მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა


თავი 20
როგორ დავძლიოთ მცონარება

მცონარების ბოროტი ვნება რომ არ დაგეუფლოს, რაც სრულყოფილებისკენ სვლას შეგაწყვეტინებს და მტრის ხელთ ჩაგაგდებს, უნდა გაექცე ყოველგვარ ცნობისმოყვარეობას (მიყურადება, მზვერავობა, უქმად ხეტიალი, ამაოდმეტყველება), ნებისმიერი მიწიერი საგნისადმი მიჯაჭვულობას, თვითნებურ საქციელსა და რაცა გსურს, იმის კეთებას. ეს შენს მდგომარეობას სრულებით არ შეეფერება. პირიქით, უნდა ეცადო, რაც შეიძლება სწრაფად და ხალისით შეასრულო წინამძღვრისა და სულიერი მოძღვრის დავალებები, იმ დროს და იმგვარად, როგორც მათ სურთ.

არანაირი საქმის დაწყება არ დააყოვნო, რადგან პირველი ხანმოკლე შეყოვნება შემდგომ ხანგრძლივ შესვენებას გამოიწვევს, მეორე - მესამეს, და ასე გაგრძელდება. ამის გამო საქმე დიდი ხნით დაბრკოლდება, ვერ მოესწრება ან საერთოდ შეჩერდება. შენც, რაკი ერთხელ იგემებ უქმადყოფნის სიამეს, საქმეზე მეტად შეიყვარებ. ხოლო როდესაც ამ სურვილს დაიკმაყოფილებ, უდებებასა და სიზარმაცესაც შეეჩვევი და იმდენად დაგეუფლება ეს ვნება, რომ ვერც მიხვდები, რამდენად უმსგავსი და დანაშაულებრივია. როდესაც სიზარმაცე დაგამძიმებს და გაგაბეზრებს, მხოლოდ მაშინ დაიწყებ საქმის გულმოდგინედ კეთებას. ბოლოს მიხვდები სირცხვილეული, როგორ მცონარებდი და რამდენი საჭირო რამ არ გააკეთე ცარიელი და უსარგებლო თვითნებობის გამო.

მცონარება ძლივსშესამჩნევად იწყება, ყველაფერს მსჭვალავს და თავისი შხამით წამლავს არა მხოლოდ ნებას, რომელსაც ნებისმიერი შრომის, სულიერი ღვაწლისა და მორჩილებისადმი სიძულვილით აღავსებს, არამედ გონებასაც აბრმავებს. არ აძლევს საშუალებას, იმ ზრახვების უგნურება და სიცრუე გაიაზროს, რომლებზედაც ამგვარი განწყობააა დამყარებული და ცნობიერებას ის ჯანსაღი განსჯა წარუდგინოს, რაც გაზარმაცებულ ნებას გამოასწორებდა; უბიგებდა მას, რაც შეიძლება სწრაფად და მონდომიებით აღესრულებინა საჭირო საქმე და სხვა დროისთვის არ გადაედო. საკმარისი არ არის საქმის სწრაფად კეთება. ნებისმიერი საქმე საჭირო დროს და მთელი მონდომებითა და გულისყურით უნდა კეთდებოდეს, რომ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი იყოს. ისმინე, რას წერენ: წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს (იერ. 48,10). ამგვარ უბედურებას თავად იტეხ თავს, რადგან გეზარება იფიქრო იმ საქმის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, რომელიც უნდა შეგესრულებინა. გეზარება მისი კეთება დროულად და იმგვარი სიმტკიცითი, რაც სიზარმაცისგან მოვლენილ გულისსიტყვებს გაგიფანტავდა და უდებებისგან გიხსნიდა.

