მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა


თავი 47
გონიერი ანუ შინაგანი ლოცვა და მისი სახეობები

გონიერი ანუ შინაგანი ლოცვა ნიშნავს მლოცველის მიერ გონების გულში მოკრებას და იქიდან ღვთისადმი უხმო ლოცვის აღვლენას, უფლის დიდებას და მადლიერებას. ამ დროს კაცი გულშემუსვრილებით აღიარებს ღვთის წინაშე საკუთარ ცოდვებს და თავისთვის საჭირო სულიერ და ხორციელ სიკეთეთ გამოითხოვს. არა მხოლოდ სიტყვით უნდა ვილოცოთ, არამედ გონებითაც, და არა მხოლოდ გონებით, გულითაც. გონება ნათლად უნდა ხედავდეს და ისმენდეს, რაც სიტყვით წარმოითქმის, ხოლო გული გრძნობდეს, რასაც ამ დროს გონება გაიაზრებს. ყოველივე ეს ერთად წარმოადგენს ჭეშმარიტ ლოცვას. თუ შენს ლოცვაში ასეთი რამ არ არის, ის არასრულყოფილია, ანდა სულაც არ არის ლოცვა.

ალბათ, გსმენია: სიტყვიერი ლოცვა, გონიერი ლოცვა, გულისმიერი ლოცვა. თითოეულ მათგანზე გარკვეული აზრიც გამოუთქვამთ. საიდან მომდინარეობს ლოცვის ნაწილებად დაყოფა? ჩვენი დაუდევრობის მიზეზით ხანდახან ენა ლოცვის წმიდა სიტყვებს წარმოთქვამს, გონება კი სად არ დახეტიალობს. ანდა გონებას ესმის სიტყვები, გული კი მათ მიმართ უგრძნობელი რჩება. პირველ შემთხვევაში ლოცვა მხოლოდ სიტყვიერია და სულაც არაა ლოცვა; მეორეში - სიტყვიერს გონებრივი ლოცვაც უერთდება, მაგრამ ეს არასრულყოფილი ლოცვაა; ჭეშმარიტად სრულყოფილია მაშინ, როდესაც ლოცვით სიტყვას და ლოცვით აზრს ლოცვითი გრძნობაც ეთანხმება.

ღვთის მადლის მოქმედების შედეგია გულისმიერი ლოცვა, ესაა სულიერი ლოცვა, რომელიც გულში სულიწმიდის მიერ მოძრაობს. მლოცველი შეიგრძნობს მას, მაგრამ თავად კი არ ლოცულობს, ლოცვა თავისთავად აღევლინება მასში. ამგვარი რამ სრულყოფილთა ხვედრია. ნებისმიერისათვის კი შესაძლებელია ის, რომ ლოცვით სიტყვებს მუდამ ეთანხმიერებოდეს აზრი და გრძნობა.

არსებობს ლოცვა, რომელიც ღვთის წინაშე წარდგომად სახელდება. ამ დროს მლოცველი გულში შემოიკრებს ყურადღებას და შესაბამისი გრძნობების მეშვეობით შინაგანად შეიმეცნებს თავის თავში არსებულ ღმერთს - ზოგჯერ შიშითა და მისი დიდებულებისადმი კეთილკრძალული მოწიწებით, რწმენითა და სასოებით, ზოგჯერ სიყვარულითა და ღვთის ნების ერთგულებით, ზოგჯერ კი - გულშემუსვრილებითა და ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად მზადყოფნით. ასეთი მდგომარეობა მაშინ მიიღწევა, როდესაც მლოცველი სიტყვით, გონებითა და გულით ჩაუღრმავდება ჩვეულებრივ ლოცვას. ვინც ხანგრძლივად და ჯეროვნად ლოცულობს, ხშირად მიაღწევს ასეთ სიმაღლეს. და ბოლოს, შესაძლოა, მუდმივად ამ მდგომარეობაში იყოს, რასაც უფლის წინაშე სვლა ეწოდება და დაუცადებელი ლოცვა გახლავთ. სწორედ ასე ლოცულობდა წმიდა დავით წინასწარმეტყველი, რომელიც გვიმოწმებს: წინაისწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა (ფს. 15,8).

ასე რომ, ძმაო, თუ გსურს, შენი შრომა კეთილნაყოფიერი იყოს, მხოლოდ სიტყვიერი ლოცვით ნურასოდეს შემოიფარგლები. გონებითაც ილოცე და გულითაც. გონებით გაიაზრე და შეიმეცნე ლოცვის სიტყვები, გულით კი შეიგრძენი ყველაფერი. მეტწილად გულით ილოცე. გულიდან წამოსული ლოცვა ელვისებურად კვეთს ზეცას და ყოვლადმოწყალე უფლის ტახტამდე აღწევს. და ღმერთიც მეტწილად მას შეიწყნარებს და შეისმენს. ასე ილოცა მოსე წინასწარმეტყველმა მეწამულ ზღვასთან და მყისვე მოესმა ხმა უფლისა: რას შემომბღავით (გამოსვ. 14,15)? და მიიღო კიდეც ძალა უფლისგან, რათა საკუთარი ხალხი მოსალოდნელი უბედურებისგან ეხსნა.