მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე


თავი 21
მხოლოდ ღმერთი ეძიე და არა სიამე-სიტკბოებანი

მუდამ სიმძიმე და მწუხარება გერჩიოს და სიამეს და სიტკბოებას ნუ შეიყვარებ. ისინი არაფერს რგებენ სულს. სხვების მორჩილება და საკუთარი ნების მათთვის დამორჩილება შეიყვარე. დაე, ყოველი ქმედება ღმერთთან მიახლოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს და არც ერთი არ გექცეს დაბრკოლებად ამ გზაზე. გიხაროდეს და მხოლოდ უფალი იყოს შენთვის უტკბესი ნუგეში. სხვა ყოველივე კი - სიმწარე. შენი ყოველი სიმძიმე ღმერთთან აზიდე. ის შეიყვარე მთელი გულით და მას უერთგულე ყოველგვარი შიშისა და განსჯის გარეშე. უფალი განგიქარვებს ეჭვებს და დაცემულს წამოგაყენებს. ერთი სიტყვით, თუ ღმერთს შეიყვარებ, მისგან ყოველგვარ სიკეთეს მიიღებ. მთლიანად შესწირე თავი ღმერთს მსხვერპლად, სულის სიმშვიდითა და სიწყნარით.

წარმატებით, გადაღლისა და ფორიაქის გარეშე რომ იარებოდე ამ გზაზე, საკუთარი ნება ღვთისას მიანდე. რაც სრულად შეიძლებ ამას, მით მეტ ძალასა და ნუგეშს ჰპოვებ. დაე, ისე მოიმართოს შენი ნება, რომ მხოლოდ ის სურდეს, რაც ღმერთს ნებავს და არაფერი უნდოდეს, რაც უფალს არ სურს. მუდმივად, ნებისმიერი საქმისას განაახლე შენი სულის გადაწყვეტილება და სურვილი - ყველაფერში სათნოეყო ღმერთს. ნუ იფიქრებ მომავალზე, რადგანაც არ იცი, რას დაბადებს დღე (იგავ. 27,1). ოღონდ თავისუფალი იყავი და თავი არაფრით შეიბოჭო. თუმცა არავის ეკრძალება გონივრული ზრუნვა და მცდელობა იმისა, რაც საჭიროა თითოეულის მდგომარეობისა და წოდების შესაბამისად. ამგვარი მზრუნველობა ეთანხმება ღვთის ნებას და პიროვნების შინაგან სამყაროს ღვთის ერთგულებასა და სულიერ წარმატებაში ხელს არ უშლის. ნებისმიერი საქმისას ეცადე გააკთო ყველაფერი, რაც შეგფერის, შეგიძლია და აუცილებელია შენთვის. სხვა დანარჩენის მიმართ გულგრილობა შეინარჩუნე და სიმდაბლით დაუმორჩილე იმას, რაც შენგან დამოუკიდებლად მოხდება.

ის, რაც შეგიძლია მუდამჟამს აკეთო, საკუთარი ნების ღვთისთვის მსხვერპლად მიტანაა. ამის გარდა არაფერი ისურვო. შედეგად მუდამ თავისუფალი იქნები, არავინ და არაფერი შეგბოჭავს და მუდმივი სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს შენში. სულის ასეთი თავისუფლებაა ის უდიდესი სიკეთე, რომლის შესახებაც წერენ წმიდანთა ცხოვრებაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი კაცის თავის თავში მკვიდრობა, საიდანაც ის გარეთ არ გამოდის და არაფერს ეძიებს. თუ ასეთ თავისუფლებას მიაღწევ, მასთან ერთად მუდმივად იგემებ იმ ღვთაებრივ და გამოუთქმელ სიხარულს, რომელიც ღვთის სასუფევლისგან განუყოფელია და ჩვენშივეა, როგორც უფალი ამბობს: ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია (ლუკ.17,21).