წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
შესიტყვება 8.
ზოგიერთები გვედავებიან და ამბობენ: ნუთუ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ეზიარებიან, ვერ გრძნობენ საკუთარ თავში ნაყროვანების, პატივმოყვარეობის, სიცილის, უქმმეტყველებისა და სხვა ვნებების მოქმედებას, როგორც ამას, ჩვეულებრივ, გრძნობენ სხვები? და, თუკი გრძნობენ, როგორღა აქვთ ხშირი ზიარების სურვილი?
ასეთებს წმინდა ანასტასი ანტიოქიელის სიტყვებით ვუპასუხებთ: "ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც იშვიათად მიეახლება საიდუმლოს, ცოდვებსაა დამონებული, სხვა კი, ვინც ხშირად მიეახლება, იმის შიშით, რომ ზიარება სასჯელად არ ექცეს, თავს არიდებს ყველანაირ ცოდვას. მაშ ასე, თუ ადამიანური უძლურების გამო მცირე შეცოდებებს ჩავდივართ, – მაგალითად, ან ენა გვაცთუნებს, ან სასმენელი, ან თვალი, ან პატივმოყვარეობა გვძლევს, ან სევდა, ან მრისხანება, ან კიდევ სხვა რამ ვნება, – აღუაროთ ღმერთს ჩვენი შეცოდებები და საკუთარი თავის ბრალობით წმინდა საიდუმლოს მივეახლოთ, და გვწამდეს, რომ ზიარება ყოველივე ამისგან განსაწმენდად აღესრულება. მაგრამ თუ რაიმე მძიმე, მზაკვრულ, და ხორციელ და არაწმინდა ცოდვებს ჩავდივართ, და გულში ძვირისხსენება გვაქვს მოყვასის მიმართ, ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ უნდა გავეკაროთ საიდუმლოს მანამდე, ვიდრე ჯეროვნად არ შევინანებდეთ.
ხოლო რაკი ჩვენ ხორციელი და უძლური ადამიანები ვართ და ხშირად ვვარდებით ცოდვებში, ღმერთმა დაგვიწესა სხვადასხვაგვარი მსხვერპლი, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ განწმენდილები მივეახლებით საიდუმლოს. ერთ-ერთი ასეთი, ცოდვებისგან განმწმენდელი მსხვერპლია მოწყალება. არსებობს კიდევ სხვა, მაცხოვნებელი მსხვერპლი, რომელიც აგრეთვე ცოდვებისგან გვათავისუფლებს; ამ მსხვერპლის შესახებ წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფს. 50, 19).
ამგვარი მსხვერპლების შეწირვა საშუალებას გვაძლევს იმ შემთხვევაშიც კი მივეახლოთ საიდუმლოს, როცა რაღაც ადამიანური ნაკლოვანებები გაგვაჩნია: მივეახლოთ შიშით, ძრწოლით, ლმობიერად, ცოდვების აღიარებით – როგორც სისხლმდინარე დედაკაცი მიეახლა ქრისტეს. რამეთუ არსებობს ცოდვა, რომელსაც მივყავართ სიკვდილისკენ, და არსებობს ცოდვა, რომელსაც მივყავართ სინანულისკენ, და არსებობს ცოდვა, რომელიც საჭიროებს სალბუნის დადებას. ჭეშმარიტ სინანულს კი ყველაფრის განკურნება ძალუძს. ვინც შიშით, ძრწოლით, ცოდვების აღიარებით, ლმობიერად მიეახლება საიდუმლოს, ის შენდობას ღებულობს; ხოლო ვინც დაუდევრად და ყოველგვარი შიშის გარეშე მიეახლება, ასეთისთვის ზიარება სასჯელად იქცევა და მას არათუ ცოდვების შენდობა არ ენიჭება, არამედ კიდევ, დამატებით, ეშმაკის ძალაუფლების ქვეშაც აღმოჩნდება. ის კი, ვინც საღმრთო საიდუმლოს შიშით მიეახლება, არამარტო განიწმინდება და ცოდვებისგან თავისუფლდება, არამედ, ამასთან ერთად, ეშმაკსაც შორს განაგდებს თავისგან".
თუმცაღა, მიუხედავად ეკლესიის წმინდა მამების ამ დამაჯერებელი მტკიცებებისა, ზოგიერთები მაინც არ ცხრებიან და გვთავაზობენ მორიგ შესიტყვებას:
|