მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

შესიტყვება 7.

 

ზოგიერთები განუწყვეტელ ზიარებას მწვალებლობად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ როგორც ის ადამიანები ითვლებიან მწვალებლებად, რომლებიც სხვაგვარად ინათლებიან და არა ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, ასევე მწვალებლებად ითვლებიან ისინიც, ვინც განუწყვეტლივ მიეახლება საიდუმლოს.

 

სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვხვდებით, რა ვუპასუხოთ ამ კადნიერ ნათქვამს. მხოლოდ ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ამ შეხედულებას გავიზიარებთ, მაშინ ის წმინდანებიც ერეტიკოსებად უნდა ჩავთვალოთ, რომლებიც განუწყვეტელ ზიარებას შეაგონებენ მორწმუნეებს, ის მორწმუნეებიც, რომლებიც ამ შეგონებას ემორჩილებიან, და – ჰოი, მკრეხელობა! – ის მღვდლებიც, რომლებიც ყოველდღიურად აღასრულებენ მსხვერპლშეწირვას და საიდუმლოს მიეახლებიან, უკლებლივ ყველა; პირველ რიგში კი ერეტიკოსად უნდა ჩავთვალოთ ღირსი მამა აპოლოსი, რომლის სიწმინდეც ფართოდ იყო განთქმული მთელს მორწმუნე ერში და რომლის ხელმძღვანელობის ქვეშაც ხუთი ათასი ძმა მოსაგრეობდა. ღვთაებრივი იერონიმე თვითონ ესტუმრა აბბა აპოლოსს და შემდეგ წერდა:

 

"ლოცვა რომ დავასრულეთ, მათ ფეხები დაგვბანეს, ტრაპეზი გაგვიწყვეს და სულიერადაც და ხორციელადაც გვანუგეშეს: ანუ ჩვენ მათთან ერთად საღმრთო საიდუმლოს ვეზიარეთ – რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ.

 

ტრაპეზის შემდეგ ჩვენ მოსასვენებლად წავედით, ისინი კი უდაბნოში განმარტოვდნენ და გამთენიამდე მუხლმოდრეკილი ლოცულობდნენ – ვიდრე საეკლესიო შეკრების დრო მოიწეოდა; მეცხრე ჟამნი და მწუხრი რომ დასრულდა, ჩვეულებრივ, ეზიარნენ, შემდეგ კი ზოგიერთები საჭმელად დასხდნენ, სხვანი კი, უფრო მოშურნენი, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ზიარების ძალა აცოცხლებდათ, კვლავ უდაბნოში განმარტოვდნენ და მდუმარებას მიეცნენ. ნეტარხსენებულმა [ბერმა] სულისთვის სასარგებლო მრავალი რჩევა მოგვცა, განსაკუთრებით კი ის გვირჩია, ყოველდღე ვზიარებოდით საღმრთო საიდუმლოს და ჩვენთან მოსული უცხონი და მწირნი ისე შეგვეწყნარებინა, როგორც ღვთის ანგელოზები – მსგავსად აბრაამისა, ლოთისა და სხვათა და სხვათა; რამეთუ ამ ორ მცნებაზე, – აღნიშნა ბერმა, – ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან".

 

მაშ ასე, რაკი საყოველთაოდ ცნობილია, რომ ღვთაებრივი მამების გუნდს ქრისტეს წმინდა და ჭეშმარიტი მონები შეადგენენ, აქედან გამომდინარე, ვინც ზემოაღნიშნულ შესიტყვებას გვთავაზობს, ის ამით მოციქულებს, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებსა და წმინდა მამებს ეწინააღმდეგება; და არა მხოლოდ მათ, არამედ თვით უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ამბობს: "რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ" (იოანე 6, 54); და კიდევ "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" (ლუკა 22, 19), ანუ – ყოველდღე და ყოველთვის, როგორც ამას ღვთაებრივი ოქროპირი განმარტავს და როგორც ჩვენ მიერ ზემოთ იქნა აღნიშნული.

 

წმინდა ტიმოთე ალექსანდრიელი ეშმაკეულებსაც კი უფლებას აძლევს, ყოველ კვირა დღეს ეზიარონ, თუკი ისინი საღმრთო საიდუმლოს არ შეურაცხყოფენ. იგი ამბობს: მორწმუნე ეშმაკეული, "თუ არ არღვევს საიდუმლოს, ან სხვაგვარად არ გმობს მას, უნდა ეზიაროს, მაგრამ არა ყოველდღე. მისთვის საკმარისია ზიარება კვირიდან კვირამდე"[43].

 

და, აი, როდესაც ღვთაებრივი მამები არამარტო ჯანმრთელებს, არამედ ეშმაკეულებსაც აძლევენ განუწყვეტელი ზიარების უფლებას, ამ დროს ეს კურთხეულები იმათაც კი უარს ეუბნებიან ზიარებაზე, ვინც სრულ ჭკუაზეა, და მოითხოვენ, რომ ისინი კანონზე მეტად კანონიერები აღმოჩნდნენ.