მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

სათნოებათმოყვარეობა

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

 

ევსუქი ხუცესი

 

თეოდულესადმი

 

სულისმარგებელი და მაცხოვნებელი სიტყვა მღვიძარებისა და სათნოების შესახებ (თავებად დაყოფილი)
დასაბამი სულის განათლებისა და ჭეშმარიტი მორჩილებისა


1. მღვიძარება ესაა სულიერი საშუალება, რომელიც, გახანგრლივებული და გულმოდგინედ წარმართებული, ღვთის შეწევნით ადამიანს ყოვლითურთ ათავისუფლებს ვნებადი გულისზრახვებისგან, სიტყვებისგან და უკეთური საქმეებისგან, მიჰმადლებს რა მას, ამგვარად წარმართებული, დატევნისამებრ, მიუწვდომელი ღვთის უცთომელ ცოდნას და საღვთო და დაფარულ საიდუმლოთა განმარტებას, არის რა იგი ძველი და ახალი აღთქმის ყველა მცნების შემქმნელი და სამერმისო საუკუნის ყველა სიკეთის გარემომცველი. საკუთრივ იგია გულის განწმენდილობა, რაც თავისი სიდიდისა და მშვენიერების ანუ, უფრო საკუთრივად რომ ვთქვათ, ჩვენი უგულისყურობის გამო, დღეისათვის მეტად იშვიათია მონაზონთა შორის. სწორედ მას ნეტარყოფს ქრისტე, როდესაც ამბობს: "ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ" (მთ. 5.8), ხოლო არის რა ამგვარი, ძვირად შეიძინება. მღვიძარება, ადამიანში გახანგრძლივებული, მართებული და ღვთისსათნო ცხოვრების წინამძღვარად უხდება მას. იგია, აგრეთვე, შესვლა მჭვრეტელობაში, ამასთან გვასწავლის ჩვენი სულის სამნაწილედობის მართებულად აღძვრას და გრძნობის ორგანოების უსაფრთხოდ დაცვას, ყოველდღიურად ზრდის რა ოთხ ძირითად სათნოებას თავისთან მაზიარებელში.


2. დიდი რჯულმდებელი მოსე, უფრო კი სულიწმინდა, წარმოაჩენს რა ამგვარი სათნოების უბიწოებას, სიწმინდეს, გარემომცველობას და ამამაღლებლობას, ამასთან, გვასწავლის რა, თუ რა სახით გვმართებს მისი მოპოვება და განსრულება, ამბობს: "ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ ფარული სიტყვა ურჯულოება არ გახდეს შენს გულში" (II სჯ. 15.9). "ფარულ სიტყვად" სახელდებს იგი უკეთური რამ საქმის მარტოოდენ აზრისმიერ წარმოსახვას, მოძაგებულს ღვთისგან, რასაც, ეშმაკისგან შემავალს გულში, მამები უწოდებენ აგრეთვე "კვეთებას", და რასაც, მყისიერად გონებაში გამომკრთალს, შეუდგებიან ჩვენეული გულისზრახვები, რომლებიც ვნებადად თანაეზრახებიან მას.


3. მღვიძარება ესაა გზა ღვთის ყველა სათნოებისა და მცნებისა, რაც "გულისმიერ მყუდროებადაც" ითქმის. ამასთან, იგი, არაზმანებითად განსრულებული, არის აგრეთვე ‚დაცულობა გონებისა".


4. ვერ ხედავს მზეს ბრმადშობილი. ამგვარადვე, ვერც მღვიძარების გარეშე მავალი ხედავს ზეგარდმო მადლის მდიდრულ გაბრწყინებებს, ვერცთუ უკეთური და ღვთისთვის საძაგელი საქმეებისგან, სიტყვებისგან და აზრებისგან გათავისუფლდება იგი, ამგვარნი მიცვალების ჟამს ვერ აუვლიან გვერდს თავისუფალი სახით ტარტაროზის მთავართ.


5. ყურადღება ესაა გულისმიერი მუდმივი მოსვენებულობა ყოველგვარი გულისზრახვისგან, ამასთან, მარადის და ყოველჟამს მარტოოდენ იესოს, ღვთის ძისა და ღმერთის, ამომსუნთქველი და მხმობელი და გაბედულად მტრებს მკვეთებელი მასთან ერთად, მისდამი აღმსარებელი, რომელსაც აქვს ერთადერთს უფლებამოსილება ცოდვათა მიტევებისა. ამგვარი სული, ნიადაგ შეეტკბობა ქრისტეს, გულთა ერთადერთ ფარულმცოდნეს, მისი ხმობის გზით, ამასთან, ცდილობს, ადამიანებს ყოველგვარად დაუფაროს თავისი სიტკბოება და შინაგანი მორკინალობა, რათა არ მოხდეს ისე, რომ უკეთურმა ფარულად შეიყვანოს მასში ბოროტება და გააქარწყლოს მისი უმშვენიერესი ნაღვაწობა.


6 მღვიძარება ესაა გულისზრახვის შეუძრავი დამყარებულობა და მისი მდგომობა გულის კარებში, რომელიც ხედავს მომსვლელ გულისზრახვებს, ქურდებს, და ესმის, ერთი მხრივ, რას ამბობენ, მეორე მხრივ კი, რას აკეთებენ ეს მკვლელები, ანთუ რა არის ეშმაკებისგან გამოკვეთილი და ძეგლად აღმართული გამოსახულება, რაც იმას ცდილობს, რომ თავისი თავის მიერ წარმოსახვითად აცთუნოს გონება. როდესაც კი ამ ყოველივეს შრომისმოყვარედ მოვიმუშაკებთ, მაშინ მღვიძარება გონითი ბრძოლის გამოცდილებასაც მეტად მცოდნეობითად გამოგვიცხადებს ჩვენ, თუკი ვინებებთ.


7. რისი შობაც ძალუძს ორმაგ შიშს, - კერძოდ, ერთი მხრივ, ღვთისგან მიტოვებულობებს და, მეორე მხრივ, განსაცდელთა განმსწავლელობით შემთხვევებს, - ესაა ყურადღების ზედამხედველობითი გახშირებულობა იმ ადამიანის გონებაში, რომელიც ცდილობს, რომ წყარო დაუხშოს უკეთურ გულისზრახვებსა და საქმეებს. სწორედ ამის გამოა მიტოვებულობანიც და ღვთისგან მომდინარე მოულოდნელი განსაცდელებიც, რათა გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება (ეს განსაკუთრებით ეხებათ იმათ, რომლებმაც გასინჯეს ამ სიკეთის მოსვენებულობა და უყურადღებონი გახდნენ). ამასთან, ყურადღების გახშირებულობა შობს ჩვევას და ჩვევა - მღვიძარების ბუნებისეულ რამ მუდმივობას. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, თვისებისამებრ, შეუმჩნევლად შობს ბრძოლის განჭვრეტას, რასაც მოჰყვება გამუდმებულად იესოს ლოცვა, გონების არაზმანებითი ტკბილი დაწყნარებულობა და იესოსგან შემყარებული მდგომარეობა.


8. მტრების წინააღმდეგ მდგომი და ქრისტეს მხმობი გონება, რომელიც მისკენ მიილტვის, როგორც რამ მხეცი, მრავალი ძაღლის მიერ გარშემორტყმული და დაცული ადგილიდან მათთან შერკინებული, შორს კი გონითად წინამხედველი უხილავი მტრების გონითი რაზმებისა და მათ წინააღმდეგ მშვიდობისმყოფელი იესოს ზედიზედ მხმობელი დაუჭრელი რჩება მათგან.


9. თუკი უწყი და მოგეცა შენ, რომ "განთიადისას წარდგე [უფლის წინაშე] და დანახული იყო მისგან" (ფს. 5.4), თუმცა არა მხოლოდ ეს, არამედ ისიც, რომ ხედავდე მას, მაშ იცი, რასაც ვამბობ, ხოლო თუ არა, მღვიძარე იყავი და მიიღებ.


10. ზღვათა შედგენილობა ბევრი წყალია, ხოლო შედგენილობა და სიმტკიცე მღვიძარებისა, სიფხიზლისა და ღრმა სულისმიერი მყუდროებისა, აგრეთვე უფსკრული უჩვეულო და დაფარული ხილვებისა, გონივრული სიმდაბლისა, სამართლიანობისა და სიყვარულისა ესაა [თავად] უკიდურესი მღვიძარება და გულისზრახვების გარეშე ლოცვა იესო ქრისტესი, და ეს - ხანგრძლივად და ხშირად, ამასთან მოწყინების გარეშე (შდრ. ლკ. 18.1).


11. "არა ყველა ის, - ამბობს უფალი, - ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო, შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი მამის ნებას" (მთ. 7.21), ხოლო მისი მამის ნება შემდეგია: "რომლებსაც გიყვართ უფალი, მოიძაგეთ ბოროტი" (ფს. 96.10). ამიტომ, იესო ქრისტეს ლოცვასთან ერთად მოვიძაგოთ ბოროტი გულისზრახვებიც და, აჰა, აღგვისრულებია ნება ღვთისა.


12. ადამიანთა მოდგმისთვის ყოველგვარი სათნოების ნიმუში და მაგალითი, და ძველი დაცემულობიდან აღმოწოდება, ჩვენმა მეუფემ და ხორცშესხმულმა ღმერთმა წინასწარ დაგვიდო ჩვენ, გამოგვისახა რა თავისი ყოვლადსათნო ხორციელი ცხოვრება. ამასთან, თავის ყველა სიკეთესთან ერთად, რაც ჩვენ გვიჩვენა, [ცხადყო ესეც]: იგი უდაბნოში ადის ნათლობის შემდეგ და მარხვით ხდება დამწყები გონითი ბრძოლისა, როდესაც მიადგება მას ეშმაკი, როგორც ლიტონ ადამიანს (მთ. 4.3). მძლეობის ამგვარი სახით უფალმა ჩვენც, უსარგებლოებს, ის გვასწავლა, თუ როგორ გვმართებს ბრძოლა უკეთურების სულთა წინააღმდეგ, კერძოდ: სიმდაბლით, მარხვით, ლოცვით და მღვიძარებით, თუმცა თავად იგი, როგორც ღმერთი და ღმერთთა ღმერთი, არ საჭიროებდა ამ ყოველივეს.


13. რა სახეებიც კი, ჩემი აზრით, არსებობს მღვიძარებისა, რომლებსაც ძალუძთ გონების მცირე-მცირედ განწმენდა ვნებადი გულისზრახვებისგან, აჰა, არ დავაყოვნებ, რომ მათ შესახებ, არამჭევრმეტყველურად და არაფერადოვნად, მიგანიშნო შენ, რადგან არ ვთვლი, რომ, ბრძოლის ჟამს, ამ ჩემს სიტყვაშიც გამონათქვამებით უნდა დაიფაროს სარგებელი, და ეს - განსაკუთრებით უმარტივესთათვის. "ხოლო შენ, - ამბობს, - შვილო ტიმოთე, ყურადღება მიაქციე იმას, რასაც აღმოიკითხავ".


14. მაშ, მღვიძარების პირველი სახე ესაა წარმოსახვაზე (რაც არის კვეთება) მუდმივად დაკვირვება, რადგან არ ძალუძს სატანას, რომ წარმოსახვის გარეშე შეთხზას გულისზრახვები და ცრუ შემაცდენლობით წარმოუჩინოს ისინი გონებას.


15. სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ.


16. შემდეგი კიდევ ისაა, რომ ზედიზედ სიმდაბლით ვევედროთ ქრისტეს, რომ შეგვეწიოს.


17. ხოლო კიდევ სხვა სახე ისაა, რომ სულში სიკვდილის განუწყვეტელი ხსოვნა გვქონდეს.


18. ყველა ეს ქმედება, საყვარელო, მეკარის მსგავსად აბრკოლებს უკეთურ აზრებს. ხოლო ცისკენ მიპყრობა მზერისა და მიწის არად ჩაგდება, რაც ზემორეებთან ერთად არის ქმედითი, სხვა ადგილას, იქნება ჩვენგან გადმოცემული, მოგვცემს რა ღმერთი სიტყვას.


19. თუკი ვნებათა მიზეზების მომკვეთელნი მხოლოდ მცირე ხნით მივეცემით სულიერ ხედვებს და არ დავმკვიდრდებით მათში იმგვარად, რომ სწორედ ეს გვქონდეს საქმედ, კვლავაც ადვილად მივუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და იქიდან466 სხვას ვერაფერს მოვინაყოფებთ, თუ არა გონების სრულ დაბნელებას და ნივთიერთა მიმართ უკუმიქცევას.


20. მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ ეს ოთხი ჰქონდეს წამსვე: სიმდაბლე, უკიდურესი ყურადღება, სიტყვისმგებლობა და ლოცვა. კერძოდ, სიმდაბლე - იმიტომ, რომ, რადგან ამპარტავანი მეტოქეების - დემონების წინააღმდეგ არის მისი ბრძოლა, ქრისტეს შეწევნა ჰქონდეს მას გულის ხელში, არის რა უფალი მოძულე ამპარტავნებისა; ყურადღება იმიტომ, რომ თავისი გული მარადის უქონელი გახადოს მან ყოველგვარი გულისზრახვისა, ვითომდა კარგიც რომ ჩანდეს იგი. სიტყვისმგებლობა იმიტომ, რომ რაწამსაც კი ზუსტად შეიცნობს იგი მომსვლელს, მყისვე რისხვით შეეპასუხოს უკეთურს. "და პასუხს გავცემ, - ამბობს, - ჩემს ბოროტად შეურაცხმყოფლებს. განა ღმერთს არ დაემორჩილება ჩემი სული?" (ფს. 61.2). ლოცვა კი იმიტომ, რომ სიტყვისგების შემდეგ მყისვე უსიტყვო ამოკვნესით ღაღადყოს ქრისტეს მიმართ, და მაშინ იგი, მორკინალი, ნახავს მტერს დარღვეულს ანდა განდევნილს იესოს თაყვანსაცემი სახელის მიერ, როგორც ქარის მიერ მტვერს ანდა კვამლს, მოსპობილს თავისი წარმოსახვითურთ471.


21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მტერი გამათრახდეს და დაიწვას.


22. შენ კი, ერთი მხრივ, გმართებს, რომ გონების გამჭრიახი და დაჟინებული მზერით ჭვრეტდე, რათა შეიცნო შემომსვლელნი, ხოლო შეიცნობ რა, მყისვე გველს თავი შეუმუსრო სიტყვსგების გზით, და, ამავე დროს, ამოკვნესით ხმობდე ქრისტეს მიმართ და ღვთის უხილავი შემწეობის გამოცდილება მიიღო მაშინ და სწორედ იმ ჟამს იხილო ნათლად სიწრფოება გულისა.


23. ისევე როგორც სარკის ხელში დამჭერი, მრავალთა შორის რომ დგას და სარკეს ჩასცქერის, ხედავს, ერთი მხრივ, თუ როგორია თავისი პირისახე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხედავს, ამავე სარკეში მაცქერალთ, ამგვარადვე, ვინც ყოვლითურთ თავის გულში შთამჭვრეტია, ერთი მხრივ, ხედავს მასში თავის მდგომარეობას, თუმცა, ამასთან, ხედავს გონითი ეთიოპელების შავ სახეებსაც.


24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმედიდობის შედეგად, თუმცა იესო ქრისტეს მოხმობის შედეგად მცირე დროითაც ვერ დაითმენენ დაყოვნებასა და შენს მოცთუნებას.


25. გაფრთხილდი, არ შეირაცხო ძველი ისრაელისებრ და არ მიეცე შენც გონით მტრებს, რადგან ისრაელმა, ყოველთა ღმერთის მიერ ეგვიპტელთაგან თავდახსნილმა, თავის შემწედ გამოდნობილი კერპი მოიგონა.


26. ხოლო "გამოდნობილ კერპად" გულისხმაყავი ჩვენი უძლური გონება, რომელიც ვიდრე ჯერ კიდევ უხმობს იესო ქრისტეს უკეთურების სულთა წინააღმდეგ, ადვილად დევნის მათ და დახელოვნებული ოსტატობით ამარცხებს მტრის უხილავ და მებრძოლ ძალებს, მაგრამ რაჟამს იგი ყოვლითურთ თავის თავს მიენდობა უგუნურებით, ქვედაენარცხება იმ ფრინველივით, "სწრაფფრთიანს" რომ ეძახიან. ‚ღმერთს სასოებდა, - ამბობს, - ჩემი გული და შეწევნილ იქნა და აყვავილდა ჩემი ხორცი" (ფს. 27.7). "და ვინ აღდგება ჩემთვის, გარდა უფლისა, და ვინ თანაშეებმის ჩემთვის უკეთურების მოქმედ ურიცხვ გულისზრახვებს?" ხოლო თავის თავზე (და არა ღმერთზე) მინდობილი "დაეცემა უსაკვირველესი დაცემით"


27. გულისმიერი მყუდროების სახედ და ნიმუშად, ჰოი ადამიანო, მუდამჟამს იყოს შენთვის, თუკი გსურს იღვაწო, პატარა მწერის ობობას მაგალითი, ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშ ჯერაც არ გქონია, როგორც საჭიროა, მყუდროება გონებისა. ობობა პატარა ბუზებზე ნადირობს, შენ კი, თუ ამგვარადვე მყუდროებ, დამაშვრალი თვით შენს სულში, ნუ დაცხრები ბაბილონის ჩვილთა ამოწყვეტისგან, რომ ამგვარი მკვლელობის გამო ნეტარგყოს შენ სულიწმინდამ დავითის პირით.


