წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს
შესიტყვება 1.
არსებობენ კეთილკრძალული ადამიანები, რომლებიც ნაკლებად იცნობენ წმინდა წერილს. ასეთები, როგორც კი შეამჩნევენ, რომ რომელიმე მორწმუნე ხშირად ეზიარება, ეწინააღმდეგებიან მას და საყვედურობენ; ეუბნებიან: "ეს მხოლოდ მღვდლისთვის არის დასაშვები. თუ გინდა, რომ ხშირად ეზიარო, შენც გახდი მღვდელი".
ასეთ ადამიანებს ჩვენს პირად მოსაზრებებს კი არ მოვახვევთ თავს, არამედ წმინდა წერილის, წმინდა კრებებისა და ეკლესიის მოძღვრების გამონათქვამებით ვუპასუხებთ.
როგორც ვიცით, მღვდლის მოვალეობა ისაა, რომ მან დააგოს საღმრთო ძღვენი, რათა სული წმიდა გარდამოვიდეს ამ ძღვენზე და მოხდეს მისი განწმენდა. მღვდელი ამ დროს სული წმიდის იარაღია. მას ევალება აგრეთვე, უშუამდგომლოს ხალხს ღმრთის წინაშე და შეასრულოს სხვადასხვა მღვდელმოქმედება, რომლის შესრულება მხოლოდ სამღვდელო ხარისხში მყოფთათვის არის ნებადართული. მაგრამ როდესაც საიდუმლოსთან მიახლების დრო დგება და მღვდლები საზიარებლად იკრიბებიან, ისინი უკვე აღარაფრით განსხვავდებიან მონაზვნებისა და ერის ხალხისაგან. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ერის ხალხსა და მონაზვნებს მღვდლები კოვზით აზიარებენ საკურთხევლის გარეთ, თვითონ კი კოვზის გარეშე ეზიარებიან საკურთხეველში.
ეს რომ ჭეშმარიტებაა, და რომ ზიარების დროს მღვდლები ერის ხალხისგან არაფრით განსხვავდებიან, ამას ღვთაებრივი ოქროპირი დაგიმოწმებს. "ერთი ტაბლაჲ დაგებულ არს ყოველთადა, – ამბობს იგი, – ერთისა მამისა შვილნი ვართ ყოველნი, ერთისა ემბაზისაგან შობილ ვართ, ერთი სასუმელი ერთისა ბარძიმისაგან მოცემულ არს ჩუენდა"; ანუ: სისხლი ქრისტესი ეძლევა ყველას – მღვდლებსაც და ერის ხალხსაც; "რომელ-ესე ფრიადისა სიყუარულისა და ერთობისა სახე არს და ამისთვის ესრეთ განაწესა სახიერმან მან მამამან წყალობისამან, რაჲთა ყოვლითურთ შემაერთნეს წესითა მით სიყუარულისაჲთა"[23]. სხვა დროს იგი ამბობს: "ზოგიერთ საკითხში მღვდელი ერის ხალხისგან არაფრით განსხვავდება. როცა, მაგალითად, საზიარებლად მივდივართ, ყველას ერთი და იგივე რამ გვეძლევა. ძველ აღთქმაში ასე არ იყო: მღვდელს სხვა რამე ეძლეოდა, ხალხს – სხვა. სჯული ხალხს ნებას არ რთავდა, იგივე ეჭამა, რასაც მღვდელი ჭამდა. ახლა კი სულ სხვაგვარადაა საქმე: ყველას ერთი ხორცი ეძლევა და ბარძიმიც ერთია"[24]; ანუ: ახლა სახარების მადლის ქვეშ მყოფთათვის ერთი და იგივე ხორცი და ერთი და იგივე ბარძიმია გამზადებული წმინდა ტრაპეზზე.
სვიმეონ თესალონიკელი წერს: "საიდუმლოს ყველა მორწმუნე უნდა მიეახლოს. ეს მხოლოდ მღვდელმთავრის მსახურებაში კი არ შედის; არა, მღვდელმთავრის მსახურება იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცისა და სისხლის მღვდელმოქმედებაა და მისი მიცემა ხალხისთვის. სწორედ ესაა ზიარების დანიშნულება"[25].
წიგნში – "საიდუმლოს შესახებ" იობ ამარტოლი აღნიშნავს: "ლიტურგიის მთელ სრულყოფილებას, მიზანსა და საქმეს წარმოადგენს ცხოველსმყოფელი და საშინელი საიდუმლოს ზიარება. ამიტომ მას ჯერ მღვდლები იღებენ საკურთხეველში, შემდეგ კი მომზადებული ერი – საკურთხევლის გარეთ".
მღვდელმოწამე კლემენტოსიც ამასვე აღნიშნავს, რომ საღმრთო ძღვენს ჯერ მღვდელმსახურები მიეახლებიან, შემდეგ კი მთელი ერი, ანუ ხალხი: "დაე ეზიარონ ეპისკოპოსები, შემდეგ პრესვიტერები, დიაკვნები, იპოდიაკვნები, მკითხველები, მგალობლები და მოღვაწეები; მანდილოსნებიდან – დედათდიაკვნები, ქალწულები, ქვრივები; ამის შემდეგ ბავშვები, და ბოლოს უკვე მთელი ერი – წესრიგის დაცვით, შიშით, კრძალვით და უხმაუროდ".
ზემოხსენებული იობი იმასაც ამბობს, რომ ღირსეულებს ნება ეძლევათ ყოველდღე ეზიარონ – როგორც მღვდლებს, ასევე ერის ადამიანებს, ყოველგვარი განსხვავების გარეშე: კაცებს, ქალებს, მოხუცებს თუ ჩვილებს; მოკლედ რომ ვთქვათ – თითოეულ ქრისტიანს ასაკისა და ხარისხის გაუთვალისწინებლად.
ის მღვდლები კი, რომლებიც ბარძიმთან რწმენით მოსულ კეთილკრძალულ ქრისტიანებს არ აზიარებენ, როგორც მკვლელები, ისე განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე. ამას მოწმობს წინასწარმეტყველი ოსე: "დამალეს მღდელთა გზაჲ [უფლისაჲ], მოაკუდინეს სიკიმაჲ, რამეთუ უსჯულოება ქმნეს" (ოსე 6.9); ანუ: მღვდლებმა არ გამოუცხადეს, დაუფარეს ხალხს ღმრთის გზა, ნება და მცნებები, მოკლეს სიკიმა და ქმნეს უსჯულოება ღმრთის ერში.
მაგრამ მე მიკვირს, მიკვირს და არ მინდა დავიჯერო, რომ არსებობენ ისეთი მღვდლები, რომლებიც ბარძიმთან მოსულ ქრისტიანებს უკანვე აბრუნებენ. ნუთუ ასეთები იმას მაინც არ ფიქრობენ, რომ ტყუიან და სიცრუეს ამბობენ, როდესაც ლიტურგიის ბოლოს ხმამაღლა მოუხმობენ ყველა მორწმუნეს: "შიშითა ღმრთისაჲთა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით"; ანუ – მოეახლეთ საიდუმლოს და ეზიარეთ. ამის შემდეგ კი თვითონვე უარყოფენ თავიანთ სიტყვებს და საზიარებლად მოსულ მორწმუნეებს უკან აბრუნებენ. არ ვიცი, რა სახელი შეიძლება დაერქვას ამ უწესობას. |