მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი


უხილავი ბრძოლა


თავი 18
როგორ დავძლიოთ ვნებათა მოულოდნელი აღძვრა

ჩემო საყვარელო, თუ ჯერ კიდევ ვერ შეეჩვიე მოულოდნელად აღძრული და აღგზნებული ვნებების დაძლევას, შეურაცხყოფის ან სხვა რაიმეს გამო, აი რას გირჩევ: წესად აქციე, ყოველდღე, სახლიდან გასვლამდე, გონების თვალით წარმოიდგინო ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც შეიძლება დღის განმავლობაში გადაგხდეს - ავიც და კარგიც. წარმოიდგინე, შედეგად როგორი ვნებები, გულისთქმები და გაღიზიანებები აღიძვრებიან შენში და წინასწარ მოემზადე ჩანასახშივე მათ მოსასპობად. თუ ასე იმოქმედებ, მოულოდნელი ვნებათა აღძვრით არასოდეს იქნები შეკრული, მათ მოგერიებასაც შეძლებ და არც განრისხება შეგიპყრობს. შემთხვევითობების ამგვარ წინასწარ გადახედვას მაშინ უფრო ხშირად უნდა მიმართო, როდესაც ისეთ ადგილას აპირებ წასვლას,სადაც შეხვდები პიროვნებებს, რომლებიც გაღიზიანებენ ანდა გიზიდავენ. წინასწარ მომზადებული ორივე საცდურს ადვილად დააღწევ თავს. ვნებიანი ტალღა, თუნდაც აღიძრას, შენზე გადაივლის და, როგორც კლდეზე, შენზევე დაიმსხვრევა, მსუბუქად კი ვერ აგიყოლიებს. განრისხების თაობაზე წმიდა დავით წინასწარმეტყველი გვარწმუნებს: განვემზადე და არა შევძრწუნდი (ფს. 118,60).

მაგრამ ამგვარი მომზადების შემდეგაც შეიძლება აღიძრას ვნებები და მოულოდნელადაც. ამ შემთხვევაში ასე მოიქეცი: როგორც კი ვნების მოძალებას იგრძნობ, ხორციელი იქნება თუ გამღიზიანებელი, იჩქარე, ნების დაძაბვით ალაგმო. გონება მთლიანად გულისკენ მიმართე, შეეცადე, არ გაღიზიანდეს იმით, რაც მასზე ზემოქმედებს და არ გაერთოს იმით, რაც იზიდავს. თუ გულში მაინც წარმოიშობა ერთი ან მეორე ვნება, პირველ ხანებში შეეცადე, გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცე, არ გამოხატო არც სიტყვით, არც მზერით, არც მოძრაობით.

შემდეგ გული და გონება ღვთისკენ მიმართე და მისი უსაზღვრო სიყვარულისა და სამართლიანობის შესახებ იფიქრე. შეეცადე, მათით გამოდევნო ვნება და მის ადგილას საპირისპირო სათნოება დაამკვიდრო. თავდაპირველად შეიძლება სათანადოდ ვერ იმოქმედო, მაგრამ სურვილსა და მცდელობას ნუ დააკლებ. თუ უშუალოდ მოქმედებისას ეს შეუძლებელი გახდა, მცდელობა მას შემდეგ გააგრძელე, როდესაც ვნების გამომწვევი შეხვედრა დასრულდება. იმაზე კი მუდმივად იზრუნე, რომ აღძრული ვნება შეუმჩნეველი იყოს. ეს მას გზას მოუჭრის. სამაგიეროდ, როგორც კი უსიამოვნო შთაბეჭდილებათა მოზღვავებისგან განთავისუფლდები, საკუთარ გულს მიაშურე და ეცადე, განწმინდო იქ მიმალული სიბილწისაგან.

ვნებათა მოულოდნელი აღძვრისაგან თავის დასაცავი საუკეთესო და ქმედითი საშუალება იმ მიზეზთა აღმოფხვრაა, რომლებიც ამგვარ განწყობას წარმოშობენ. ეს მიზეზი ორნაირია: სიყვარული და სიძულვილი. თუ შენ, ჩემო საყვარელო, ვინმეს სიყვარულის ტყვედ იქეცი, ან რაიმე ნივთით მოიხიბლე, ბუნებრივია, მათთან შეხვედრისას, ან როდესაც შეურაცხყოფენ, ვნებენ, ანდა სურთ მოგტაცონ და წაგართვან, აღელდები, დამწუხრდები, აფორიაქდები და იმათ წინააღმდეგ განეწყობი, ვინც შენი სიყვარულის საგანს ემუქრება. თუ გსურს, ასეთი მოულოდნელი შიშისგან განთავისუფლდე, ეცადე დაძლიო და გულიდან განდევნო უკეთური სიყვარული და მიკერძოება. რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობები, მით მეტი მონდომება იქნება საჭირო სიმშვიდისა და საგნებისა თუ პიროვნებების მიმართ გონივრული დამოკიდებულების მოსაპოვებლად. რადგან, რაც უფრო ძლიერია სიყვარული და მიკერძოება, მით უფრო მოულოდნელი და ქარიშხლიანია ვნებათა აღძვრა.

როდესაც გძულს ვინმე ან გეზიზღება რაიმე საგანი, შეხვედრისას ან თუ ვინმე აქებს მათ, მყისვე უცაბედი გულისწყრომა და ზიზღი გიპყრობს. თუ გსურს, ამ დროს გულის სიმშვიდე შეინარჩუნო, აიძულე თავი, ჯერ დაძლიოს აღძრული უკეთური გრძნობები, შემდეგ კი სრულებით გაანადგუროს.

ამაში ადამიანების შესახებ ამგვარი განსჯა დაგეხმარება: ისინიც შენსავით ცხოველსმყოფელი ღვთის მარჯვენით უფლის ხატად და სახედ არიან შექმნილნი; ისინიც გამოსყიდულნი და აღდგომილნი არიან იესო ქრისტეს ძვირფასი სისხლით; ისინიც შენი თანამოძმენი არიან და, არ შეიძლება, თუნდაც ფიქრში რომ გძულდეს, რადგან დაწერილია: მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი (ლევ. 19,17). იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ადამიანები ზიზღსა და არაკეთილგანწყობას იმსახურებენ, თუ სიყვარულითა და კეთილგანწყობით დახვდები - ღმერთს მიემსგავსები, ვისაც ყველა საკუთარი ქმნილება უყვარს და არავის თაკილობს, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: ყოველივე არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! (სიბრძ.11,25); ვისაც სძულს ადამიანური ცოდვები და თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც (მათ.5,45).