მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე


თავი 25
ნებისმიერი განსაცდელი სასიკეთოდ გვეგზავნება

უკეთ რომ შეიგნო, რომ ნებისმიერი განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდ დაიშვება ღვთისგან, ყურად იღე, რასაც გეტყვი. თავისი გახრწნილი ბუნების გამო ადამიანი ამაყი, დიდებისმოყვარეა, უყვარს თავის წარმოჩენა; მტკიცედ სწამს საკუთარი აზრებისა და გადაწყვეტილებებისა, სურს ყველა იმაზე მეტად აფასებდეს, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებს. ასეთი თვითშეფასება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა დამღუპველია სულიერი წარმატების გზაზე. ამ თვისებების მცირე ჩრდილიც საკმარისია, რომ ადამიანმა ჭეშმარიტ სრულყოფილებას ვერ მიაღწიოს. ამიტომ ჩვენი მოყვარული ზეციერი მამა ბრძნულად განსჯის რა ჩვენს შესახებ, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც გულწრფელად უძღვნა თავი მის მსახურებას, დაშვებული განსაცდელით ისეთ განწყობას ბადებს ჩვენში, რომ ადვილად დავიხსნათ თავი სახიფათო სენისგან - თვითშეფასებისგან და თითქმის იძულებით მივიდეთ ჭეშმარიტად მდაბალ თვითშემეცნებამდე. ასე მოექცა უფალი თავის წმიდა მოციქულს - პეტრეს და დაუშვა, რომ მას სამჯერ უარეყო ღმერთი, რათა საკუთარი უძლურება შეეცნო და თავის იმედი არ ჰქონოდა. ასევე წმიდა პავლეზე, მას შემდეგ, რაც ატაცებულ იქნა მესამე ცამდე და გამოუთქმელი ღმრთაებრივი საიდუმლოებანი გაეხსნა, უფალმა მომაბეზრებელი და მტანჯველი განსაცდელები დაუშვა, რათა მას საკუთარი არარაობა შეეგრძნო, დამდაბლებულიყო და მხოლოდ თავისი უძლურებით მოეწონებინა თავი; რომ იმ უდიდეს აღმოჩენას, რისი ღირსიც უფალმა გახადა, მასში განდიდება არ გამოეწვია. ამის შესახებ წმიდა პავლე მოციქული თავადაც ამბობს: და მეტისმეტად რომ არ აღვზევდე გამოცხადების ზეობით, მომეცა მე ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი ჩემდა საწამებლად, რომ არ აღვზევდე (2კორ. 12,7).

ასე რომ, ჩვენი არაბუნებრივი და უკანონო მიდრეკილების - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო - ღმერთი თანაგრძნობით დაუშვებს ჩვენზედ სხვადასხვა განსაცდელს, ხანდახან ძალზე მძიმესაც, რათა საკუთარი უძლურება შევიცნოთ და დავმდაბლდეთ. ამით უფალი ერთდროულად სახიერებასა და სიბრძნეს ავლენს: რაც ყველაზე საზიანო და მავნე გვგონია, მისით უდიდეს სარგებელს გვაძლევს, რადგან გვამდაბლებს. სიმდაბლე კი ყველაზე მეტად საჭირო და კეთილისმყოფელია ჩვენი სულისათვის. თუ ყველანაირი განსაცდელი სიმდაბლეში განსასწავლად გვეძლევა, ბუნებრივია, ღვთის ერთგული მონაც ამიტომ განიცდის გულის სიმშრალეს და სულიერი ნუგეშის დაკნინებას, რომ სიმდაბლე ისწავლოს, იფიქროს, ასე საკუთარი ცოდვების გამო მჭირსო; რომ შეუძლებელია, მასავით კნინი სული ჰქონდეს სხვასაც და მასავით გულგრილად ემსახურებოდეს ღმერთს; რომ ასეთი განწყობა მხოლოდ მათ აქვთ, ვინც უფალმა მიატოვა, მაშასადამე, თვითონაც მიტოვებულია და დამსახურებულადაც. ამგვარი მდაბალი გულისთქმებისგან, აი, როგორი სიკეთე იშვება: ვინც ადრე ფიქრობდა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ახლა, ზეცით წარმოგზავნილი მწარე მკურნალობის შედეგად ფიქრობს, რომ ქვეყნად ყველაზე ცოდვილი ადამიანია და ქრისტიანის სახელის ტარების უღირსი. განსაკუთრებული განსაცდელი, უდიდესი გასაჭირი და გულისტკივილი რომ არა, საკუთარ თავზე ამგვარ დამამცრობელ აზრს და ღრმა სიმდაბლეს ვერასოდეს შეიძენდა. ეს ამ ცხოვრებაში სულისთვის ღვთისგან ბოძებული უდიდესი მოწყალებაა, იმ სულისთვის, რომელიც მდაბლად უერთგულებს მას, რათა უფალმა საკუთარი ნებისამებრ განკურნოს, ისე როგორც აუცილებელია ადამიანის სასიკეთოდ.

