წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
შესიტყვება 9.
ძველად ხალხის უმრავლესობა ეზიარებოდა, უმცირესობა კი – არა, ამიტომაც ღვთაებრივმა მამებმა სასჯელი უმცირესობისთვის დაადგინეს, რათა უმრავლესობა არ დაბრკოლებულიყო. ახლა კი, როცა ეზიარება ხალხის არა უმრავლესობა, არამედ მხოლოდ რაღაც მცირეოდენი ნაწილი, ამ მცირეოდენმა ნაწილმა უნდა დათმოს, რათა ეკლესიაში უწესობის შემომტანად არ იქცეს და საცთურისა და დაბრკოლების მიზეზად არ გაუხდეს უმრავლესობას.
ამ სიტყვების წარმომთქმელთ მართებდათ ისიც გაერკვიათ, თუ რას ნიშნავს "საცთური" და "უწესობა", და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეთქვათ თავიანთი აზრი. საცთური ხომ მხოლოდ ისაა, რაც ადამიანს ღმერთისგან განაშორებს და რასაც ადამიანი ეშმაკისკენ მიჰყავს. ამას ბასილი დიდი მოწმობს: "ცოდვის ჩადენით ჩვენ განვუდგებით ღმერთს და ვეთვისებით დემონს"[44]; და კიდევ: "ყველაფერი, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, არის საცთური"[45].
უფრო გარკვევით რომ ჩამოვაყალიბოთ, საცთური – ეს არის ყველანაირი დაბრკოლება, რომელიც გზაზეა დაგებული იმისათვის, რომ გამვლელმა მას ფეხი წამოჰკრას და წაიბორძიკოს. სწორედ ამ საცთურისაგან გამოხსნას ევედრება ღმერთს წინასწარმეტყველი: "მიცევ მე, უფალო, ხელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიხსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთაჲ; დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერხთა ჩემთათვის და გარემოჲს ალაგთა საცთური დამიდგეს მე" (ფს. 139, 4-6).
მაშ ასე, რაკი ადრე უმცირესობა წარმოადგენდა უმრავლესობის საცთურს, რამეთუ ღვთის მცნებების გარდასვლისა და უდებებისკენ მიჰყავდა იგი, ხოლო ახლა უმრავლესობა აცთუნებს უმცირესობას და ცდილობს უარი ათქმევინოს მცნების შესრულებაზე, – რა უნდა ვქნათ, რა გზას დავადგეთ? როგორც ადრე უმცირესობამ მოიკვეთა საკუთარი ნება და მიჰყვა უმრავლესობას, რათა ღვთის ნება აღესრულებინა, ასევე ახლაც – უმრავლესობამ უნდა მოიკვეთოს საკუთარი ნება და გაჰყვეს უმცირესობას, რათა აღასრულოს ღვთის ნება: ის კი არა, რომ უმცირესობამ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უმცირესობაა, არად ჩააგდოს სამეუფო ბრძანება და უმრავლესობას აუბას მხარი მცნების გარდასვლაში, – არა, ასე რომ იყოს, მაშინ წინასწარმეტყველ ილიასაც, მოციქულებსაც და მრავალ სხვა წმინდა მამასაც, რომლებიც ჭეშმარიტების დასაცავად იღვწოდნენ, უნდა დაეფარათ ჭეშმარიტება და უმრავლესობის კვალს გაჰყოლოდნენ, რამეთუ თვითონ ყოველთვის ძალზე მცირენი იყვნენ.
ამიტომაც ამბობს ბასილი დიდი: "ვინც ღვთის ნებას აღასრულებს, მან უნდა გამოიჩინოს სრული კადნიერება და სიმტკიცე იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვიღაცა ბრკოლდება"[46].
ზოგიერთები ამბობენ, რომ ის მორწმუნეები, რომელთაც ძალა არ შესწევთ, უყურონ სხვების ხშირ ზიარებას, დაბრკოლებულები არიან. მაგრამ დაე ასეთებმა იცოდნენ, რომ ეს დაბრკოლება მხოლოდ და მხოლოდ ძმისადმი შურითა და სიძულვილითაა გამოწვეული.
