მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

შესიტყვება 10.

 

ზოგიერთები, მიგვითითებენ რა ერთობის ტომოსზე, აღნიშნავენ, რომ ჟამნში შეტანილია კანონი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები მხოლოდ სამჯერ უნდა ეზიარონ წელიწადში.

 

მითხარით: უტყუარიც რომ იყოს ამ კურთხეულების მიერ მოყვანილი კანონი (თუმცაღა სინამდვილეში იგი დამახინჯებულია), განა სამართლიანი იქნება, რომ ეს კანონი თავისი სიძლიერით სული წმიდის ესოდენ მრავალ ხმამაღალ საყვირს შევადაროთ, – რომელთა მოწმობებიც ზემოთ მოვიყვანეთ? სამეფო კანონები გვამცნობენ, რომ თუ რომელიმე მათგანი – ანუ ამავე სამეფო კანონთაგანი – ღვთაებრივი მამების წმინდა კანონებს ეწინააღმდეგება, იგი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს; ხოლო როგორც იოანე ოქროპირი აღნიშნავს, ჩვეულება, რომელიც ღვთაებრივ კანონებს აღუდგება წინ, ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას.

 

"ჩვეულება არცთუ ისე უმნიშვნელო რამ არის, – ამბობს იგი, – ძნელია მისგან თავის დაღწევა... მაშ ასე, რაც უფრო უკეთ შეიგრძნობ, თუ რამხელა ძალა აქვს ჩვეულებას, მით მეტი გულმოდგინებით ეცადე, თავიდან მოიშორო მავნე ჩვეულება და მის ნაცვლად კეთილი დანერგო"[48].

 

და მაშინ ეს ხალხი რატომღა ცდილობს, დაამკვიდროს სულისთვის ესოდენ მავნე ჩვეულება? მაგრამ რაკი მათ სურთ, ზემოთქმული კანონის მეშვეობით ჭეშმარიტება დაფარონ, შევეცდებით მოკლედ გადმოვცეთ, რის შესახებ გვესაუბრება ეს კანონი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს ჭეშმარიტება და ამიერიდან აღარავინ დარჩეს მოტყუებული.

 

ამ კანონის მიღებას შემდეგმა გარემოებამ შეუწყო ხელი. როდესაც ლეონ ბრძენი მეოთხედ დაქორწინდა, პატრიარქმა ნიკოლოზმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და არაფრით არ სურდა, ეპატიებინა მისთვის ეს ცოდვა. მაშინ მეფემ ნიკოლოზს პატრიარქის წოდება ჩამოართვა და მის ნაცვლად საპატრიარქო ტახტზე ექვთიმე აიყვანა. ხოლო ამ უკანასკნელმა მეფე კვლავ ეკლესიაში დააბრუნა. და აი, მღვდელმთავრებიც და ხალხიც ორ ბანაკად გაიყო: ერთნი ნიკოლოზს ემხრობოდნენ, მეორენი კი – ექვთიმეს.

 

ლეონის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ძმა – ალექსანდრე ავიდა, რომელმაც დაამხო ექვთიმე და პატრიარქის საყდარი კვლავ ნიკოლოზს დაუბრუნა. ხოლო როდესაც ალექსანდრეც გარდაიცვალა, გამეფდა მისი ძმისშვილი კონსტანტინე პორფიროსანი49 – ლეონის ძე. მეფის სიმამრს კი – რომანოზს ასეთი ტიტული ჰქონდა: "მამა-მეფე".

 

