მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა


თავი 32
მტრის ხრიკები იმათ წინააღმდეგ, ვინც კეთილ გზაზე შედგა

და თუნდაც ვინმემ პირველი ორი დაბრკოლება გადალახოს, ცოდვის ბორკილებისგან განთავისუფლება მოისურვოს და მოქმედებასაც შეუდგეს, მტერი მაინც არ დატოვებს. ის მხოლოდ ტაქტიკას ცვლის, თუმცა კვლავ სურს და ცდილობს, რომელიმე ცოდვით დასცეს და დაღუპოს. წმიდა მამები ასეთ ადამიანს ყოველი მხრიდან დაისრულს გამოხატავდნენ - ზემოდან და ქვემოდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, წინიდან თუ უკნიდან მოფრინავენ ისრები. ზემოდან მომავალი ისრები მტრის ჩაგონებაა სულიერი ღვაწლის უზომო სიძნელეების შესახებ; ისრები ქვემოდან ჩააგონებს, თვითსიბრალულის, მცონარებისა და უზრუნველობის გამო შეამცირონ ან და საერთოდ მიატოვონ ღვაწლი; მარჯვნიდან წამოსული ისრები მტრის ცდუნებას ნიშნავს, როდესაც რაიმე კეთილი საქმის ან წამოწყების გამო ცდილობს, განსაცდელი მოგვივლინოს და ცოდვით დაგვცეს; მარცხინდან - როცა მტერი აშკარად წარმოგვიდგენს საცდურს და ცოდვისკენ გვიბიძგებს; წინიდან - როცა მტერი გვაცდუნებს და გვარცხვენს ყოფითი გულისსიტყვებით; ზურგიდან მომავალი ისრები წარსული საქმეებისა და მოვლენების გახსენებით გვაცდუნებენ და გვაშფოთებენ. და ყველა ეს მაცდური გულისსიტყვა ან შინაგანი გზით, ან გარეგანად მიეზრდება სულს: შინაგანად ფანტაზიის მიერ ცნობიერებაში აღბეჭდილი სახეებითა და წარმოდგენებით, გულში უჯერო აზრების ჩასახვით, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ვნებათა აღძვრა. გარეგნულად - გარეგანი გრძნობების შთაბეჭდილებებით, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, მუდმივად გვაწყდება. მტერს შემწედ ჰყავს ჩვენი ძველი ცოდვიანი ჩვევები და დაცემით დაზიანებული ჩვენი ბუნება. შეუძლია, ამდენი საშუალება გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ პირველი წარუმატებლობის შემდეგ სულაც არ ფერხდება; მუდმივად ცდილობს, ბრძოლაში ჩართოს ხან ერთი, ხან მეორე საშუალება და დააზიანოს და გზას ააცდინოს ქრისტეს ერთგული მსახური.

როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, დატოვოს ბოროტების გზა და ასევე იქცევა, მტერი, უპირველესად, ცდილობს, განწმინდოს სამოქმედო არეალი, რათა ხელი არავინ შეუშალოს. ამას წარმატებით ახერხებს კიდეც, როდესაც სიკეთის გზაზე შემდგარს ჩააგონებს, მარტომ, თავისით იმოქმედოს და ყური არავის რჩევას არ ათხოვოს, ვინც ღვთისსათნო ცხოვრებაში უხელმძღვანელებდა. მას, ვინც თავის შინაგან თუ გარეგან ქმედებას ერის ეკლესიებში - მღვდლებს, ხოლო სავანეში გამოცდილ მოძღვრებს ანდობს, მტერი ვერაფერს დააკლებს. ბოროტმა რაც უნდა მოიმოქმედოს, გამოცდილი თვალი ადვილად შეამჩნევს და თავის მოწაფეს დაიფარავს. ასე გაცამტვერდება მისი მზაკვრობა. ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს კეთილისმყოფელ ხელმძღვანელს, ბოროტი მყის თავბრუს დაახვევს და გეზს დაუკარგავს. საამისოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რაც ცუდი არ გვგონია და სწორედ მათ ჩაგვაგონებს მტერი. გამოუცდელი ახალბედაც უჯერებს და ალყაში ექცევა. აქ იგი უკვე დიდ ხიფათს წააწყდება ანდა საბოლოოდ დაიღუპება.

