წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
შესიტყვება 2.
ზოგიერთები გვედავებიან და ამბობენ, რომ ზიარება მხოლოდ და მხოლოდ ორმოც დღეში ერთხელაა ნებადართული და არაფრით – ამაზე ხშირად.
საკუთარი აზრის დასამტკიცებლად ისინი ღვთაებრივი ოქროპირის ქვემომოყვანილ ტექსტს იშველიებენ:
"რისთვის არის დაწესებული ეს ორმოცდღიანი მარხვა? ძველ დროში ბევრი მორწმუნე განუკითხავად ეზიარებოდა, როგორც მოუხერხდებოდათ; განსაკუთრებით კი პირველ ხანებში, როდესაც ქრისტემ ზიარების საიდუმლო დააწესა. წმინდა მამებმა, რომლებმაც ცნეს, თუ რამხელა ზიანი მოაქვს ადამიანისთვის უგულისყურო ზიარებას, მოიწვიეს კრება და დაადგინეს ორმოცდღიანი მარხვა, ლოცვა, წმინდა წერილის მოსმენა, ეკლესიაში შეკრება; რათა ამ ხნის მანძილზე და ამ სათნოებების წყალობით განწმენდილები, და კიდევ მღვიძარებით, ცრემლებით, მოწყალებითა და აღსარებით განმტკიცებულები, ჩვენ, ყველანი, რამდენადაც ძალა შეგვწევს, სუფთა სინდისით მივეახლებოდეთ საიდუმლოს"[26].
ამ შესიტყვებას შემდეგნაირად ვუპასუხებთ. ის, ვინც თავისი საკუთარი აზრის დასაბუთებასა და დამტკიცებას ცდილობს, ჩვეულებრივ, წმინდა წერილის ან რომელიმე წმინდა მამის გამონათქვამებს იშველიებს, რათა ანკესზე გამობმული სატყუარა ყველასთვის თვალშისაცემი არ გახდეს. "ვინაიდან, – აღნიშნავს ღვთაებრივი ოქროპირი, – როდესაც სიცრუეს სურს, რომ მისი ირწმუნონ, ის უნდა ამოეფაროს ჭეშმარიტების საფარველს; წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაუჯერებენ"[27]. ასევე იქცევიან ეს კურთხეულებიც.
მაგრამ არ უნდა ამოვგლიჯოთ და გამოვაცალკევოთ საღმრთო წერილიდან რომელიმე გამონათქვამი და არ უნდა ვეცადოთ, რომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საკუთარი მიზნებისთვის გამოვიყენოთ იგი, რამეთუ კვლავ ამბობს ოქროპირი:
"არ არის მართებული, მხოლოდ ეს გამონათქვამი განვიხილოთ ცალკე, დამოუკიდებლად, არამედ უნდა დავაკვირდეთ, რა მოსდევს მას, რა არის მასში თქმული, ვის მიერ, ვის მიმართ, რისთვის, როდის ან როგორ. საკმარისი არაა იმის მტკიცება, რომ ასე წერია წმინდა წერილში; არც იმის უფლება მოუცია ჩვენთვის ვინმეს, დავაქუცმაცოთ და დავანაწევროთ ღვთივსულიერი წერილის სხეული, ამოვგლიჯოთ მისგან რომელიმე გამონათქვამი და ცალკე, გაშიშვლებულად განვიხილოთ იგი – მისთვის ჩვეულ გარემოცვას მოწყვეტილი; ამხელა ძალაუფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, ვერ უნდა ვბედავდეთ, რომ შევრყვნათ და გადავასხვაფეროთ წმინდა წერილის სიტყვები, რამეთუ ამგვარად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში მრავალი დამახინჯებული დოგმატი, და ეს მოხდა ეშმაკის ზეგავლენით: მან დაარწმუნა დაუდევარი ადამიანები, დაექუცმაცებინათ წმინდა წერილის ტექსტი, ან მიემატებინათ რამე, ან გამოეკლოთ და ასე დაემახინჯებინათ ჭეშმარიტება"[28].
ასე რომ, ჩვენს მაცილობლებს არავითარი უფლება არა აქვთ, აღნიშნონ მხოლოდ ის, თუ რას წერს იოანე ოქროპირი წმინდა მამების მიერ დადგენილი ორმოცდღიანი მარხვის შესახებ; არამედ ისიც გამოსაკვლევია, რა უძღვის წინ მღვდელმთავრის ამ სიტყვებს, რა მოსდევს მას, რაზე საუბრობს ამავე წერილში ეს ღვთაებრივი მამა, ან რისთვის, ან ვისთვის საუბრობს.
