მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

 

სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

 

თავი 3.
იმის შესახებ, რომ, თუ ადამიანი ზიარებას აყოვნებს, ამით დიდად ვნებს საკუთარ თავს

 

ჩვენ მიერ ზემოთქმულის საპირისპირო შედეგებს ვღებულობთ იმ შემთხვევაში, როცა ქრისტიანი იშვიათად ეზიარება, ვინაიდან, თუ ადამიანი სამომავლოდ გადადებს ზიარებისთვის მზადებას და წმინდა საიდუმლოსთან მიახლებას, მისი ყურადღება მოდუნდება და იგი აღარ შეეცდება, გულმოდგინედ დაიცვას საუკთარი გონება ცოდვილი აზრებისაგან. გარდა ამისა, ამგვარი დაყოვნება ქრისტიანს უდებების მიზეზადაც ექცევა და სრულიად უნელდება კეთილკრძალულება და სიყვარული ღმრთისადმი. ზიარებებს შორის ხანგრძლივი შუალედი საშუალებას აძლევს მას, იცხოვროს უზრუნველად და უგულისყუროდ; მის სულს შიში არ ეკარება, გრძნობებს არაფერი ზღუდავს, მიმოხვრას არ ახლავს სიფრთხილე; საზრდელის მიღებაშიც სრულ თავისუფლებას აძლევს საკუთარ თავს; არც უქმმეტყველებას ერიდება, არც რაიმე უჯეროს დანახვას ან გაგებას; ასე რომ, ის მოგვაგონებს ლაგამამოუდებელ ცხენს, უფსკრულისკენ რომ მიექანება: ის დაინთქმის ყველანაირი ცოდვის უფსკრულში. და ეს ჭეშმარიტებაა. ვინც ზიარებას აყოვნებს, მას ნამდვილად ეწევა ყოველივე ზემოთქმული, როგროც ეს საკუთარი გამოცდილებითა და ყოვედღიური დაკვირვებით შევიტყვეთ.

 

განუზომლად მაკვირვებს იმ ქრისტიანების საქციელი, რომლებიც, თუმცა კი შეძლებისდაგვარად ღირსეულები არიან, ზიარებას მაინც არ ჩქარობენ. როგორ მიიღებენ ისინი იმ განწმენდასა და სულიერ სიხარულს, რომელზეც ზემოხსენებული კავასილა საუბრობს? რა დაშრეტს მათში ვნებების უმძაფრეს ცეცხლს, თუკი საიდუმლოს არ მიეახლებიან? – საიდუმლოს, რომელიც ღვთაებრივი კირილეს სიტყვისაებრ, ყველანაირ უძლურებას განაგდებს ჩვენგან, მიაძინებს სხეულის დაუოკებელ მღელვარებას და სპობს ვნებებს.

 

როგორ განიწმინდება მათი გონება, როგორ განათლდება აზრი, როგორ მოირწყვება და განიპოხება სულის თითოეული ძალა, თუკი ისინი არ ეზიარებიან იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს – ამ ჭეშმარიტ სიწმინდეს, ჭეშმარიტ სილამაზეს, ჭეშმარიტ პატიოსნებასა და კეთილშობილებას სულისა, როგორც ეს ღვთაებრივმა ოქროპირმა გვაუწყა ზემოთ?

 

ან როგორ გაიქცევიან ეგვიპტიდან, როგორ დააღწევენ თავს მდევარი ფარაონის – მწარე ცოდვის მონობას, თუკი ისინი, გრიგორი ღვთისმეტყველის სიტყვისაებრ, ქრისტეს პატიოსანი სისხლით არ იქნებიან აღბეჭდილი? როგორ აღანთებენ საკუთარ გულში ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს, როგორ მოიპოვებენ საღმრთო მშვიდობას, სულიერ სიხარულს და კიდევ სული წმიდის სხვა ნიჭებს, თუკი მამის საყვარელი ძის, სული წმიდის ერთარსის – იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს არ ეზიარებიან? ის ხომ, იესო ქრისტე, მოციქულის თქმით, ჭეშმარიტი მშვიდობაა ჩვენი, ჭეშმარიტი სიხარული, და წყარო ყოვლისა სიკეთისა?