28. როგორც შეუძლებელია მეწამული ზღვის ნახვა ცარგვალზე, ვარსკვლავთა შორის, და როგორც შეუძლებელია, რომ მიწაზე მავალმა ადამიანმა არ ისუნთქოს ეს ჰაერი, ასევე შეუძლებელია ვნებადი აზრებისგან ჩვენი გულის განწმენდა და მისგან განდევნა გონითი მტრებისა იესო ქრისტეს მიწყივ მოხმობის გარეშე.


29. თუკი მდაბალი ცნობიერებით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგაკიცხვით, სიტყვისმგებლობით და იესო ქრისტეს მოხმობით ყოველჟამს დავანებული იქნები შენს გულში და ყოველდღიურად ამ საჭურველთა მიერ მღვიძარებით გაივლი გონების ვიწრო, მაგრამ სიხარულის მომნიჭებელ და საამურ გზას, შეხვალ სიწმინდეთა წმინდა ხილვებში და ღრმა საიდუმლოთაგან გასხივოსნდები ქრისტეს მიერ, "რომელშიც არის სიბრძნისა და ცოდნის ყველა დაფარული საუნჯე" (კოლას. 2.3) და ‚რომელშიც ხორციელად მკვიდრობს ღმრთეების მთელი სისავსე" (კოლას. 2.9), რადგან შეიგრძნობ იესოსგან, რომ სულიწმინდა მოვიდა შენს სულზე, რომლის მიერაც ადამიანის გონება გაჩირაღდნდება, რომ შეუბურველი პირისახით ხედავდეს იგი [უფლის დიდებას]. "ვერავინ, - ამბობს, - იტყვის უფალ იესოს, თუ არა სულიწმინდით" (I კორ. 12.3), ამით კი, ცხადია, საიდუმლოდ განსაზღვრავს [მოციქული] საძიებელს.


30. ამასთან, ესეც საცოდნელია სწავლისმოყვარეთათვის, რომ მოშურნე ეშმაკები ზოგჯერ ფარავენ კიდეც ჩვენგან და ანელებენ გონით ბრძოლას, რადგან ამ საშინელთ ენანებათ ჩვენთვის ის სარგებელი, ის ცოდნა და ის აღმასვლა ღვთისკენ, რასაც ბრძოლისგან ვიძენთ; ამასთან, [მიზნად აქვთ], რომ, მოვმედგრდებით რა, ანაზდეულად წარიტაცონ ჩვენი გონება და კვლავ უყურადღებონი გაგვხადონ ჩვენ გონებრივად. მართლაც, სწორედ ის დაუცხრომელი მიზანი აქვთ მათ და ის საბრძოლველი აწუხებთ, რომ არ დაანებონ ჩვენს გულს, მოიკრიბოს მან ყურადღება, იციან რა ის სიმდიდრე, ამ გზით რომ სული იხვეჭს. მაგრამ ასეთ დროს ჩვენ უფალ იესო ქრისტეს ხსოვნით წინ გავწვდებით სულიერ ჭვრეტათა მიმართ და ბრძოლაც კვლავ შემოადგება გონებას, ვიტყვი კი, რომ თავად უფლისმიერი შეგონებით და დიდი სიმდაბლით, - მხოლოდ ასე, - უნდა აღვასრულებდეთ ყოველივეს.


31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი და ნების არმქონენი, ხოლო გვმართებს კი ეს, რომ მოხერხება გვქონდეს, რათა არც მძვინვარებით ვმშფოთვარებდეთ და არც ჩვენს გულისწყრომით ნაწილს აღვძრავდეთ პირუტყვულად და არაბუნებითად, რომ შემდეგ უხილავ ბრძოლაში გაუბედავნი არ აღმოვჩნდეთ, რადგან ჩვენს ნებას, თუ იგი ნებსით არ იქნება მოკვეთილი ჩვენგან, განრისხება სჩვევია იმათ მიმართ, რომლებიც იძულებით ცდილობენ მის მოკვეთას, ხოლო ბოროტად მყეფარე მრისხანება, ზემორე მიზეზით აღძრული, უსპობს მას ბრძოლის იმ ცოდნას, რისი მოპოვებაც ძლივს შეძლო მან დიდი გარჯილობის შედეგად. მართლაც, ნიშანდობლივია მრისხანებისთვის დამანგრევლობა. თუ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გულისზრახვების წინააღმდეგ აღიძვრის იგი, ანადგურებს და სპობს მათ, მაგრამ თუ, მეორე მხრივ, ადამიანთა წინააღმდეგ იქოჩრება იგი, ასევე ანადგურებს ჩვენშიც კარგ გულისზრახვებს. ამრიგად, ვხედავ, რომ მრისხანება გამანადგურებელია ყოველგვარი გულისზრახვისა, უკეთურისაც და, თუკი აღმოჩნდება, კარგისაც, რადგან საჭურვლად და მშვილდად გვებოძა იგი ღვთისგან, თუ ერთიმეორისკენ არ მივმართავთ მას, მაგრამ თუ იგი განსხვავებულადაც ამოქმედდება, დამღუპველი ხდება. დიახ, იმგვარი გამბედავი ძაღლიც ვიცი, რომელიც მგლების თანასწორად ანადგურებს ცხვრებს.


32. ისე უნდა გავურბოდეთ კადნიერ ქცევას, როგორც ასპიტის შხამს, და ვერიდებოდეთ ხშირ შეხვედრებს, როგორც გველებს და იქედნეთა ნაშიერებს (შდრ. მ.3.7), რომლებსაც ძალუძთ ძალიან სწრაფად შინაგანი ბრძოლის სრული დავიწყებულობა განაპირობონ და გულისმიერი განწმენდილობის აღმატებული სიხარულიდან ქვევითკენ შთააქანონ სული, რადგან საწინააღმდეგოა ყურადღებისა წყეული დავიწყება, ისევე როგორც ცეცხლისა - წყალი, და გვევლინება კიდეც იგი მის ყოველჟამიერ მძლავრ მოქიშპედ. მართლაც, დავიწყებიდან უზრუნველობამდე მივდივართ, უზრუნველობიდან კი - უგულისყურობამდე, მცონარებამდე და უწესო გულისთქმებამდე, ხოლო ამ სახით კვლავ ვბრუნდებით უკან, საკუთარ ამონანთხევამდე, ძაღლების მსგავსად (II პეტრ.2.22). მაშ, ვერიდოთ კადნიერ ქცევას, როგორც სიკვდილის შხამს, ხოლო დავიწყების უკეთურ შენაძენს და ამ უკანასკნელის შედეგებს განჰკურნებს გონების მეტად მკაცრი დაცულობა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უწყვეტი ხმობა, რადგან მის გარეშე არ ძალგვიძს რაიმეს ქმნა (ი. 15.5).


33. არ შეიძლება, და არც არის შესაძლებელი, გველის შეტკბობა და უბით ტარება, არცთუ სხეულის ყოვლითურთ ფერება, მოვლა და სიყვარული (გარდა იმისა, რაც საჭიროა და აუცილებელი), და, ამასთან, ზეციურ სათნოებაზეც ზრუნვა, რადგან გველს ის სჩვვია, დაკბინოს თავისი გამათბობელი, სხეულს კი - ის, რომ გემოთმოყვარეობით გააუწმინდუროს თავისი მომვლელი. რაშიც შესცოდავს სხეული, მათრახებით და მუშტებით უნდა იგვემოს იგი დაუზოგავად, ისევე როგორც გაქცეული მონა, ღვინით მთვრალი, რომელმაც უნდა შეიცნოს თავისი გამმათრახებელი ბატონი. არ უნდა მემთვრალეობდეს, არ უნდა იყოს უმეცარი თავისი უხრწნელი ქალბატონისა ეს ხრწნადი თიხა, ეს - მონური და ღამეული. მიცვალებამდე ნუ ენდობი შენს ხორცს. "ნება ხორცისა, - ამბობს, - ღვთის მტერია, რადგან არ ემორჩილება იგი ღვთის რჯულს. და ხორცს სურს სულის წინააღმდეგ, ხოლო ხორცით მცხოვრებთ არ ძალუძთ ღმერთს ესათნოონ, ჩვენ კი ვართ არა ხორცით, არამედ სულით" (შდრ. რომ. 8.6; გალ. 5.17).


34. ცნობიერების დანიშნულება ისაა, რომ მარადის შინაგანი ბრძოლის შერკინებებისა და თვითგაკიცხვისათვის აღძრას გულისწყრომითი ნაწილი, სიბრძნისა - ის, რომ მკაცრი და შეუნელებელი მღვიძარებისა და და სულიერი ჭვრეტისკენ მიმართოს გონითი ნაწილი, სამართლიანობისა - ის, რომ სათნოებისა და ღვთისკენ წარუძღვეს გულისთქმით ნაწილს, სიმამაცისა - ის, რომ მართოს და მტკიცედ ხელთ იპყრას ხუთი გრძნობა, რათა არ შეირყვნას მათგან არც ჩვენი შინაგანი ადამიანი, ესე იგი - გული, და არც გარეგანი, ესე იგი - სხეული.


35. "ისრაელზეა მისი დიდმშვენიერება", ესე იგი - გონებაზე, რომელიც ძალისამებრ ჭვრეტს თავად ღვთის დიდების მშვენიერებას; "და მისი ძალა ღრუბლებშია", ესე იგი - ნათელსხივოსან სულებში, რომლებიც განთიადისას შეჰმზერენ იმას, რომელიც მამის მარჯვნივ არის მჯდომარე და რომელიც, აელვარებს რა მათ, ისევე როგორც მზე ასხივოსნებს წმინდა ღრუბლებს, საამურებად წარმოაჩენს.


36. "შესცოდავს რა ერთი, - ამბობს საღვთო წერილი, - დაჰკარგავს იგი დიდ სიკეთეს", და სცოდავს რა გონება, ჰკარგავს იგი წინარე თავში მითითებულ უკვდავ სასმელსა და საჭმელს.


37. არ ვართ სამსონზე უფრო ძლიერნი, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არცთუ საღვთო დავითზე უფრო მცოდნენი, არც მთავარ მოციქულ პეტრეზე უფრო ღვთისმოყვარენი. მაშ, ნუ მივენდობით ჩვენს თავს, რადგან წერილი ამბობს: "თავის თავს მინდობილი დაეცემა საკვირველი დაცემით" (შდრ. იობ. 18. 12).


38. ვისწავლოთ ქრისტესგან მდაბალცნობიერება, დავითისგან - სიმდაბლე და პეტრესგან - ტირილი შემთხვეულთა გამო, თუმცა ნუ წარვიკვეთთ სასოს სამსონისებრ, იუდასებრ ანდა ყოვლადბრძენი სოლომონისებრ.


39. რამეთუ "ეშმაკი, როგორც მყვირალი ლომი, მიმოდის და დაეძებს ვინ შთანთქას", და მასთან ერთად - ძალნი მისნი; მაშ, ნურასოდეს ნურანაირად ნუ დაგვეშრიტება გულისმიერი ყურადღება, მღვიძარება, სიტყვისმგებლობა და ლოცვა ჩვენი ღვთის, იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთეს შეწევნას, ვიდრეს ეს იესოსგან გვაქვს, მთელ შენს ცხოვრებაში ვერ ჰპოვებ, ვინაიდან მხოლოდ უფალმა იცის თავად, როგორც ღმერთმა, ეშმაკთა ყოვლადი მზაკვრობანი, მოხერხებანი და ცბიერებანი.


40. მაშ, სული მინდობილი იყოს უფალს, მას ევედროს, და ნუ ექნება ნურაფრის შიში, რადგან არათუ მარტო იბრძვის, არამედ - საშინელ მეუფესთან, იესო ქრისტესთან ერთად, რომელიც არის შემოქმედი ყოველთა არსთა - უხორცოთა და ხორციელთა, ანუ ხილულთა და უხილავთა.


41. ისევე როგორც წვიმა, რომელიც რაც მეტად დაედინება მიწაზე, მით უფრო არბილებს ამ მიწას, ამგვარადვე, ქრისტეს წმინდა სახელიც, ჩვენს მიერ ამოძახებული და უხშირესად ხმობილი, ახარებს და ამხიარულებს ჩვენი გულის მიწას.


42. კარგია ამის ცოდნაც გამოუცდელთათვის, რომ ჩვენ, ნივთიერნი და, ამასთან, სხეულითაც და გონებითაც მიწისკენ ქვედაზიდულნი, ვერანაირი სხვა გზით ვერ შევძლებთ, რომ დავძლიოთ უსხეულო, უხილავი და ავისმოსურნე მტრები, გონიერნი ცუდი საქმისთვის, გამჭრიახნი, მსუბუქნი და წლების მანძილზე, ადამიდან ვიდრე დღემდე, ბრძოლა-ომებში გაწაფულნი, თუ არა გონების მარადისი მღვიძარებითა და ჩვენი ღვთისა და შემოქმედის იესო [უწყვეტი]ხმობით. გამოუცდელთ, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს ლოცვა ჰქონდეთ მაწვეველად როგორც მშვენიერების შემოწმებისკენ, ასევე მისი ცოდნისკენ, გამოცდილთათვის კი საქმე, შემოწმება და მოსვენებულობა მშვენიერებისა იყოს რჩეული გზამკვლევი და მოძღვარი.


43. ისევე როგორც პატარა და უბოროტო ბავშვი, რომელიც, ხედავს რა ცრუ სასწაულთმოქმედს, სიამტკბილობს და, რადგან გულუბრყვილოა, მიჰყვება კიდეც მაცთურს, ამგვარადვე ჩვენი სულიც, არის რა იგი წრფელი და კეთილი, თავისი კეთილი შემოქმედისგან ამ სახით ქმნილი, სიამტკბილობს ეშმაკის წარმოსახვითი შემოტევებისას და, ცთუნებულია რა, მიესწრაფვის უკეთურს როგორც კეთილს (ისევე როგორც მტრედი - თავისი შვილების მომვერაგებელს), და ამ სახით აზავებს იგი თავის გულისზრახვებს ეშმაკეული შემოტევის წარმოსახვასთან (იქნება ეს კეთილაღნაგი ქალის სახე თუ სხვა რამ ამგვარი, რაც კი ქრისტეს მცნებათა მიერ ყოვლითურთ აკრძალულია), შემდეგ კი იმას იზრახავს, რომ როგორმე მოახერხოს და მისგან ხილული მშვენიერება საქმედ აქციოს; და მაშინ ეს სული, უკვე დაყოლიებული, ამის შემდეგ თავისი სხეულის მიერ საქმედ აქცევს გონებითად მისგან ხილულ ურჯულოებას, დასასჯელად თავისი თავისა.


44. ამგვარია უკეთურის ხელოვნება და ამ ისრებით წამლავს იგი ყველა სულს. ამიტომაც, არ არის უსაფრთხო, რომ გონების მიერ დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღებამდე ნება მივცეთ გულისზრახვებს ჩვენს გულში შესვლისა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ჩვენი სული ჯერაც ტკბება ეშმაკეული შემოტევებით, ჯერაც სიამტკბილობს და და მიჰყვება მათ, თუმცა გვმართებს, რომ შეცნობისთანავე დაუყოვნებლივ აღვკვეთოთ მათი აღმოცენებანი და კვეთებანი, ხოლო როდესაც გონება ამ საკვირველ საქმეში ხანგრძლივად დაჰყოფს, როდესაც გაიწაფება იგი, შემცნობი გახდება, შეიძენს ბრძოლის, ეშმაკეულ შემოტევათა ჭეშმარიტად შეცნობისა და, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, "პატარა მელიების" ადვილად შეპყრობის მოუკვეთელ ჩვევას, მაშინ შეიძლება, რომ მან ცოდნით დართოს ამ გულისზრახვებს შემოსვლის ნება, რათა ამხილოს ისინი.


45. ისევე როგორც შეუძლებელია ერთ სოლინარში ცეცხლისა და წყლის თანადროულად გასვლა, ასევე შეუძლებელია გულში ცოდვის შესვლა, ვიდრე არ დააკაკუნებს იგი ჯერ გულის კარზე უკეთური შემოტევის წარმოსახვის მიერ.


46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა გრძნობადი საქმე ანუ ცოდვა. ამიტომ, თუ ყურადღებით და მღვიძარებით იქნება გონება და თუ იგი სიტყვისგებისა და უფალ იესოს მოხმობის გზით გამოვლენისთანავე უკუაქცევს შემოტევას, გულისზრახვათა შემდგომი საქმენი ფუჭი გახდება, რადგან უკეთური, არის რა იგი უსხეულო გონება, სხვაგვარად ვერანაირად ვერ შეძლებს სულთა შეცდენას, თუ არა წარმოსახვათა და გულისზრახვათა მიერ. ამ შემოტევის შესახებ დავითი ამბობს: "ცისკრად ვკლავდი ..." (და მომდევნო), ხოლო დიდი მოსე ზემოხსენებული "შეთანხმების" შესახებ ასე იტყვის: "ნუ შეუთანხმდები მათ" (გამოსვლ. 23.32).


47. გონება გონებას უხილავად შეებმის საბრძოლველად, კერძოდ, ეშმაკეული გონება - ჩვენსას. ამიტომაა საჭირო ყოველწამიერად სიღრმისეული ღაღადისი ქრისტესადმი, რომ მან, როგორც კაცთმოყვარემ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გონება განდევნოს ჩვენგან, მეორე მხრივ კი, გამარჯვების ჯილდო მოგვიბოძოს ჩვენ.


48. გულისმიერი მყუდროების ნიმუშად იყოს შენთვის მავანი, რომელსაც სარკე უჭირავს ხელში და ჩასცქერის მას, რადგან სწორედ ამ სახით დაინახავ შენს გულში გონითად ჩაწერილ უკეთურებებს და სიკეთეებს.