გონების თვალი ღმერთს მიაპყარ და გწამდეს, რომ ღვთის სადიდებლად და პატივის მისაგებად ერთი მდაბალი მუხლმოდრეკა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე მთელი მსოფლიოს საგანძური. ყოველთვის, როდესაც მცონარებას განვაგდებთ და საკუთარ თავს ვაიძულებთ, მონდომებით აკეთოს საჭირო საქმე, ზეციური ანგელოსები დიდებისა და გამარჯვების გვირგვინს გვიმზადბენ. მცონარებისთვის კი არათუ გვირგვინებია ღვთისგან განმზადებული, ის ნიჭებიც წაერთმევათ, რაც ღვთისთვის უწინდელი გულმოდგინე მსახურებისთვის მიეცათ. თუ უდებებით იცხოვრებენ, უფალი არც სასუფეველს დაუმკვიდრებს, როგორც ნადიმზე წვეულთა იგავშია: რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იხილავს ჩემი სადილის გემოს (ლუკ. 14,24). ასეთია მცონარეთა ხვედრი. მას, ვინც გულმოდგინეა და თავს კეთილი საქმეების აღსრულებას აიძულებს, უფალი ამქვეყნად სათნო ნიჭებს განუმრავლებს და ზეციურ სასუფეველში მარადიულ ნეტარ ცხოვრებას განუმზადებს, როგორც აღუქვა: ცათა სასუფეველი ძალით იღება, და მოძალადენი მიიტაცებენ მას (მათ. 11,12).

თუ ბოროტ გულისსიტყვას სურს, მცონარება მოგგვაროს, წარმოგისახავს, რომ სასურველი სათნოებების მოსახვეჭად უდიდესი და ხანგრძლივი შრომაა აუცილებელი, რომ მტერი ძლიერი და მრავალრიცხოვანია, შენ კი - ერთი სუსტი, რომ მიზნის მისაღწევად უამრავი საქმის კეთება მოგიწევს. როდესაც მცონარების ასეთი გულისსიტყვა დაგეუფლება, ნუ მოუსმენ მას, არამედ იფიქრე: რა თქმა უნდა, საქმის კეთება მომიწევს, მაგრამ არცთუ ისე ბევრის; უნდა ვიშრომო, მაგრამ არცთუ მძიმედ და დიდხანს; მტერსაც გადავეყრები, მაგრამ არც ისე მრავალრიცხოვანს, არამედ მხოლოდ ერთს და, თუნდაც ის ჩემზე ძლიერი იყოს, ღვთის შემწეობისა და უფლისადმი მტკიცე სასოების წყალობით ადვილად გავუმკლავდები. თუ ასე მოიქცევი, უდებება უკან დაიხევს, მის მაგივრად კი, კეთილი აზრებისა და გრძნობების ზემოქმედებით, შენში შემოვა მხურვალე მოშურნეობა და სრულიად განმსჭვალავს ხორციელ და სულიერ ძალებს.

ასე მოიქეცი ლოცვის მიმართაც. თუ რაიმე ლოცვის აღსასრულებლად, ვთქვათ, ერთი საათია საჭირო და შენი სიზარმაცის გამო მისი აღსრულება მძიმედ გეჩვენება, ლოცვის დაწყებისას ნუ იფიქრებ, რომ მთელ საათს უნდა იდგე. წარმოიდგინე, რომ ეს მხოლოდ საათის მეოთხედს გასტანს და ეს დრო შუმჩნევლად გაივლის ლოცვაში. ამასობაში საკუთარ თავს შეაგონე: კიდევ თხუმეტ წუთს ვიდგეთ, როგორც ვხედავთ, ეს ბევრი არაა. ასე მიიქეცი მესამედაც, მეოთხედაც და ლოცვისთვის განკუთვნილი დრო ისე დასრულდება, რომ სიმძიმეს და სიძნელეს ვერც იგრძნობ. თუ ამ ხნის განმავლობაში ხანდახან ისეთ სიმძიმეს იგრძნობ, რაც ლოცვასაც ხელს უშლის, დროებით შეწყვიტე ლოცვა, ცოტა ხნის შემდეგ კი გააგრძელე და დაასრულე.

ასევე მოიქეცი ხელსაქმისა და მორჩილების დროსაც. გგონია, რომ საქმე დიდძალია, დრტვინავ და მზადა ხარ, იარაღი დაყარო. მაგრამ საქმის სიმრავლეზე ნუ იფიქრებ, გული გაიმაგრე, მთელი მონდომებით შეუდექი ერთის კეთებას, თითქოს დანარჩენი არც არსებობდეს და, მშვიდად დაასრულებ. სხვა საქმიანობის დროსაც იგივე გაიმეორე და, მერწმუნე, ყველაფერს მშვიდად, შფოთისა და გაწამაწიის გარეშე გააკეთებ.

