წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
შესიტყვება 12.
ზოგიერთები ბრკოლდებიან იმის გამო, რომ, მრავალი შეგონების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ ჩვენს დარწმუნებას (დარწმუნებას, კერძოდ, იმაში, რომ განუწყვეტელი ზიარება აკრძალულია). თავიანთი მოსაზრების დასაცავად მათ მოჰყავთ სამი საბუთი. პირველი: ამბობენ, რომ კანონები და მცნებები მღვდელმთავართა განკარგულებაში შედის; მეორე: რომ ჩვენ არ უნდა ვამოწმებდეთ იმას, რასაც მღვდელმთავრები, მოძღვრები და მასწავლებლები გვეუბნებიან, არამედ უბრალოდ, გულუბრყვილოდ უნდა მივენდოთ მათ; და მესამე: მოჰყავთ მოციქულის გამონათქვამი: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ" (ებრ. 13, 17).
არეულობა და შფოთი რომ არ გამოვიწვიოთ და ჩივილის საბაბიც რომ არავის მივცეთ, ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ჩვენსას არაფერს ვიტყვით. მაგრამ სრულიად დადუმებაც სულისთვის საზიანოდ მიგვაჩნია. ამიტომაც, მოდით ვნახოთ, რას ამბობენ ამის შესახებ წმინდა მამები.
პირველ შენიშვნას დიდი ბასილი უპასუხებს: "თუკი თვით უფალი, "რომელი მამამან სათნო-იყო" (მათე 3, 17), "რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი" (კოლას. 2,3), რომელმაც ყოველი ხელმწიფება და მსჯავრი მამისაგან მიიღო, – თუკი თვით იგი ამბობს: "მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი"; და კიდევ: "რომელსა ვიტყვი მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყვი" (იოანე 12, 49-50); და თუკი სული წმიდა "არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაჲ ესმეს (მისგან), იტყოდის" (იოანე 16, 13), მაშინ რამდენად მეტად გვმართებს ჩვენ და რამდენად უფრო უსაფრთხოა ჩვენთვის ამგვარი ფიქრი და ამგვარი ქცევა!"[56] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ღვთაებრივი კანონები, არამედ მორჩილად უნდა მივსდიოთ მათ.
იოანე ოქროპირი კი თვით მღვდელმთავრის ხელდასხმის მაგალითზე გვიჩვენებს, რომ იგი, მღვდელმთავარი, ღვთაებრივ კანონებსა და მცნებებსაა დაქვემდებარებული. "რაკი მღვდელმთავარი [ძველი აღთქმის პირველმღვდელმთავარი] ხალხის თავი იყო, – ამბობს წმინდანი, – აუცილებელი იყო, რომ ხალხის თავს საკუთარ თავზე იმ ძალაუფლების ნიშანი ჰქონოდა, რომელსაც ის ექვემდებარებოდა; ვინაიდან თუკი ძალაუფლება არაფრითაა შემოზღუდული, იგი აუტანელი ხდება, ხოლო როდესაც მასზე სხვა ძალაუფლების სიმბოლოს შევნიშნავთ, ეს იმას მოასწავებს, რომ იგი კანონსაა დაქვემდებარებული. ამიტომაც, კანონის მიხედვით, მღვდელმთავარმა თავი კი არ უნდა გაიშიშვლოს, არამედ დაფარული უნდა ჰქონდეს, რათა ხალხის თავმა უწყოდეს, რომ თვითონ მასაც ჰყავს თავი. ამის გამო მღვდელს [აქ წმინდანს, როდესაც ზოგადად მღვდლობაზე საუბრობს, მხედველობაში ჰყავს მღვდელმთავრები, რამეთუ ღვთივმონიჭებულ სიმბოლოებს, დიონისე არეოპაგელის სწავლებით, მხოლოდ მღვდელმთავრები ატარებდნენ თავზე] ხელდასხმის დროს თავზე ადგამენ ქრისტეს სახარებას, რათა მან ცნას, რომ ენიჭება ჭეშმარიტი სახარებისეული ტიარა, და რომ, თუმცა იგი ყველას თავია, თვითონაც ამ სახარების კანონებს უნდა დამორჩილდეს; ყველა საკუთარი ძალაუფლების ქვეშ უნდა ჰყავდეს, მაგრამ თვით ისიც ამ კანონების ძალაუფლების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს; ყველასთვის კანონმდებელი უნდა იყოს, მაგრამ თვითონაც უნდა ჰყავდეს თავისი კანონმდებელი – სახარებისეული კანონები.
