სათნოებათმოყვარეობა
პირველი წიგნის პირველი ნაწილი
წმიდა მარკოზ მონაზონი
ეპისტოლე ნიკოლოზ მონაზონისადმი
ფრიად სასურველ შვილს ნიკოლოზს! რადგან ამას წინათ დიდად დაფიქრდი საკუთარ ცხონებაზე და მეტისმეტი წუხილი გქონდა საღვთო ცხოვრების გამო, გვესაუბრებოდი კიდეც ჩვენ და მოგვითხრობდი შენს შესახებ, თუ როგორი ღვწისა და მდუღარე მოსწრაფების მიერ განიზრახავდი უფალთან შეტკბობას გამკაცრებული მოღვაწეობით, მარხვითა და ყოველგვარი შეჭირვებით, ასპარეზობდი რა ფრიადი მღვიძარებითა და გაძლიერებული ლოცვით, ამასთან, იმასაც გვაუწყებდი, თუ როგორი ბრძოლები და ხორციელ ვნებათა რა სიმრავლენი ღვივდება სხეულებრივ ბუნებაში და მხედრდება სულის წინააღმდეგ ჩვენი გონების რჯულთან მოქიშპე ცოდვის რჯულის მიერ (შდრ. რომ. 7.23), განსაკუთრებით კი იმას წუხდი, თუ რა უკიდურეს მშფოთვარებაში გაგდებდა მრისხანებისა და გულისთქმის ვნებები, თან ეძიებდი რაიმე გზას და სიტყვიერ სწავლებას, თუ რა შრომისა და მოღვაწეობის შედეგად შეიძლებოდა აღმატებოდი ზემოხსენებულ დამღუპველ ვნებებს. იმ ჟამს, რაოდენ შესაძლებელი იყო, პირისპირ შევაგონებდით შენს სიყვარულს და ვნერგავდით შენში სულისმარგებელ აზრებსა და განსჯებს, წარმოგიჩენდით რა იმას, თუ გონებისა და ნათელმოსილი მოაზროვნეობითი ცოდნის რაგვარი ამოქმედებითა და ასკეტური დამაშვრალობით უნდა იღვაწოს, თანახმად სახარებისა, მადლისგან შეწევნილმა სულმა სარწმუნოების მიერ, რომ შეძლოს მან ბოროტების შიგნით მოთუხთუხე უკეთურებათა, განსაკუთრებით კი - ზემოხსენებულ ვნებათა, დაძლევა, რადგან რა ვნებებსაც უფრო შეეთვისება სული წინასწარი მიდრეკილებისა და ჩვევის შედეგად, მომეტებულად სწორედ მათგან წაითრევა ქვევითკენ და მათვე წინააღმდეგ მართებს მას უფრო გულმოდგინედ და შეუსუსტებლად მორკინალობა, ვიდრე არ დაიმორჩილებს უკეთურების ხორციელ და პირუტყვულ მოქმედებებს, რომელთაგანაც იყო აქამდე დათრგუნული და ქვეწათრეული, რაჟამს გულისზრახვათა შიგნით დაფარული თანხმობის შედეგად ფიქრების უწყვეტი გახსენებითა და უკეთური ღვწით ტყვედ წაიყვანებოდა იგი. მას შემდეგ, რაც სხეულებრივად, - და არა გულით, - მცირე ხნით განვეშორეთ შენს პირისახეს და წავედით უდაბნოში ქრისტეს ჭეშმარიტ მოღვაწეებთან და მორკინალებთან, რომ ჩვენც, თუნდაც მცირედით, გვეასპარეზა და თანაგვეღვაწა ამ ძმებთან ერთად (რომლებიც ახოვნად ერკინებოდნენ მტრულ ძალებსა და ვნებებს), კერძოდ, განგვეშორებინა მცონარება, უზრუნველობა განგვეგდო ჩვენგან და ღვთისადმი სათნოყოფის სურვილით ძალმოცემულებს გამოგვეჩინა ყოველგვარი მოსწრაფება და გულმოდგინება, ამის გამო განვიზრახეთ, რომ მცირედი რამ სულისმარგებელი შეგონება და დარიგება ასოთა მიერ დაგვეჩხრიკა შენი სიწრფელის მიმართ, რომ იმათ შესახებ, რაზეც პირისპირ გესაუბრებოდით, სიტყვამოკლედ და ზომიერად დაწერილი ჩვენი შეგონების გულმოდგინედ წამკითხველს, თითქოსდა ჩვენი თანდასწრებით, სულიერი სარგებელი მოგემკო. მაშ, ვალდებული ხარ, ჰოი შვილო, რომ ღვთიური სარგებლის სათავე აქედან განსაზღვრო; გმართებს, შეუნელებელი გულმოდგინებით დაუვიწყებლად და მარადსახსოვრად გულისხმაჰყოფდე კაცთმოყვარე ღვთის განგებულებასა და ქველმოქმედებას, რასაც შენი სულის საცხონებლად ავლენდა და ავლენს იგი შენდამი. ნუ მოხდება ისე, რომ ბოროტების დავიწყებით ანდა მცონარების მიზეზით დაგეფაროს შენ და არ იხსენებდე მის აურაცხელ და დიად კეთილ საქმეებს და ამ მიზეზით უსარგებლოდ და უმადლოდ გალიო შენი ცხოვრების დარჩენილი ჟამი, რადგან ხსენებული