მტერი იმასაც ცდილობს, რომ ახალბედა არა მხოლოდ ხელმძღვანელის, შემწეობის გარეშეც დატოვოს. რჩევისა და ხელმძღვანელობის გარეშე ცხოვრებას შეჩვეული ადამიანი მალე ასკვნის, რომ საქმისა და ღვთისსათნო ღვაწლისათვის სხვის დახმარებას სულაც არ საჭიროებს. მტერიც ხელს უწყობს ასეთი დასკვნის გამოტანას, ფარულად მოქმედებს და თავს არ ესხმის ახალდამწყებს. ეს უკანასკნელიც, იგრძნობს რა ამგვარ თავისუფლებასა და შეღავათს, ოცნებობს, რომ ასეთი კეთილსაიმედო მდგომარეობა მისი ძალისხმევის ნაყოფია. შედეგად ადამიანი მოსვენებას ეძლევა და ლოცვისას ზეციურ შემწეობას ნაძალადევად გამოითხოვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოცვანში ასე წერია. ხსნას არ ეძიებს და არც არსაიდან ჩანს. ასე რომ, ახალბედა მარტო რჩება, საკუთარი ძალების იმედად. ასეთს კი მტერი იოლად გაუმკლავდება.

ამგვარი ხიბლის შედეგად ზოგი უდროოდ იღებს თავზე საკუთარი ძალებისთვის შეუფერებელ შრომას. ასეთს პირველ ხანებში ძალას ჰმატებს თავდაჯერებულობით მოზღვავებული ენერგია და გარკვეული დროის განმავლობაში უძლებს კიდეც მძიმე ღვაწლს. შემდეგ ძალ-ღონე ელევა და ზომიერი შრომის ტვირთვაც აღარ ძალუძს, ხშირად კი ამაზედაც უარს ამბობს. სხვანი უფრო მეტად აღაგზნებენ თვითშემოქმედებით ენერგიას და იმგვარ თავდაჯერებულობამდე მიდიან, რომ ყველაფერი შესაძლებელი ჰგონიათ. ასე აღგზნებულნი დამღუპველ ნაბიჯს დგამენ: ამომშრალ ჭებში ცვივიან, კლდიდან თუ გამოქვაბულიდან ხტებიან, საერთოდ აღარ იღებენ საზრდოს და ა.შ. ყოველივე ამას მტერი ხიბლში მყოფთათვის შეუმჩნევლად აკეთებს.

ხიბლში მყოფთა კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ წარმატებას თავად მიიწერენ და საკუთარ თავს სხვადასხვა შეღავათისა და სისუსტის უფლებას აძლევენ. გარკვეულწილად საცდურია ის, რომ როდესაც ცხოვრებაში რაიმე სიახლე იწყება, დღეები თვეებად, კვირები კი წელიწადებად იქცევა ხოლმე. ასე ემერთება მონანულსაც. ამიტომ მას, ვინც ახლებურ ყოფას შეუდგება და შრომით დაიღლება, მტერი ადვილად ჩააგონებს: უკვე ამდენი ვიშრომე, ვიმარხულე, ღამეების განმავლობაში არ მძინებია, შეიძლება ცოტათი კიდეც დავისვენო. „დაისვენე, - უკიჟინებს ბოროტი, - მოასვენე სხეული, შეიძლება ცოტა კიდეც გაერთო“. როგორც კი გამოუცდელი ახალბედა ამაზე დათანხმდება, შეღავათს შეღავათი მოჰყვება და ბოლოს ღვთისსათნო ცხოვრების წესრიგი დაირღვევა. ადამიანი კვლავ ძველ, უდარდელ და მცონარა ცხოვრებას უბრუნდება და, როგორც იტყვიან, მხრებს ჩამოყრის.

ამ ცდუნებებით - სხვათა რჩევა-დარიგებების უგულვებელყოფით, წარმატების საკუთარ თავზე მიწერით, გადაჭარბებული ღვაწლით ანდა შეღავათებით - მტერი არა მარტო სათნო ცხოვრების დასაწყისში გვებრძვის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობს მსგავსი აზრების ჩაგონებას. ამიტომ თავადვე მიხვდები, ნებისმიერი საქმის კეთებისას რამდენად აუცილებელია სხვათა რჩევის გათვალისწინება. თუნდაც სულ მცირე წარმატებაც არასოდეს მიაწერო საკუთარ თავს, საკუთარ ძალებსა და გულმოდგინებას. ეცადე, თავი აარიდო ყოველგვარ გადაჭარბებას თუ სისუსტეს და ზომიერად, მაგრამ ენერგიულად და ხალისით იცხოვრე. ყურად იღე წმინდანთა მიერ უკვე დადგენილი და აღიარებული მაგალითები და თანამედროვე გამოცდილი ადამიანების დარიგება.