მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა


თავი 36
სათნოებების მოხვეჭის თანმიმდევრობა

მართალია, ქრისტეს ჭეშმარიტ მეომარს, ვინც მთელი გულით მიილტვის სრულყოფილებისაკენ, არ შეჰფერის საკუთარი მისწრაფებებისა და წარმატებისათვის რაიმე ზღვარის დაწესება, მაგრამ მისთვის აუცილებელია, განსჯით გაზომოს და კეთილად წარმართოს საკუთარი ჭარბი სულიერი გულმოდგინება. ასეთი აღტყინება, განსაკუთრებით დასაწყისში, მოულოდნელად დიდი ძალით აენთება და შეუპოვარია, შემდეგ თანდათან ჩაინავლება, ხანდახან სულაც ქრება და შუა გზაზე უმწეოებს გვტოვებს ხოლმე. არა მარტო გარეგანი, სხეულებრივი სათნოებები უნდა მოვიპოვოთ ნელ-ნელა, თითქოსდა საფეხურეობრივად, შინაგანი, სულიერი სათნოებების მოხვეჭისასაც თავისებური წესი და თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ. მხოლოდ ასე იქცევა მცირე დიდად და სამუდამოდ დამკვიდრდება ჩვენში. მაგალითად, შინაგანი სათნოების - მოთმინების მოხვეჭის დროს არ შეიძლება მაშინვე გაიხარო ცილისწამების, წყენისა და სხვა უსიამოვნებების გამო, ელტვოდე მათ და გიხაროდეს, თუმცა შეგიძლია მოთმინებით აიტანო ეს ყველაფერი. ასეთი სწრაფვა და სიხარული მოთმინების უმაღლესი ხარისხის გამოვლინებაა, სადამდეც შენ ჯერ დაბალი საფეხურები უნდა გაიარო: სიმდაბლით თვითდამცრობა - როდესაც თვლი, რომ ყოველგვარ შეურაცხყოფას იმსახურებ; შურისძიების სურვილის ჩახშობა - სამაგიეროს გადახდის შესახებ ნებისმიერი აზრის შეძულება და ა.შ.

ერთბაშად ყველა სათნოების, ან თუნდაც რამოდენიმეს მოპოვებას ნუ შეეცდები. ჯერ ერთში განმტკიცდი და მერე გადადი მეორეზე. თუ ასე მოიქცევი, ყველა სათნო ჩვევა იოლად და მტკიცედ დამკვიდრდება სულში. როდესაც ერთი რომელიმე სათნოების მოსახვეჭად დაუღალავად ივარჯიშებ, შენი მეხსიერება მხოლოდ მისით იქნება დაკავებული, გონებაც მხოლოდ მას მიეჯაჭვება, მის აღსასრულებლად საჭირო ხერხებისა და შემთხვევების ძიებაში დახელოვნდება და ნებაც ხალისით დამორჩილდება გონებას. სათნო ჩვევების მოსახვეჭად ეს უფრო დაგეხმარება, ვიდრე ერთბაშად უამრავი რამის ტვირთვა და მიდებ-მოდება.

ამავე დროს, სათნოებებისთვის საჭირო ქმედებანი ერთმანეთს ჰგვანან და დროთა განმავლობაში ნაკლებად ძნელი გვეჩვენება. როგორც წესი, ერთი სათნოება, მეორეს, მის მსგავსს განაპირობებს და ეხმარება კიდეც იმით, რომ როდესაც გულში დამკვიდრდება, თავისივე მსგავსის მისაღებად ამზადებს მას, თითქოსდა წინასწარ უმზადებდეს კვარცხლბეკს.

ჩემს მიერ გამოთქმული აზრი სწორი და ჭეშმარიტია. გამოცდილებით ვიცით, რომ ვინც ერთი სათნოების მოსახვეჭად მონდომებით ვარჯიშობს, არა მხოლოდ წინასწარ სწავლობს, როგორ ივარჯიშოს მეორის მოსაპოვებლად, ერთ სათნოებაში ჩვევების შეძინებით აღვიძებს,ზრდის და განამტკიცებს დანარჩენ სათნოებებსაც, მათი განუყოფლობის მიზეზით. ისინი ხომ ერთი ღვთაებრივი ნათლისაგან გამომავალი სხივებია.