ჩვენი მაცილობლები ამტკიცებენ, რომ ღვთაებრივი ოქროპირი საიდუმლოსთან მიახლებას მხოლოდ პასექით შემოსაზღვრავს. მაგრამ თუ ამის დასაბუთება უნდათ, მაშინ თვით ისინი, "ორმოცი დღის" დამცველები, თავიანთი შეხედულებისავე თანახმად, ან მხოლოდ ერთხელ უნდა ეზიარონ წელიწადში, ან კიდევ წლის მანძილზე ათი დიდმარხვა უნდა დააწესონ: ანუ იმდენი, რამდენჯერაც ეზიარებიან. ხოლო თუ პირველი არ მოსწონთ, მეორის შესრულებას კი, უბრალოდ, ვერ შეძლებენ, მაშინ დაე დადუმდნენ და სხვებს ნუღარ დაადანაშაულებენ, სხვებთან ერთად კი ნურც ღვთაებრივ ოქროპირს; ნუ წარმოგვიდგენენ მას არა მხოლოდ მოციქულების, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და ღმერთშემოსილი მამების მოწინააღმდეგედ, – იმ მამების, რომლებიც განუწყვეტელ ზიარებას გვამცნებენ, – არამედ თვით საკუთარი თავის მოწინააღმდეგედაც; რამეთუ ის, ღვთაებრივი ოქროპირი, ყველაზე მეტი მოშურნეობით მოგვიწოდებს განუწყვეტელი ზიარებისკენ – როგორც სხვა საუბრებში, ასევე თვით ჩვენი მაცილობლების მიერ მოყვანილშიც:
"მაშ ასე, ამაზე ნუღარ შემედავები, არამედ ის დამიმტკიცე, რომ ქრისტემ ჩვენც გვიბრძანა ამის გაკეთება. მე კი პირიქით, საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებ: მას არათუ არ უბრძანებია მსგავსი რამ, არამედ საერთოდ გაგვათავისუფლა ამ ვალდებულებისაგან. მოუსმინე, რას ამბობს პავლე, – ხოლო როცა პავლეს ვახსენებ, ასეთ დროს თვით ქრისტეს ვგულისხმობ, რამეთუ სწორედ ქრისტე იყო ის, ვინც პავლეს სულს მართავდა. მაშ ასე, რას ამბობს პავლე? "დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა. მეშინის მე თქუენთვის, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ" (გალატ. 4,10-11). და კვლავ ამბობს: "რამეთუ რავდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით" (I კორ. 11,26). ამ სიტყვებით – "რავდენ გზისცა" მოციქული ქრისტიანს უფლებას აძლევს, თვითონ განსაზღვროს, როდის მიეახლოს საიდუმლოს და ამგვარად საერთოდ ათავისუფლებს მას დროის გამოთვლის ვალდებულებისაგან. პასექი და დიდმარხვა ხომ ერთი და იგივე არ არის, არამედ სხვა არის პასექი, სხვა – დიდმარხვა. დიდმარხვა წელიწადში მხოლოდ ერთხელაა, პასექი კი – კვირაში სამჯერ და ხანდახან ოთხჯერაც; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მოვისურვებთ. რამეთუ პასექი – ეს მარხვა კი არ არის, არამედ შესაწირავი და მსხვერპლი, რომელიც თან ახლავს ყოველ შეკრებას [ანუ – წმინდა ლიტურგია და საღმრთო ზიარება, რომელიც მოსდევს ლიტურგიას]. ხოლო ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნდე, პავლეს მოუსმინე: "ზატიკად [ანუ პასექად] ჩუენდა ჩუენთვის დაიკლა ქრისტე" (I კორ. 5,7) ასე რომ, ყოველთვის, როცა კი სუფთა სინდისით მიეახლები საიდუმლოს, შენ აღასრულებ პასექს. მაშინ კი არა, როცა მარხვას ინახავ, არამედ როცა ამ მსხვერპლს ეზიარები.