 

მიკვირს, როგორ შეუძლიათ ჩვენი დროის ქრისტიანებს, იდღესასწაულონ კვირა დღე ან სხვა რომელიმე დღესასწაული წლის მანძილზე და განიცადონ ჭეშმარიტი სულიერი სიხარული, თუკი გამუდმებულად არ მიეახლებიან ღვთაებრივ საიდუმლოს – ყოველი დღესასწაულის მიზეზსა და საბაბს.

 

მაშ ასე, უეჭველია, რომ ის ქრისტიანები, რომლებიც განუწყვეტლივ არ ეზიარებიან, საკუთარ თავს ზეციურ, ღვთაებრივ სიკეთეებსაც აკლებენ და, გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, ღვთის მცნებებისა და სამეუფო ბრძანებების, მოციქულებისა და კრებების დადგენილებებისა და წმინდა მამათა სწავლების გარდამაქცეველნიც ხდებიან; და ასეთი ადამიანები, მოციქულთა კანონებისა და ანტიოქიის საეკლესიო კრების თანახმად, განკვეთას იმსახურებენ, – ამაზეც საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ზემოთ.

 

ამასთან ერთად, ეს ადამიანები თავიანთი დაყოვნებით უფლებას აძლევენ დემონს, მრავალი ცოდვა და მრავალი განსაცდელი მოაწიოს მათზე. ამას ღვთაებრივი კირილე ალექსანდრიელი დაგიდასტურებს: „ვინც საკუთარ თავს ეკლესიისა და ზიარებისაგან განაშორებს, ის ღმერთის მტერი და ეშმაკების მოყვარე ხდება", – ამბობს იგი.

 

და ღვთაებრივი ოქროპირიც აღნიშნავს: „რაჲთა არა მრავალჟამ განშორებული ზიარებისაგან შენისა სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა"[21]; ანუ: უფალო, მე იმიტომ მოვეახლები საიდუმლოს ასე ხშირად, რომ მეშინია, წმინდა ზიარებისაგან დიდი ხნით განშორებულს, მადლის საფარველი არ შემომეძარცვოს და გონიერმა მგელმა – ეშმაკმა არ ჩამიგდოს ხელში და არ მომაკვდინოს.

 

ეპისკოპოსი პალადი მოგვითხრობს, რომ აბბა მაკარი ეგვიპტელმა განკურნა ერთი მანდილოსანი, რომელიც ეშმაკის მანქანებით ყველას ცხენად ეჩვენებოდა, და შემდეგ ასეთი დარიგება მისცა: „არასოდეს განეშორო ქრისტეს საიდუმლოს, არამედ რაც შეიძლება ხშირად მიეახლე მას. ეს განსაცდელი სწორედ იმიტომ შეგემთხვა, რომ ხუთი კვირაა, არ ზიარებულხარ და ამით უფლება მიეცი ეშმაკს, გაბატონებულიყო შენზე".

 

ასევე, როდესაც ღვთაებრივმა ოქროპირმა თავისი ხელდასხმის დღეს ეშმაკეული განკურნა, ურჩია მას, ხშირად ევლო ეკლესიაში და ხშირად მიახლებოდა საღმრთო საიდუმლოს – ლოცვითა და მარხვით, რათა ეშმაკს კვლავ არ მოენადირებინა იგი. ამ ეპიზოდს წმინდა სვიმეონ მეტაფრასტი მოგვითხრობს იოანე ოქროპირის ცხოვრების აღწერაში:

 

„რამეთუ კაცი ვინმე ბოროტითა და არაწმიდითა სულითა საეშმაკოჲთა შეპყრობილი შორის ეკლესიისა წარმოდგა, პეროოდა და ენასა პირით უშუერად წარმოაგდებდა. ვინაჲცა ყოველნი მოქენე იქმნეს წმიდისა მის სულისა (ანუ – ევედრებოდნენ ღვთაებრივ ოქროპირს), რაჲთა ილოცოს განკურნებისათვის ვნებულისა მის. ხოლო მან მახლობელადრე მისლვაჲ ჰრქუა, და კაცთმოყვარემან კაცთმოყვარებით მიხედნა; ხელითა დაჰბეჭდა ნიში ჯუარისაჲ და დაჰრთო: – სახელი წმიდისა სამებისაჲ, – თქუა, – ბოროტსა ეშმაკსა განსვლად გიბრძანებს. და მყის სიტყუასა შედგომილ საქმე იხილვებოდა, რამეთუ წამსა თუალისასა იხსნა კაცი იგი ულხინებელისა მის ბოროტისაგან. ამისა შემდგომად აღადგინა იგი დიდმან და ასწავა არაგანშორებაჲ ეკლესიისაგან და ზიარებისაგან წმიდათა საიდუმლოთაჲსა თანა კრძალულებითურთ ლოცვისა და მარხვისაჲთ. ესე თუ ჰყო, – ჰრქუა, – არღარა იყო სანადირო მტერისა, არცა შესაპყრობელ მახეთა მისთა"[22].

