მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

შესიტყვება 4.

 

ზოგიერთები ამბობენ, რომ ღირსი მარიამი [ეგვიპტელი] და ბევრი სხვა მეუდაბნოე თუ მოღვაწე მხოლოდ ერთხელ ეზიარნენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ამას მათი განწმენდისთვის ხელი არ შეუშლია.

 

ასეთებს მივუგებთ, რომ მეუდაბნოენი არ მართავენ ეკლესიას, ხოლო ეკლესია მეუდაბნოეთათვის არ ადგენს წესებს, რამეთუ, როგორც მოციქული ამბობს, "მართალსა სჯული არა უც" (I ტიმ. 1,9); ღვთაებრივი ოქროპირი კი დასძენს: "ყველამ, ვინც სახარებისეული სიბრძნე შეიყვარა, სასჯელისა და მუქარის შიშით კი არ გააკეთა ეს, არამედ ღმრთისადმი მხურვალე მისწრაფებითა და მოშურნეობით; რამეთუ იმისათვის, რომ სიკეთე ჰყვარებოდათ და ბოროტებისთვის ზურგი ექციათ, ისინი არ საჭიროებდნენ არც კანონებს, არც მცნებებსა და არც რაიმე იძულებას, არამედ როგორც კეთილშობილი და თავისუფალი ძეები, რომელთაც შეიცნეს თავიანთი ღირსება [ანუ თავიანთი ბუნების კეთილშობილება], ისინი ყოველგვარი შიშისა და იძულების გარეშე დაეწაფნენ სათნოებებს"[34].

 

მაგრამ თუკი ზემოხსენებულ მეუდაბნოეებს ექნებოდათ ზიარების საშუალება და მაინც უარს იტყოდნენ ამაზე, მათ ეს საქციელი კანონის დარღვევასა და საღმრთო საიდუმლოს უგულებელყოფაში ჩაეთვლებოდათ; ხოლო რაკი ამის საშუალება არ ჰქონდათ, გამოდის, რომ ისინი უდანაშაულონი არიან. წმინდა კავასილა წერს: "თუ ადამიანები მომზადებულები არიან ზიარებისთვის, ხოლო ყოველთა განმწმენდელი და ყველაფრის აღმასრულებელი უფალი მუდამ მზადაა მათს განსაწმენდად და უყვარს საკუთარი თავის მათთვის მიცემა, მაშინ რა შეიძლება წინ აღუდგეს ზიარებას? რა თქმა უნდა, არაფერი. მაგრამ შესაძლოა ვინმემ იკითხოს: "თუ ცოცხალი ადამიანი თავის სულში იმ სიკეთეებს ფლობს, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ წმინდა საიდუმლოს არ მიეახლება, ნუთუ, ამისდა მიუხედავად, აღსრულებული ლიტურგიის მადლი არ განწმენდს მას?" ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებთ: განწმენდას ყველა ვერ მიიღებს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ფიზიკურად ვერ შეძლო მოსვლა – მაგალითად, მიცვალებულთა სულები, ან კიდევ უდაბნოსა და მთებში, მღვიმეებსა და მიწის ხვრელებში მცხოვრებნი (შდრ. ებრ. 11, 38), რომელთათვის, უბრალოდ, შეუძლებელი იყო მღვდლის ან ტრაპეზის ხილვა [ვინაიდან ახლომახლო არ იყო ეკლესია], – ასეთებს თვით ქრისტე განწმენდს უხილავად. ხოლო ვისაც შეუძლია მიეახლოს ტრაპეზს, რათა განიწმინდოს მისგან, მაგრამ არ მიეახლება, ასეთი ადამიანის განწმენდა სრულიად შეუძლებელია – არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიეახლება, არამედ იმის გამო, რომ შეუძლია მიეახლოს, მაგრამ არ აკეთებს ამას. ასეთების სული, ცხადია, დაცლილია იმ სათნოებებისგან, რომლებიც საიდუმლოსთან მიახლებისთვისაა აუცილებელი. ან კი როგორ შეიძლება, ზიარებისადმი სიყვარული და მოშურნეობა ჰქონდეს მას, ვისაც საშუალება აქვს ეზიაროს, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება? როგორ შეიძლება ღვთისადმი რწმენა გააჩნდეს იმ ადამიანს, რომელსაც სრულიად არ აშინებს ზიარების უგულებელმყოფელთა მიმართ წარმოთქმული მაცხოვრის მუქარა? როგორ ვირწმუნოთ, რომ ასეთ ადამიანს უყვარს ის, რისი მიღებაც თავისუფლად შეუძლია, მაგრამ [საკუთარი ნებით] უარს ამბობს ამაზე?"