ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
როგორ იყენებენ ადამიანები ძღვენს, როდესაც ამბობენ, რომ მიიღეს იგი? ნუთუ ამგვარად იმიტომ ითქმის, რომ ხელში ვიღებს მას და უბეში ვიდებთ? არა, რადგანაც, ბევრი რამ არსებობს ისეთი, რომელსაც მიმღები ვერც დალევს, ვერც აიღებს. მაგალითად, ყანა ან სახლი.
მაშ, რა მნიშვნელობა აქვს გამოთქმას "მიღება" ყველა ძღვენთან მიმართებით? თავის საკუთრებად აღიარება, გათავისება - აი, რას ეწოდება მიღება.
ხოლო ღმერთი იმგვარად ითავისებს ამ ძღვენს, რომ მხოლოდშობილის ხორცად და სისხლად აქცევს. თუკი წარმოუდგენელია ამგვარ მიკუთვნებასთან რაიმე თანასწორის წარმოდგენაც კი, მაშინ იმის განსაზღვრაც კი შეუძლებელია, როგორი ხარისხით მიიღება ეს ძღვენი.
გარდა ამისა, გაცემის შედეგადაც თვალსაჩინოა, როგორ იღებენ მას ძღვნის მიმღებნი.
აქ როგორიღა გაცემა გვაქვს? ისევ თავად ქრისტეს ხორცი და სისხლი: ვინაიდან ღმერთი, მიიღებს რა ჩვენგან პურსა და ღვინოს, თავის ძეს გვიძღვნის. მაგრამ იკითხავ: საიდან ჩანს, რომ ღმერთი ამას გვიძღვნის მისთვის მიძღვნილი ძღვნის წილ? იქიდან, რომ თავად, ამით მოცული, მოგვმართავს: "მიიღეთ". ეს ძღვენზე მიგვანიშნებს. ამ სიტყვით აღინიშნება შემწირველიც, მიმღებიც და შეწირულიც.
შესაძლებელია, რაიმე სხვაგვარადაც მივიღოთ - როგორც წინდი, რომელსაც მიმღები ვერ გამოიყენებს.
მაგრამ იმისთვის, რომ შენ ეს არ იფიქრო, არამედ იცოდე, რომ მიღებული შენ გეკუთვნის, მისით სარგებლობისკენ მოგვიწოდა, როცა გვითხრა: "სჭამეთ".
ღმერთისთვის ამგვარად და ასეთი უმაღლესი საზომით არის სასურველი ეს ძღვენი.
ამიტომაც ის ყოველთვის განწმენდს ყველა ქრისტიანს, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც, და არასრულყოფილ სულებს, რომლებიც კვლავაც საჭიროებენ განწმენდას. ვინაიდან სრულყოფილი წმინდანნი, ანგელოზებთან მდგომნი და უკვე მითვლილნი ზეციურ იერარქიაში, აღარ საჭიროებენ მიწიერ იერარქიას.