 

გესმით, ძმანო, რამხელა გასაჭირში იგდებენ თავს ის ადამიანები, რომლებიც იშვიათად ეზიარებიან? გესმით, რომ ისინი ეშმაკეულებიც ხდებიან და უგუნურ პირუტყვებადაც იქცევიან, როგორც ძველ დროს ნაბუქოდონოსორი ხარად გადაიქცა? და სამართლიანადაც ისჯებიან ასეთი ადამიანები, რამეთუ განუწყვეტელი ზიარების წყალობით მათ შეუძლიათ მადლით ღმერთებად იქცნენ, მაგრამ რაკი ეს არ უნდათ და ზიარებას აყოვნებენ, ამის სანაცვლოდ თვით ადამიანის სახესაც კარგავენ, უგუნურ პირუტყვებს ემსგავსებიან და სატანის ხელმწიფების ქვეშ ექცევიან – როგორც მეფსალმუნე ამბობს: „რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ" (ფს. 72, 27). ანუ: უფალო, აი ასე წარწყმდებიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს შენი მადლისაგან განაშორებენ.

 

აღარაფერს ვამბობ უკვე იმის შესახებ, რომ ასეთ ადამიანებს ხშირად მოულოდნელი სიკვდილი ეწევათ ხოლმე და მოუმზადებლად გადიან ამქვეყნიდან, საღმრთო ზიარებისაგან განშორებულნი. რა ელით მათ, ამ საბრალო ადამიანებს? შეძლებენ კი, თავისუფლად გაიარონ ეშმაკის საზვერეები? ენითუთქმელი შიში და ძრწოლა ეუფლება ამ დროს სულს. ხშირი ზიარება კი მათ ყველაფერ ამას თავიდან აარიდებდა: როგორც ღვთაებრივი ოქროპირისგან გვეუწყა ზემოთ. შეიწყალე, ღმერთო, ასეთი ადამიანები!

 

მაშ ასე, ჩემნო ძმანო, რაკი ვხედავთ, რომ იშვიათი ზიარება ასეთი დიდი, გამოუთქმელი უბედურებების მომტანია, ხშირი ზიარება კი აქაც, ამ სოფელშიც, და გარდაცვალების შემდეგაც ასეთ მაღალ, ასეთ დიად, ზეციურ და ზებუნებრივ სიკეთეებს გვანიჭებს, – რაკი ვხედავთ ყოველივე ამას, რატომღა ვაყოვნებთ ზიარებას? რატომ არ ვემზადებით მთელი გულმოდგინებით საღმრთო საიდუმლოსთან მისაახლებლად – ყოველდღე თუ არა, ყოველ შაბათს, ყოველ კვირას და ყოველ დღესასწაულზე მაინც? გვმართებს, ძმანო, ხშირად და სიხარულით მივეახლებოდეთ წმინდა ტრაპეზს და ვეზიარებოდეთ ყოვლადტკბილ იესოს – ის ხომ სიცოცხლეა ჩვენი, ჩვენი სუნთქვა, ჩვენი არსებობა, იმედი და ხსნა; და თუ ხშირად ვეზიარებით, განუყრელად ვიქნებით მასთან შეერთებული ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. ჩვენ კი პირიქით – დიდად მიხარული ვართ, თუ ზიარებას დავაყოვნებთ და იესო ქრისტეს განვეშორებით.

 

თუნდაც ერთი დღით რომ მოგვაკლოს ვინმემ ხორციელი საზრდელი, ვწუხვართ და ვშფოთავთ, და დიდ ბოროტებად მივიჩნევთ ამას; ხოლო სულიერ საზრდელს – საღმრთო საიდუმლოს რომ ვაკლდებით ერთი დღის, ორი დღის და მთელი თვეების მანძილზეც კი, ეს არაფრად მიგვაჩნია. ჰოი, დიდი განუსჯელობა, რომლითაც ჩვენი დროის ქრისტიანები დასნეულებულან და სულიერსა და ხორციელს შორის განსხვავებას ვეღარ ხედავენ! ხორციელს სიყვარულით შეიტკბობენ, სულიერს კი ზურგს აქცევენ.