მუდამ ასე იმოქმედე, და იცოდე, თუ გონებას არ მოუხმობ და არ დაძლევ სიძნელისა და სიმძიმის შეგრძნებას, რასაც მტერი მოსალოდნელი საქმის გამო წარმოგისახავს, საბოლოოდ დაგეუფლება მცონარება. მაშინ უკვე უშუალოდ შრომის დაწყებისას კი არ იგრძნობ უდებებას, მანამდეც უდიდეს სიმძიმეს იგრძნობ მხრებზე და ისე დაიტანჯები, როგორც თავისუფლებაწართმეული ტყვე. სიმშვიდის ჟამსაც ვერ დაწყნარდები და უსაქმოდ მყოფსაც საქმეებით დამძიმებული გეგონება თავი.

ისიც იცოდე, ჩემო შვილო, სიზარმაცის სენი და მცონარება ნელ-ნელა ხრწნის არამარტო ნორჩ ყლორტებს, საიდანაც თანდათან უნდა ამოზრდილიყო სათნო ჩვევები, არამედ მათაც, რომლებიც უკვე ღრმადაა ფესვგადგმული და კეთილგონიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. როგორც ჭია ნელ-ნელა აფუღუროებს ხეს, ასევე მცონარება შუმჩნევლად ანადგურებს და სპობს სულიერი ცხოვრების ნერგებს. მისი მეშვეობით სატანა ყოველ ადამიანს მაცდუნებელ ბადეს უგებს. ის განსაკუთრებული მონდომებითა და მზაკვრობით ცდილობს, სულიერი ცხოვრების მოშურნენი მოაქციოს ამ ბადეში, რადგან იცის, რომ ზარმაცი და მცონარა ადვილად ემონება სურვილებს და ცდუნდება, როგორც დაწერილია: ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს (იგავ. 13,4).

მუდამ იფხიზლე, ილოცე და გულმოდგინება შეინარჩუნე, როგორც მამაც მებრძოლს შეჰფერის: მუყაითნი კი დანაყრდებიან (იგავ. 13,4). ხელებს ნუ ჩამოუშვებ და საქორწინო სამოსლის შეკერვას იმ დრომდე ნუ გადადებ, როცა უკვე შემოსილი უნდა შეეგებო იესო ქრისტეს - სასიძოს მობრძანებას. ყოველდღე შეახსენე საკუთარ თავს, რომ აწმყო შენს ხელთაა, ხვალინდელი დღე - უფლისაა, ხოლო დილა, რომელიც გაგითენდა, არ გპირდება საღამოს. ამიტომ ნუ მოუსმენ სატანას, რომელიც წაგჩურჩულებს: მომეცი დღევანდელი დღე, ღმერთს კი ხვალინდელს მისცემ! - არა, არა! მთელი ცხოვრება ისე გაატარე, რომ ეს უფლისათვის სათნო იყოს. მუდმივად იფიქრე, რომ ამჟამინდელი დროის გარდა სხვა აღარ მოგეცემა და რომ ამ საათის ყოველი წამისთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწევს. გახსოვდეს, დრო, რომელიც შენს ხელთაა, შეუფასებელია და თუ უქმად გაფლანგავ, მოაწევს ჟამი, როცა მოიძევ მას და ვერ მოიპოვებ. დაკარგულად ჩათვალე დღე, როდესაც კეთილ საქმეს კი იქმოდი, მაგრამ საკუთარ მავნე მიდრეკილებებსა და სურვილებს არ ებრძოდი.

ჩემი დარიგების დასასრულს მოციქულის სიტყვებს გავიმეორებ: იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით (1ტიმ. 6,12). ხშირად მოშურნეობის ერთ საათს სამოთხე მოუპოვებია, მაშინ, როდესაც მცონარების ერთ საათს იგი დაუკარგავს. გულმოდგინება შეინარჩუნე, თუ გსურს, ღვთის წინაშე საკუთარი ცხონებისადმი მტკიცე სასოება დაამოწმო. უფალზე დანდობილი კი აშენდება (იგავ. 28,25).