაზე"[69].
მოდით, თავი გავანებოთ ყველას, ვისაც სურს, თავისი ცხოვრება უდებებაში გაატაროს. ან, უმჯობესია, ღმერთს შევევედროთ, მოშურნეობა მისცეს მათ; ჩვენ კი გამოვფხიზლდეთ უდებების ღრმა ძილისაგან და გულში სიყვარულსა და სითბოს დავუთმოთ ადგილი, რათა გვესმას მღვდლის სულიერი მოწოდება და გულშემუსვრილები მივეახლოთ საიდუმლოს. განა ღმერთის დიდი უპატივცემულობა არ არის ის, რომ ამდენი ქრისტიანი მოდის ეკლესიაში, და ლიტურგიის ბოლოს, როდესაც მღვდლის პირით ქრისტე საზიარებლად მოგვიწოდებს, ამ ურიცხვ წვეულთა შორის არავინ აღმოჩნდება ისეთი, ღმრთის მოწოდებას ყურს რომ ათხოვებდეს; და თანაც ამის მიზეზი რაიმე ცოდვა კი არ არის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მავნე ჩვეულება.
ოჰ, ძმანო ჩემნო, ვშიშობ, ჩვენზე არ აღსრულდეს უფლის ეს სიტყვები: "არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ" (ლუკ. 14,24); გარდა ამისა, განა უმკაცრეს სასჯელს არ მივიღებთ მისგან, თუკი არ შევინანებთ და არ გამოვსწორდებით?
და აი, კიდევ რა მინდა გკითხოთ: საიდუმლო სერობის დროს რომელიმე მოციქულს რომ განეცხადებინა: "მე დღეს არ ვეზიარები", – საინტერესოა, რას ეტყოდა მას იესო ქრისტე? ვფიქრობ, უეჭველად იმას ეტყოდა, რაც პეტრეს უთხრა ფეხთბანის დროს: "უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა" (იოან. 13,8). და საიდუმლო სერობის დროსაც იგივეს გაუმეორებდა ზიარების უარისმყოფელს: "უკუეთუ არა სჭამო ხორცი ჩემი და სუა სისხლი ჩემი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა".
საყვარელნო, ჩვენც იგივეს გვიმეორებს დღეს იესო ქრისტე ყოველ ლიტურგიაზე: "უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაჲ თავთა შორის თქუენთა" (იოან. 6,53), – ოღონდაც ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მორწმუნე მოძღვრის მიერ კი არაა დასჯილი უზიარებლობით და იმიტომ კი არ აკლდება ამ ზეციურ მადლს, არამედ იმის გამო, რომ მავნე ჩვეულებასაა აყოლილი.
ჰოი, ბოროტი ჩვეულება! იგი იმდენად განმტკიცდა ჩვენში, რომ არათუ მხოლოდ საკუთარ თავს ვუკრძალავთ ზიარებას, არამედ, თუკი შევნიშნავთ, რომ ვინმე ხშირად ეზიარება, ვკიცხავთ და განვიკითხავთ მას: თითქოსდა იგი უკრძალველად იქცეოდეს და პატივს არ სცემდეს საღმრთო საიდუმლოს – მაშინ როდესაც მაგალითი უნდა აგვეღო მისგან.
მაშ ასე, სამართლიანად აღსრულდა ჩვენზე წინასწარმეტყველება ესაიასი: "სმენით გესმას და არა გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ჰხედავთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს" (ეს. 6,9-10). ჭეშმარიტად უცნობელნი გავხდით ჩვენ, ყველანი: ვერც იმას ვიგებთ, რასაც ვლაპარაკობთ, ვერც იმას, რაც გვესმის და ვერც იმას, რასაც ვხედავთ.
და რაკი ასეთ შესაბრალის მდგომარეობაში ვართ, ცხადია, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ამ საგანზე, მხოლოდ მცირედნი თუ მომიპყრობენ ყურს, რამეთუ უმრავლესნი მძიმედ ისმენენ, – როგორც გვამცნო წინასწარმეტყველმა.