...კათაკმეველი ხომ პასექს არასოდეს აღასრულებს, თუმცა კი ყოველ წლიწადს მარხულობს. ეს იმიტომ, რომ შესაწირავს არ მიეახლება. ხოლო როცა ადამიანი მარხვაზე არ არის, მაგრამ სუფთა სინდისით მიეახლება საიდუმლოს, სწორედ მაშინ აღასრულებს იგი პასექს – იქნება ეს დღეს, ხვალ თუ ნებისმიერ დროს. რამეთუ მომზადება დროის გამოთვლის მიხედვით კი არ ფასდება, არამედ შეუბღალავი სინდისის მიხედვით. ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ: გულის განწმენდა აზრადაც არ მოგვდის, ხოლო თუ შაბათ დღეს [ანუ დიდ შაბათს] საიდუმლოს მივეახლებით, უკვე გვგონია, რომ პასექი აღვასრულეთ, – თუნდაც მრავალი ცოდვით ვიყოთ დამძიმებული. მაგრამ არა, ეს ასე არ არის. პირიქით: შებღალული სინდისით თუ მიეახლები საიდუმლოს, თუგინდ ეს დიდ შაბათს მოხდეს, მაინც უზიარებელი დარჩები და ისე წახვალ, რომ პასექს ვერ აღასრულებ; ხოლო თუ ცოდვებისგან განიწმინდები, დღესაც რომ ეზიარო – ეს იქნება პასექის მთელი სიზუსტით აღსრულება. მაშ ასე, ამ სიზუსტესა და გულმოდგინებას დროის გამოთვლაში კი ნუ გამოვიჩენთ, არამედ საიდუმლოსთან მიახლებაში. და როგორც ახლა ხართ მზად, გაუძლოთ ყველაფერს, ოღონდ კი ჩვეულებას არ უღალატოთ, ასევე გმართებთ არად ჩააგდოთ ეს ჩვეულება და ყველაფერი მოითმინოთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ საიდუმლოს ცოდვებით დამძიმებული არ მიეახლოთ.
...სირცხვილი ის კი არ არის, უკეთესობისკენ თუ შემოვბრუნდებით, არამედ ის, უაზროდ რომ დავიჟინებთ რაღაცას. სწორედ ამან დაღუპა იუდეველები. ისინი სულ ცდილობდნენ ძველი ჩვეულებები დაეცვათ და ბოლოს უსჯულოებამდე მივიდნენ"[29].
და კვლავ ამბობს: "ვიცი, რომ ზოგიერთები ამ წმინდა ტრაპეზს მხოლოდ დღესასწაულის გამო მოეახლებიან. მაგრამ ადრეც ბევრჯერ მაქვს თქვენთვის ნათქვამი: იმისათვის, რომ ეზიაროთ, დღესასწაულს კი არ უნდა უცდიდეთ, არამედ საკუთარ სინდისს უნდა განიწმენდდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეახლებოდეთ საღმრთო ძღვენს. ვინც უღირსი და შეგინებულია, იმას დღესასწაულზეც არა აქვს საშინელ საიდუმლოსთან მიახლების უფლება; ხოლო გულწრფელი სინანულით განწმენდილსა და განბანილს დღესასწაულზეც შეუძლია ეზიაროს და სხვა ნებისმიერ დროსაც, – ყოველთვის შეუძლია დატკბეს ამ საღმრთო ნიჭით. მაგრამ ზოგიერთები, არ ვიცი რატომ, ამას არაფრად მიიჩნევენ და როგორც კი დღესასწაული დადგება, თითქოსდა მხოლოდ ამ დღით შეგულიანებულები, წმინდა საიდუმლოს მოეახლებიან, თუმცა კი აურაცხელი ცოდვა უმძიმებთ სინდისს, და, ასეთ მდგომარეობაში მყოფნი, არც კი უნდა უყურებდნენ საიდუმლოს"[30].
მაშ ასე, როგორც ვხედავთ, ღვთაებრივი ოქროპირი თავის აზრს საკმაოდ ნათლად გამოთქვამს იმ ადამიანების დასარწმუნებლად, ვისაც ჭეშმარიტების მოსმენა სწყურია, და, ამასთან ერთად, იგი "ორმოცდღიანელთა" ჩვეულებასაც წინასწარმეტყველურად უკუაგდებს.
რაც შეეხება წმინდა მამების მიერ ორმოცდღიანი მარხვის დაწესებას, რომელზეც იოანე ოქროპირი საუბრობს, ამ საკითხს ძალიან მარტივად ავუხსნით ყველას, ვინც ჩვენთან გასაუბრებას მოისურვებს. თუმცაღა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს, ახლაც ვიტყვით ორიოდ სიტყვას.
