მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე


თავი 9
მტერთან საბრძოლველად მომზადება სიკვდილის ჟამს

მართალია, დედამიწაზე ცხოვრება განუწყვეტელი ბრძოლაა და ჩვენ ბოლომდე ბრძოლის ველზე ყოფნა მოგვიწევს, უმთავრესი და გადამწყვეტი ბრძოლა სიკვდილის ჟამს გველის. ვინც ამ დროს დაეცემა, ვეღარ ადგება. ნუ გაგიკვირდება. როგორც უფალი ამბობს, მტერმა გაბედა მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში უცოდველი უფლისთვის შეეტია: მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში (იოან. 14,30). მაშ რაღა შეაჩერებს, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში თავს დაგვესხას ჩვენ - ცოდვილ ადამიანებს? წმიდა ბასილი დიდი მეშვიდე ფსალმუნის განმარტებისას ამბობს: ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა,არცა მაცხოვარ (ფს. 7,2); ყველაზე დაუღალავ მეომრებსაც, მთელი ცხოვრება განუწყვეტლივ წინ რომ აღუდგებოდნენ დემონებს და მამაცურად იგერიებდნენ მტრის თავდასხმებს, სიცოცხლის ბოლოს ამა ქვეყნის მთავრისგან ერთგვარი დათვალიერება-განსჯა ელით, აქვთ თუ არა რაიმე ცოდვა. და ვისაც ცოდვის ლაქა ან ანაბეჭდი აღმოაჩნდება, დემონთა ხელში რჩება. ხოლოს, ვინც ცოდვისგან თავისუფალია, თავისუფლად დაასრულებს გზას და ქრისტეში განისვენებს.

უნდა გვახსოვდეს ეს და წინასწარ მოვემზადოთ, რათა წარმატებით დავძლიოთ უკანასკნელი ბარიერი. საამისოდ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ. სიკვდილის საათისთვის წარმატებით მოემზადები, თუ შენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მამაცურად შეებრძოლები შენი ცხონების მტრებს. თუ სიცოცხლეში მტერზე გამარჯვების სათნო ჩვევას შეიძენ, სიკვდილის ჟამსაც ადვილად მოიპოვებ გამარჯვების გვირგვინს.

სიკვდილზე ხშირად და ყურადღებით იფიქრე და გონებით გაიაზრე ყველაფერი, რაც ამ დროს შეიძლება მოხდეს. თუ ასე მოიქცევი, სიკვდილის წუთი მოულოდნელი არ იქნება შენთვის, ვერ შეგაშინებს და შენი სული შიშისგან დასუსტებული კი არა, განმტკიცებული და ბრძოლისათვის და მტერზე გამარჯვებისათვის მზადმყოფი აღმოჩნდება. ერის ადამიანები სიკვდილის ხსოვნას და მასზე ფიქრს გაურბიან, რათა თავიანთი გრძნობადი სიამოვნებანი და მათით ტკბობა არ შეწყვიტონ, რაც სიკვდილის ხსოვნასთან შეუთავსებელია. ამის გამო სულ უფრო და უფრო მიეჯაჭვებიან ხოლმე ამსოფლიურ სიამეთ. ხოლო როდესაც სიცოცხლესთან და საყვარელ საგნებთან განშორების დრო მოაწევს, უზომოდ შფოთავენ, მწუხარებენ და შიშით ივსებიან.

სიკვდილზე ფიქრმა რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, გირჩევ, ფიქრში მომაკვდავის ადგილას წარმოიდგინო თავი. წარმოიდგინე სიკვდილისწინა ტანჯვა-წამება, მტრის შესაძლო მაცდუნებელი თავდასხმები. შენში გზა მიეცი იმ ფიქრებსა და გრძნობებს, რომელთაც მტრის მოგერიება ძალუძთ. თუ როგორია ბოროტის მანქანება და როგორ უნდა შეებრძოლო მას, ახლავე მოგახსენებ, რათა სიცოცხლეშივე გონებით შეეჩვიო მათ და როდესაც სიკვდილის ჟამი მოაწევს, საქმითაც გამოიყენო. საჭიროა წარმატებით წარვმართოთ ის ბრძოლა, რომლის გადატანაც მხოლოდ ერთხელ მოგვიწევს, რათა არ დავუშვათ ისეთი შეცდომები და დანაკარგები, რომელთა გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება.