მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე


თავი 24
არ უნდა შევცბუნდეთ სულიერი გრძნობების დაკნინებისა
და სხვა შინაგანი განსაცდელის გამო

მართალია, მეშვიდე თავში უკვე ვისაუბრეთ გულის სიცივის, სიმშრალისა და მათი მიზეზით განცდილი სულიერი იმედგაცრუების შესახებ, მაგრამ ახლა დავასრულებ სათქმელს: ასეთ გულისტკივილსა და სიმშრალეს, ანუ სულიერი სიხარულისა და სიტკბოების დაკნინებას დიდი სარგებელი მოაქვს სულისათვის, როდესაც მათ მოთმინებითა და სიმდაბლით მივიღებთ და გადავიტანთ. ადამიანმა რომ წინასწარ იცოდეს ამ სარგებლის შესახებ, აღარ დანაღვლიანდებოდა და დამძიმდებოდა ასეთი მდგომარეობისას; შინაგანი სულიერი ნუგეშის შესუსტებას ღვთის არაკეთილგანწყობად აღარ ჩათვლიდა. პირიქით, მასში უფლის განსაკუთრებულ სიყვარულს დაინახავდა და სიხარულით მიიღებდა, როგორც უდიდეს მოწყალებას.

უკვე ისიც მანუგეშებელია, რომ ასეთ მდგომარეობას მეტწილად ის პიროვნებები განიცდიან, რომლებიც განსაკუთრებული მოშურნეობით იწყებენ ღვთის სამსახურს და ცდილობენ, თავი აარიდონ ყველაფერს, რაც უფალს შურაცხყოფს. და ამას განიცდიან არა ღმერთთან ურთიერთობის დასაწყისში, არამედ კარგა ხნის ღვაწლის შემდეგ, როდესაც საკმაოდ განიწმენდენ გულს წმიდა ლოცვითა და შემუსვრილებით, როდესაც ერთგვარ სულიერ სიტკბოებას, სითბოსა და სიხარულს იგრძნობენ და გადაწყვეტენ, მთლიანად უძღვნან თავი უფალს და ასეც იქცევიან. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ცოდვილნი და ამსოფლიურ და ცხოვრებისეულ ამაოებათ დამონებულნი მსგავსს ცდუნებებს განიცდიდნენ. აშკარაა, რომ ეს სიმწარე წმინდა და ძვირფასი ტრაპეზია, რომელთანაც უფალი თავის საყვარელ შვილებს იწვევს. მართალია, დაგემოვნებისას ეს ტრაპეზი დიდად სასიამოვნო ვერაა, ფრიადი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ გემოს გასინჯვისას ამას ვერ გვრძნობთ. სული, რომელიც სიმშრალეს განიცდის, სიმწარეს იგემებს და შიშისმომგვრელი განსაცდელებითა და გულისსიტყვებით იტანჯება, რომლებიც თავის მხრივ, გულს უწამლავენ და თითქმის სრულიად მოაკვდინებენ შინაგან ადამიანს. ასეთ მდგომარეობაში სული აღარ ენდობა საკუთარ თავს, საკუთარ კეთილგანწყობას და ჭეშმარიტ სიმდაბლეს იძენს, რაც სურს კიდეც უფალს ჩვენგან. ამავე დროს სული ღვთის მხურვალე სიყვარულით, საკუთარი გულისსიტყვებისადმი გულმოდგინე ყურადღებითა და მსგავსი განსაცდელების მამაცური დათმენით აღინთება. ამ ბრძოლიდან, როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, ადამიანი ისეთი გამოდის, რომლის გრძნობებიც გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ (ებრ. 5,14). თუმცა ვიმეორებ, ის ვერ ხედავს ამ ძვირფას და უხილავ ნაყოფს, შეცბუნებულია და გაურბის სატანჯველს, რადგან არ სურს, თუნდაც მცირე ხნით სულიერი ნუგეშის გარეშე დარჩეს. ამ ნუგეშის გარდა ყველა სხვა სულიერი ვარჯიში მისთვის ტყუილუბრალოდ დაკარგული დრო და უნაყოფო შრომაა.