მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა


თავი 53
ლოცვის მნიშვნელობა უხილავ ბრძოლაში

შენს ყურადღებას მეტწილად იმისკენ მივაპყრობდი, თუ როგორ ავიყვანოთ ლოცვა მისთვის დამახასიათებელ სიმაღლემდე. შეიძლება უცნაურად გეჩვენოს, რომ უხილავ ბრძოლაზე საუბრისას, როდესაც გსურს, შეიტყო, რამდენად შეგვეწევა მასში ლოცვა, უმეტესად ისმენ იმას, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ლოცვა ჭეშმარიტად. ნუ გაიკვირვებ. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, იგი ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან ის სულის შეუღწეველ, განუმსჭვალავ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს, არც ამსოფლიურ ხიბლსა და ცდუნებას. გულში ლოცვის არსებობა უკვე თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა იჩქარო გულში ლოცვის დანერგვა და იზრუნო, რომ იგი მუდმივად ცოცხლობდეს და მოძრაობდეს. ეს იგივეა, რომ გითხრან: ასე მოიქეცი და უბრძოლველად გაიმარჯვებო.

ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვიდრე შენი ლოცვა ძალმოსილებას შეიძენს, მტერი არ მოგასვენებს და ყოველ წუთს ბრძოლა მოგიწევს. დაგეხმარება ამ დროს ლოცვა თუ არა? - რა თქმა უნდა, და უფრო მეტადაც, ვიდრე სულიერი ბრძოლის ყველა სხვა იარაღი. ლოცვა ყოველთვის მოიზიდავს ღვთის შემწეობას და ღვთაებრივი ძალა მტერს უკუაგდებს. მთავარია, იგი გულმოდგინე და ღვთის ნებას მინდობილი იყოს. ლოცვის ადგილი ორთაბრძოლის დასაწყისშივეა. აი, როგორ ხდება ყველაფერი: როდესაც შიგნით ვნებიანი გულისთქმა ან ვნებათა მოძრაობა იჩენს თავს და ყურადღება, როგორც ფხიზელი დარაჯი, მტრის მოახლოებას და მის ისრებს იგრძნობს, სულის ცხონების მოშურნე მტრის ბოროტ სურვილს გაიაზრებს და ძალების დაძაბვით დაუნანებლად განდევნის გულისთქმებსა და ვნებებს. ამავე დროს შინაგანად ლოცვით მოუხმობს უფალს და შემწეობას სთხოვს. შემწეობაც არ იგვიანებს, მტერი გაიფანტება და ბრძოლა ნელდება.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი პირადი მაგალითის ჩვენებით ცდილობს ზუსტად აღწეროს ეს ბრძოლა: „მე ვგავარ ადამიანს, რომელიც დიდი ხის ქვეშ ზის და ხედავს, რომ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი უახლოვდება. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათს თავდასხმას, ამიტომ სასწრაფოთ ხეზე ძვრება და თავს შველის. მეც ასე ვარ. ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ ბოროტ გულისსიტყვებს. მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მყოფნის, ამიტომ ლოცვით მივმართავ უფალს და თავს ვიხსნი მტერთაგან“.

წმიდა ისიქი თავის სიტყვაში სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ წერს: „მახვილი და დაძაბული გონებრივი მზერით უნდა იყურო შენს შიგნით, რათა შეიცნო შემომსვლელნი. როდესაც შეიცნობ, მყისვე შემუსრე გველის თავი და სულთქმით შეჰღაღადე იესო ქრისტეს. მაშინ ღვთის უხილავ შემწეობას და თანადგომას მიიღებ“.

“როგორც კი ჩვენში მაცდური გულისსიტყვები მომრავლდება, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწოდებით უნდა დავძლიოთ. მყისვე ვიხილავთ, რომ კვამლივით გაიფანტებიან ჰაერში - როგორც გამოცდილება გვასწავლის“.

“შინაგანი ბრძოლა ასე უნდა წარვმართოთ: მთავარი ყურადღებაა. როდესაც ბოროტ გულისსიტყვას შევამჩნევთ, მაშინვე გულიდან წამოსული მრისხანება მივმართოთ მის წინააღმდეგ. შემდეგ ვილოცოთ და გულში იესო ქრისტეს მოვუწოდოთ. ასე გაიფანტება ეს დემონური აჩრდილი, და გონებაც ოცნებას არ გაჰყვება, როგორც მოხიბლული ბავშვი დახელოვნებულ ჯამბაზს“.

“მდუმარება გზას უღობავს გულისსიტყვებს, იესო ქრისტეს სახელის მოხმობა კი გულიდან განაგდებს მათ. როგორც კი სულში რაიმე გრძნობადი საგნის წარმოდგენა წარმოიშობა, ჩვენი შეურაცხმყოფელი პიროვნებისა იქნება თუ ქალური სილამაზისა, ოქრო-ვერცხლისა თუ ყველასი ერთად, ცხადია, ჩვენი გული ამ ოცნებამდე ბოროტმეხსიერების, სიძვის, ველცხლისმოყვარების სულმა მიიყვანა. თუ ჩვენი გონება გამოცდილი და განსწავლულია, იცის, როგორ დაიცვას თავი მტრის თავდასხმებისგან და ნათლად ხედავს ბოროტის მაცდუნებელ ოცნებებსა და ხიბლს, მდუმარებითა და იესოს ლოცვით ადვილად მოიგერიებს სატანის ისრებს; ვნებიან ოცნებას საშუალებას არ მისცემს, ჩვენი გულისთქმები აიყოლიოს, ხოლო გულისთქმებს - თანხმიერება ჰპოვოს მასთან ანდა მეგობრულად ესაუბროს და აზრები განავრცოს. ამას კი აუცილებლად ცუდი საქმეც მოჰყვება, ისევე, როგორც ღამე მოჰყვება დღეს“.

ბევრ ასეთ შეგონებას იხილავთ წმიდა ისიქისთან. აქვე შეხვდები უხილავი ბრძოლის სრულ აღწერასაც. გირჩევდი, ხშირად გადაგეკითხა მისი სიტყვა სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ.