მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

შესიტყვება 3.

 

ზოგიერთები ჩვენს მაცილობელთაგან ამბობენ, რომ წმინდა მამები მხოლოდ იმ მიზნით მოგვიწოდებენ განუწყვეტელი ზიარებისკენ, რომ ეშინიათ, საერთოდ არ ჩამოვშორდეთ მას; ხოლო თუ ადამიანი შიშისა და მოკრძალების გამო იშვიათად ეზიარება, მაგრამ ეზიარება უღრმესი კრძალვით, ეს მას ღირსეულ ზიარებაში ეთვლება.

 

გვინდა ვთხოვოთ ამის წარმომთქმელთ: გაგვაგებინონ, საიდან შეიტყვეს ქრისტესა და წმინდანების ნება-სურვილი? ან რომელი მოწმობის საფუძველზე ამტკიცებენ ამას? იქნებ პავლეს მსგავსად ზეცაში აიჭრნენ და იქ მოისმინეს ყველაფერი? მაგრამ პავლეს ხომ ენით უთქმელი სიტყვები ესმა, რომელსაც ადამიანი ვერც კი გაიმეორებს, და მათ როგორ შეძლეს, რაც ესმათ, იმის გამეორება? ხოლო თუ ეს სხვა რამეა, მაშინ რატომ არ წერია არც ერთი წმინდა მამის თხზულებაში? ან იქნებ წერია და ჩვენ ვერ მივაგენით? ასეთ შემთხვევაში ვთხოვთ მიგვითითონ, სად წერია.

 

მაგრამ მათი შიში, როგორც წინასწარმეტყველი გვაუწყებს, არ არის ღვთისმიერი: "მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში" (ფს. 52,5). შიში ხომ მორჩილების შესრულებას კი არ უნდა ახლდეს თან, არამედ მცნების დარღვევას; და ის კრძალვაც, რომელიც მათ გააჩნიათ, ჭეშმარიტი კრძალვა როდია, არამედ – რაღაც ხელოვნური და ფარისევლური. ჭეშმარიტი კეთილკრძალულება კი ისაა, როდესაც ადამიანი პატივს სცემს, არ უგულებელყოფს ღვთის სიტყვასა და მცნებებს. როგორც ჩანს, ჩვენი მაცილობლების მიზანი ის კი არ არის, რომ ზიარების მიმართ კეთილკრძალულებას მიაჩვიონ ქრისტიანები, არამედ პირიქით: მათ სურთ ჩაახშონ მორწმუნეებში ყოველგვარი ენთუზიაზმი და სრულიად ჩამოაშორონ ზიარებას – ანუ სულიერ დაღუპვამდე მიიყვანონ ისინი.

 

ამიტომაც, აი რას ეუბნება ღვთაებრივი კირილე ალექსანდრიელი ამ ვითომდა კეთილკრძალულ ადამიანებს: "თუ მარადიული ცხოვრების დამკვიდრება გვინდა, მაშინ ვილოცოთ, რომ ჩვენში უკვდავების მომნიჭებელი დაემკვიდროს და ნუ განვეშორებით კურთხევას [ანუ ზიარებას], როგორც ამას დაუდევრები სჩადიან. დაე ნუ გავებმებით მზაკვრობაში გამოწვრთნილი დემონის მახეში, რომელსაც იგი ამ მავნე კეთილკრძალულების სახით გვიმზადებს. [შენ ამბობ: "აი, პავლე წერს, რომ] ვინც უღირსად ჭამს ამ პურს და სვამს ამ ბარძიმს უფლისას, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სვამს. მაშ ასე, მე გამოვცადე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ უღირსი ვარ". მე კი გიპასუხებ: "როდის იქნები ღირსეული? როდის შეძლებ, საკუთარი თავი ქრისტეს წინაშე დააყენო?" თუ სულ ასე შეშინდები შენი მცირე შეცოდებების გამო, მაშინ იცოდე, რომ ვერასოდეს დააღწევ თავს მათგან (მეფსალმუნეც ხომ ამბობს: "შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ყვნეს?") და ასე, უკუნისამდე მოაკლდები სიწმინდის თანაზიარებას.

 

ამიტომაც უფრო გონივრული ის იქნება და უფრო მეტ კეთილკრძალულებას მაშინ გამოიჩენ, თუ [ღვთის] კანონის შესაბამისად მოიქცევი. გჯეროდეს, რომ წმინდა ზიარება არა მხოლოდ სიკვდილისგან გიხსნის, არამედ სნეულებებისგანაც გათავისუფლებს [სულიერისგან და ფიზიკურისგან], რამეთუ როდესაც ქრისტე ჩვენში შემოდის, იგი მიაძინებს სხეულის ბუნებრივ მღელვარებას და აცხოველებს კრძალვას ღვთისადმი, ხოლო ვნებებს სპობს; იმ შეცოდებებს კი, რომლებსაც ჩავდივართ, აღარ გვითვლის შეცოდებებად, არამედ განგვკურნავს როგორც სნეულებს; შემუსვრილთ ბორკილებისგან გვათავისუფლებს, დაცემულთ აღგვადგენს – ვითარცა მწყემსი კეთილი, რომელმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის".

