მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

შესიტყვება 11.

 

ბევრნი ჩვენს მაცილობელთაგან ამბობენ, რომ ვინაიდან ზიარების პრაქტიკა არ წარმოადგენს სარწმუნოების დოგმატს, ამდენად, მისი განუხრელად დაცვა არ არის აუცილებელი.

 

მართალია, ხშირი ზიარება სარწმუნოების დოგმატს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს რომ სამეუფო მცნებაა, ამის შესახებ ჩვენ უფლის გამონათქვამებიდან შევიტყვეთ, განსაკუთრებით კი შემდეგი გამონათქვამიდან: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" (ლუკა 22, 19), – ანუ განუწყვეტლივ და ყოველდღე, სანამ ჯერ კიდევ დგას ეს ქვეყანა; ხოლო რაკი იგი სამეუფო მცნებაა, მაშასადამე განუხრელადაც უნდა დავიცვათ – როგორც ამაზე წიგნის პირველ ნაწილში გვქონდა საუბარი.

 

ჩვენი მაცილობლები კი ზემოთქმული შესიტყვებით მხოლოდ და მხოლოდ იმას ამჟღავნებენ, რომ მათი მიზანია, გააშიშვლონ სარწმუნოების დოგმატები, დატოვონ ისინი სრულიად გამოცარიელებული, გამოცალკევებული საეკლესიო წესებისა და დადგენილებებისაგან. მაგრამ გვსურს დავსვათ ასეთი შეკითხვა: თვით დოგმატები რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული? განა ღვთაებრივმა ოქროპირმა არ გვაუწყა, რომ ადამიანის ცხოვრება მართალ დოგმატებს საჭიროებს, დოგმატები, თავის მხრივ, ცხოვრების სიწმინდეს მოითხოვს, ცხოვრების სიწმინდე კი ღვთის მცნებების, ეკლესიის წმიდათაწმიდა კანონებისა და ღვთაებრივ მამათა გადმოცემა-დადგებილებების განუხრელი დაცვით მოიპოვება? ასე რომ, თუ სამეუფო მცნებებს, წმინდა კანონებსა და ყველაფერ დანარჩენს უარვყოფთ, ცხოვრების სიწმინდეც ხელიდან გამოგვეცლება და, სრულიად დაცარიელებულები, სიბნელეში აღმოვჩნდებით.

 

მე დრო არ მეყოფა, მოვიყვანო იმ ათასობით წმინდანის მაგალითი, რომელთაც საეკლესიო დადგენილებებისა და კანონების უარყოფას ტანჯვა-წამება და სიკვდილი ამჯობინეს. და მაინც, მიუხედავად ამ ურიცხვი მაგალითის არსებობისა, ზოგიერთები დღეს იმდენად უსირცხვილონი არიან, რომ, არათუ არ ეწამებიან ჭეშმარიტებისთვის, არამედ, პირიქით, წინ აღუდგებიან კიდეც მას, უტიფრად უარყოფენ სამეუფო ბრძანებებს და ზიარების მსურველ მორწმუნეებს წინააღმდეგობას უქმნიან – იმ დროს, როდესაც მორწმუნეთა მხრიდან არავითარი საბაბი არ ეძლევათ საამისოდ. ეს მეტად თავხედური საქციელია, თუ გავიხსენებთ, რომ იესო ქრისტემ თვით იუდაც კი არ დატოვა ზიარების გარეშე, თუმცაღა კარგად უწყოდა, რომ მისი გული ბოროტების ბილწი სავანე იყო.

 

ქრისტე ყოველდღე შეიწყნარებს ყველა მაზიარებელს: ღირსეულებს განწმენდს, აკურთხებს და განანათლებს; უღირსებზე თავდაპირველად სინდისის ქენჯნას დაუშვებს; თუ გამოსწორდებიან, ლმობიერად შეიტკბობს მათ, გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი მრავალნაირ სნეულებას მოუვლენს, როგორც ამას მოციქული გვამცნობს: "ამისთვის მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი" (I კორ. 11, 30).