მაშ ასე, არ შეიძლება უგულებელვყოთ ღვთის მცნებები იმ მიზეზით, რომ ხალხი ბრკოლდება. იოანე ოქროპირი წერს: "ადამიანებთან მიმართებაში ჩვენ მხოლოდ იმას უნდა ვეცადოთ, რომ არ განვცადოთ ისინი და არავითარი საბაბი არ მივცეთ განკითხვისთვის. ხოლო თუკი საბაბს არ ვაძლევთ, ისინი კი მაინც განგვიკითხავენ – ტყუილუბრალოდ და უმიზეზოდ, ასეთ შემთხვევაში ტირილი კი არა, სიცილი გვმართებს. შენ შეეცადე, ღვთის წინაშე და ხალხის წინაშე სათნოდ მოიქცე; და თუ სათნოდ მოქცევას ცდილობ, ვიღაცა კი მაინც განგიკითხავს, ამაზე ნუ ინაღვლებ... ქრისტე დაბრკოლებულთა შესახებ ამბობს: "უტევეთ მათ, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი" (მათე 15, 14)... თუ დაბრკოლების მიზეზი ჩვენა ვართ, მაშინ ვაი ჩვენდა; ხოლო თუ არა – ეს არაფერი. და კიდევ ნათქვამია: "რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთვის იგმობვის" (რომ. 2, 24) [ე.ი. თქვენი მიზეზით, თქვენ გამო იგმობა]. შენ მეტყვი: თუ მე სათნოდ ვიქცევი, სხვა კი გმობაშია, მაშინ? ეს მას მოეკითხება, შენ არა, რამეთუ გმობა მისი პირიდან გამოდის.
თუ რომელიმე ღვთივსათნო საქმის შემაფერხებელი ის არის, რომ იგი ვიღაცას აცთუნებს, ჩვენ ამის გამო არ უნდა დავმწუხრდეთ. ჩვენ მაშინ უნდა ვწუხდეთ, როცა არავინ გვიშლის ხელს ღვთის ნების აღსრულებაში.
... მითხარი: როდესაც საუბარში ლოთებს ვამხილებ და ეს ვიღაცას აბრკოლებს, ნუთუ ამის გამო საუბარი უნდა შევწყვიტო?.. ყველა საქმეში ზომიერების დაცვაა საჭირო. როცა ერთ-ერთმა სათნო გარეგნობის გოგონამ ქალწულად დარჩენა გადაწყვიტა და ქორწინებაზე უარი თქვა, ზოგიერთები გმობდნენ და კიცხავდნენ იმათ, ვინც ამ საქმეს ხელი შეუწყო. და ნუთუ ამ უკანასკნელთ უარი უნდა ეთქვათ ამის გამო გოგონას აღკვეცაზე? არა, რამეთუ ისინი ღვთის საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებდნენ, არამედ პირიქით – ღვთისთვის სათნო საქმეს აღასრულებდნენ.
... ყველა საქმეში ღვთის მცნებების აღსრულებით, უნდა ვეცადოთ დაბრკოლების მიზეზად არავის გავუხდეთ, რათა არც დამნაშავენი აღმოვჩნდეთ რაიმეში და ღვთის უსაზღვრო წყალობის ღირსიც გავხდეთ"[47].
აი, რა შეგვიძლია ვთქვათ საცთურის (დაბრკოლების) შესახებ. რაც შეეხება უწესობას, ეს ისეთი საქმეა, რომელიც თავისი წესის ფარგლებიდანაა გამოსული; ხოლო რამდენადაც ეკლესიის წესი და კანონი ლიტურგიაზე მყოფ იმ ქრისტიანებს, რომელთაც არა აქვთ ეპიტემია, ზიარებისკენ მოუწოდებს, – როგორც ამაზე ადრე ვილაპარაკეთ, – ამდენად, ცხადია, უწესობას სწორედ ის სჩადის, ვინც არ ეზიარება და ამით საეკლესიო კანონს არღვევს. ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი ამბაკუმი: "ამაღლდა მზე და მთოვარე დადგა წესსა ზედა მისსა" (ამბ. 3, 11); სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მზე სიმართლისა – ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე ამაღლდა ჯვარზე; მთოვარე კი – ეკლესია – დაადგრა თავის წესს: ანუ ღვთის ნებასა და ბრძანებას, რომელსაც ადრე გარდახდა.
მაშ ასე, როგორც ვხედავთ, ვინც ღმრთის მცნებების ფარგლებიდან გამოდის, სწორედ ის აბრკოლებს ხალხს და სჩადის უწესობას, – და არავითარ შემთხვევაში ის, ვინც თავისი ძალების მიხედვით სამეუფო მცნებების აღსრულებისთვის იღვწის.
|