ასიელი ქრისტიანები ძველად პასექს იუდეველებთან ერთად დღესასწაულობდნენ, – იმ საბაბით, რომ ასე უანდერძეს მათ იოანე ღვთისმეტყველმა, მოციქულმა ფილიპემ და სხვებმა. და თუმცა ღვთაებრივ მამებს ხშირად გამოჰქონდათ ადგილობრივ კრებებზე ამის საწინააღმდეგო დადგენილებები, ქრისტიანები თავიანთ ჩვეულებას მაინც არ ღალატობდნენ. ასე გაგრძელდა მანამდე, ვიდრე პირველი მსოფლიო კრება არ იქნა მოწვეული. კრებამ სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც განიხილა და საბოლოოდ დაადგინა, რომ ქრისტიანებს პასექი იუდეველებთან ერთად კი არ უნდა ედღესასწაულათ, არამედ გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ პირველ კვირა დღეს, და რომ მათი, ქრისტიანების პასექი არ უნდა დამთხვეოდა იუდეველთა პასექს. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ზოგიერთებმა მაინც ვერ დათმეს თავიანთი ბოროტი ჩვეულება; და სწორედ მათკენაა მიმართული ღვთაებრივი ოქროპირის ეს საუბარიც. იგი ამხელს ამ ხალხს იმაში, რომ ერთი უხეირო ჩვეულების გამო ისინი უგულებელყოფენ ამდენი წმინდა მამის ერთობლივ აზრს.
ამასთან ერთად, ოქროპირი ღირსეულ ქებას შეასხამს კრების წმინდა მამებს და მათ მიაწერს ორმოცდღიანი მარხვის დაწესებას; ამბობს, რომ ამ ღვთაებრივმა მამებმა ასიელი ქრისტიანების გონს მოსაყვანად დააწესეს მარხვა. თუმცაღა ყველამ კარგად ვიცით, რომ ორმოცდღიანი მარხვა წმინდა მოციქულების მიერაა დაწესებული. ამის შესახებ ისინი თავიანთ 69-ე კანონში საუბრობენ:
"თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, კერძოდიაკონმა, წიგნისმკითხველმა ან მგალობელმა წმინდა ორმოცი ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხოს, განიკვეთოს, თუ ხორციელი უძლურებით არ იყოს შეპყრობილი. თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს".
ან იქნებ იმიტომ ამბობს ღვთაებრივი ოქროპირი, ორმოცდღიანი მარხვა კრების მამებმა დააწესესო, რომ მათ, ამ მამებმა, ორმოც დღეს ვნების შვიდეულიც დაუმატეს, როგორც ამას თვითონ ოქროპირი გვამცნობს სხვა საუბარში: "მამებმა იმისთვის გაზარდეს მარხვის სარბიელი, რომ სინანულის დრო გაეგრძელებინათ ჩვენთვის და საიდუმლოს განწმენდილები და განბანილები მივმთხვეოდით"[31].
ყველაზე სარწმუნო მიზეზი კი, რომლის გამოც ოქროპირი ორმოცდღიანი მარხვის დაწესებას მსოფლიო კრების მამებს მიაწერს, როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს: იმდროინდელი ქრისტიანები მთელი ორმოცი დღის მანძილზე კი არ მარხულობდნენ, არამედ ზოგიერთები მხოლოდ სამი კვირის მანძილზე, ზოგიერთები – ოთხი კვირის, და ასე – ყველა მხარეში სხვადასხვა ჩვეულება მკვიდრობდა, – როგორც ამას სოკრატე გადმოგვცემს თავის "ეკლესიის ისტორიაში". ამიტომაც კრების მამებმა ხელახლა წარმოთქვეს წმინდა მოციქულების მიერ დადგენილი ეს კანონი და ორმოცდღიანი მარხვის შენახვა ყველასთვის სავალდებულოდ გამოაცხადეს. და როდესაც ღვთაებრივი ოქროპირი აღნიშნავს – ორმოცდღიანი მარხვა პირველი მსოფლიო კრების მამებმა დააწესესო, ამ სიტყვებში იგი სწორედ მოციქულთა კანონის განახლებას გულისხმობს.
ხოლო რამდენადაც ზოგიერთები ღვთაებრივ ოქროპირს "ორმოცდღიანელთა" დამცველად მიიჩნევენ, ის კი, თვითონ, ობობას ქსელივით არღვევს მათს მოსაზრებებს, ამდენად, ჩვენ აქ დავდუმდებით და შემდგომ შესიტყვებაზე გადავალთ. |