 

მრავალი ღვთისმოყვარე ქრისტიანი ხარჯავს უამრავ ფულს, თავს იდებს არნახულ შრომას, არაფრად აგდებს იმ საფრთხეს, რომელიც ელის ზღვასა და ხმელზე მოგზაურობისას, – ოღონდაც წავიდეს იერუსალიმში და თაყვანი სცეს ქრისტეს ცხოველმყოფელ საფლავს და სხვა სიწმინდეებს; შემდეგ კი ამ ქრისტიანებს სიხარულით ევსებათ გული, როდესაც მათ პილიგრიმებად იხსენიებენ. სხვანი, გაიგებენ თუ არა, რომ სადღაც შორს, რომელიღაც მხარეში ამა თუ იმ წმინდანის ნაწილები განისვენებენ, მთელი გულმოდგინებით მიისწრაფიან იქითკენ, რათა თაყვანი სცენ სიწმინდეს, მადლი და კურთხევა მიიღონ მისგან.

 

 მაგრამ ყოვლადუხრწნელ საიდუმლოს რომ ეზიარონ და ღირსი გახდნენ არა ცხოველმყოფელი საფლავის, არა წმინდა ადგილების ან წმინდა ნაწილების, არამედ თვით ყოველთა მეუფის – წმიდათა წმიდას შეწყნარებისა, ამის სურვილი ან ძალიან მცირეოდენი გააჩნიათ, ან ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებთ. წმინდა ადგილების მოლოცვისთვის ფულსაც ხარჯავენ, ფეხითაც დიდ მანძილს გადიან და საფრთხეშიც იგდებენ თავს; ზიარებისთვის კი არც ფულის დახარჯვა გვჭირდება, არც შორი გზის გავლა, არც საფრთხეში თავის ჩაგდება: საკმარისია გულშემუსვრილებმა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, შევასრულოთ ეპიტემია, მოვემზადოთ, – და უკვე უფლება გვაქვს ქრისტეს ხორცისა და სისხლის თანაზიარი გავხდეთ. და, მიუხედავად იმისა, რომ ასე ადვილად შეგვიძლია საიდუმლოსთან მიახლება, მაინც უდებებას ვეძლევით და ყველანი ერთბაშად განზე ვდგებით.

 

ოჰ, ძმანო ჩემნო, ერთხელ მაინც რომ დაგვანახა სულიერი თვალებით, რამხელა სიკეთეს ვაკლებთ საკუთარ თავს განუწყვეტელ ზიარებაზე უარის თქმით, ყველაფერს ვიღონებდით, ყველანაირ ძალას ვიხმარდით და საზიარებლად მოვემზადებოდით – თუ შევძლებდით ყოველდღეც კი.

 

მაშ ასე, თუკი დღევანდელ დღემდე ამ მხრივ უდებებას ვეძლეოდით, ამიერიდან, მე შეგთხოვთ, შეგთხოვთ თქვენდამი ძმური სიყვარულით აღსავსე გულით: გამოვფხიზლდეთ უდებების მძიმე ძილისგან და მისი ადგილი გულმოდგინებასა და მოსწრაფებას დავუთმოთ. და თუ ვინმე სულიერი ძალაუფლების მქონე პირი შეეცდება ხელი შეგვიშალოს ამ ღვთივსათნო საქმეში, დაე ეს ნუ გაანელებს ჩვენი გადაწყვტილების სიმხურვალეს, ნუ წარგვიკვეთს სასოს! არა, არამედ დავემხოთ მის წინ, როგორც მეძავნი, და არა დავცხრეთ ამბორისყოფად ფერხთა მისთა; დაჟინებით ვრეკოთ კარზე და ვითხოვოთ ზიარების უფლება. და ალბათ სასულიერო პირთაგან არავინ მოიძებნება ისეთი გულქვა, უმოწყალო, რომ, ზიარებისადმი ჩვენი მხურვალე მისწრაფების მიუხედავად, კვლავ წინააღმდეგობა გაგვიწიოს. მე მჯერა, როგორი მკაცრი და ულმობელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, როგორც არ უნდა ეშინოდეს ამ მავნე ჩვეულების დარღვევის, მისი გული მაინც მოლბება და იგი ნებას დაგვრთავს, გავაკეთოთ ის, რასაც ვესწრაფვით.