ამიტომაც მღვდლობასა და მოწამეობაში გაბრწყინებულმა ერთმა ძველმა სახელოვანმა კაცმა [ეგნატეა სახელი მისი] ერთ-ერთი მღვდელმთავრისადმი მიწერილ ეპისტოლეში თქვა: "თვინიერ ბრძანებისა შენისა ნუმცა რაჲ იქმნების, და ნუცა რას შენ იქმ თვინიერ ღმრთისა ნებისა"[57]. სახარება მღვდელმთავრის თავზე – ეს იმის ნიშანია, რომ იგი, მღვდელმთავარი, სახარების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება"[58].
რაც შეეხება მეორე შენიშვნას, – რომ ჩვენ არ უნდა ვამოწმებდეთ მღვდელმთავრებს, მოძღვრებსა და მასწავლებლებს, არამედ უბრალოდ, გულუბრყვილოდ უნდა ვუჯერებდეთ მათ, – ამაზე ბასილი დიდი შემდეგნაირად უპასუხებს: "ვისაც სიტყვაში პირველობა ეკუთვნის [მღვდელმთავარი იქნება ეს თუ მასწავლებელი], ყოველთვის დიდი სიფრთხილით და დაფიქრებით უნდა იქცეოდეს და ლაპარაკობდეს, მხოლოდ და მხოლოდ ღმრთის წინაშე სათნო-ყოფის მიზნით, რამეთუ ის მათი მხრიდანაც უნდა გამოიცადოს და სარწმუნოდ იქნეს აღიარებული, ვინც მის ხელმძღვანელობას არის მინდობილი"[59].
კიდევ: "თუ მსმენელთა შორის ვინმე საღმრთო წერილში განსწავლულია, უნდა შეამოწმოს ის, რასაც მოძღვრები ეუბნებიან; და რაც ეთანხმება წერილს, მიიღოს, ხოლო რაც მისთვის უცხოა, უარყოს. იმ მოძღვრებს კი, რომლებიც დაჟინებით იცავენ ასეთ მცდარ სწავლებას, სრულიად უნდა განვეშოროთ"[60].
კიდევ: "ვინც წერილში ღრმად განსწავლული არაა, მან წმინდა ადამიანები სული წმიდის ნაყოფით უნდა შეიცნოს. ვისაც ეს ნაყოფი აქვს, უნდა შეიწყნაროს, ხოლო ვისაც ამის ნაცვლად რაღაც უცხო აქვს, ასეთს ზურგი უნდა აქციოს"[61].
კიდევ: "სანამ კარგად არ გამოვცდიდეთ, არ უნდა მოვიხიბლოთ იმ ადამიანებით, რომლებიც საკუთარ თავს ჭეშმარიტების მქადაგებლად აცხადებენ, არამედ წმინდა წერილზე დაყრდნობით უნდა შევიცნოთ თითოეული მათგანი [რომ მივხვდეთ, ჭეშმარიტებას ქადაგებს ის თუ სიცრუეს]"[62].
და კიდევ: "აუცილებელია, რომ თითოეული სიტყვა და საქმე ღვთივსულიერი წერილის ფონზე განვიხილოთ; რაც კეთილია, ის ვცნოთ, ხოლო რაც ბოროტია – განვაგდოთ"[63].
