მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

შესიტყვება 13.

 

ზოგიერთები ამბობენ: "აი, ჩვენ ვასრულებთ ღმრთის მცნებას – ვეზიარებით წელიწადში ორჯერ ან სამჯერ, და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ განვმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე".

 

ასეთებს ვუპასუხებთ: ეს კარგია და სასარგებლოა, მაგრამ ამაზე ბევრად უკეთესია ხშირი ზიარება, ვინაიდან რაც უფრო მეტად მიეახლება ადამიანი სინათლეს, მით მეტად გასხივოსნდება; რაც უფრო მეტად მიეახლება ცეცხლს, მით მეტად გათბება; რაც უფრო მეტად მიეახლება სიწმინდეს, მით მეტად განიწმინდება. აქაც ასევე ხდება: რაც უფრო ხშირად მიეახლება ადამიანი ღმერთს ზიარების მეშვეობით, მით მეტად გასხივოსნდება, და გათბება, და განიწმინდება.

 

ძმაო ჩემო, თუ წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ზიარების ღირსი ხარ, მაშინ იმის ღირსიც ყოფილხარ, რომ უფრო ხშირადაც ეზიარო, – როგორც ბრძანებს ღვთაებრივი ოქროპირი, – ოღონდაც მთელი გულისყურით უნდა ემზადებოდე და ცდილობდე არ დაკარგო ეს ღირსეულობა. მაშ ასე, რა გვიშლის ხელს ზიარებაში? – ჩვენივე უდებება და სიზარმაცე. ესენი გვძლევენ, ამიტომაც არ ვცდილობთ, რამდენადაც ძალა შეგვწევს, მოვემზადოთ საიდუმლოსთან მისაახლებად.

 

და კიდევ ერთი რამ გვინდა აღვნიშნოთ. თუმცა კი ეს ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ღმრთის მცნებას ასრულებენ, სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა საქმე. რამეთუ სად შეხვდნენ ისინი ღმერთის ან, თუნდაც, რომელიმე წმინდანის მითითებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ უნდა ვეზიაროთ წელიწადში? ასეთ რამეს ვერსად იპოვით. ამიტომაც, როდესაც მცნებას ვასრულებთ, პირველ რიგში იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს მცნება სწორად შესრულდეს. ანუ ზუსტად უნდა იქნას გარკვეული დროც, ადგილიც, მიზანიც, მოქმედების წესიც და ყველა ის გარემოებაც, რომელშიც სრულდება მცნება, – რათა ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე ყოველმხრივ სრულყოფილი და ღმრთისათვის სათნო შეიქნეს.

 

ეს ყველაფერი საღმრთო ზიარებასაც ეხება. განუწყვეტელი ზიარება აუცილებელიცაა, სულისთვის სასარგებლოც და ღმრთის მცნებასთანაც თანხმობაშია. იგი სრულყოფილი სიკეთეა. წელიწადში მხოლოდ სამჯერ ზიარება კი მცნებასთანაც შეუთანხმებელია და არასრულყოფილი სიკეთეცაა, რამეთუ არ შეიძლება სიკეთე ეწოდოს იმას, რაც არაკეთილად სრულდება.

 

ყოველ მცნებას ხომ თავისი ჟამი აქვს, და ამას ეკლესიასტეც ადასტურებს: "ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ" (ეკლ. 3, 17); ამიტომაც ზიარების მცნებასაც თავისი კუთვნილი ჟამი უნდა დავუთმოთ. ხოლო ზიარების კუთვნილი, მისთვის შესაბამისი ჟამი – ეს ის წუთებია, როდესაც მღვდელი ხმობს: "შიშითა ღმრთისაჲთა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით".

 

მაგრამ ნუთუ ეკლესიაში ეს მხოლოდ სამჯერ ისმის წელიწადში? ჰოი, დიდი განსაცდელი და უბედურება! ჩვენმა ფიზიკურმა სხეულმა რომ იარსებოს, ყოველდღიურად ორჯერ ან სამჯერ უნდა მივაწოდოთ საკვები. საბრალო სული კი, იმისათვის, რომ სულიერად იცოცხლოს, თავისივე მაცოცხლებელი საკვების მიღებას წელიწადში მხოლოდ სამჯერ უნდა დასჯერდეს, ან, უფრო მეტიც, – მხოლოდ ერთხელ. ნუთუ ეს უდიდესი უგუნურება არ არის?

 

ყოველივე ამის გამო მე ვშიშობ, ვშიშობ, ფუჭი და უსარგებლო არ გამოდგეს ჩვენთვის მცნებების შესრულება. ჩვენ ხომ ვამახინჯებთ და ვრყვნით მათ, ამიტომაც, სჯულის აღმასრულებლები კი აღარ გამოვდივართ, არამედ სჯულის დამარღვეველნი და წინააღმდგომნი. ხანდახან, მაგალითად, როდესაც მარხვას ვინახავთ და გვგონია, რომ ამით ღმრთის მცნებას ვასრულებთ, სინამდვილეში ცოდვას ჩავდივართ. აი რას გვამცნობს ამის შესახებ ღვთაებრივი ოქროპირი:

 

"ნუ მეუბნები, რომ ისინი მარხულობენ, არამედ მითხარი, ღვთის ნებასთან თანხმობაში აკეთებენ თუ არა ამას. თუ თანხმობაში არ აკეთებენ, მაშინ ეს მარხვა უფრო დიდ უსჯულოებად ჩაითვლება, ვიდრე სიმთვრალე. ჩვენ ხომ მარტო იმას კი არ უნდა ვხედავდეთ, რას აკეთებენ ისინი, არამედ მიზეზიც უნდა გამოვიკვლიოთ, რამეთუ, რაც ღმრთის ნებით ხდება, თუნდაც სრულიად უვარგის რამედ გვეჩვენებოდეს, სინამდვილეში საუკეთესო რამ არის; ის კი, რაც ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ ხდება, საუკეთესოც რომ გვეგონოს, სინამდვილეში ყველაზე უვარგისი და უკანონო რამ აღმოჩნდება... ესა თუ ის საქმე თვითონ, თავისთავად კი არ არის კეთილი ან ბოროტი, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად ვლინდება მასზე ღმრთის ნება"[66].