წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
შესიტყვება 6.
ზოგიერთებს ზიარებასთან მიმართებაში "იგავთა"-ს ეს გამონათქვამი მოჰყავთ: "თაფლი ჰპოვე, ჭამე, რავდენ წეს არს, ნუუკუე განსძღე და წარმოსთხიო" (იგავთა 25, 16).
ამ სოფიზმზე პასუხის გაცემაც კი სამარცხვინოდ მიგვაჩნია. თაფლის ჭამაში ხომ საღმრთო საიდუმლოს ვერანაირად ვერ ვიგულისხმებთ, რამეთუ გრიგოლ სინაელისა და სხვა მამების განმარტებით აქ გონებისმიერი მჭვრეტელობა იგულისხმება. ხოლო თუ მოკამათეებს სურთ, მაინც და მაინც საღმრთო საიდუმლო იგულისხმონ ამ გამონათქვამში, მაშინ ჩვენ გვირჩევნია, თვით იგავთმთქმელს მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს: "ჭამე თაფლი, შვილო, რამეთუ კეთილ არს გოლი, რაჲთა დატკბნეს სასაჲ შენი. და ეგრეთ სცნა სიბრძნე სულსა შენსა. უკუეთუ ჰპოვო, იყოს კეთილ აღსასრული შენი და სასოებამან არა დაგიტეოს შენ" (იგავ. 24, 13-14).
გარდა ამისა, ამ ხალხმა ისიც უნდა გაგვაგებინოს, როგორ ესმით სიტყვები – "რავდენ წეს არს"; ჩვენ ხომ საზომად მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის კანონები და მოციქულთა დადგენილებები გვაქვს, – ის კანონები და დადგენილებები, რომლებიც გვიბრძანებენ, თუ შევძლებთ, ყოველდღეც კი ვეზიაროთ, ან კვირაში ოთხჯერ – როგორც ბასილი დიდი და ღვთაებრივი ოქროპირი ბრძანებენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მაინც. სწორედ ამიტომ ცოლ-ქმარს ამ დღეებში ყოველგვარი ურთიერთობისგან თავშეკავებას უბრძანებს მოციქული, რათა საღმრთო საიდუმლოს მიეახლონ. "ნუ განეშორებით ურთიერთას, – ამბობს იგი, – გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რავდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად" (I კორ. 7,5).
ხოლო ღვთაებრივი ტიმოთე ალექსანდრიელი გვამცნობს: "აუცილებელია თავშეკავება შაბათს და კვირას, ვინაიდან ამ დღეებში სულიერი მსხვერპლი შეიწირვის ღმრთისადმი".
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოლ-ქმარმა თავი უნდა შეიკავოს ურთიერთობისგან შაბათს და კვირას, ვინაიდან ამ დღეებში შეიწირება სულიერი მსხვერპლი, ანუ აღესრულება საღმრთო ლიტურგია და ცოლ-ქმარი უნდა ეზიაროს.
დღესასწაულების შესახებ ღვთაებრივი გრიგოლ თესალონიკელი წერს: "კვირის პირველ დღეს უფლის დღე[41] ეწოდება, ვინაიდან იგი უფალს ეძღვნება – უფალს, რომელიც სწორედ ამ დღეს აღდგა მკვდრეთით და წინასწარ გვაუწყა საყოველთაო აღდგომის შესახებ, და დაგვარწმუნა, რომ უეჭველად მოიწევა ეს დღე – დღე აღდგომისა, როცა განქარდება ყოველგვარი მსოფლიო ზრუნვა. "წმიდა-ყავ" დღე ესე და ამქვეყნიური საქმეების კეთებას თავი ანებე, გარდა აუცილებელი საქმეებისა. შენს ხელქვეითებსაც და ოჯახის წევრებსაც თავისუფლება მიეცი, რათა ყველამ ერთად განადიდოთ ის, ვინც სიკვდილისაგან გამოგვიხსნა და, აღდგა რა, ჩვენი ბუნებაც თანა-აღადგინა მკვდრეთით; რათა ამ დღეს მოიხსენებდე საუკუნო ცხოვრებას და სწავლობდე ღვთის მცნებებსა და სამართალს; და რათა გამოსცდიდე საკუთარ თავს – ხომ არაფერი გამოგრჩა, ხომ არ დაარღვიე რომელიმე მცნება, და ცდილობდე ყოველმხრივ გამოასწორო საქმე; და რათა ამ დღეს საღვთისმსახურო შეკრებას დაესწრო ღვთის ტაძარში და გულწრფელი რწმენითა და სუფთა სინდისით მიეახლო ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს; რათა საფუძველი დაუდო უფრო მკაცრ ცხოვრებას, განუწყვეტლივ განაახლებდე საკუთარ თავს და ემზადებოდე მომავალი ზეციური სიკეთეების მისაღებად. ამგვარად შენ წმინდა ჰყოფ შაბათს და იშაბათებ ბოროტებისგან განშორებას. კვირა დღეს კი დიდი დღესასწაულებიც შეუერთე და ამ დღეებშიც იგივე გააკეთე, იგივესგან შეიკავე თავი"[42].
|