49. ფრთხილად იყავი ყოველჟამს, რომ არანაირი გულისზრახვა არ გქონდეს არ გქონდეს შენს გულში, არც უგუნური, არც კეთილგონივრული, რომ ამ სახით ადვილად შეიცნო უცხოტომელნი, ესე იგი ეგვიპტელთა პირმშო ძეები.


50. რაოდენ კარგი და საამური, ნათლიერი და უტკბილესი, ყოვლადტურფა, გაცისკროვნებული და მშვენიერი სათნოებაა მღვიძარება, შენ მიერ, ქრისტე ღმერთო, კეთილად წარმართული და ფხიზელი ადამიანური გონებისგან დიდი სიმდაბლით სავალი, რადგან განავრცობს იგი თავის რტოებს მჭვრეტელობათა ზღვამდე და უფსკრულამდე, და თავის ყლორტებს - საამურ და საღვთო საიდუმლოთა მდინარეებამდე, ამასთან არწყულებს გონებას, დიდი ხნიდან უღვთოებით გამხმარს უკეთურ სულთა გულისზრახვებისა და ხორცის მტრული განზრახულების სიმლაშისგან, რაც არის სიკვდილი.


51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან (შდრ. შესაქ. 28.12), რადგან ეს სათნოება აღმოფხვრის ჩვენგან ყოველგვარ უკეთურებას, მოკვეთს რა მრავალსიტყვაობას, ძაგებას, ავმეტყველებას და ყველა გრძნობადი უკეთურების ჩამონათვალს, ვინაიდან ვერ დაითმენს, რომ ამათ გამო თუნდაც მცირედით მოაკლდეს იგი თავის სიტკბოებას.


52. ამას შევუდგეთ, ძმანო ჩემნო, წადიერად და ამის ხილვებში განწმენდილი გონებით ქრისტე იესოს მიერ მფრინვალეებმა ავამოქმედოთ ჩვენი ცოდვებისა და თავდაპირველი ცხოვრების განმჭვრეტელობა, რომ ჩვენ, შემუსვრილებსა და დამდაბლებულებს ჩვენი ცოდვების გახსენებით, უწყვეტად გვქონდეს ჩვენი ღვთის იესო ქრისტეს შეწევნა უხილავ ბრძოლაში, რადგან ამპარტავნების, ცუდმედიდობისა თუ თავმოთნეობის გამო იესოს თანადგომას მოკლებულნი ვაკლდებით განწმენდილობას გულისას, რითაც შეიცნობა ადამიანისგან ღმერთი, რადგან ის პირველი, როგორც დაპირება, არის მიზეზი ამ მეორისა.


53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისამი, [საკუთარი თავის] დამცველობის დღენიადაგ მომუშაკებით, დანარჩენ სიკეთებთან ერთად ჰპოვებს სხეულის ხუთ გრძნობასაც უმოქმედოს გარეგან ბოროტებათა მიმართ, რადგან თავისი სათნოებისა და მღვიძარების ყოვლითურთ მოყურადე და მოსურნე იმისა, რომ კეთილი გულისზრახვებით იშვებდეს იგი, არ დაითმენს, რომ, ნივთიერ და ამაო გულისზრახვათა შემოტევისას, წარტაცებული იყოს ხუთი გრძნობისგან, არამედ მათი მაცთუნებლობის შემცნობი თავის შიგნითაც დიდად თრგუნავს მათ.


54. დაემკვიდრე გონებაში და არ გაიტანჯები განსაცდელთა მიერ, ხოლო მისგან განშორებულმა დაითმინე მოსაწევარნი.


55. ისევე, როგორც ცუდადმჭამელებს მწარე აბზინდა რგებს, ამგვარადვე რგებთ ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა.


56. თუ არ გინდა, რომ განიცადო ცუდი რამ, ნურც ცუდის კეთებას ინდომებ, რადგან ამ უკანასკნელს გარდაუვალად მოჰყვება ის პირველი, ვინაიდან თითოეული რასაც თესავს, იმას მოიმკის (გალ. 6.7). ასე რომ, როდესაც ნებსით ცუდის დამთესველნი ნების გარეშე ვიმკით კიდეც მას, გვმართებს გვიკვირდეს სამართლიანობა ღვთისა.


57. გონება ბრმავდება სამი ვნებისგან. ვამბობ ვერცხლისმოყვარეობას, ცუდმედიდობას და გემოთმოყვარეობას.


58. ცოდნა და რწმენა, თანააღზრდილები ჩვენი ბუნებისა, არათუ სხვა რამ მიზეზით, არამედ ზემოთქმულთა შედეგად დაბრმავდნენ.


59. გულისწყრომა, მრისხანება, ომები, მკვლელობები და დანარჩენ ბოროტებათა მთელი ჩამონათვალი მათგანვე გაბატონდა ძალუმად ადამიანებში.


60. ჭეშმარიტების არმცოდნეს არც ის ძალუძს, რომ ჭეშმარიტად სწამდეს, რადგან ცოდნა ბუნებით წინ უძღვის რწმენას, ვინაიდან წმინდა წერილის სიტყვები ითქვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევიცნოთ ისინი, არამედ იმიტომაც, რომ ვაკეთოთ.


61. მაშ, შევუდგეთ საქმეს, რადგან ამ სახით თანდათან წარმატებულნი აღმოვაჩენთ, რომ ღვთისადმი სასოება, მტკიცე რწმენა, შინაგანი ცოდნა, განსაცდელთაგან გამოხსნილობა, ნიჭთა საბოძვარნი, გულისმიერი აღსარება და მხურვალე ცრემლთაღვრა ლოცვის მიერ მოიწევა მორწმუნეებზე, და არა მხოლოდ ესენი, არამედ აგრეთვე - სამწუხარო მოსაწევართა დამთმენლობა, მოყვასისადმი გულწრფელად მპატიებლობა, სულიერი რჯულის შემცნობლობა, ღვთის სამართლიანობის აღმომჩენლობა, სულიწმინდის ზედდამნერგველობა, სულიერ საუნჯეთა მბოძებლობა და ყოველივე ის, რომელთა მიცემაც აღუთქვა ღმერთმა მორწმუნე ადამიანებს აქაც და სამერმისო საუკუნეშიც; ანუ, მოკლედ, შეუძლებელია ღვთის ხატად სულის გამოჩინება, თუ არა ღვთის მადლითა და ადამიანის სარწმუნოებით, - იმ ადამიანისა, რომელიც დიდი მდაბალცნობიერებითა და განუბნეველი ლოცვით არის გონებაში დავანებული.


62. ნამდვილად დიდი სიკეთე შევიძინეთ განსაცდელისგან - უფალ იესოს ხშირი ხმობა გონითი მტრების წინააღმდეგ საკუთარი გულის განწმენდის სურვილით. და ნახე, რაოდენ თანახმიერია წერილის მოწმობებთან გამოცდილების შედეგად ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვა, რადგან "განემზადე, - ამბობს, - ისრაელ, რომ მოუხმო უფლის, შენი ღმერთის, სახელს" (ამოს. 4.12). და მოციქული: "მოუკლებლად ლოცულობდეთ" (I თეს. 5.17). ჩვენი უფალიც ამბობს: "არ ძალგიძთ ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა. ვინც მყოფობს ჩემში და მე - მასში, იგი ბევრი ნაყოფის გამომღებია" (იოან. 15.5). და კიდევ: "ვინც არ დარჩება ჩემში, იგი გაგდებულია გარეთ როგორც ტოტი" (იოან. 1.6). დიდი სიკეთეა ლოცვა და იგია ყველა სიკეთის გარემომცველი, როგორც განმწმენდელი გულისა, რაშიც მორწმუნეთათვის დაინახება ღმერთი.


63. სიმდაბლის საუნჯე, არის რა იგი თავისი ბუნებით ზეამყვანი, ღვთისთვის საყვარელი და, ამასთან, მომსპობი თითქმის ყველა ჩვენეული და ღვთივმოძაგებული უკეთურებისა, სწორედ ამიტომ ძნელადმოსაპოვებელი თვისებისაა, და იქნებ ადვილად ნახო რომელიმე ადამიანში მრავალი სათნოების ნაწილობრივი რამ საქმე, მაგრამ თუ მასში სიმდაბლის სურნელებას დაუწყებ ძებნას, ძნელად იპოვი. ამიტომაა საჭირო დიდი გულმოდგინება, ხსენებული განძი რომ შეიძინო. წერილი ეშმაკსაც "უწმინდურს" უწოდებს, რადგან დასაბამშივე განაგდო მან მდაბალცნობიერების ეს კარგი საუნჯე და ამპარტავნება შიყვარა. ამიტომაც, მთელ წერილში "უწმინდურად" იწოდება იგი. დიახ, რა სხეულებრივი უწმინდურება შეიძლება იმოქმედოს ყოვლითურთ უსხეულომ, უხორცომ და შეუდგენელმა, ამის გამო რომ "უწმინდური" ეწოდოს მას? აშკარაა, რომ ამპარტავნების გამო იწოდა იგი ‚უწმინდურად" და წმინდა და ნათლიერი ანგელოზისგან ბილწად გამოცხადდა, ხოლო უწმინდურია უფლის წინაშე ყველა გულმაღალი, რადგან "პირველი ცოდვა, - ამბობს, - ამპარტავნებაა", ვინაიდან ამგვარად თქვა ამპარტავანმა ფარაონმა: "შენი ღმერთი, - ამბობს, - არ ვიცი და არ გავუშვებ ისრაელს" (გამოსვლ. 5.2).


64. ბევრი რამ არის გონების მოქმედებათაგან იმგვარი, რასაც ძალუძს, მდაბალცნობიერების კეთილი ძღვენი შეგვძინოს ჩვენ, თუ უგულისყურონი არ ვიქნებით ჩვენი ცხონების მიმართ. ასეთია, კერძოდ, ცოდვათა ხსოვნა (რაც კი რამ სიტყვით, საქმით ან ფიქრით ჩაგვიდენია), და კიდევ აურაცხელი ამგვარი, მდაბალცნობიერებისკენ შემწევნელი, ჭვრეტით რომ შეიკრიბება, ხოლო ჭეშმარიტი სიმდაბლის შთამნერგველია ისიც, რომ მავანმა მოყვასთა წარმატებანი გონებაში თითოეულად აწონ-დაწონოს, სხვათა ბუნებითი ღირსებანი თავის თავში განადიდო და, თანაშეუწყოს მათეულს თავისეულნი. აი, ამგვარად, როდესაც ხედავს გონება საკუთარ უბადრუკებას და იმას, თუ რაოდენ დაკლებულია იგი ძმათა სრულქმნილებისგან, მიწად და ნაცრად რაცხს თავის თავს ადამიანი, და, ამასთან, არათუ ადამიანად, არამედ - რამ ძაღლად, როგორც დედამიწის ყველა მოაზროვნე ადამიანზე ყოვლითურთ მდარე და დაკლებული.


65. ამბობს პირი ქრისტესი, ეკლესიის ბურჯი, ჩვენი დიდი მამა ბასილი: "დიდი სიკეთე იმაში, რომ არ შევცოდოთ და არც იმავე ცოდვებში ჩავვარდეთ ხვალინდელ დღეს, ესაა ის, რომ დღის დასრულებისას ჩვენს სინდისში გამოვიკითხოთ ჩვენი თავისგან ჩვენეულნი, თუ, ერთი მხრივ, რა შევცოდეთ და, მეორე მხრივ, რა ვიმოქმედეთ სამართლიანად". ამასვე აკეთებდა იობიც თავისი თავისა და თავის ნაშიერთა მიმართ, რადგან დღიურად ანგარიშგებანი საათობრივს ჰფენს ნათელს.


66. და კიდევ, საღვთოდ ბრძენთაგანმა სხვამ თქვა: "ნაყოფის გამოღების სათავე ყვავილია და საქმითი მოღვაწეობის სათავე - თავშეზღუდვა". ამიტომ, შევიზღუდოთ თავი, და ეს - ზომიერად და აწონილად, როგორც გვასწავლიან მამები, და მთელი თორმეტსაათიანი დღე გონების დაცულობით გავლიოთ, რადგან ამგვარად მოქმედნი შევძლებთ, რომ გარკვეული ძალდატანებით, ღვთის შეწევნის კვალობაზე, დავაცხროთ და დავამცროთ უკეთურება, რადგან სათნოებითი მოღვაწეობა ხომ ძალდატანებითია, რის შედეგადაც მოგვებოძება ცათა სასუფეველი.


67. გზა ცოდნისკენ ესაა უვნებობა და სიმდაბლე, რომელთა გარეშე ვერავინ იხილავს უფალს.


68. ვინც დღენიადაგ შინაგანისკენ მიმართავს ყურადღებას, უბიწოებას იცავს; მეტიც, მჭვრეტელობს იგი, ღვთისმეტყველებს და ლოცულობს. და ეს არის, რასაც ამბობს მოციქული: "სულით იარეთ და და ხორცის გულისთქმას ნუ აღასრულებთ" (გალატ. 5.16).


69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ან გონებას იბნელებს იგი, ანდა უზომო მოღვაწეობას ეწევა და აზროვნებას იმღვრევს.


70. საქმეთაგან განშორებულმა, - ვთქვათ, ცოლისგან, ქონებისგან და ასე შემდეგ, - "გარეგანი ადამიანი" აქცია მონაზვნად, არათუ უკვე - "შინაგანიც", ხოლო გონების ვნებადი გულისზრახვებისგან განშორებული ჭეშმარიტი მონაზონია. ამასთან, "გარეგან ადამიანს" ადვილად გახდის მონაზვნად ვინმე, ხოლო ‚შინაგანი ადამიანის" მონაზვნად ქცევა მცირედი ღვაწლი როდია.


71. მაშ, ვინ არის ამ თაობაში ვნებადი გულისზრახვებისგან ყოველგვარად განშორებული და მუდამჟამს ღირსჩენილი წმინდა და უნივთო ლოცვისა, რაც არის სწორედ ნიშანი შინაგანი მონაზონისა?


72. მრავალი ვნებაა დაფარული ჩვენს სულებში, ამხილებენ კი ისინი თავიანთ თავს მაშინ, რაჟამს მიზეზები წარმოჩნდებიან.


73. ნუ გექნება მთელი ყურადღება სხეულის მიმართ, არამედ განუწესე მას ძალისამებრ ღვწა და მთელი შენი გონება შინაგანისკენ მიაქციე, რადგან სხეულებრივი წვრთნა მცირედით არის სასარგებლო, კეძთილმსახურება კი ყოველმხრივ სასარგებლოა (I ტიმ. 4.8).


74. ვნებათა უმოქმედობის ჟამს, - იქნება ეს მიზეზთა მოკვეთის შედეგად თუ ეშმაკთა მზაკვრული უკუმიქცევის კვალობაზე, - ამპარტავნება ჩნდება.


75. სიმდაბლე და თვითგვემა ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს ადამიანს, მოკვეთს რა პირველი მათგანი სულის ვნებებებს, მეორე კი - სხეულისას. ამიტომ ამბობს უფალი: "ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ", - ღმერთს თავად და მის საუნჯეებს, რაჟამს სიყვარულისა და თავშეზღუდვის მიერ განიწმენდენ თავიანთ თავს, და, ამასთან, [იხილავენ] იმდენად მეტად, რამდენადაც განავრცობენ სიწმინდეს.


76. ყველა სათნოებითი სწავლების საგუშაგო ესაა გონების დამცველობა, ისევე როგორც - დავითის გუშაგი ძველად, წინასწარ რომ წარმოაჩენდა "გულის წინადაცვეთას".


77. ისევე როგორც გრძნობადად ვზიანდებით საზიანოთა მხედველნი, ასევე - გონითად.


78. ისევე როგორც მთელი მცენარე გაახმო იმან, ვინც დააზიანა მისი გული, ამგვარადვე იფიქრე ადამიანის გულის შესახებაც. თვით ყველაზე უმნიშვნელოსაც კი ყურადღება უნდა მიაქციო, რადგან უქმად არ არიან ქურდები.


79. როდესაც უფალმა ინება გაეცხადებინა, რომ ყველა მცნება სავალდებულოა, ძეობილობა კი თავისი სისხლით მოუბოძა ადამიანებს, თქვა: "რაჟამს აღასრულებთ თქვენდამი ნამცნებთ, თქვით: . ამიტომ, არა არის საქმეთა საზღაური ცათა სასუფეველი, არამედ უფლის მადლია იგი, სარწმუნო მონებისადმი გამზადებული. არ ითხოვს მონა თავისუფლებას როგორც საზღაურს, არამედ მადლობას იხდის იგი როგორც მოვალეობის მქონე და და მადლიერებით მოელის მას.


80. ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, წერილთა თანახმად, და იგი მისდამი კეთილად დამონებულებს თავისუფლებას ანიჭებს, რადგან ამბობს: "კარგი, კეთილო და სარწმუნო მონავ, ცოტაზე მორწმუნე გახდი, ბევრზე განგაწესებ შენ. შედი შენი უფლის სიხარულში" (მ. 25.21), მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მონა ის, ვინც ლიტონ ცოდნაზეა დანდობილი, არამედ - ის, ვისაც მორჩილებით სწამს მცნებათა დამდები ქრისტესი.


81. ვინც პატივს მიაგებს მეუფეს, ასრულებს მისგან ნაბრძანებს, ხოლო შესცოდებს რა ანდა იურჩებს, მოსაწევარს მიიღებს როგორც კუთვნილს. სწავლისმოყვარე თუ ხარ გახდი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამაყებს ადამიანს.


82. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად იმას გვასწავლის, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ.