ხოლო ამ მცირედთათვის მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო და ამით დავამთავრო. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: რომელიღაც ქვეყნის მეფე თავისი სასახლის გარეთ მაღალ სამეფო ტახტზე ზის. მის გარშემო შემოკრებილან წარჩინებულები – თავად-აზნაურები, ოფიცრები და მთელი მხედრობა. ისინი შიშითა და ძრწოლით დგანან მეფის ტახტის წინაშე. ამ დროს მეფე მოუხმობს ერთ-ერთ წარჩინებულს და აძლევს მას რაღაც დავალებას. ზოგიერთები კი შურით აღივსებიან და ცდილობენ, ჩააგონონ წარჩინებულს, არ შეასრულოს მეფის ბრძანება. ახლა მითხარით: ნუთუ იგი ამ ზოგიერთებს დაუჯერებს და მეფის მიმართ გულგრილობასა და უპატივცემულობას გამოამჟღავნებს? ვფიქრობ, პირიქით მოიქცევა: ამ ხალხს არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს და დიდი ხალისით გაეშურება მეფის ბრძანების შესასრულებლად, რამეთუ უდიდეს პატივად მიიჩნევს ამას.
მაშ ასე, თუკი მოკვდავ მეფესთან მიმართებაში ასეთ გულმოდგინებას ვამჟღავნებთ და გვსურს, სრული მორჩილება გამოვხატოთ მისდამი, მაშინ რატომ არ გვინდა, კიდევ უფრო მეტი მორჩილება გამოვხატოთ ზეციურ მეუფესთან მიმართებაში? ამქვეყნის მეფეს ხომ მხოლოდ იმის ძალა შესწევს, პატივი და დიდება მოგვაკლოს და ქონება ჩამოგვართვას, – ყველაფერ ამას კი დღეს თუ ხვალ სიკვდილიც წარგვტაცებს; ხოლო ღმერთს ისიც შეუძლია, საუკუნო სატანჯველს მიგვცეს, მარადიული სიკვდილი მოგვისაჯოს. ვინ შეძლებს, ლმობიერ-ყოს იგი ამ საშინელ დღეს? რას ვიზამთ მაშინ ჩვენ, საბრალონი, რომლებმაც არად ჩავაგდეთ სამეუფო ბრძანება, რას ვიზამთ, როცა მოიწევა დიდი განკითხვის ჟამი? რით გავიმართლებთ თავს ღმრთის წინაშე, რომელსაც ასე უპატიოდ ვექცევით ახლა. ნუთუ ვიტყვით: "ამა და ამ ადამიანმა ხელი შეგვიშალა და იმიტომ არ შევასრულეთ შენი ბრძანება". ალბათ ამას ვიტყვით, მაგრამ ეს სიტყვები ვერავითარ სარგებელს ვერ მოგვიტანს.
ამიტომაც ახლავე უნდა შევინანოთ, ვიდრე ჟამი მოიწეოდეს. უნდა მოვიკვეთოთ სატანური სურვილები, ადამიანური გადმოცემების ნაცვლად ღმრთის მცნებები აღვასრულოთ და, სათანადოდ მომზადებულები, ხშირად ვეზიაროთ იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, რათა მისი მეშვეობით განვმტკიცდეთ საღმრთო მადლში. ხოლო, ამგვარად განმტკიცებულნი, დაე ყოველდღე აღვასრულებდეთ ღმრთის ნებას ამ სოფელში – ღმრთის კეთილ ნებას, და სახიერს, და სრულს – ისევე როგორც ზეცაში მას ანგელოზები აღასრულებენ. და თუკი ვინმე სასულიერო პირთაგან ხელს შეგვიშლის, შეგვეწინააღმდეგება ღმრთის ნების აღსრულებაში, მივმართოთ ყველანაირ ხერხს, ვევედროთ მას მხურვალე ცრემლებით, ვევედროთ მანამდე, ვიდრე არ დავიყოლიებდეთ და უფლებას არ გამოვთხოვდეთ; რათა ღირსი გავხდეთ ჩვენს გულში სული წმიდის ბეჭდის მიღებისა – ამის სრული შეგრძნებითა და შემეცნებით, და რათა აქაც, ამქვეყნადაც და იმსოფელშიც ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად განვადიდოთ მამა და ძე და სული წმიდა – ერთი ღმერთი სამებით და სამება ერთობით, განუსაზღვრელად სრულყოფილი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|