შესიტყვების მესამე ნაწილს ღვთაებრივი ოქროპირი უპასუხებს: "ანარქია უდიდეს ბოროტებას წარმოადგენს. იგია ძირი მრავალი უბედურებისა და მიზეზი ყოველგვარი უწესრიგობისა და შფოთისა. არანაკლები ბოროტებაა უფროსებისადმი დაუმორჩილებლობაც. მაგრამ შესაძლოა ვინმემ გვითხრას, რომ არსებობს კიდევ მესამე ბოროტება – როცა თვით უფროსი, წინამძღვარია ბოროტი. ეს მეც ვიცი. და ეს პატარა ბოროტება როდია, არამედ ანარქიაზე ბევრად უარესი, რამეთუ ჯობია საერთოდ არ გყავდეს წინამძღვარი, ვიდრე ბოროტ წინამძღვარს ემორჩილებოდე. პირველ შემთხვევაში ხომ ადამიანი ხან ცხონების გზას ადგას, ხან კიდევ საფრთხის წინაშე დგება; მეორე შემთხვევაში კი მუდმივად საფრთხის წინაშეა, ვინაიდან მას უფსკრულისკენ მიაქანებენ.
მაგრამ პავლე რატომღა ამბობს: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ?" ჯერ თქვა: "ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხოვრებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა" (ებრ. 13, 7); მერე კი თქვა: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ" (ებრ. 13, 7) [ანუ: თავდაპირველად პავლემ დაგვიმტკიცა, რომ ეს წინამძღვრები ყოველმხრივ სარწმუნონი არიან და მერე თქვა: მათი სათნო ცხოვრებისა და სწავლების კეთილ ნაყოფს რომ დაინახავთ, "ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა"].
კი მაგრამ, – მეტყვით თქვენ, – თუ წინამძღვარი ბოროტია, არ უნდა დავემორჩილოთ ასეთ წინამძღვარს? გააჩნია, რა აზრით ხმარობ სიტყვა "ბოროტს". თუ ეს სარწმუნოებას ეხება, მიატოვე ასეთი ადამიანი და გაიქეცი, – და არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ზეციდან მოვლენილი ანგელოზიც კი; ხოლო თუ ცხოვრების წესს ეხება, მაშინ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენ. მოუსმინე რას ამბობს ქრისტე: "საყდართა მოსესთა [სჯულის სწავლების კათედრაზე] დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი". მანამდე ბევრი შესაძრწუნებელი რამ თქვა მათზე, შემდეგ კი ეს თქვა: "საყდართა მოსესთა დასხდენ... ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" (მათე 23, 2-3). ანუ: ამ ადამიანებს ყველანი პატივს მიაგებენ [მათ მიცემული აქვთ სწავლების უფლება], მაგრამ ისინი არაწმინდად ცხოვრობენ. ამიტომაც თქვენ მათს ცხოვრებას კი ნუ მიბაძავთ, არამედ მათი სიტყვები ისმინეთ.
ისინი ხომ თავიანთი ზნე-ჩვეულებებით ზიანს ვერავის მიაყენებენ. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ მასწავლებელი, რაგინდ ბოროტიც არ უნდა იყოს იგი, მაინც არ შეეცდება, სხვას ბოროტი ზნე-ჩვეულებები ასწავლოს. რაც შეეხება სარწმუნოებას, აქ ბოროტება ყველასთვის თვალშისაცემი ვერ იქნება, და თვითონ მასწავლებელიც უარს არასოდეს იტყვის, ბოროტი სარწმუნოება სხვებსაც გადასცეს. ამიტომაც ეს სიტყვები: "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" – ეხება არა სარწმუნოებას, არამედ ცხოვრების წესს.
და პავლემაც, სწორედ ამიტომ, ჯერ ჭეშმარიტი მწყემსმთავრის სახე დაგვიხატა, შემდეგ კი თქვა: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა"[64].