83. საკუთრივია ვარსკვლავისთვის ის სინათლე, რაც მის გარშემოა, ხოლო ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშისთვის საკუთრივია უბადრუკება და სიმდაბლე, რადგან, ჩვეულებრივ, სხვა არაფერია ქრისტეს მოწაფეთა გამოსაცნობი და წარმომჩენი ნიშანი, თუ არა მდაბალი გონება და უბადრუკი შესახედაობა, და ყველგან ამას ღაღადებს ოთხი სახარება, ხოლო ვინც არ ცხოვრობს ასე, - ესე იგი სიმდაბლით, - განეშორება იმის ნაწილს, რომელმაც ვიდრე სიკვდილამდე და ჯვრამდე დაიმდაბლა თავისი თავი, ვინც არის საღვთო სახარებათა საქმითი რჯულმდებელი.


84. "მწყურვალნი, - ამბობს, - წადით წყალთან" (ეს. 55.1), ხოლო მწყურვალნი ღვთისა ვიდოდეთ გონების სიწმინდით. ამასთან, გონების მიერ მაღლად მფრენს მართებს, რიმ თავის უბადრუკების მიწასაც დასცქერდეს, რადგან არავინ არის მდაბალზე უფრო მაღალი, ვინაიდან ისევე როგორც სინათლის არარსებობის ჟამს წყვდიადში და სიბნელეშია ყოველივე, ამგვარადვე, რაჟამს არ არსებობს მდაბალცნობიერება, ღვთისკენ მიმართული ყველა ჩვენი გულმოდგინება ფუჭია და ამაო.


85. "დასასრული სიტყვისა ყოველივე ისმინე: გეშინოდეს ღვთისა და მისი მცნებები დაიცავი", როგორც გონითად, ასევე გრძნობადად, რადგან თუ გონითად აიძულებ შენს თავს, რომ დაიცვა მცნებები, მათთვის მშრომელს იშვიათად გექნება გრძნობადთა საჭიროება, ვინაიდან დავითი ამბობს: "ვისურვე აღსრულება შენი ნებისა და შენი რჯულისა ჩემი მუცლის შუაში" (ფს. 39.9).


86. თუ ადამიანი არ აღასრულებს ღვთის ნებასა და რჯულს "თავისი მუცლის", ესე იგი - თავისი გულის, შუაში, ვერც იმას შეძლებს, რომ გარეგანად იმოქმედოს იგი ადვილად, და ეტყვის ღმერთს არამღვიძარე და უგულისყურო: "არ მსურს ვიცოდე შენი გზები", უთუოდ - საღვთო გაბრწყინების ნაკლებობის გამო, რომლის თანაზიარიც არათუ არ იქნება გულსავსებას მოკლებული, არამედ ჯეროვნად გაძლიერდება კიდეც საღვთოთა მხრივ.


87. ისევე როგორც გრძნობადი მარილი გემოს აძლევს პურსა და ყოველგვარ ნამზადს, ხორცეულს კი გაუფუჭებლად და მყარად იცავს, ამგვარადვე ისაზრე გონითი გემოვნებისა და საკვირველი საქმიანობის გონებისეული დაცულობის შესახებ, რადგან გონება საღვთოდ ატკბობს კიდეც როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს, ამასთან, განდევნის უკეთურ გულისზრახვათა სიმყრალეს და მშვენიერებათა შიგნით მყარად გვიცავს ჩვენ

88. კვეთებისგან არის მრავალი გულისზრახვა, ამათგან კი უკეთური გრძნობადი საქმე, მაგრამ ვინც იესუს შეწევნით პირველი მათგანი მყისიერად დაშრიტა, განერიდა შემდგომს; და გამდიდრდება იგი საღვთო ტკბილი ცოდნით, რის შედეგადაც ჰპოვებს ღმერთს, ყველგან მყოფს, ხოლო მის წინ გონების სარკის დამდგმელი, დღენიადაგ გასინათლდება გაწმენდილი შუშისა და გრძნობადი მზის მსგავსად. და მაშინ, საწდელთა მწვერვალს მიღწეული გონება მოისვენებს თავის შიგნით ყველა სხვა მჭვრეტელობისგან.


89. რადგან ყოველი გულისზრახვა რაიმე გრძნობადის წარმოსახვის შედეგად შედის გულში, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ გააცისკროვნებს მას ღმრთეების სანეტარო შუქი, როდესაც ყოვლითურთ მოიცლის ყველაფრისგან და დაუსახველი იქნება მათგან, ვინაიდან ხსენებული ბრწყინვალება ყველა გულისზრახვის გაუქმების კვალობაზე უჩნდება განწმენდილ გონებას.


90. რაოდენ სრულად მიაქცევ ყურადღებას გონებას, იმდენად წადიერად ილოცებ იესოსადმი, და კიდევ, რაოდენ უგულისყუროდ მიხედავ გონებას, იმდენადვე განშორდები იესოს, და ისევე როგორც სრულად ასინათლებს გონების ჰაერს598 პირველი მათგანი, ამგვარადვე, უკუმიქცევა მღვიძარებისა და იესოსადმი ტკბილი ხმობისგან, ჩვეულებისამებრ, ყოვლითურთ აწყვდიადებს მას, რადგან ბუნებით არის ეს საქმე ამგვარი, როგორც გვითქვამს, და სხვაგვარად არ შეიძლება, შეიცნობ კი ამას გამოცდილებით, საქმითი შემოწმებით, რადგან სათნოება და, განსაკუთრებით, ამგვარი ნათლისმშობელი საამური საქმე, როგორც წესი, სხვაგვარად არ შეისწავლება, თუ არა გამოცდილების გზით.


91. სიტკბოებითა და სიხარულით სავსე რამ წადიერების კვალობაზე ზედიზედ იესოს ხმობა მიზეზია იმისა, რომ გონების ჰაერი, უაღრესი ყურადღების შედეგად, სიხარულითა და სიწყნარით იყოს აღსავსე, ხოლო გულის სრულად განწმენდის მიზეზი არის იესო ქრისტე, ძე ღვთისა და ღმერთი, მიზეზი და შემოქმედი ყოველგვარი სიკეთისა, რადგან "მე ვარ, - ამბობს, - ღმერთი, მშვიდობისმყოფელი" (ეს. 45.7).


92. იესოსგან ქველმოქმედებული და დატკბობილი სული ჯეროვანი სიხარულითა და სიყვარულით, აღსარების მიერ, მიაგებს სანაცვლოს ქველმოქმედს, გულმხიარულად ჰმადლობს რა და მოუხმობს თავის მშვიდობისმყოფელს, და თავის შორის გონითად ჭვრეტს მას, უკეთურ სულთა წარმოსახვების უჩინომყოფელს.


93. "და მიხედა, - ამბობს დავითი, - ჩემმა გონითმა თვალმა ჩემი გონითი მტრების მიმართ და გაიგონებს ჩემი ყური იმ უკეთურთა შესახებ, ჩემს წინააღმდეგ რომ ამხედრდნენ"; და ვიხილე ცოდვილთა მისაგებელი, ღვთის მიერ ჩემზე ქმნილი, ხოლო როდესაც გულში არ არის რამ წარმოსახვა, ბუნებისამებრ მედეგობს გონება, მზადმყოფი იმისთვის, რომ ყოველგვარი საამური, სულიერი და ღვთისმოყვარეობითი მჭვრეტელობისკენ მიმართოს თავისი თავი.


94. მაშ, ამ სახით, როგორც ვთქვით, ჩვეულებისამებრ ერთიმეორის შემადგენელია მღვიძარება და იესოს ლოცვა, კერძოდ, ერთი მხრივ, უკუდურესი ყურადღება - განუწყვეტელი ლოცვისა, მეორე მხრივ კი, ლოცვა - უკიდურესი გონებრივი მღვიძარებისა და ყუადღებისა.


95. კეთილი აღმზრდელი როგორც სხეულისა, ასევე სულისა ესაა სიკვდილის დაუვიწყებელი ხსოვნა და ყოველივე შუალედურის უგულებელყოფით მარადის მისი წინასწარხედვა, კერძოდ, იმ საწოლისა, სადაც სულთამბრძოლებს გველის წოლა, და სხვა დანარჩენი.


96. არ შეიძლება, ძმანო, ძილს ეშურებოდეს ის, ვისაც სურს, რომ ყოვლითურთ უვნებელი იყოს, არამედ გარდაუვლია ორთაგან ერთი: ან დაეცეს და წარწყმდეს იგი სათნოებათაგან განძარცვული, ანდა ყოველჟამს მდგომარე იყოს გონებით შეჭურვილი, რადგან მტერიც თავისი ლაშქრითურთ მარადის მდგომარეა.


97. იქმნება საღვთო რამ მდგომარეობა ჩვენს გონებაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნისა და ხმობის შედეგად, თუკი არ მოვმედგრდებით მისდამი უწყვეტი გონებითი ვედრებისგან, ხშირი მღვიძარებისგან და ზედამხედველური მოქმედებისგან, გვექნება რა ჭეშმარიტად მარადის იგივე და იმგვარადვე აღსრულებადი საქმე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობისა, რაჟამს გულის მხურვალებით აღმოვიძახებთ, რომ ვეზიაროთ იესოს წმინდა სახელს, რადგან უწყვეტობა, სათნოების მხრივაც და უკეთურების მხრივაც, დედაა ჩვეულებისა, ჩვეულება კი, შემდეგ, ბატონდება როგორც ბუნება. აი, ამგვარ მდგომარეობამდე მისული გონება ეძებს მტრებს, ისევე როგორც მონადირე ძაღლი - ბუჩქებში კურდღლებს, თუმცა ძაღლი ეძებს იმიტომ, რომ შეჭამოს, გონება კი - იმიტომ, რომ გაანადგუროს.


98. ამრიგად, როდესაც კი და რაოდენგზისაც მოხდება უკეთური გულისზრახვების გამრავლება ჩვენში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობა შთავტყორცნოთ მათ შუაგულში და მაშინ დავინახავთ მათ მყისვე განქარვებულებს, ვით ჰაერში კვამლს, როგორც ეს გვასწავლა გამოცდილებამ, ხოლო როდესაც გონება მარტო იქნება დატოვებული, ამ დროს კვლავ უნდა მივეცეთ განუწყვეტელ ყურადღებიანობასა და მხმობელობას, და რაოდენგზისაც განსაცდელისგან ეს შეგვემთხვევა, ამ სახით უნდა ვიმოქმედოთ.


99. ისევე როგორც შეუძლებელია შიშველი სხეულით ბრძოლაში შესვლა ანდა სამოსლითურთ გადაცურვა დიდი ზღვისა ან კიდევ ამოსუნთქვის გარეშე სიცოცხლე, ამგვარადვე შეუძლებელია სიმდაბლისა და ქრისტესადმი განუწყვეტელი ვედრების გარეშე გონითი და დაფარული ბრძოლის შესწავლა, ოსტატურად მისი წარმართვა და დარტყმა.


100. დიდი უმოღვაწესი დავითი ამბობს უფლისადმი: "ჩემს ძალმოსილებას შენდამი დავიცავ" (ფს. 58.10). ამრიგად, ჩვენს შიგნით "დაცულობა" გულისმიერი და გონითი მყუდროების "ძალმოსილებისა", რისგანაც იშვება ყველა სათნოება, განპირობებული ხდება ჩვენდამი უფლისმიერი შეწევნის გზით, რომელიც ჩვენ, მის მიმართ უწყვეტად მხმობელთ, მცნებებსაც გვაძლევს და იმ უკეთურ მოვიწყარობასაც დევნის ჩვენგან, რაც ყველაზე მეტად გულისმიერ მყუდროებას ანადგურებს, ისევე როგორც წყალი - ცეცხლს. ამიტომ, მონაზონო, უგულისყურობის გამო ნუ დაიძინებ სიკვდილისათვის, არამედ იესოს სახელით გვემე მტრები და, როგორც თქვა ვინმე ბრძენმა, იესოს სახელი შეეწებოს შენს სუნთქვას, და მაშინ შეიცნობ სარგებელს მყუდროებისას.


101. რაჟამს ჩვენ, უღირსნი, შიშითა და ძრწოლით ქრისტეს, ჩვენი ღვთისა და მეუფის, საღვთო და უხრწნელ საიდუმლოთა ღირსნი გავხდებით, მაშინ უფრო მეტად გამოვავლენთ მღვიძარებას, გონების დაცულობასა და სიმკაცრეს, რომ საღვთო ცეცხლმა, ანუ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სხეულმა, შემუსროს ჩვენი ცოდვები და მცირე და დიდი შერყვნილებანი, რადგან ეს ცეცხლი, ჩვენში შემომავალი, გულიდან დაუყოვნებლივ დევნის უკეთურების უკეთურ სულებს და შეგვინდობს ჩვენ ადრე ჩადენილ ცოდვებს, და მაშინ ჩვენი გონება უკეთურ გულისზრახვათა მოძალების გარეშე რჩება, ამის შემდეგ კი, თუ ჩვენს გონებას მკაცრად დავიცავთ და ჩვენი გულის კართან დავდგებით, მაშინ, რაჟამს კვლავ ზემოთქმულთა ღირსნი გავხდებით, საღვთო სხეული კიდევ მეტად და კიდევ უფრო განაბრწყინებს გონებას და ვარსკვლავისსახოვანს გახდის მას.


102. მოვიწყარობას ძალუძს დაშრიტოს დაცულობა გონებისა, ისევე როგორც წყალი შრეტს ცეცხლს, ხოლო განუწყვეტელი იესოს ლოცვა, გაძლიერებული მღვიძარებითურთ, ბოლომდე აღმოფხვრის მას გულიდან, რადგან საჭიროებს ლოცვა მღვიძარებას, ისევე როგორც სასანთლე - სანთლის შუქს.


103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ჩვენ ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც - მარადის გულის სიღრმისკენ ჭვრეტა და გონებითად დღენიადაგ მყუდროებაში ყოფნა, - ვიტყვი ასე, - თვით იმ გულისზრახვებისგანაც, ჯეროვანნი რომ ჩანან, აგრეთვე - გულმოდგინება იმისთვის, რომ დავცარიელდეთ გულისზრახვებისგან, რათა შეუმჩნეველნი არ დარჩნენ ქურდები, და თუმცა კი მოთმინედ დავშვრებით გულით, მაგრამ ახლოსაა ნუგეში.


104. სჩვევია გულს, რომელიც დღენიადაგ დაცულია და არ ეძლევა ნებართვა, რომ შეიწყნაროს ბნელი და უკეთური სულების დასახულობანი, ხატნი და წარმოსახვანი, თავისი თავისგან წარმოშვას ნათელსხივოსანი გულისზრახვები, რადგან ისევე როგორც ნაკვერცხალი შობს ალს, ამგვარადვე, ბევრად მეტად, წმინდა ნათლისღებისგან გულში დამკვიდრებული ღმერთი, თუკი იგი ჰპოვებს ჩვენი გონების ჰაერს განწმენდილს უკეთურების ქართაგან და დაცულს გონებისეული გუშაგობით, ჭვრეტათა მიმართ აღანთებს ჩვენს გონითობას, როგორც ალი - ცვილის სანთელს.


105. გვმართებს, რომ დღენიადაგ მიმოვაქცევდეთ ჩვენი გულის სივრცეში იესო ქრისტეს სახელს, ისევე როგორც ელვა მიმოიქცევა სამყაროს ჰაერში, როდესაც წვიმის წამოსვლაა მოსალოდნელი, რადგან ესეც იციან ზედმიწევნით იმათ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება გონებისა და შინაგანი ბრძოლისა. ამიტომ, ომის წესებით უნდა წარვმართოთ გონითი ბრძოლა: პირველად ყურადღება, ხოლო შემდეგ, შევიცნობთ რა მტრული გულისზრახვის მოახლოებას, მრისხანედ განვგმიროთ იგი გულისმიერი წყევლის სიტყვებით, მესამედ კი ის წესი იყოს, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მის წინააღმდეგ ლოცვა და იესო ქრისტეს ხმობისკენ მივაქციოთ გული, რათა ანაზდეულად განადგურდეს ეშმაკეული ხატება, რათა წარმოსახვას არ მიჰყვეს გონება და არ აღმოჩნდეს იგი ბავშვისებრ ცთუნებული ვინმე ცრუსასწაულთმოქმედისგან.


106. "დავშვრეთ" დავითისებრ და "ღაღადვყოთ": ‚უფალო იესო ქრისტე, დაე, "გაგვიშრეს ჩვენ ყელი", მაგრამ ნუ "მოაკლდება ჩვენს გონით თვალებს ჩვენი უფალი ღმერთის იმედი".


107. მარადის გვახსოვდეს იგავი უსამართლო მსაჯულის შესახებ, რაც იმისთვის თქვა უფალმა, რომ გვმართებს დღენიადაგ ვილოცოთ და არ მოგვეწყინოს, რადგან ამით ვპოვებთ სარგებელსა და შურისგებას.


108. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ მზისადმი შეკერტებულს ჭარბად არ გაუციკროვნდეს თვალები, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ არ გასხივოსნდეს დღენიადაგ გულის ჰაერში შთამჭვრეტი.


109. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ამჟამინდელ ცხოვრებაში ჭამისა და სმის გარეშე ვცოცხლობდეთ, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ სულმა, რომელსაც არ ექნება გონების დაცულობა და გულისმიერი სიწმინდე (ანუ ის, რაც არის და რასაც ეწოდება მღვიძარება), მიაღწიოს რასმე სულიერსა და ღვთისთვის სათნოს, ანდა გათავისუფლდეს გონებითი ცოდვისგან, თუნდაც რომ მავანი, სატანჯველთა შიშით, აიძულებდეს თავის თავს, არ სცოდავდეს.