 

ეს კურთხეულები კი, თუმცაღა არაფერი უწყიან მაზიარებლების სულიერი მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვან რაღაც უმსგავსი, სულისთვის მავნე ჩვეულება, წინააღმდეგობას უქმნიან მართლმადიდებელ ქრისტიანებს საღმრთო ზიარებასთან მიმართებაში.

 

მაგრამ ჩვენ ისევ ბასილი დიდს მივმართოთ, რათა მან განგვიცხადოს ჭეშმარიტება: "ჰოჲ, საღმრთოო და წმიდაო გონებავ! არის თუ არა მართებული, უარი ვთქვათ ღვთის რომელიმე ბრძანების შესრულებაზე? ან გვაქვს თუ არა იმის უფლება, წინ აღვუდგეთ ამ ბრძანების შემსრულებლებს? ან კიდევ იმათ დავემორჩილოთ, ვინც სამეუფო ბრძანებას წინ აღუდგება? – მით უფრო, თუ ისინი ღვთის ჭეშმარიტი შვილები არიან. იქნებ ეს აზრი მხოლოდ გარეგნულად ჩანს მისაღები, სინამდვილეში კი იგი სავსებით ეწინააღმდეგება ღვთაებრივ ნებას?!" და აი, რას გვიპასუხებს წმინდანი: "რაკი უფალი ამბობს: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", – ცხადია, სხვა დანარჩენიც მისგან სჯობს ვისწავლოთ. ამ შემთხვევაშიც თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გავიხსენოთ– მხოლოდშობილი ძე ღმრთისა ცხოველისა. როცა იოანე ნათლისმცემელმა უთხრა მას: "მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?" უფალმა მიუგო: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (მათე 3, 14-15) [ანუ – მე აუცილებლად უნდა აღვასრულო ყველა ის საქმე, რომელიც განამართლებს ადამიანს]. ისიც გავიხსენოთ, რომ როდესაც მან იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე წინასწარმეტყველურად აუწყა თავის მოწაფეებს საკუთარი ვნებისა და სიკვდილის შესახებ, და როდესაც პეტრემ შედავება სცადა, იესო ქრისტე განურისხდა მას და მიუგო: "წარვედ ჩემგან, სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა" (მათე 16, 23); და კიდევ: როცა პეტრემ უარი განაცხადა იმაზე, რომ იესო ქრისტეს მისთვის ფეხები დაებანა, უფალმა უთხრა: "უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა" (იოანე 13, 8).

 

ხოლო თუკი გვინდა, რომ სულიერი შეწევნა ჩვენი მონათესავე ადამიანების მაგალითით მივიღოთ, გავიხსენოთ პავლე, რომელიც ამბობს: "რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათვის უფლისა იესუჲსა" (საქმე 21, 13). ვინ შეიძლება იყოს იოანეზე უფრო დიდებული, პეტრეზე უფრო წრფელი? ვის შეიძლება ჰქონდეს ისეთი კეთილკრძალული აზრები, როგორიც მათ ჰქონდათ? [მათ ხომ მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებისა და პატივისცემის გრძნობა ამოძრავებდათ: ერთი იესო ქრისტეს მონათვლისგან იკავებდა თავს, მეორე კი იმისგან, რომ უფალს მისთვის ფეხები დაებანა. და მაინც, მიუხედავად ამისა, ვერ დაითანხმეს იესო ქრისტე].

 

მე ვიცი, რომ ვერც წმინდა მოსე, ვერც წინასწარმეტყველი იონა ვერსად გაექცნენ ღვთის საყვედურს, როდესაც მისდამი მორჩილებაზე უარი განაცხადეს და საკუთარ განსჯას მისდიეს. ყველა ამ წმინდანის მაგალითი ჩვენ დაგვარწმუნებს იმაში, რომ არ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, ან სხვებს შევუშალოთ ხელი ღვთის მცნების აღსრულებაში, ან კიდევ იმ ადამიანებს დავუჯეროთ, ვინც ღვთის მცნების აღსრულებას ეწინააღმდეგება.

 

ხოლო რაკი ღმრთის სიტყვამ წმინდანთა ამ მაგალითებიდან დაგვანახა, თუ რისი გაკეთებაა ჩვენთვის დაუშვებელი, სხვა დანარჩენშიც, ცხადია, მათ უნდა მივბაძოთ; ისინი კი გვამცნებენ: "მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ" (საქმე 5, 29); და კიდევ: "უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. რამეთუ ჩუენ ვერ ხელ-გუეწიფების, რომელი იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ" (საქმე 4, 19-20)".