და კვლავ ამბობს წმინდანი: "შენ მეტყვი: ესა და ეს ადამიანი ძალიან მშვიდია, აქვს სამღვდელო ხარისხი, გამოირჩევა საოცარი კეთილგონიერებით, მაგრამ აკეთებს ამას და ამას. ნუ მეტყვი, რომ ის მშვიდია, გონიერია, რომ კეთილკრძალულია, რომ მღვდელია. გინდაც პეტრე იყოს, ან პავლე, ან, თუნდაც, ანგელოზიც რომ იყოს, ზეციდან მოვლენილი, – ასეთ შემთხვევაშიც კი მის პიროვნულ ღირსებას არავითარ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. მე ხომ მეფის კანონს ვკითხულობ და არა მონისას. ხოლო სადაც მეფის სიტყვა იკითხება, იქ მონის ღირსებაზე უკვე აღარ შეიძლება იყოს ლაპარაკი.
რატომ მოგყავს სხვების მაგალითები – ხან ერთის, ხან მეორის? ღმერთი შენივე მსგავსი მონების უდებების გამო კი არ დაგსჯის, არამედ იმის გამო, რომ მისი კანონები არ შეასრულე. მე გიბრძანე, – გეტყვის [საშინელი განკითხვის დღეს], – და უნდა შეგესრულებინა, სხვების მაგალითები კი არ უნდა მოგეყვანა, ან გამოგეძია მათი ბოროტი საქმეები.
დიდმა დავითმაც ხომ საშინელი ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ, მითხარი, ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვისაც ნებადართულია ახლა ცოდვის ჩადენა? ამიტომაც უნდა გავფრთხილდეთ და მხოლოდ ღვაწლს მივბაძოთ წმინდანებისას, უდებებასა და კანონის დარღვევას კი [რაც, როგორც ადამიანებს, მათაც შეიძლებოდა ხანდახან მოსვლოდათ] მთელი გულმოდგინებით უნდა გავექცეთ, რამეთუ ჩვენ განგვსჯიან არა ჩვენივე მსგავსი მონები, არამედ თვით მეუფე, – მას უნდა გავცეთ პასუხი ყველაფრისთვის, რაც გაგვიკეთებია"[65].
აი როგორ მსჯელობენ ამ საკითხზე წმინდა მამები. ჩვენ კი, ძმანო, რაკი ღმერთი მშვიდობისკენ მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ მღვდელმთავრებს, მოძღვრებსა და მასწავლებლებს – იმ ხარისხის გამო, რომელიც მათ ღმრთისაგან აქვთ ბოძებული. ხოლო თუკი რომელიმე მათგანი რაიმე უგუნურების კეთებას დაიწყებს, ან ხელს შეგვიშლის ღმრთისთვის სათნო საქმის აღსრულებაში, დაე ვევედროთ მას, და ნუ შევწყვეტთ თხოვნასა და მუდარას, ვიდრე არ დავარწმუნებდეთ იმაში, რომ ღმრთის ნება აუცილებლად უნდა აღსრულდეს; რათა სუფევდეს ჩვენ შორის მშვიდობა და მეუფებდეს თანხმობა და ერთსულოვნება, და რათა მწყემსნი და ცხოვარნი ერთმანეთისადმი სიყვარულით განიმსჭვალონ; რათა სიყვარული მკვიდრობდეს მღვდელმთავარსა და მრევლს, მღვდელსა და ერისკაცს, ხელისუფალსა და ხელქვეითს შორის, და რათა შორს განვაგდოთ ჩვენგან ყოველგვარი დაბრკოლება და შფოთი, განხეთქილება და განყოფა, რამეთუ ეს ყველაფერი ანგრევს ჩვენს სულებსა და სახლებს, ჩვენს ეკლესიებს, საზოგადოებებსა და ერებს. მოკლედ რომ ვთქვათ – რათა ჩვენ ყველანი ერთ სხეულად და ერთ სულად ვიქცეთ, ერთი იმედი გვქონდეს, რისთვისაც ვართ კიდეც მოწოდებულნი, და ღმერთი მშვიდობისაჲ სუფევდეს ჩვენ თანა.
|