110. თუმცა ისინიც, რომლებიც მოქმედებითი ცოდვისგან გარკვეული იძულებით განაყენებენ საკუთარ თავს, ნეტარნი არიან ღვთის, ანგელოზებისა და კაცთა წინაშე, რადგან "ცათა სასუფევლის მაიძულებლებად" წარმოჩნდებიან.


111. ეს საკვირველი სარგებელი აქვს გონებას მყუდროებისგან, რომ, ღვთის მოხედვითა და შეწევნით, ყველა იმ ცოდვას, რაც კი ადრე მხოლოდ აზრისმიერად რეკდა გონებაში (რათა გონებისმიერი მოწონების კვალობაზე გრძნობად და უხეშ ცთომილებად ქცეულიყო) ყოვლითურთ აღმოფხვრის გონებითი და მღვიძარებითი სათნოება, რომელიც არ ანებებს ხსენებულ ცოდვებს, შეაღწიონ ჩვენს შინაგან ადამიანში და იპოვონ გზა უკეთური საქმეებისკენ.


112. გარეგანი და გრძნობადი სხეულებრივი ასკეზისის ხატი ძველი აღთქმაა, ხოლო წმინდა სახარება, რაც არის ახალი [აღთქმისა], გულისმიერი ყურადღების ანუ განწმენდილობის ხატია, და ისევე როგორც ძველი აღთქმა ვერ სრულყოფდა, ვერცთუ გულსავსეს ხდიდა შინაგან ადამიანს ღვთისმსახურებაში, რადგან, მოციქულის თქმით, "რჯულმა ვერარა სრულყო" (ებრ. 7.19), შეაფერხა რა მარტოოდენ უხეში ცოდვები, ვინაიდან მოყვასის თვალისა და კბილთა ამოგდების აკრძალვაზე უმჯობესი, სულის სიწმინდისათვის, ესაა გულიდან ზრახვებისა და უკეთური ფიქრების მოკვეთა, რაც მცნებაა სახარებისა. იგივე ითქმის სხეულებრივი სამართლიანობისა და ასკეზისის შესახებ (ვგულისხმობ მარხვას, თავშეზღუდვას, მიწაზე წოლას, ზედგომას, მღვიძარებას და სხვა მაგვარს, რაც კი სხეულს უკავშირდება და რაც აცხრობს სხეულის ვნებად ნაწილს მოქმედებითი ცოდვისგან). კარგია ესენიც, ისევე როგორც ძველ აღთქმაზე ვთქვი ზემოთ, რადგან ამათ მიერ ხდება ჩვენი გარეგანი ადამიანის აღზრდა და მისი დაცვა მოქმედებითი ვნებებისგან, თუმცა კი არა აქვთ მათ დამცველობა აზრისმიერი ცოდვებისგან და ამ ცოდვათა ამკრძალველობა რომ განგვარიდონ ჩვენ, ღვთის შეწევნით, მკვლელობისგან, მრისხანებისგან და სხვა ამგვართაგან.


113. გულის განწმენდილობა, ანუ გონების დაცულობა და დამარხულობა, რისი სახეც არის ახალი აღთქმა (თუკი ჯეროვნად იქნება იგი ჩვენ მიერ შენარჩუნებული), ყველა ვნებასა და ყველა ცოდვას აღმოფხვრის და კვეთს ჩვენი გულიდან, სანაცვლოდ კი შემოაქვს მას სიხარული, კეთილმოიმედეობა, შემუსვრილობა, მოთქმა, ცრემლი, შემეცნება საკუთარი თავისა და საკუთარი ცოდვებისა, სიკვდილის ხსოვნა, ჭეშმარიტი სიმდაბლე, დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა და ადამიანების მიმართ და გულისმიერი საღვთო ტრფიალება.


114. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ მიწაზე მავალმა არ გაკვეთოს ჰაერი, ამგვარადვე შეუძლებელია, რომ ადამიანის გული დღენიადაგ არ იბრძოლებოდეს ეშმაკთაგან ანუ ფარულად არ იმოქმედებოდეს მათ მიერ, თუნდაც რომ ამ ადამიანს დიდი სხეულებრივი მოღვაწეობა ჰქონდეს.


115. თუკი გნებავს შენ უფლის მიერ, რომ არა მხოლოდ მოჩვენებით იყო მონაზონი, ან ქველი, ანთუ მდაბალი და ყოვლითურთ ღმერთს შეერთებული, არამედ იმას განიზრახავდე, რომ ჭეშმარიტადაც იყო ამგვარი, მთელი ძალით დაეშურე ყურადღების სათნოებას, რაც არის დაცულობა გონებისა, დამარხულობა გონებისა, ტკბილი მყუდროების გულისმიერი სრულყოფილება და სულის არაზმანებითი ნეტარი მდგომარეობა. ესაა იმგვარი მოვლენა, რასაც ვერ ჰპოვებ ბევრში,


116. რადგან ამას ეწოდება გონითი ფილოსოფია. მას შეუდექი დიდი მღვიძარებითა და მხურვალე წადიერებით, იესოს ლოცვასთან ერთად, სიმდაბლით, დაუცხრომლობით, გრძნობადი და გონითი ბაგეების მდუმარებით, საჭმელთაგან, სასმელთაგან და ყოველგვარი ცოდვითი საქმისგან თავშეკავებით. შეუდექი მას გონების გზით, ცოდნისმიერი აზროვნებით, და იგი, ღვთით, გამცნობს შენ იმას, რაც არ უწყოდი; იგი ცნობიერგყოფს, გაგანათლებს, გულისხმიერგყოფს, გასწავლის იმას, რისი გონებით აღქმაც წინათ არ შეგეძლო, რადგან მიმოიქცეოდი ვნებათა და ბნელ საქმეთა წყვდიადში და გფარავდა შენ უფსკრული მოვიწყარობისა და მშფოთვარებისა.


117. ისევე როგორც ველები განამრავლებენ ხორბალს, ამგვარადვე განამრავლებს მღვიძარება შენს გულში ყოველგვარ სიკეთეს, უკეთ - ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოგანიჭებს ამას შენ, რომლის გარეშეც არ ძალგვიძს არაფრის ქმნა. და პირველად კიბედ აღმოაჩენ მას, შემდეგ - წასაკითხ წიგნად, კვლავაც წარმატებული კი ჰპოვებ მასვე ზეციურ ქალაქ იერუსალიმად და გონითად ცხადლივ იხილავ შენ ძალთა მეუფე ქრისტეს ისრაელისას მასთან თანაარსი მამითა და თაყვანსაცემი სულიწმინდითურთ.


118. დღემუდამ ცრუ წარმოსახვის გზით მივყავართ ჩვენ ეშმაკებს ცოდვისკენ, რადგან სწორედ ვერცხლისმოყვარეობისა და სარგებლის წარმოსახვით წარმართეს მათ უბადრუკი იუდა იქითკენ, რომ გაეცა მას ყოველთა უფალი და ღმერთი, ხოლო ცრუ და უფასური ხორციელი მოსვენების, პატივის, სარგებლისა და დიდების ზმანებით ჩამოსახრჩობი თოკი შემოაცვეს მას და საუკუნო სიკვდილი შესძინეს, ნაცვალმიაგეს რა ამ მზაკვრებმა სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რაც წარმოუსახეს ანუ, ვამბობ, რითაც ეკვეთნენ.


119. ნახე, თუ როგორ დაგვცემენ ჩვენი ცხონების მტრები წარმოსახვის, სიცრუისა და ფუჭი დაპირებების გზით. თვით სატანაც სიმაღლეებიდან ამგვარად ჩამოენარცხა ელვისებრ, ღვთისსწორობის წარმომსახველი. და კიდევ, ადამიც ამავე სახით განაშორა მან ღმერთს, საღვთო ღირსება წარმოუსახა რა მას (შდრ. შესაქ. 3.5). მსგავსადვე სჩევია ამ ცრუსა და მზაკვარს ყველა ცთომილის შეცდენა.


120. ვიმწარებთ გულს გესლითა და უკეთური გულისზრახვებით, როდესაც მოვიწყარობის შედეგად უგულისყურონი ვხდებით და დიდად განვეშორებით ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას. მეორე მხრივ, კვლავაც ვტკბებით ნეტარი სიხარულის რამ გრძნობითა და სიამით, როდესაც გონების სახელოსნოში საღვთო ტრფობის მიერ გულმოდგინებით აღვასრულებთ ზემოხსენებულთ ძალუმად და წადიერად, რადგან ასეთ დროს სხვა არაფრის გამო ვეშურებით გულისმიერი მყუდროებით სვლას, თუ არა ჩვენივე ტკბილი სიამისა და განცხრომისათვის სულის შიგნით.


121. მეცნიერებათა მეცნიერება და ოსტატობათა ოსტატობა ესაა უკეთურ საქმეთა გულისზრახვების ოსტატობა640. მართლაც, საუკეთესო საშუალება და ოსტატობა მათ წინააღმდეგ არის კვეთებისეული წარმოსახვის უფლის მიერ განჭვრეტა და დაცვა გონებასა, ისევე როგორც ვიცავთ გრძნობად თვალს, მის მიერვე ვჭვრეტთ რა ფხიზლად, შემთხვევით თუ რამ საზიანოდ უახლოვდება მას და, რაოდენ ძალგვიძს, ყოველგვარ ბეწვს უკუვაგდებთ მისგან.


122. ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ წყალი შობს ცეცხლს ან კიდევ ძეძვი ლეღვს, ამგვარადვე ვერცერთი ადამიანის გული ვერ გათავისუფლდება ეშმაკეულ გულისზრახვათა, სიტყვათა და საქმეთაგან, ვინც კი არ განიწმინდება შინაგანად, ვინც არ შეაერთებს მღვიძარებას იესოს ლოცვასთან და არ წარემატება სიმდაბლესა და სულისმიერ მყუდროებაში, დიდი წადიერებით წინსწრაფებული და მავალი, არამედ ყოველგვარი კეთილი და სრულქმნილი აზრისგან გარდაუვალად ბერწი იქნება უყურადღებო სული, მსგავსად უნაყოფო ჯორისა, რომელსაც არა აქვს გულისხმისყოფა სულიერი სიბრძნისა. უეჭველად სულის სიმშვიდეა ეს ტკბილი საქმე: იესოს სახელიც და დაცარიელებაც ვნებადი აზრებისგან.


123. როდესაც სული უკეთურად თანახმიერებს სხეულთან, მაშინ ერთობლივად აშენებენ ისინი ცუდმედიდობის ქალაქს და ამპარტავნების კოშკს, ისევე როგორც - მათში მოსახლე უღვთო გულისზრახვებს, უფალი კი, გეჰენიის საშიშროებიდან გამომდინარე, მათ თანახმიერებას აღრევს და განწვალებს, აიძულებს რა მეუფე სულს, რომ ხორცისთვის უცხო და საპირისპირო რამ იმეტყველოს კიდეც და იაზროს. სწორედ ზემორე საშიშროების გამო ხდება განყოფა, რადგან ხორცის ზრახვა ღვთისადმი მტრულია და არ ემორჩილება იგი ღვთის რჯულს.


124. ჩვენი ყოველდღიური საქმეები უნდა ავწონოთ ყოველ საათს და ყურადღება მივაქციოთ მათ, ღამით კი უთუოდ ძალისამებრ შევამსუბუქოთ ისინი სინანულის მიერ, თუ, რათქმაუნდა, გვსურს, რომ ქრისტეს შეწევნით დავძლიოთ უკეთურება. ამასთან, გვმართებს განვჭვრიტოთ, ვასრულებთ თუ არა ყველა ჩვენს გრძნობად და ხილულ საქმეს მარტოოდენ ღვთის მიხედვით, ღვთის წინაშე და ღვთის გამო, რათა არ აღმოვჩნდეთ უგუნურად წარტაცებულნი გრძნობათა მიერ.


125. მართლაც, რაჟამს, ღვთით, ყოველდღიურად ვიძენთ სარგებელს ჩვენი მღვიძარებისგან, მაშ აღარ გვმართებს, რომ განურჩევლად მიმოვიქცეოდეთ [ადამიანთა შორის] და მრავალრიცხოვანი შეხვედრების მიზეზით ვზიანდებოდეთ, არამედ, უმალ, ის შეგვფერის, რომ ამ საწადელი და ტკბილი სათნოების სარგებლისა და სიკეთის გამო მოვიძაგებდეთ ყოველივეს, რაც ამაოა.


126. ვალდებულნი ვართ, რომ სულის სამნაწილედობას მართებულად აღვძრავდეთ თავისი ბუნების შესაბამისად, როგორადაც შეიქმნა იგი ღვთისგან, კერძოდ, "მრისხანებას" - ჩვენი გარეგანი ადამიანისა და გველის, სატანას, წინააღმდეგ, რადგან "განურისხდითო, - ამბობს, - ცოდვას" (შდრ. ფს. 4.5), ესე იგი "განურისხდითო, - ამბობს, - საკუთარ თავსა და ეშმაკს, რომ არა სცოდავდეთ ღვთისადმი"; მეორე მხრივ, "გულისთქმითობას" უნდა აღვძრავდეთ ღვთისა და სათნოების მიმართ, ხოლო, მესამე მხრივ, "აზროვნებითობას" ამ ორივეზე დავადგენდეთ, რომ სიბრძნითა და ცოდნით აწესრიგებდეს იგი მათ, შეაგონებდეს, სჯიდეს და გამგებლობდეს, ისე როგორც მეფე გამგებლობს მონებს, და მაშინ, ღვთით, ორივე მათგანის წარმმართველი ის გონი იქნება, ჩვენში რომ მკვიდრობს (თუნდაც რომ უჯანყდებოდნენ ვნებანი ამ გონს), უნდა ვზრუნავდეთ კი იმაზე, რომ სწორედ გონი მართავდეს მათ.


127. მაშინ ბნელდება და მაშინ ხდება უნაყოფო გონება, როდესაც ამა სოფლის სიტყვებს მეტყველებს იგი, ან კიდევ როდესაც აზრით ითვისებს და ეზრახება მათ, ანთუ რაჟამს სხეული ამ გონებითურთ ფუჭად შეემსჭვალვის გრძნობადს რასმე, ანდა როცა ამოთა მიმართ გასცემს თავის თავს მონაზონი, რადგან ამ დროს გონება დაუყოვნებლივ და ანაზდეულად წარიწყმედს მგზნებარებას, შემუსვრილობას, საღვთო გაბედულებასა და ცოდნას, ვინაიდან რაოდენ გვექნება ყურადღება გონებისადმი, გავსხივოსნდებით, ხოლო რაოდენ მოვაკლდებით ამ ყურადღებას, დავბნელდებით.


128. მართლაც, ვინც ყოველდღიურად მიესწრაფვის და ეძიებს გონების სიმშვიდესა და მყუდროებას, ამგვარი ვინმე ადვილად მოიძაგებს ყველაფერს გრძნობადს, რათა არ დაშვრეს ფუჭად, მაგრამ თუ იგი განაცრუებს თავის სინდისს, მწარედ დაიძინებს დავიწყების სიკვდილით, რაგვარ დაძინებასაც ლოცვით განირიდებს დავითი; ამბობს კი მოციქულიც: "ვინც იცის სიკეთის ქმნა და არ აკეთებს, ცოდვად შეერაცხება ეს" (იაკ. 4.17).


129. გონება უგულისყურობიდან ისევ თავის წესსა და მღვიძარებას დაუბრუნდება, თუკი იგი კვლავ გულმოდგინებას შეუდგება და თუ ჩვენ კვლავაც მგზნებარე მოსწრაფებით აღვადგენთ ჩვენი გონების საქმითობას.


130. წისქვილის ვირი წინ ვერ წადგამს ნაბიჯს იმ წრიდან, რაშიც არის იგი ჩაბმული. ასევე, გონებაც ვერ დაწინაურდება სრულმყოფელ სათნოებაში, თუ იგი არ მოიწესრიგებს თავის შინაგან [მდგომარეობას], რადგან [ამის გარეშე] მუდამ ბრმა იქნება იგი შინაგანი თვალებით, ვერ შემძლე იმისა, რომ დაინახოს სათნოება და ნათელცისკროვანი იესო.


131. გამბედავი და ზვიადი ცხენი საამოდ დგება ყალყზე, მიმღები მხედრისა, ხოლო სიამეში მყოფი გონება სიამეს იღებს უფლის სინათლით, შედის რა მასში "განთიადისას", გულისზრახვებისგან თავისუფალი. ამასთან, იგი, თვითვე ზეაღმმართველი თავისი თავისა, ‚მიემართება" გონების საქმითი ფილოსოფიის "ძალისგან" გამოუთქმელ [მოვლენათა] და სათნოებათა განმჭვრეტი გამოუთქმელი "ძალისკენ" და ა მ დ ა უ ს რ უ ლ ე ბ ლ ი ს მაღალ და საღვთო ზრახვათა სიღრმის გულად მიმღებს "გამოუჩნდება", გულისმიერი დატევნისებრ, "ღმერთთა ღმერთი" ხოლო გონება, გაცბუნებული, სიყვარულით განადიდებს ღმერთს, განჭვრეტილსა და განმჭვრეტს, - ღმერთს, რომელიც, ამიტომაც და იმიტომაც, აცხოვნებს მისდამი ამგვარად მზერაშეკერტებულს.


132. მაღალ სიღრმეს განჭვრეტს ცოდნაში წარმატებული გულისმიერი მყუდროება და ღვთისგან უჩვეულოთა მსმენელი გახდება გონებისეული მყუდროების ყური.