 

და კვლავ ამბობს: "ქრისტეს წმიდათაწმიდა ხორცი, როდესაც იგი ჩვენში შემოდის და ჩვენს სხეულს უერთდება, განაცხოველებს და უხრწნელებას ანიჭებს მას. ეს ხორცი თვით ცხოვრებაა [ანუ ღმერთია] თავისი ბუნებით, მასში მოქმედებს მთელი [ღვთაებრივი] ძალა, მასთან შერწყმულია სიტყვა და იგი სავსეა [ღვთაებრივი] ენერგიით, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი განცხოველდება და თავის მყოფობას ინარჩუნებს. ხოლო რაკი ეს ყველაფერი სწორედ ასეა და არა სხვაგვარად, მაშინ დაე იცოდეს ყველა ნათელღებულმა, ვინც ეკლესიაში მოსვლას და ზიარებას არ ჩქარობს და ვინც დიდი ხნით განეშორება საიდუმლოს, რომ მათი ამგვარი კეთილკრძალულება ხელოვნური და სულისთვის საზიანოა; დაე იცოდნენ, რომ თავიანთი უზიარებლობით ისინი საუკუნო ცხოვრებას კარგავენ, ვინაიდან თვითონვე ამბობენ უარს განცხოველებაზე. ეს უარი მათთვის მახედ და საცთურად იქცევა, თუმცა კი თვით ისინი კეთილკრძალულების ნაყოფად მიიჩნევენ მას. ამიტომაც ასეთმა ადამიანებმა მთელი თავიანთი ძალები და მოშურნეობა იქითკენ უნდა წარმართონ, რომ, ცოდვებისგან განწმენდილებმა, ღვთივსათნო ცხოვრებას მიჰყონ ხელი და სიყვარულითა და მოსწრაფებით ეზიარებოდნენ საღმრთო საიდუმლოს. აი, სწორედ ამ გზით დავამარცხებთ დემონის მზაკვრობას და ღვთაებრივი ბუნების თანაზიარი გავხდებით, იმქვეყნად კი მარადიულ ცხოვრებასა და უხრწნელებას დავიმკვიდრებთ"[32].

 

იოანე ზონარა ანტიოქიის კრების მე-2 კანონის[33] განმარტებისას აღნიშნავს: "თავის არიდებაში აქ მამებმა ის კი არ იგულისხმეს, რომ თითქოს ვინმეს სძულდეს საღმრთო ზიარება და იმიტომ არ უნდოდეს მასთან მიახლება; არა, აქ იგულისხმება ზიარებაზე უარის თქმა თითქოსდა კეთილკრძალულებისა და სიმდაბლის გამო. რადგანაც თუკი ვინმე იმ მიზეზით განეშორება ზიარებას, რომ სძულს იგი და არ კადრულობს მასთან მიახლებას, ასეთი ადამიანი ეკლესიიდან განდევნით [ანუ განკვეთით] კი არ დაისჯება, არამედ სრული მოკვეთითა და ანათემით".

 

როგორც ვხედავთ, ღვთაებრივი კირილესა და იოანე ზონარას მიერ აქ სრული სიცხადითაა მხილებული უდებებაში მყოფი ადამიანების მოჩვენებითი კეთილკრძალულება. ეს კეთილკრძალულება არც რაიმე სარგებელს გვაძლევბს და არც ცხონებას გვპირდება. იგი შობს სულიერ სიკვდილს და საბოლოოდ გვაკარგვინებს მარადიულ ცხოვრებას, რომელიც ხშირი ზიარებით მოიპოვება. ის ხომ, ვინც ჭეშმარიტად კეთილკრძალულია, არავითარ შემთხვევაში არ მისცემს თავს იმის უფლებას, უგულებელყოს მაცხოვრის სიტყვები, მოციქულების, კრებებისა და წმინდა მამების განწესებები; აზრითაც კი არ დაუშვებს ამას, ვინაიდან ძრწის იმ სასჯელის გახსენებაზე, რომელიც ურჩებს ელოდებათ. და სწორედ ასეთ, ჭეშმარიტად კეთილკრძალულ ადამიანებზე ამბობს სული წმიდა ესაია წინასწარმეტყველის პირით: "ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა" (ესაია 66,2).