გარდა ამ ნაყოფისა, რომელსაც სულს განსაცდელის შედეგად სულიერი ნუგეშის დაკნინება მოუტანს, სხვა უამრავი ნაყოფიც არსებობს. ასეთი გარეგანი სიმძიმეებით გულშემუსვრილი ადამიანი იძულებულია სწრაფი შემწეობისთვის ღმერთს მიმართოს. ის ყველაფერს აკეთებს, რაც სულიერი მწუხარებისა და გულისტკივილის განსადევნადაა საჭირო და სამომავლოდ რომ მსგავს სულიერ ტანჯვას თავი აარიდოს, მტკიცედ გადაწყვეტს სულიერი ცხოვრების გზაზე დადგომას; მთელს გულისყურს გულისკენ მიმართავს, გაურბის ცოდვას და სულ მცირე უწესივრობას, რამაც კი შეიძლება ღმერთს დააშოროს. ასე რომ, ჭირი, რომელსაც ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის საზიანოდ თვლიდა, მისთვის იქცევა საწერტელად, უდიდესი სითბოთი რომ აღძრავს ღვთის საძიებლად; ყოველივე იმასთან განსაშორებლად, რაც უფლის ნებას არ ეთანხმება. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა გასაჭირი და ტანჯვა, რომელსაც სული შინაგანი განსაცდელის დროს, სულიერი ნუგეშისა და სიტკბოების დაკნინებისას განიცდის, სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სიყვარულით განმწმენდელი კურნება. ღმერთი ამით იმ სულს განკურნავს, რომელიც ყველაფერს მდაბლად დაითმენს. რა თქმა უნდა, ასეთი ტანჯვა მოთმინების მქონეთ წამებულთა გვირგვინს განუმზადებს. ეს გვირგვინები მხოლოდ ასე მოიპოვება და მით უფრო დიდებულია, რაც მტკივნეულია გულის ტანჯვანი.

აშკარაა, რომ უზომოდ არ უნდა ვიტანჯოთ ჩვენზედ მოვლენილი გარეგნული თუ შინაგანი განსაცდელის გამო. ასე ის იქცევა, ვისაც მწირი გამოცდილება აქვს და საკუთარი ცოდვებისა და არასრულყოფილების გამო, ღვთისგან დაშვებული სატანის ქმედება ჰგონია, ღვთის სიყვარულის გამოვლინება - მისი განრისხება, ნიჭები და კეთილისყოფა - დარტყმა და გაშოლტვაა, რასაც უფალი უკიდურესი გულისწყრომის გამო დაუშვებს მასზე. ყოველივე, რასაც უნდა იქმოდნენ, წყალში ჩაყრილ შრომად და კურნების გარეშე გაღებულ დანაკარგად მიაჩნიათ. მათ რომ სწამდეთ, რომ ასეთი განსაცდელი სათნოებების მოხვეჭას ოდნავადაც ვერ შეუშლის ხელს და პირიქით, თუკი სულის სიმდაბლითა და მადლიერებით მიიღებენ და დათმენენ ყოველივეს, განამრავლებს კიდეც; რომ სჯეროდეთ, ეს მოყვარული ღმერთის კეთილი ნების გამოვლინებაა მათ მიმართ, მაშინ უკიდურესად არ შეშფოთდებოდნენ და გულის სიმშვიდეს არ დაკარგავდნენ მოწეული განსაცდელის ან იმის გამო, რომ უკადრისი და ბილწი გულისსიტყვები აქვთ და ლოცვისას თუ სხვა სულიერი ვარჯიშისას მშრალნი და გულგრილნი არიან. პირიქით, უფრო დაიმდაბლებდნენ თავს ღვთის წინაშე და გულწრფელად გადაწყვეტდნენ მუდამჟამს მისი ნების აღსრულებას; რადგან უფალს სურს, ამქვეყნად მხოლოდ ასე სათნოვეყოთ მას. ყოველნაირად ეცდებოდნენ, სიმშვიდე და მშვიდობა შეენარჩუნებინათ, მომხდარი ზეციური მამის მიერ მოვლენილად და მის მიერ მოწვდილ მწარე სასმისად მიეღოთ, რომელსაც ახლა სცლიან. თუნდაც განსაცდელის მიზეზი ბოროტის მანქანება, ადამიანები ანდა ცოდვა იყოს, მაინც ყოველივე უფალზეა დამოკიდებული, მის მიერ დაიშვება ჩვენს სასიკეთოდ და სხვა უფრო დიდი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.