133. მოგზაური, რომელიც აპირებს შორეულ, ძნელად სავალ და მძიმე გზას დაადგეს, ამასთან შიშობს, უკან დაბრუნებისას გზა არ აებნეს, თავისი მოგზაურობის დროს გარკვეულ სანიშნეებსა და გზის მაჩვენებლებს ამაგრებს, თავისიანებთან უკან დაბრუნება რომ გაუადვილოს. მღვიძარების გზით მავალი ადამიანი, მეორე მხრივ, სიტყვებს აღმართავს, იმავეს შიში აქვს რა მასაც.


134. მაგრამ მოგზაურს იქ დაბრუნება, საიდანაც გამოვიდა, სიხარულს ანიჭებს, მღვიძარისთვის კი უკან მიბრუნება ესაა დაღუპვა მოაზროვნე სულისა და ნიშანი მისი განდგომისა ღვთისსათნო საქმეთა, სიტყვათა და ფიქრთაგან, რის გამოც, სულის სიკვდილშემმოსველი ძილის ჟამს, შემოეჯარებიან გულისზრახვანი როგორც ნესტარნი, რომლებიც გახსენების გზით აღადგენენ მას გახევებისა და მცონარებისგან, უგულისყურობის გამო რომ შეემთხვა.


135. შეჭირვებებში, სასოწარკვეთასა და უიმედობაში ჩავარდნილებს გვმართებს ის ვაკეთოთ, რაც - დავითმა: "გავფინოთ ჩვენი გული ღვთის მიმართ" და "ჩვენი ვედრება და შეჭირვება, როგორც წესი, მივუთხროთ უფალს", რადგან აღსარებას ვეუბნებით ღმერთს, როგორც შემძლეს იმისას, რომ ბრძნულად განაგოს ჩვენი საქმენი, თანაც, თუ გვარგებს, შეჭირვება გაგვიადვილოს და გამოგვიხსნას დამღუპველი და გამხრწნელი მწუხარებისგან,


136. ვინაიდან ადამიანთა მიმართ არაბუნებრივად აღძრული მრისხანება, ისევე როგორც არაღვთისეული მწუხარება და მოწყინება მსგავსადვე გახრწნის კეთილ და ცოდნისმიერ გულისზრახვებს, რომლებსაც აღსარების ჟამს განყრის უფალი და სიხარულს შთაგვინერგავს.


137. ჩვენს გულში თუნდაც ჩვენს უნებურად გამყარებულ და აღმართულ გულისზრახვათა აღხოცვა სჩვევია იესოს ლოცვას, მღვიძარებითად აღვლენილს გულისმიერი აზრის სიღრმეებიდან.


138. მრავალრიცხოვან პირუტყვულ გულისზრახვათაგან შეჭირვებულნი შემსუბუქებას და სიხარულს ვპოვებთ, რაჟამს ჭეშმარიტად და პირუთვნელად გავკიცხავთ ჩვენს თავს ანთუ რაჟამს ყოველივეს მივუთხრობთ უფალს ვით ადამიანს, და უთუოდ ყოვლითურთ ვპოვებთ შვებას ამ ორივესგან.


139. "გონების" ხატად რაცხენ მამები რჯულმდებელ მოსეს, რომელიც მაყვლოვანში ხედავს უფალს, რომლის პირისახეც იდიდება, რომელიც ფარაონისთვის ღმერთად დგინდება ღმერთთა ღმერთისგან, რომელიც ტანჯავს ეგვიპტეს, რომელსაც გამოჰყავს ისრაელი და რომელიც რჯულმდებლობს, მისეული რჯულდებანი კი, სულიერი სახისმეტყველებით, "გონების" მოქმედებებად და ღირსებებად აღიქმება.


140. მეორე მხრივ, "გარეგანი ადამიანის" ხატი აარონია, რჯულმდებლის ძმა. ამიტომ, ისევე როგორც მოსე, ჩვენც მრისხანებით ვუყენებთ ბრალდებებს 'ცთომილ აარონს" და ვეუბნებით: "რა დაგიშავა შენ ისრაელმა, რომ მისი განშორება იწადე ცხოველი ღვთის, ყოვლისმპყრობელი უფლისგან?"


141. ვინაიდან უფალმა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებისას ესეც გვიჩვენა ჩვენ, რომ მრისხანების გზით ვთრგუნავდეთ სულის მდედრულობას და სიძაბუნეს და ვეშურებოდეთ მკაცრი ცხოვრების წესს, ესე იგი, - ვგულისხმობ, - თვითგაკიცხვას, რასაც ძალუძს სულის დახსნა თავმოთნეობის, ცუდმედიდობისა და ამპარტავნებისგან.


142. ისევე როგორც არ არის შესაძლებელი დიდი ხომალდის გარეშე ზღვის უფსკრულის გადალახვა, ამგვარადვე შეუძლებელია უკეთური გულისზრახვის შემოტევის განდევნა იესო ქრისტეს მოხმობის გარეშე.


143. როგორც წესი, სიტყვისგება ახშობს გულისზრახვებს, იესოს ხმობა კი განდევნის მათ, რადგან როდესაც უკეთური ძალის შემოტევა გრძნობადი ნივთის წარმოსახვის გზით სულში შთაისახება, იქნება ეს სახე იმისა, რაც ჩვენ მწუხარებას გვგვრის, ანდა წარმოსახვა რაღაც სიამისა (ვთქვათ ქალისა, ოქროსი ან ვერცხლისა), თუკი ეს ყოველივე სათითაოდ მოექცევა ჩვენს გონებაში, მყისვე გამოაშკარავდებიან ის გულისზრახვები, გულს რომ ავმეხსიერებით, სიძვითა და ვერცხლისმოყვარეობით აოცნებებენ, და თუ ჩვენი გონება გამოცდილია და განსწავლული, ჩვევაში მქონე იმისა, რომ დაიცვას თავისი თავი და ნათლად და გამჭვირვალედ ხედავდეს ხიბლისმიერ წარმოსახვებსა და უკეთურ ძალთა მაცთუნებლობებს, მყისიერი მოგერიების, სიტყვისგებისა და იესო ქრისტეს ლოცვის მიერ ადვილად აქრობს ეშმაკის ცეცხლმოდებულ ისრებს, არ ანებებს რა ვნებად წარმოსახვას, შემოტევასთან ერთად თანააღიძრას, ანთუ წარმოდგენასთან ერთად ვნებადად თანადაისახონ ჩვენეული გულისზრახვები, ან კიდევ სიყვარულით თანაშეეზრახონ მას და მრავალგონებობა თუ დათანხმებულობა გამოავლინონ, რომელთაც გარკვეული აუცილებლობით მოედევნება უკეთური საქმეები, ისევე როგორც დღეებს - ღამეები.


144. მაგრამ თუ ჩვენი გონება გამოუცდელია მღვიძარების საქმეში, იგი მყისვე თანაშეეზავება მისდამი, რა გინდა რა სახით, ვნებადად წარმოსახულს და თანაგაეზრახება მას, მიიღებს რა მისგან უღირს შეკითხვებს და მიაგებს რა პასუხს. სწორედ მაშინ მოხდება ჩვენეულ გულისზრახვათა შეზავება ეშმაკეულ წარმოსახვასთან, რაც კიდევ და კიდევ გაიზრდება და გამრავლდება, რომ საწადელი, მშვენიერი და საამური წარმოუჩნდეს მისდამი მიტკბობილ და მისკენ წარტაცებულ გონებას. ასეთ დროს გონება იმასვე განიცდის, რასაც ის გულუბრყვილო ცხვრები, რომლებიც მათგან დანახულ ძაღლს, - იმავე დაბლობ რამ ადგილას გამოჩენილს, სადაც არიან თვით ეს ცხვრები, - ხშირხშირად მიაშურებენ როგორც საკუთარ დედას, თუმცა კი ძაღლთან სიახლოვით ვერას ირგებენ, თუ არა ოდენ იმას, რომ იწილხვედრებენ უწმინდურებას ამ ძაღლისას და მის სიმყრალეს. დიახ, ჩვენეული გულისზრახვებიც ამგვარადვე განუსჯელად ეშურებიან გონებაში შემოსულ ყველა ეშმაკეულ წარმოსახვას და, როგორც ვთქვი, მათთან ხდებიან შეზავებულნი, რის შედეგადაც უკვე მათთანვე ერთად წარმოჩნდებიან განმზრახველნი იმისა, რომ აგამემნონისა და მენელაოსის მსგავსად დაამხონ "ილიოპოლისი". მართლაც, სწორედ მათებრ, ესენიც ერთად განიზრახავენ, თუ რა უნდა იყოს საჭირო, რომ სხეულის მიერ საქმედ აქციონ ეშმაკეული კვეთების მაცთუნებლობით მათთვის ტკბილად და საამურად წარმოჩენილი, და ასე, შემდეგ და შემდეგ, შინაგანად შემზადდება სულის დაცემანი, მომდევნოდ კი, როგორც წესი, გარეგანადაც გამოეცემა ის, რაც შინაგანად იყო გულში.


145. ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი და გულუბრყვილო რამ მოვლენა, წარმოსახვებისადმი იოლად მიმყოლი და ურჯულო წარმოდგენებისადმი ძნელად დასაოკებელი, თუ, რა თქმა უნდა, არ ფლობს იგი ვნებათა თვითმპყრობელ გულისზრახვას, მარადის მის შემაფერხებელსა და ამლაგმავს.


146. ხედვა და ცოდნა, როგორც წესი, გამკაცრებული ცხოვრების მეწინამძღვრენი და საფუძველდამდებნი გახლავთ, ვინაიდან მათი გზით ამაღლებული გონება აღწევს იმას, რომ სიამეებს და ყოველსავე სხვას, რაც კი ამ ცხოვრებაში გრძნობადია და დამატკბობელი, მოიძაგებს როგორც უბადრუკებას.


147. და, პირიქით, ყურადღებით წარმართული ცხოვრება, ქრისტე იესოში წარმატებული, არის მამა ხედვისა და ცოდნისა, ამასთან იგი, შენაწევრებული თანამეუღლესთან - თავმდაბლობასთან, მშობელია საღვთო აღმასვლებისა და უბრძნესი გულისზრახვებისა, როგორც ამბობს საღვთო წინასწარმეტყველი ესაია, რომ "ისინი, რომლებიც დაუთმობენ უფალს, შეცვლიან ძალას, დაფრთიანდებიან" და, - ამბობს, - 'იფრენენ" უფლის მიერ.


148. მკაცრი და ძნელი უჩანთ ადამიანებს სულიერი მყუდროება, განშორებული ყოველგვარი გულისზრახვისგან. დიახ, ჭეშმარიტად მძიმეა და ძალისხმევითი ეს საქმე, რადგან არა მხოლოდ ბრძოლის უმეცართათვის არის საძნელო, რომ სხეულებრივ სახლში შემოკეტონ და შემოსაზღვრონ ის, რაც უსხეულოა, არამედ - იმათთვისაც, რომლებსაც მიღებული აქვთ გამოცდილება შინაგანი უნივთო ბრძოლისა, მაგრამ ვინც გამუდმებული ლოცვის გზით თავის თავში შეიტკბობს უფალ იესოს, "არ დაშვრება იგი მის კვალს მიდევნებისგან", თანახმად წინასწარმეტყველისა, "და ადამიანის დღეს არ ინდომებს" იესოს კეთილმშვენობის, საამურობისა და სიტკბოების გამო, ამასთან 'თავისი მტრების", - "ირგვლივ მავალი უღვთო ეშმაკების" - წინაშე "შერცხენილი არ იქნება, რაჟამს გაეზრახება მათ გულის კარიბჭეში" და უკუგანდევნის იესოს მიერ.


149. სული, სიკვდილის მიერ ზეაფრენილი ჰაერში, ციურ კარიბჭეებში, და თავისთან თავის გამო ქრისტეს მქონე, არც იქ იქნება შერცხვენილი თავისი მტრების წინაშე, არამედ მაშინაც, როგორც ახლა, კარიბჭეებში გაბედულად გაეზრახება მათ, თუ, ცხადია, არ მომედგრდება იგი, ვიდრე აღსასრულამდე, ღვთის ძის, უფალ იესო ქრისტეს მიმართ "ხმობისგან დღითა და ღამით", და ქრისტე იქნება "მყისიერად შურისმგებელი მისთვის", თანახმად უფლისვე უტყუარი და საღვთო დაპირებისა, რაც თავად მან თქვა უსამართლო მსაჯულის გამო. დიახ, "გეუბნები თქვენ, ამას მიაგებს იგი" ჩვენს სულს ამჟამინდელ ცხოვრებაშიც და სხეულიდან გასვლის შემდეგაც.


150. ვინც გონითი ზღვის წიაღ მიცურავს, მინდობილია იგი იესოს, რადგან საიდუმლოდ ხმობს შიგნით, თავის გულში: "ნუ გეშინია, ჩემო შვილო იაკობ, უმცირესო ისრაელ", "ნუ გეშინია, მატლო ისრაელ, მე დაგიფარავ შენ". მაშ, "თუ ღმერთია ჩვენს მხარეს, ვინ ბოროტია ჩვენს წინააღმდეგ?". სწორედ მან, ღმერთმა, ნეტარყო ისინი, რომლებსაც წმინდა გული აქვთ. მანვე რჯულდებულყო, რომ წმინდა გულებთან საღვთოდ მიახლება და იქ დამკვიდრება ნებავს ტკბილ იესოს, ერთადერთს წმინდას. ამიტომ, თანახმად პავლე მოციქულისა, ნუ განვუდგებით "გონების წვრთნას ღვთისმსახურებაში". დიახ, ჭეშმარიტად მართებულად ითქვა "ღვთისმსახურება", რომელიც ძირითურთ აღმოფხვრის უკეთურის თესლებს. სწორედ ესაა ღვთისმსახურება, სწორედ ესაა გზა სიტყვისა ანუ გზა აზროვნებისა, რაც იგივეა - გზა გულისზრახვისა.


151. "დიდად იშვებს მშვიდობით", თანახმად დავითისა, ის, ვინც არ არის პირმოთნე, ვინც განსჯის უსამართლობას თავის გულში ანთუ არ იღებს უკეთურ სულთა ხატებს და ხატთაგანვე სცნობს ცოდვას, რადგან მძულვარებით განსჯის და ასამართლებს მათ თავისი გულის მიწაში, საკადრისს მიუზღავს რა ცოდვას, რადგან დიდმა და მცოდნე მამებმა თავიანთ ზოგ შრომაში ეშმაკებსაც "ადამიანები" უწოდეს მოაზროვნეობის გამო. ასევეა სახარებაშიც, სადაც უფალი ამბობს, რომ უკეთურმა ადამიანმა გააკეთა ეს და ღვარძლი შეურია ხორბალს. ამასთან, "უკეთურების მოქმედთა მიმართ მყისვე როდი ვლინდება მამხილებლობა", რაც, თავის მხრივ, ხდება სწორედ მიზეზი იმისა, რიმ შთავინთქმებით გულისზრახვებისგან.


150. რაჟამს შევუდგებით გონებისეული ყურადღების ღვწას, ასეთ დროს თუ, ერთი მხრივ, მღვიძარებასთან თავმდაბლობას შევანაწევრებთ, მამხილებლობას კი, მეორე მხრივ, ლოცვას შევუტკბობთ, კეთილად ვივლით გონების გზაზე და იესო ქრისტეს წმინდა და სათაყვანო სახელით, როგორც ჩირაღდნის შუქით, ჩვენი გულის სახლს უკეთურებისგან გამოვასუფთავებთ, გამოვგვით, დავალაგებთ და გამოვწმენდთ მაგრამ თუ ოდენ ჩვენს მღვიძარებას დავენდობით, მალევე დავეცემით, მტერთაგან უკუგდებულნი და ქვედაკვეთებულნი, და დაგვამხობენ კიდეც ეს მზაკვარნი და უცბიერესნი, რომელთა ხლართებში, - უკეთურ გულისზრახვებში, - უფრო და უფრო გავიბლანდებით, იმ ზომამდე, რომ ადვილადაც მოვიშთობით მათ მიერ, არ გვექნება რა ძლიერი ლახვარი - სახელი იესო ქრისტესი, რადგან მარტოოდენ ამ სათაყვანო ხმალს, განუწყვეტლივ მიმოქცევადს წრფელ გულში, ძალუძს მათი დათრგუნვა და შემუსრვა, დაწვა და უჩინოყოფა, როგორც ცეცხლს - ლერწმისა.


153. მოუკლებელი მღვიძარების საქმე ანუ სულის სარგებლობა და დიდი სიკეთე ესაა მყისიერი განჭვრეტა გონებაში შთაბეჭდვადი გულისზრახვათი წარმოსახვებისა. მამხილებლობის საქმე გახლავთ გამოაშკარავება და გამოვლენა იმ გულისზრახვისა, რომელიც გრძნობადი რამ საგნის წარმოსახვის გზით ცდილობს შემოღწევას ჩვენი გონების სივრცეში; ხოლო ის, რაც მყისიერად შრეტს და არღვევს მოპირისპირეთა ყოველგვარ ზრახვას, ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ წარმოსახვას, ყოველგვარ გამოსახულებას, ყოველგვარ უკეთურ ძეგლს, ესაა მოხმობა უფლისა, რადგან თვით ჩვენც ვხედავთ გონებაში მათ ძლევამოსილ დაძლევას ჩვენი დიდი ღვთის იესოს მიერ და მის შურისგებას ჩვენს გამო, რომლებიც უგვანნი, უბადრუკნი და უსარგებლონი ვართ.