ქრისტეს შობიდან 992 წელს შედგა კრება, რომელმაც არამხოლოდ ოთხჯერ ქორწინება აკრძალა, არამედ სამჯერ ქორწინების წინააღმდეგაც გამოსცა ზემოხსენებული კანონი. ამ კანონში ნათქვამია: "ის, ვინც მიაღწევს ორმოცი წლის ასაკს, და, ამასთან ერთად, არც თავისი ასაკისა შერცხვება და არც ქრისტიანისთვის შესაფერის კეთილწესიერებას გაიხსენებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ვნებიანი ჟინის ზემოქმედებით მესამედ იქორწინებს, ასეთი დაე, მთელი გულმოდგინებითა და მეთვალყურეობით, ხუთი წლის მანძილზე მოაკლდეს წმინდა ზიარებას, და დაე ეს ვადა არავითარ შემთხვევაში არ შემცირდეს. მაგრამ მას შემდეგაც, რაც იგი ზიარების ღირსი გახდება, ნუ მიეახლება წმინდა საიდუმლოს ნებისმიერ დროს, არამედ მხოლოდ ქრისტეს ბრწყინვალე აღგომის დღეს, რათა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, განიწმინდოს იმ მარხვისა და თავშეკავების წყალობით, რომელიც წინ უძღვის დღესასწაულს; ხოლო თუკი ვინმე, ვისაც წინა ქორწინებიდან ჰყავს შვილები, ოცდაათი წლის ასაკში მესამედ იქორწინებს, ასეთი ოთხი წლის განმავლობაში არ უნდა მიეახლოს წმინდა საიდუმლოს, და მას შემდეგაც, რაც ზიარების ღირსი გახდება, დაე წელიწადში მხოლოდ სამჯერ განიცდიდეს ტკბობას ამ სიწმინდესთან მიახლებით: პირველად – ქრისტეს მხსნელი აღდგომის დღეს, მეორედ – ჩვენი დედოფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს, და მესამედ – ჩვენი უფლის, ქრისტეს შობის დღესასწაულზე – იმ მარხვების გამო, რომლებიც წინ უძღვის ზემოხსენებულ დღესასწაულებს, და მათგან მომდინარე სარგებლის გამო".

 

ამ კრების საქმეს ერთობის ტომოსი ეწოდა, ვინაიდან მან კვლავ გააერთიანა მღვდელმთავრები და ხალხი, რომლებიც აქამდე ლეონის მეოთხე ქორწინების მიზეზით ერთმანეთისგან იყვნენ გათიშული.

 

და, აი, რომელიღაც კურთხეულმა ადამიანმა – ან გაუნათლებლობის გამო, ან იმ განზრახვით, რომ ქრისტიანთათვის საუკუნო ცხოვრების გზა გადაეკეტა, შეკვეცა ზემოხსენებული კანონი და ამგვარი შეკვეცილი სახით მოათავსა იგი ჟამნში. ხოლო როდესაც ჩვენმა დალოცვილმა მოძღვრებმა ეს კანონი აღმოაჩინეს, მთელს ქვეყანას მოჰფინეს იგი და ის ეპიტემია, რომელიც მხოლოდ სამჯერ დაქორწინებულებს ეხებოდათ, ყველა ქრისტიანზე გაავრცელეს: ორჯერ დაქორწინებულებზეც, ერთხელ დაქორწინებულებზეც, ქალწულებზეც და, საერთოდ, ნებისმიერი ასაკის ქრისტიანზე.

 

მაგრამ მოძღვრების საქციელი იმდენად არ მაკვირვებს, რამდენადაც მაკვირვებს ის, რომ ჩვენმა კეთილმა მღვდელმთავრებმა და მწყემსებმა დაუყოვნებლივ არ დაჰბერეს ჭეშმარიტების ღვთივსულიერ საყვირს, რათა სამარცხვინო დაღი დაესვათ ამ ღვარძლის ბოროტი მთესვარისთვის და ეს დამპალი მცენარე ეკლესიიდან აღმოეფხვრათ. მათ ხომ, სული წმიდის მადლით, ძალაუფლება ენიჭებათ, მხარი დაუჭირონ ყველანაირ სიკეთეს და გამოასწორონ ის, რაც გამოსწორებას საჭიროებს.

 

მღვდელმთავრები თავს ალბათ იმით გაიმართლებენ, რომ, რაკი ისინი თურქების უღელქვეშ იმყოფებიან და მრავალ საგანზე უწევთ ზრუნვა, ამიტომაც ამგვარი საკითხების გადაწყვეტა მოძღვრებსა და მქადაგებლებს მიანდეს. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს კურთხეულები – ერთნი საკუთარ სიმშვიდეს ვერ თმობენ, მეორენი კიდევ რაღაც მიზეზებს იგონებენ თავის გასამართლებლად – ყველანი ერთად განზე დგებიან, ერთმანეთზე გადააქვთ მთელი სიმძიმე და ჭეშმარიტებას, ღვთის სიტყვას, საფლავში მარხავენ. ისინი თავიანთი დუმილით მხოლოდ და მხოლოდ იმას გამოხატავენ, რომ თანახმანი არიან ყველაფერზე, რაც მათ ირგვლივ ხდება, – როგორც ამას ღვთაებრივი მელეტი აღმსარებელი გადმოგვცემს:

  

 

"ის, ვინც ღვთაებრივ სიბრძნეს შეიცნობს,

და ღრმად ჩასწვდება ჭეშმარიტებას,

მაგრამ თამამად არ აღიარებს,

დაუფარავად და ხმამაღლა არ სურს გამოთქვას,

არამედ ცდილობს მოარიდოს იგი ჩვენს თვალთახედვას,

და საამისოდ მრავალნაირ ხერხსაც მიმართავს;

ვინც პატიოსან ხალხზე არ ზრუნავს,

და ღვთაებრივი კანონების დასაცავად მარად არ იღვწის,

არც იმ წესების, რომელიც წმინდა

და დიდებულმა მამებმა მოგვცეს, –

იმსახურებს იგივე სასჯელს,

რასაც ის, ვინც ამ წესებს აშკარად არღვევს.

"ვინც ჭეშმარიტებას დუმილით ფარავს,

აღდგომილ ქრისტეს მალავს საფლავში", –

ასე გვამცნობს ერთ-ერთი მამა

და მას ეთანხმება სხვაც:

"ჭეშმარიტად ფრიად საშიშია

დუმილი სარწმუნოების საკითხებში,

ეს არის უფსკრული წარმწყმედელი

და სატანჯველი – საუკუნო და სამარადისო".

არ არის კარგი, სანაქებო, დავდუმდეთ მაშინ,

როდესაც ვინმე კადნიერად არღვევს კანონებს,

როცა სიცრუეს, ცთომილებას და ეშმაკის ხიბლს

ჭეშმარიტებად და სიმართლედ აცხადებს ვინმე.

აი რას ამბობს ერთი დიდი და წმინდა მამა:

"როდესაც ხედავს კეთილმორწმუნე

საფრთხეს ღმრთისგან განშორებისა,

როცა მის თვალწინ ღვთის დიდებას

შეურაცხყოფენ და ამცირებენ,

ო, ნუთუ იგი დადუმდება

და სრულ სიმშვიდეს შეინარჩუნებს?

ასეთ დროს ხომ მისი დუმილი

თანხმობისა და მოწონების ნიშანია – სხვა არაფერი".

მაგალითს გვაძლევს ჩვენ იოანე,

მაცხოვრის წმინდა წინამორბედი,

მასთან ერთად კი წმინდა ძმები მაკაბელები.

მათ ხომ სიკვდილიც არად შერაცხეს,

და მტკიცედ იდგნენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,

სულ მცირე წესის დარღვევაც კი არ მოისურვეს,

ერთი იოტა, ერთი პატარა იოტაც კი არ წარწყმიდეს

  საღმრთო სჯულიდან.

ხშირად სათნოდ და სანაქებოდ ითვლება ომი,

და ბრძოლა უფრო დიდ სიკეთედ შეირაცხება,

ვიდრე სულისთვის საზიანო, ვნების მომტანი

მშვიდობა ბნელი, მღვრიე, მშფოთვარე.

ნუთუ არ გიჯობს ებრძოლო იმათ,

ვინც ბოროტად, არაკეთილად ბრძნობს და აზროვნებს,

ვიდრე მიჰყვე მათ და შენი ნებით

ქედი მოიდრიკო სიცრუის წინაშე,

და ღმრთისაგან საუკუნოდ განშორებული

და განგდებული მათ შეუერთდე".

 

  

ღვთაებრივი ოქროპირი კი გვამცნობს: "თუკი არც ისე უსაფრთხოა პირმოთნეობა, როდესაც ადამიანს წყენას აყენებენ, აქედან გამომდინარე, რაოდენ დიდ სასჯელს იმსახურებს ის, ვინც დუმს და ღვთაებრივი კანონების შეურაცხყოფას არაფრად მიიჩნევს?"[50].