 

და კვლავ ამბობს ბასილი: "არ შეიძლება, შევეწინააღმდეგოთ მას, ვინც ღმრთის ნებას აღასრულებს... აგრეთვე ღვთის მცნების აღმსრულებელმა არ შეიძლება დაუჯეროს მათ, ვინც მცნების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, – თუნდაც ეს მოწინააღმდეგენი ღმერთის ჭეშმარიტი მეგობრები იყვნენ, – არამედ კვლავ საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა მისდიოს"[51].

 

აგრეთვე ამბობს: "თუ ვინმე ღვთის მცნებას არაჯანსაღი განწყობით აღასრულებს [ანუ არასწორი მიზნითა და არაზუსტი განსჯით], მაგრამ, ამასთან ერთად, ვხედავთ, რომ იგი მთელი სიზუსტით მისდევს უფლის სწავლებას, ასეთ ადამიანს ხელი არ უნდა შევუშალოთ, ვინაიდან ამ საქციელით მას ზიანი არავისთვის მოაქვს, პირიქით, ხანდახან ხალხი სარგებელსაც კი იღებს მისგან. თუმცაღა კარგი იქნება, თუ ასეთ ადამიანს დავარიგებთ და ავუხსნით, რომ მისი განსჯა მისივე ღვაწლის ღირსეულობას უნდა შეესატყვისებოდეს"[52], და რომ მცნებას ღვთისთვის სათნო მიზნით უნდა აღასრულებდეს; და კიდევ: "იქ, სადაც ღვთის მცნება ირღვევა, ხალხურ გადმოცემას არ უნდა მივსდიოთ"[53]; და კიდევ: "ჩვენი ნება ღვთის ნებაზე წინ არ უნდა დავაყენოთ, არამედ ყოველ საქმეში უნდა ვეძებოთ და აღვასრულოთ ნება ღვთისა"[54].

 

ღვთაებრივი ოქროპირი კი ამბობს: "მამაცურად უნდა აღვუდგეთ წინ ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის კეთილი განზრახვის აღსრულებაში. მოუსმინე, რას ამბობს ქრისტე: "რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს" (მათე 10, 37). მაშ ასე, როდესაც ღვთისთვის სათნო საქმეს აღვასრულებთ, დაე მტრად ჩავთვალოთ ყველა ადამიანი, ვინც ამ საქმეს წინ აღუდგება, თუნდაც ეს ადამიანი ჩვენი მამა, დედა ან ნებისმიერი ვინმე იყოს"[55].

 

ხოლო ღმერთშემოსილი ეგნატე გვამცნებს: "ყოველი, რომელი გარეშე განწესებულისა რასმე ზრახვიდეს, – გინა თუ სარწმუნო იყოს, გინა თუ მმარხველ, გინა თუ ქალწულ, გინა თუ სასწაულთა იქმოდის, გინათუ წინაჲსწარმეტყველებდეს, – მგლადმცა შეგირაცხიეს იგი სამოსლითა ცხოვართაჲთა მოსილ და დამბძარველ სამწყსოთა და განმხრწნელ არვეთა ქრისტესთა" (საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1988. ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი. მეათე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი, ირონის მიმართ ანტიოქიელ დიაკონისა).

 

დაბოლოს, ღვთაებრივი მელეტი აღმსარებელი წერს:

 

"არ უნდა ვუსმენდეთ მონაზვნებს,

და არც პრესვიტერებს ვუგდებდეთ ყურს,

როდესაც მათი სწავლა-მოძღვრება

არ ეთანხმება კანონს და სჯულს,

მათი რჩევები კი ბოროტების წყაროდ ექცევა სულს.

მაგრამ რას ვამბობ: "პრესვიტერებს", "მონაზვნებს"!

თვით ეპისკოპოსებსაც არ უნდა დავუთმოთ,

თუკი ისინი მზაკვრულად გვარწმუნებენ

სულისთვის მავნე საქმის ჩადენას, ფიქრს ან საუბარს".