154. ის, რომ ყოველგვარი გულისზრახვა სხვა არაფერია, თუ არა გრძნობადი და ამქვეყნიური რამ საგნის წარმოსახვა, ბევრმა არ ვიცით. ამასთან, თუ მღვიძარებითად დავახანებთ ლოცვაში, ამგვარი ლოცვა, ერთი მხრივ, განაკრძალებს ჩვენს გონებას უკეთურ გულისზრახვათა ყოველგვარი ნივთიერი წარმოსახვისგან და, მეორე მხრივ, შეაცნობინებს მას მოქიშპეთა ზრახვებსაც და ლოცვისა და მღვიძარების დიდ სარგებელსაც, ამასთან, "თვით შენც შენი თვალებით განჭვრეტ და ნაცვალგებას გონითი ცოდვილებისას გონითად იხილავ და განჭვრეტ", - ამბობს საღვთო მგალობელი დავითი.


155. გვახსოვდეს, თუკი შესაძლებელია, სიკვდილი განუწყვეტლივ. ამგვარი ხსოვნის შედეგად ჩვენში წარმოიშვება ყოველგვარი საზრუნავისა და ამაოების უარმყოფელობა, ისევე როგორც - დამცველობა გონებისა და დაუცხრომელი მლოცველობა, უვნებობა სხეულისა და მომძაგებლობა ცოდვისა, ანუ, თუ ჭეშმარიტს ვიტყვით, მისგან აღმოჩქეფს და აღმოდის თითქმის მთელი სათნოება, რის გამოც, თუკი შესაძლებელია, ჩვენი საკუთარი სუნთქვისებრ ხშირად ვმოქმედებდეთ მას.


156. წარმოსახვებისგან სრულიად გაუცხოებული გული შობს საღვთო და საიდუმლოებით აზრებს, თავის შიგნით მტოკავთ, ისევე როგორც ეს ხდება დაწყნარებულ ზღვაში, სადაც ტოკავენ თევზები და ყურყუმალაობენ დელფინები; და უნიავებს, ერთი მხრივ, ზღვას მსუბუქი ნიავი, მეორე მხრივ კი გულის უფსკრულს სულიწმინდა, ხოლო "რადგან, - ამბობს, - ხართ ძეები, მოავლინა ღმერთმა სული თავისი ძისა თქვენს გულებში, მღაღადებელი: ამბა მამაო".


157. ყოველი მონაზონი ორჭოფობასა და მერყეობაში იქნება სულიერი საქმის ღვწასთან დაკავშირებით გონებითი მღვიძარების უწინარეს, და ეს იმიტომ, რომ ან არ იცის მან მღვიძარების მშვენიერება ანდა იცის, მაგრამ უგულისურობის გამო არ ძალუძს ეს, თუმცა როდესაც იგი გონების დაცვას შეუდგება, რაც არის და იწოდება კიდეც როგორც გონებითი ფილოსოფია ანუ გონების საქმითი ფილოსოფია, ხსენებული ორჭოფობა უეჭველად გაუქრება მას, როგორც მპოვნელს იმ გზისას, რომელიც ამბობს: "მე ვარ გზა და აღდგომა და სიცოცხლე".


158. კვლავაც იორჭოფებს იგი, იხილავს რა გულისზრახვათა უფსკრულს და ბაბილონელ ყრმათა სიმრავლეს, მაგრამ ამ გასაჭირსაც მოსპობს ქრისტე, თუკი გონების საფუძველშივე მუდამჟამს მისდამი შევმყარდებით, ხოლო, ამასთან, ყველა ბაბილონელ ყრმას ამ კლდეზე ქვედავცემთ და დავანარცხებთ, "აღვავსებთ რა, - თანახმად ნათქვამისა, - ჩვენს გულისთქმას მათგან", რადგან "ვინც, - ამბობს, - დაიცავს მცნებებს, უცოდნელი იქნება უკეთურებისა", ვინაიდან "არ ძალგიძთ, - უთქვამს, - ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა".


159. უთუოდ ისაა ჭეშმარიტი მონაზონი, ვინც წარემატება მღვიძარებაში, ხოლო ჭეშმარიტად მღვიძარე ისაა, ვინც გულით არის მონაზონი.


160. ადამიანთა ყოფა განივრცობა წელიწადების, თვეების, შვიდეულების, დღეების, ღამეების, საათებისა და წუთების პერიოდული თანამონაცვლეობის კვალობაზე. ამათთან ერთად ჩვენც გვმართებს, ვიდრე ჩვენს აღსასრულამდე, გულმოდგინე მდუმარებითი ღვწით თანაგანვრცობა სათნოებითი საქმეებისა, კერძოდ: მღვიძარებისა, ლოცვისა, გულის სიტკბოებისა.


161. მოიწევა ჩვენზე ჟამი სიკვდილისა, - მოიწევა, და შეუძლებელია გაქცევა მისგან. იმ ჟამს მომსვლელმა სოფლის და ჰაერის მთავარმა ნეტამც ჰპოვოს ჩვენი ცოდვები მცირე და კნინი, რომ არ გვამხილოს მან სამართლიანად; უსარგებლოდღა ვიტირებთ მაშინ, რადგან ის მონა, - ამბობს. - ვინც იცოდა თავისი უფლის ნება და არ იმოქმედა როგორც მონამ, დაიტანჯება დიდად".


162. "ვაი იმათ, - ამბობს, - რომლებიც გულს იღუპავენ", და რას იზამენ ამგვარნი, როდესაც მოიხილავს უფალი? ამიტომ, გულმოდგინება გვმართებს ჩვენ, ძმანო.


163. ვითომცდა მარტივ და ნაკლებად უვნებო გულისზრახვებს ვნებადნი მოედევნებიან, როგორც მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაკვირვებით აღმოვაჩენთ ამას. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებულთაგან პირველნი გზად უხდებიან მეორეებს, უვნებონი - ვნებადთ.


164. ნამდვილად ორად გაყოფა მართებს ადამიანს არჩევანის კვალობაზე, ანუ, როგორც ვთქვი, შუაზე უნდა განიკვეთებოდეს იგი უბრძნესი განზრახვის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად დაუზავებელი მტერი უნდა იყოს თავისი თავისა. მაშ, როგორი განწყობაც ექნება მავანს ვინმე ადამიანისადმი, რომელიც მეტისმეტად უმოწყალოდ და, ამასთან, მიწყივ შეაჭირვებს და შეურაცხყოფს მას, ამგვარივე, და ბევრად მკაცრიც, უნდა იყოს ჩვენი განწყობა ჩვენივე თავის მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, მართლაც გვსურს, რომ სრულვყოთ დიდი და პირველი მცნება, კერძოდ ის, რაც არის ქრისტეს მოღვაწეობა, ესე იგი ნეტარი სიმდაბლე ანუ ხორცშესხმული ცხოვრება ღვთისა, რის გამოც ამბობს მოციქული: "ვინ გამომიხსნის მე ამ სიკვდილის სხეულისგან?" "ვინაიდან ღვთის რჯულს ვერ ემორჩილება იგი", ხოლო აჩვენა რა ამით მოციქულმა, რომ ღვთის ნებისადმი ჩვენი სხეულის დამორჩილება ჩვენსავე უფლებამოსილებაშია, თქვა: "რამეთუ თუკი განვსჯიდით ჩვენს თავს, აღარ განვისჯებოდით, განსჯილნი კი ღვთისგან განვისწავლებოდით".


165. ნაყოფის დასაბამი ყვავილია, გონების დაცვის დასაბამი კი - საჭმელ-სასმელის შეზღუდვა, ყოველგვარი გულისზრახვის უარყოფა-უკუგდება და მყუდროება გულისა.


166. იესო ქრისტეში გაძლიერებულებს და კრძალულებითი მღვიძარებით სრბოლის დამწყებთ მოგვეახლება სამართლიანობის მამზევებელი იესო, რომელიც უპირველესად გამოგვიჩნდება ვით ჩირაღდანი ჩვენს გონებაში, ჩვენგან თითქოსდა გონების ხელით ზეპყრობილი და გონებისეულ ბილიკებზე გზამკვლევი ჩვენთვის; შემდეგ - ვით მთვარე სრულცისკროვანი, ჩვენი გულის სამყაროში მრგვლივ მიმომქცევი, და ბოლოს - ვით მზე, ჩვენდა ვლენილი, თავის თავს რომ გვიჩენს, ცხადია, და - განჭვრეტათა თავისსავე ყოვლადნათელ სინათლეებს.


167. ვინაიდან ამ ყოველივეს გაუცხადებს იგი, საიდუმლოდ, მცნებაში გამყარებულ გონებას, - იმ მცნებაში, რომელიც ამბობს: "წინადაიცვითეთ გულკერპობა თქვენი", და როგორც ითქვა, საკვირველ გულისზრახვებს ასწავლის ადამიანებს გულმოდგინე მღვიძარება, ვინაიდან ღმრთეება პირუთვნელია. ამის გამო თქვა უფალმა: "ისმინეთ ჩემი და გულისხმაყავით, რადგან ვისაც ექნება, მიეცემა მას და გადაემატება, ხოლო ვისაც არ ექნება, რაც ჰგონია, რომ აქვს, წაერთმევა მას", და ღვთის მოყვარულებს ყოველივე შეეწევათ სიკეთეში". მაშ, ბევრად მეტად სათნოებანი შეეწევა მას.


168. ვერ გაივლის ხომალდი ბევრ მანძილს წყლის გარეშე. ასევე, ვერანაირად ვერ წარემართება გონების დამცველობა, თუ არ გვაქვს მღვიძარება სიმდაბლესა და იესო ქრისტეს ლოცვასთან ერთად.


169. სახლის საფუძველი ქვებია, ხოლო ამ სათნოების საფუძველიც და სახურავიც ესაა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სათაყვანო და წმინდა სახელი. ამასთან, ღელვის ჟამს ადვილად დაინთქმება ის უგუნური მესაჭე ხომალდისა, რომელიც განდევნის მეზღვაურებს, თან ნიჩბებსა და ანძებს ზღვაში გადაყრის, თავად კი ძილს მიეცემა, თუმცა უფრო ადვილად დაინთქმება ეშმაკთა მიერ ის სული, რომელიც მათი შემოტევების დაწყებისას უგულებელყოფს მღვიძარებასა და იესო ქრისტეს სახელის ხმობას.


170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: "თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგროვებენ მას, ცეცხლზე დადებენ და დაიწვება", 'მაგრამ ვინც დარჩება ჩემში, მეც - მასში", ვინაიდან ისევე როგორც არ ძალუძს მზეს ანათებდეს სინათლის გარეშე, ამგვარადვე შეუძლებელია გულის გაწმენდა წარმწყმედელ გულისზრახვათა ჭუჭყისგან იესოს სახელზე ლოცვის გარეშე. ამიტომ, თუკი ეს, როგორც ვხედავ, ჭეშმარიტია, საკუთარი სუნთქვისებრ ხშირად ვმოქმედებდეთ მას, რადგან ეს სინათლეა, ის გულისზრახვები კი - სიბნელე, ეს ღმერთია და მეუფე, ისინი კი - ეშმაკთა მონები.


171. გონების დაცვა მისადაგებულად და სახელის შესაფერისად იწოდება "სინათლისმშობლად", "ელვისმშობლად", "სინათლისმტყორცნელად" და "ცეცხლშემოსილად", რადგან, თუ ჭეშმარიტს ვიტყვი, აღემატება იგი აურაცხელ და მრავალ სხეულებრივ სათნოებას. სწორედ ამის გამო გვმართებს, რომ ღირსეული სახელებით ვუწოდოთ ამ სათნოებას მისგან წარმოქმნილ ცისკროვან სინათლეთა კვალობაზე, რომლის მოტრფიალეებს, - აქამდე ცოდვილებს, უსარგებლოებს, უწმინდურებს, უმეცრებს, უგულისხმოებს და უსამართლოებს, - ძალუძთ, რომ გახდნენ, - იესო ქრისტეს მიერ, - სამართლიანნი, სასარგებლონი, განწმენდილნი, წმინდანნი და გულისხმისმყოფელნი, და არა მხოლოდ ეს, არამედ - ისიც, რომ საიდუმლონი ჭვრიტონ და იღვთისმეტყველონ; და ასე, მჭვრეტელნი ხდებიან რა, ამ უანკარესი და უსასრულო სინათლისკენ გადაცურავენ, ეხებიან კიდეც მას გამოუთქმელი შეხებებით და მასთან ერთად სახლდებიან და ცხოვრობენ, ვინაიდან "გასინჯეს, რომ ტკბილია უფალი", თვალნათლივ სრულდება რა ამგვარ "პირველმაცნეთა" მიმართ საღვთო დავითის სიტყვები: "არამედ მართალნი აღსარებას ეტყვიან შენს სახელს და წრფელნი შენს პირისახესთან ერთად დასახლდებიან", ვინაიდან უთუოდ სწორედ ესენი არიან, - დიახ, უთუოდ მხოლოდ ესენი, - ჭეშმარიტად რომ მოუხმობენ და აღსარებას ეუბნებიან ღმერთს, რომელთან გაზრახებაც უყვართ მათ, მარადჟამს მის მოყვარულებს.


172. ვაი შინაგანს გარეგანთაგან, რადგან ძლიერ დამწუხრდება შინაგანი ადამიანი გარეგან გრძნობათაგან, მაგრამ იგი, შეჭირვებული, მათრახს აიღებს გარეგან გრძნობათა წინააღმდეგ. ვინც საქმედ აქცევს, რაც წერილშია, შეცნობილი აქვს უკვე, რაც ჭვრეტაშია.


173. თუ ჩვენი შინაგანი ადამიანი, მამათა მიხედვით, მღვიძარე იქნება, შესძლებს იგი დაიცვას გარეგანიც, თუმცა, მამათავე სწავლებით, ჩვენც და ბოროტების მოქმედი ეშმაკებიც, ორივენი, ერთობლივად ჩავდივართ ცოდვებს, იმ განსხვავებით, რომ ისინი ამ ცოდვებს მხოლოდ გულისზრახვებში ანუ წარმოსახვისეულ ხატებში გამოუსახავენ გონებას, როგორც უნდათ, ჩვენ კი გულისზრახვებითაც ვცოდავთ შინაგანად და - საქმეებითაც გარეგანად, რადგან ეშმაკები, სხეულთა შენივთულობას მოკლებულნი, მარტოოდენ გულისზრახვების, მზაკვრობისა და მაცთუნებლობის შედეგად განუმზადებენ სატანჯველს თავიანთ თავსაც და ჩვენც, ვინაიდან სხეულის შენივთულობას რომ არ ყოფილიყვნენ მოკლებულნი ეს შემცოდენი, არც საქმეთამიერი მცოდველობისგან დაცხრებოდნენ, რადგან ურჯულოებისთვის მარადის მზადყოფნაში ინარჩუნებენ თავიანთ ნება-სურვილს.


174. მაგრამ შეუძრავი ლოცვა კლავს და ფერფლად აქცევს მათეულ ცთუნებებს, რადგან ჩვენგან მიწყივ და ურყევად ხმობილი იესო, - ღმერთი და ღვთის ძე, - არანაირად არ მისცემს მათ ნებას, რომ თუნდ შემოტევის დასაწყისში, რასაც კვეთებასაც უწოდებენ, გონებას დასახულობა წარმოუჩინონ აზროვნების სარკეში, ანდა გულს გაეზრახონ რამ სიტყვებით, ხოლო გულში არშეღწეული ეშმაკეული დასახულობა გულისზრახვებისგანაც, როგორც ვთქვი, ცარიელი იქნება, რადგან ეშმაკთა ჩვეულება სწორედ ისაა, რომ გულისზრახვების გზით გაეზრახონ გულს ფარულად და ასწავლონ მას უკეთურება.


175. ამრიგად, უწყვეტი ლოცვის გზით გონების ჰაერი განიწმინდება ბნელი ღრუბლებისგან, უკეთურების სულთა ქარებისგან, ხოლო გულისმიერი ჰაერის განწმენდისას შეუძლებელია მასში არ გაბრწყინდეს იესოს ღმრთეებრი სინათლე, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება ისე, რომ ცუდმედიდობის, მზვაობრობისა და თავმოთნეობის მიზეზით გავამპარტავნდეთ, მიუწვდომელთა მიმართ ავმსუბუქდეთ და იესოსგან შეუწევნელნი აღმოვჩნდეთ, რადგან ეს ყოველივე სძაგს ქრისტეს, თავმდაბლობის ნიმუშის მომცემს.


176. მაშ, შევუდგეთ ლოცვასა და თავმდაბლობას, - ამ ორს, - რომლებიც, მღვიძარებასთან ერთად, ეშმაკთა წინააღმდეგ "მოელვარე მახვილივით" აღიმართებიან, რადგან ვიქნებით რა ამგვარად მცხოვრებნი, შესაძლებელი გახდება ჩვენთვის, რომ ყოველდღიურად და ყოველ საათს ვდღესასწაულობდეთ გულისმიერად და საიდუმლოებითი სიხარულით.


177. უკეთურების რვა უმთავრესი გულისზრახვა, რომლებშიც არის დატევნილი დანარჩენი გულისზრახვები და რომლებისგანაც აქვს წარმოშობა თითოეულ მათგანს (ისევე როგორც ჰერასა და ზევსისგან - დანაელთა ყველა წყეულ ეშმაკ-ღმერთს, თანახმად მათი მითებისა), - ეს ყველა, - ადის გულის კარიბჭემდე და თუ ისინი ჰპოვებენ გონებას დაუცველს, თითო-თითოდ შევლენ მასში თავ-თავის დროს, ხოლო როდესაც რომელიმე ამ რვა გულისზრახვათაგანი, გულამდე ასული, შიგნით შედის, თან შეჰყავს სამარცხვინო გულისზრახვების მთელი ჯგრო და აბნელებს რა ამგვარად გონებას, მოუხმობს სხეულს და სამარცხვინო საქმეთა ჩადენისკენ აქეზებს მას.


