მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა


თავი 37
როგორი განწყობილებაა საჭირო სათნოებების წარმატებით
მოსახვეჭად და როგორ გავიწაფოთ ერთ სათნოებაში

სათნოებების მოსახვეჭად აუცილებელია ვაჟკაცური სული და არა სუსტი და მოდუნებული, არამედ ძლიერი, მტკიცე ნება, რომელიც მზადაა უამრავი დაბრკოლების გადასატანად და მძიმე ღვაწლის სატვირთად. ასეთ განწყობას საფუძვლად უნდა დაედოს სათნოებათმოყვარეობა, სათნო ცხოვრების სიყვარული ზოგადად და მხურვალე მოშურნეობა. ამაშია ღვაწლის გზით მოძრავი სათნოების ძალა, რომელიც მუდმივად უნდა აღვაგზნოთ, რათა არ დასუსტდეს და დაუძლურდეს, რაც უცილობლად გამოიწვევს მოძრაობის შეწყვეტასაც. ასე რომ, ნუ დაგეზარება სათნოებათა მოსახვეჭად მოშურნეობის გაღვივება. გულწრფელად გაიაზრე, როგორ სათნოა ღვთისთვის კეთილკრძალული ცხოვრება, რა მშვენიერი და ამაღლებულია სათნოება თავისთავად და როგორ აუცილებელი და სასარგებლოა ჩვენთვის, რადგან მასშია ჩვენი ჭეშმარიტი სრულყოფილების საწყისი, სასრული და წარმატების შესაძლებლობა.

ამიტომ ყოველ დილით წინასწარ მთელი ყურადღებით განიხილე და განჭვრიტე, დღის განმავლობაში რა შემთხვევები შეიძლება მოგეცეს ამა თუ იმ კეთილი საქმის აღსასრულებლად. ამავე დროს, საკუთარ თავში ასეთი საქციელის სურვილი და გადაწყვეტილება გააღვივე. საღამოს კი შეამოწმე, თუ შეასრულე და როგორ შეასრულე დილანდელი კეთილი განზრახვები და სურვილები. მეორე დილას კვლავ იგივე სურვილები და განზრახვები განაახლე და კვლავ მხურვალე მოშურნეობით შეუდექი მათ ჯეროვნად შესრულებას.

შეეცადე, ყველაფერი იმ სათნოების მოსახვეჭად მიმართო, რომლის დაუფლებაც გსურს. წმიდანთა მაგალითები, ლოცვა, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და ვნებაზე ფიქრი და ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებასა და სათნოებებში წარსამატებლად სასარგებლო და აუცილებელია, მეტწილად იმ სათნოებისკენ უნდა მიმართო, რომლის მოპოვებასაც ესწრაფვი. დღის ნებისმიერი შემთხვევაც, ეცადე, ისე გამოიყენო, რომ ხელი კი არ შეუშალოს შენს განზრახვას, უფრო მეტად დაგეხმაროს იმ სათნოების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში, რომლისთვისაც განსაკუთრებით მოშურნეობ.

ჩვევის შეძენისას შენთვის გარკვეული ზღვარი იყოს ეს - შესძელი ისე მსუბუქად და ხალისით აღასრულო შინაგანი თუ გარეგანი სათნო საქმე, როგორც მანამდე მის საწინააღმდეგო ქმედებას აღასრულებდი. ანუ ისევე ბუნებრივი გახდეს შენთვის სათნო საქმე, როგორც ბუნებრივი მოთხოვნილებებია. შეგახსენებ უკვე ნათქვამსაც: რაც უფრო მეტ გარეგან თუ შინაგან წინააღმდეგობას შეხვდები რომელიმე სათნოების მოხვეჭისას, მით უფრო სწრაფად და ღრმად გაიდგამს ფესვს იგი სულში. ოღონდ უდიდესი სიმტკიცითა და თვითშებრალების გარეშე უნდა ვისწრაფვოთ ამ დაბრკოლებათა გადასალახად.

სასარგებლოა წმიდა წერილის გამონათქვამები, როდესაც მათ ხმამაღლა, ანდა გონებაში წარმოთქვამ. ისინი გასაოცრად ზემოქმედებენ გონებაში სასურველი სათნოების აღბეჭდვასა და გულში მის მიმართ კეთილგანწყობის გაღვივებაზე. ორივე ერთად კი დიდად ეხმარება მოშურნე ადამიანს. მოძებნე საღვთო წერილში ასეთი ადგილები და დაისწავლე, რათა ხშირად იმეორო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენთვის სასურველი სათნოების საწინააღმდეგო ვნება აღგეძვრება.

მაგალითად, როდესაც მოთმინების მოხვეჭა გსურს, შეგიძლია შეარჩიო, დაისწავლო და ხშირად იმეორო საღვთო წერილიდან შემდეგი ადგილები: სულგრძელ კაცს დიდი გონირება ახლავს (იგავ. 14,29); თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად (ფს. 9,18); ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! (ზირ.2,14); სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს (იგავ. 16,32) მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი (ლუკ.21,19); მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი (ებრ. 12,1)); აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ (იაკ. 5,11); ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს საცდურს (იაკ. 1,12); მოთმინების საქმე სრულქმნილი უნდა იყოს (იაკ. 1,4); მოთმინება გმართებთ, რათა ჰყოთ ნება ღმრთისა და მიიღოთ აღთქმული (ებრ. 10,36).

ამ ყველაფერს შეგიძლია დაურთო ასეთი ან მსგავსი მოკლე ლოცვითი მიმართვები: „ღმერთო ჩემო, როდის შეიჭურვება ჩემი გული მოთმინების იარაღით!“ „ბოლოსდაბოლოს, როდის შევძლებ ყოველი უსიამოვნების მშვიდი გულით ატანას და როდის იხარებს უფალი ჩემი ჩემს გამო!“ „ო, როგორ მიყვარხართ მწუხარებანო, თქვენ ხომ ჩემთვის ვნებულ უფალ იესოს მიმამსგავსებთ!“ „იესო ჩემო, შენი სახელის დიდებისთვის, თუნდაც ხანდახან შემაძლებინე, მშვიდად ვიცხოვრო უამრავ გასაჭირს შორის!“ „ნეტარი ვიქნები, თუ ჭირთათმენის ცეცხლშიც უფრო მეტი ტკივილის გადატანის სურვილით აღვინთები!“.

ასეთი ლოცვები უნდა მოვიშველიოთ, რათა სათნოებებში წარვემატოთ. ყოველთვის შესაფერისი ლოცვა უნდა გამოვიყენოთ, რათა რწმენა და ღვთისმოსაობის სული შევითვისოთ. მოკლე ლოცვები სამართლიანად იწოდება წინასწარმეტყველის მიერ: აღსვლაი გულსა თვისსა-დ (ფს. 83,5), რომლებიც რწმენითა და სასოებით სავსე გულიდან მოედინება, ზეცამდე აღწევს და ღმერთთან მიდის. ესაა სულთქმა (ფს. 37,10), რომელიც არასოდეს დაიფარება მოწყალე უფლის თვალთაგან. ესაა ღაღადება, მუდამ შესმენილი და შეწყნარებული ყოველივე კეთილის მომგებელი უფლისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ თან ვაახლოთ ორი რამის რწმენა, როგორც ორი ფრთა: რომ ღმერთი ხარობს, როდესაც ხედავს ჩვენს შრომას სათნოებების მოსახვეჭად და მათი სრულყოფის მხურვალე სურვილს; რომ სხვას არაფერს ვეძიებთ, გარდა ღვთის სათნოყოფისა.