178. ამიტომ, ვინც თვალს არ აცილებს გველის თავს და, იყენებს რა მრისხანე გამონათქვამებს, მხურვალე მამხილებლობის შედეგად "მუშტით გვემს მის ტანს", ამ გზით განირიდებს ბრძოლას, რადგან შეუმუსრა რა თავი, უკუაქცია მრავალი ბოროტი გულისზრახვა და უბოროტესი საქმეები. აი მაშინ, აუღელვებელი ჰგიეს აზროვნება, იწონებს რა ღმერთი მის მღვიძარებას გულისზრახვათა მიმართ და ანიჭებს რა, სანაცვლოდ, იმის ცოდნას, თუ როგორ დასძლიოს მოქიშპენი და როგორ განიწმინდოს, მცირე-მცირედ, თავისი გული იმ გულისზრახვებისგან, შინაგან ადამიანს რომ ბილწავს, როგორც ამბობს უფალი იესო: "გულისგან გამოდის უკეთური გულისზრახვები, სიძვანი, მრუშობანი… და ესენი არიან, რომლებიც ბილწავს ადამიანს".


179. სწორედ ამგვარად ძალუძს სულს "მტკიცედ დგომა უფლის მიერ" თავისი კეთილსახეობით, მშვენიერებითა და სიწრფელით, როგორადაც იყო იგი შექმნილი ღვთის მიერ დასაბამიდან, - მშვენიერი და წრფელი, როგორც ეს ნათქვამი აქვს ღვთის დიდ მსახურს ანტონის: "რაჟამს აქვს სულს გონითობა ისე, როგორც ეს ბუნებას შეესაბამება, სათნოება შემყარდება". და კიდევ, უთქვამს: "სული რომ წრფელია, ესაა სწორედ მისთვის ბუნებითი გონითობა, როგორადაც შეიქმნა". და, მცირედით შემდეგ, კვლავ ამბობს: "განვიწმინდოთ აზროვნება, რადგან მე მწამს, რომ მას, ყოველმხრივ განწმენდილსა და ბუნებითად მდგომს, ძალუძს მჭვრეტელი გახდეს და, თავის თავში ექნება რა გამოცხადების მიმცემი უფალი, უფრო მეტად და უფრო შორიდან ხედავდეს ეშმაკებს". ეს თქვა სახელოვანმა ანტონიმ, როგორც ამბობს დიდი ათანასე "ანტონის ცხოვრებაში".


180. ყოველი გულისზრახვა გონებაში წარმოქმნის გრძნობადი საქმის წარმოსახვას, რადგან არის რა სწორედ გონება "ასირიელი", სხვაგვარად არ ძალუძს მას ჩვენი ცთუნება, თუ არ ისარგებლებს ჩვენეული შეგრძნებებითა და ჩვევებით.


181. მაშ, ისევე როგორც შუეძლებელია გავედევნოთ ჰაერში მფრინავ ფრინველებს, ვართ რა ადამიანები, ან კიდევ მათ მსგავსად ვიფრინოთ ჩვენც, არა აქვს რა ჩვენს ბუნებას ეს თვისება, მსგავსადვე შეუძლებელია ვძლიოთ ეშმაკეულ უსხეულო გულისზრახვებს ან კიდევ ჩვენი გონების თვალი მიწყივ მძლავრად ცურავდეს ღვთისკენ, მღვიძარებითი და უწყვეტი ლოცვის გარეშე, რადგან თუ ასე არ ხდება, მიწას ხედავ.


182. თუ ჭეშმარიტად გსურს, რომ სირცხვილი "შემოაცვა" გულისზრახვებს, კეთილწადიერად მდუმარებდე და უჭირველად ფხიზლობდე გულით, მაშ, იესოს ლოცვა შეეწებოს შენს სუნთქვას და რამდენიმე დღეში აღსრულებულს ნახავ ამ ყოველივეს.


183. მართლაც, ისევე როგორც შეუძლებელია ასოების წერა ჰაერში, ვინაიდან უთუოდ რაიმე სიმაგრეზე უნდა ხდებოდეს მათი გამოყვანა, ხანგრძლივად რომ ჰქონდეთ დაცულობა, ამგვარადვე, ჩვენთვის მომქანცველ მღვიძარებას იესო ქრისტეს ლოცვა უნდა შევუწებოთ, რომ მღვიძარების ყოვლადმშვენიერი სათნოება ხანგრძლივად შეგვინარჩუნდეს მასთან ერთად, და იგი, მისი საშუალებით, აღუხოცელად იყოს დაცული ჩვენთვის საუკუნეთა მიმართ.


184. გადაიტანე უფალზე შენი საქმენი და "ჰპოვებ, - ამბობს, - მადლს", რათა არ მოხდეს ისე, რომ ჩვენს შესახებაც ითქვას წინასწარმეტყველის მიერ: "ახლოს ხარ შენ, უფალო, მათ ბაგესთან, მაგრამ შორს ხარ მათი თირკმლებისგან". ვერვინ სხვა, იესოს გარეშე, ვერ დაამშვიდებს მყარად შენს გულს ვნებებისგან, თუ არა თავად იესო ქრისტე, რომელმაც შეაკავშირა შორს განდგომილნი.


185. თანაბრად აბნელებს სულს როგორც გულისზრახვათა აზრისმიერი გაზრახებანი, ასევე გარეგანი შეხვედრები და ფუჭმეტყველებანი, ხოლო ისინი, რომლებიც უკუმიაქცევენ საზიანოს გონებისას, ვალდებულნი არიან მოიძაგონ ფუჭმეტყველების მოყვარული ადამიანებიც და გულისზრახვებიც, ორივენი ერთად, უაღრესად კეთილგონივრული და საღვთო მიზეზის გამო; რათა არ მოხდეს ისე, რომ დაბნელდეს გონება და მოუძლურდეს მღვიძარებაში, ვინაიდან ჩვენ, დავიწყებისგან782 დაბნელებულნი, გონებას წარვიწყმედთ.


186. მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. "მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი", ამბობს დავითი, წარმოაჩენს რა სწორედ ამავეს. თან, როდესაც იგი გვიცხადებდა გონების გამომეძიებლობას საკუთარი თავის მიმართ გონითი ბრძოლის შესახებ და, აგრეთვე, ღვთის შემწეობასა და დამფარველობას, ამბობდა: "და იკითხავს ადამიანი: თუ იქნება, მაშ, ნაყოფი მართლისთვის...". შემდეგ, თანაგამოძიების შედეგად ორივემხრივ დადასტურებული აზრის წარმომჩენი ამბობს: "მაშ, არის ღმერთი, რომელიც განსჯის მათ", - უკეთურ დემონებს, - ჩვენი გულის 'მიწაში". და სხვაგან ამბობს: "მოვა ადამიანი, და გული ღრმაა, და ამაღლდება ღმერთი, და მაშინ მათი წყლულები ჩვილთა ისრებად შეგვერაცხება ჩვენ".


187. "სიბრძნეში გულით განსწავლულნი", თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალისა და ღვთის სიბრძნის - ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მოვუძლურდებით და გონითი ღვწისგან მოვმედგრდებით, მომდევნო განთიადისას კვლავ კეთილად შემოვისარტყლოთ გონითი წელი და კვლავაც მტკიცედ შევუდგეთ საქმეს, ვუწყით რა, რომ ჩვენ, რომლებსაც შეგვიცვნია მშვენიერება, ვერაფერი გაგვამართლებს, თუ ამ მშვენიერებას საქმით არ მოვიღვაწებთ.


188. ისევე როგორც დამასნეულებელი საჭმელი, სხეულში ახლახანს მოხვედრილი, გვრემს მას, ხოლო ის ადამიანი, ვინც ჭამა ამგვარი საჭმელი, მაგრამ მყისვე იგრძნო დასნებოვნება და რაღაც წამლებით უსწრაფესად ამოიღო ნაჭამი, უვნებლად შენარჩუნდა, ამგვარადვე გონებაც, როდესაც იგი შეისრუტავს მისგან მიღებულ გულისზრახვებს, მაგრამ შეიგრძნობს რა ხსენებულ გულისზრახვათა სიმწარეს, გულის სიღრმიდან ამოძახებული იესოს ლოცვით ადვილად უკუამოიღებს მათ და მთლიანად ამოტყორცნის, როგორც ეს ღვთით ბოძებულმა სწავლებამ და, ამ სწავლებასთან ერთად, გამოცდილებამაც წინამდებარე მოვლენის შესამეცნებლად გადასცა მღვიძარეებს.


189. შენს სუნთქვასა და ნესტოებს შეუერთე მღვიძარება და იესოს სახელი, ანდა დაუვიწყებელი წვრთნა სიკვდილისთვის და თავმდაბლობა, რადგან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ორივე მათგანს.


190. თქვა უფალმა: "სწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის".


191. თქვა უფალმა: "ვინც დაიმდაბლებს თავის თავს. როგორც ეს ბავშვი, ამაღლდება, ხოლო ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება". "ისწავლეთ, - ამბობს, - ჩემგან". ხედავ, სწავლება ეხება თავმდაბლობას, ვინაიდან მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, თვით ეს მცნება კი არის თავმდაბლობა. მაშ, ვინც არ არის მდაბალი, სიცოცხლისგან დაკლებულა და, შესაბამისად, საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩნდება.


192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარტავნებაზე, როგორც ლერწმის კვერთხზე, დაყრდნობილნი სულისა და სხეულის სხვა რამ სამკაულებით ვიწონებთ თავს და ცუდმედიდობას ვეძლევით, თან, რაც განსაკუთრებით საშინელია, ჩვენი მეტისმეტი ურჯულოებისა და უგუნურების მიზეზით ჩვენივე თავის წინააღმდეგ განვაწყობთ ღმერთს, თავისი სიძლიერით ჩვენზე უსასრულოდ აღმატებულს (ვინაიდან უფალი ებრძვის ამპარტავანთ), ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ მივემსგავსოთ უფალს თავმდაბლობით, უფლის მოქიშპე ამპარტავან ეშმაკს შევეტკბობით ცუდმედიდი და ამპარტავნული გონების მიერ? სწორედ ამის გამო ამბობდა მოციქული: "რამეთუ რა გაქვს, რაც არ მიგიღია?" განა შენ თვითონ შექმენი შენი თავი? მართლაც, თუ სხეული და სული, რომელთაგანაც, რომელთა შორისაც და რომელთა მიერაც შემყარდება ყველა სათნოება, "ღვთისგან გაქვს მიღებული", "რადღა იქადი, ვით არმიმღები?" ვინაიდან უფალია ის, ვინც მოგანიჭა შენ ესენი.


193. საერთოდ კი, სხვა არაფერია გულის სიწმინდე, რის შედეგადაც იპოვება ჩვენში ზემოდან გადმომავალი სიმდაბლეც და ყოველგვარი სიკეთე, თუ არა ის, რომ არანაირად არ მივცეთ სულში შემოსვლის ნება ჩვენს წინაშე წარმომდგარ გულისზრახვებს.


194. ვინაიდან გულის დაცულობა, - ღვთით და ოდენ ღვთის გამო სულში გახანგრძლივებული, - ცნობიერებას ანიჭებს "მთავარს" საღვთო შერკინებებში და არამცირე შემძლეობას მიჰმადლებს მასთან ზიარებულს იმისთვის, რომ საუფლოდ სათნო განსჯით განაგოს მან საქმეები და სიტყვები.


193. ძველი აღთქმის სამღვდელო გასაცხადებელნი წარმოადგენდა განწმენდილი გულის წინასახეებს, რათა ჩვენც მიგვეპყრო მზერა ჩვენი გულის პეტალისთვის, - ხომ არ იყო გაშავებული ცოდვების მიერ, - და გაგვებანა იგი ცრემლების, სინანულისა და ლოცვის გზით, ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი რამ მოვლენა, ურჯულო ფიქრებისადმი ძნელად დასაოკებელი, თანაბრად იოლად რომ მიჰყვება როგორც უკეთურ, ასევე კეთილ აზრისმიერ წარმოსახვებს.


194. ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც იმგვარად შეეწებვის იესოს ლოცვას გონებაში და იმგვარად უწყვეტად ხმობს ამ ლოცვას გულში, როგორც შეერთვის, ვთქვათ, ჰაერი ჩვენს სხეულს ანდა ალი - ცვილს. ამასთან, მიწის თავზე გამავალი მზე დღეს აღმოაცენებს, უფალ იესოს წმინდა და სათაყვანო სახელი კი, ჩვენს გონებაში უწყვეტად მბწყინავი, აურაცხელ მზიურ ფიქრებს წარმოშობს.


195. კიდევ, ღრუბლების გაყრისას ჰაერი დაწმენდილი ხდება, ხოლო სიმართლის მზის, იესო ქრისტეს მიერ ვნებადი წარმოსახვების გაფანტვას უთუოდ ის სჩვევია, რომ მბრწყინავი და მოელვარე გულისზრახვები წარმოშვას გულში, რომლის ჰაერიც იესოს მიერ ნათდება, რადგან ეკლესიასტე ამბობს: "უფალს მინდობილნი გულისხმაყოფენ ჭეშმარიტებას და მორწმუნენი სოყვარულით თანამყოფობენ მასთან".


198. თქვა ერთმა წმინდანთაგანმა: "თუ ავმეხსიერი ხარ, ავმეხსიერი იყავი ეშმაკთა მიმართ, და თუ მტრობა გსურს, მარადჟამს მტრობდე შენს სხეულს, რადგან ხორცი ცბიერი მეგობარია და როდესაც მის მიმართ მზრუნველობას ვიჩენთ, უფრო მეტად გვებრძვის". და კიდევ: "მტრობა გქონდეს სხეულის მიმართ და ბრძოლა - მუცლის მიმართ".


199. წინარე სიტყვებში, კერძოდ პირველ და მეორე ასეულში, წმინდა გონების მდუმარებითი ღვწანი აღვწერეთ, რაც არა მხოლოდ ჩვენი ნააზრევია, არამედ შეიცავს აგრეთვე იმასაც, რასაც ღვთივგანბრძნობილ მამათა საღვთო სიტყვები გვასწავლიან ჩვენ გონების განწმენდილობის შესახებ, აწ კი, ვიტყვით რა მცირედს გონების დაცულობის სარგებელზე, დავასრულებთ კიდეც საუბარს.

200. მაშ, მოდი, ამიერიდან შემომიდექი მე, რომ თანაშეერთო გონების დაცულობის ნეტარებას, შემომიდექი, ვინც გინდა იყო, გწადია რა იხილო "კარგი დღეები", და უფლის მიერ გასწავლი შენ გონისეულ ძალთა საქმესა და მოღვაწეობას, რადგან არ განძღებიან ანგელოზები უფლის ქებისგან, არცთუ - გონება, სიწმინდით მათთან გაჯიბრებული, და ისევე როგორც არას ზრუნავენ საზრდოს გამო უნივთონი808, ამგვარადვე ეს ნივთიერი უნივთონიც საკვებისთვის არარას წუხან, თუ, რა თქმა უნდა, შეაღწევენ გონებითი დუმილის ცაში.


201. ისევე როგორც არას ზრუნავენ ფულისა თუ ქონებისთვის ზენა ძალები, ამგვარადვე არას შფოთავენ უკეთური სულების ბოროტებათა გამო ისინი, რომლებმაც განიწმინდეს მხედველობა სულისა და სათნოება ითვისეს. კიდევ, ისევე როგორც იმათში აშკარად ავლენს თავს ღვთისკენ წარმატებულობის სიმდიდრე, ამგვარადვე აშკარავდება ამათშიც ღვთისადმი ტრფობა და სიყვარული, ღვთისადმი შეკერტება და ზეაღსვლა, ამასთან ესენი, ზეაღსვლისას საღვთო დაგემოვნებისა და ექსტატური სურვილის შედეგად კვლავ და კვლავ ტრფიალებითა და განუძღომელობით წინგამწვდომნი, არ შეჩერდებიან, ვიდრე არ მიაღწევენ სერაფიმებამდე, არცთუ დაშვრებიან გონებითი მღვიძარებისა და ტრფიალებითი ამაღლებისგან, ვიდრე არ გახდებიან ანგელოზები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.


202. არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი. ასევე არ არსებობს თავმოთნეობის უკეთურებაზე უფრო ძლიერი უკეთურება, ხოლო თავმოთნეობისგან გყავს მფრინავი ნაშიერები, კერძოდ ესენი: თავისქებანი გულში, თვითკმაყოფილება, ნაყროვანება, სიძვა, ცუდმედიდობა, მოშურნეობა და ყველაფრის მწვერვალი - ამპარტავნება, რომელსაც ძალუძს ქვედაზიდოს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ანგელოზებიც ცათაგან და სინათლის ნაცვლად სიბნელე შემოახვიოს მათ.


203. ეს ყოველივე გადმოგცა შენ, თეოდულე, მყუდროების მოსახელემ, თუმცა კი საქმეში განცრუებულმა, ამასთან გადმოგცა, ალბათ, არა მთელი სისავსით, არამედ ის, რაც მისცა მას ღმერთმა, ღმერთმა, - მამად, ძედ და სულიწმინდად ქებულმა და დიდებულმა მთელი გონითი ბუნების მიერ: ანგელოზებისგან, ადამიანებისგან და მთელი ქმნილებისგან, რაც დაჰბადა გამოუთქმელმა სამებამ, ერთმა ღმერთმა, რომლის ბრწყინვალე სასუფეველთან ნეტამც ჩვენც შევძლოთ მიახლება ზესთაწმინდა ღვთისმშობლისა და ჩვენი ღირსი მამების ლოცვით. მას, ღმერთს მიუწვდომელს, საუკუნო დიდება! ამინ.