უწყვეტი გახსენებანი ნესტრისებრ ჩხვლეტს გულს და ყოველჟამს სინანულისკენ, თავმდაბლობისკენ, სულშემუსვრილი მადლიერებისკენ, ყოველგვარი კეთილი სწრაფვისკენ, კარგი ზნე-ჩვევებისა და ყველა საღვთო სათნოების ღვთისადმი უკუმიგებისკენ მიმართავს მას, მარადის კეთილსინდისიერი ნებით შემმეცნებელს საწინასწარმეტყველო სიტყვისას: "რა მივაგო უფალს იმ ყოველივეს სანაცვლოდ, რაც მან უკუმომაგო მე?" (ფს. 115.3). მართლაც, როდესაც, დაწყებული შესაქმიდან, გულისხმაჰყოფს სული კაცთმოყვარე ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეებს, ანდა იმას, თუ რაოდენ საფრთხეს დააღწია მან თავი მრავალგზის, ან კიდევ იმას, თუ როგორ მოხდა, რომ იგი, ესოდენ უკეთურებებში შთაკვეთებული და ხშირად ნებაყოფლობით გადამცდარი ცოდვებისაკენ, არ გადაეცა, - თუმცა კი იქნებოდა სამართლიანი, - მაცდურ სულებს მის წარსაწყმედად და მოსაკვდინებლად, არამედ სულგრძელად თვალი არიდა რა მან, კაცთმოყვარე მეუფემ, ჩადენილ ცოდვებს, დაიცვა ჩვენი სული, მისი მოქცევის მომლოდინემ, რომელსაც, მტრული და უკეთური ძალებისადმი ვნებათა მიერ ნებსით დამონებულს, თავადვე ზრდიდა, იფარავდა და ყოველგვარად მეურვეობდა, ბოლოს კი, კეთილი ნიშანცემით, ცხონების გზისკენაც უწინამძღვრა და, შთაუნერგა რა გულში სიყვარული ასკეტური ცხოვრებისადმი, შეაძლებინა ამა სოფლისა და მისი ხორციელი სიამეების საცთურთა სიხარულით მიტოვება, ასკეტური წესის ანგელოზებრივი სქემით განამშვენა იგი და საშუალება მისცა იმისა, რომ წმინდა მამათა მიერ ადვილად მომხდარიყო ძმობის კრებულში მისი მიღება. მაშ, ვინღა იქნება იმათგან, ვისაც კეთილსინდისიერი გონება აქვს და გულისხმაჰყოფს ამ ყოველივეს, რომ არ მკვიდრობდეს მუდამჟამს გულის შემუსვრილობაში? მართლაც, ვისაც ესოდენი წინდი აქვს წინსწრები სიქველეებისა და ვისაც ამათ გამო წინასწარ არაფერი კარგი არ ჩაუდენია, განა არ უნდა აღიჭურვოს მარადჟამს ურყევი რწმენით, მას შემდეგ, რაც ასე განსჯის: თუკი მე, რომელსაც კარგი არაფერი ჩამიდენია, არამედ, პირიქით, ბევრიც შემიცოდავს მის წინაშე, მიმოვიქცეოდი რა ხორციელ სიბილწეებში და მრავალ სხვა უკეთურებაში, არათუ ჩემი ცოდვებისებრ აღმისრულა მან, არცთუ ჩემი ურჯულოებისებრ მომიზღო სანაცვლო (შდრ. ფს. 102.10), არამედ ესოდენი საბოძვარნი და მადლნი განაგო ჩემს საცხონებლად, მაშ, თუკი ამის შემდეგ სრულად მივეცემი მის მსახურებას მთელი ჩემი წმინდა ცხოვრებითა და სათნოებებში წარმატებით, რაოდენ სიკეთეთა და სულიერ ნიჭთა ღირსად გამხდის იგი, რაჟამს ყოველგვარ კეთილ საქმეში გამაძლიერებს, წარმმართავს და მიწინამძღვრებს მე? ამიტომ, ვისაც მუდამჟამს ამგვარი აზრი აქვს და არ ივიწყებს ღვთის კეთილ საქმეებს, სირცხვილში აგდებს თავისთავს, განმართებს მას და ასწრაფებს სათნოების ყოველგვარი კეთილი მოღვაწეობისა და სამართლიანობის ყოველგვარი მოქმედებისკენ, არის რა ყოველჟამს მგზნებარე, ყოველჟამს მზადყოფნაში ღვთის ნების აღსასრულებლად. მაშ, საყვარელო შვილო, გაქვს რა, ქრისტეს მადლით, ბუნებითი გონიერება, ყოველჟამს დაიცავი შენში ეს საღი აზრი და კეთილი გულმოდგინება; ნურც დამღუპველი დავიწყება გადაგეფარება, ნურც იმ მცონარებით დაბრკოლდები, გონებას რომ არარად აქცევს და ცხოვრებისგან განაშორებს მას, ნურც უმეცრება, მიზეზი ყველა ბოროტებისა, დაგიბნელებს გულისზრახვას, ნურც ყოვლადუკეთური გულგრილობა შეგიტყუებს, ნურც ხორცის სიამე წაგითრევს, ნურც ნაყროვანება დაგძლევს, ნურც გულისთქმა დაგიტყვევებს გონებას, ნურც სიძვისმიერ გულისზრახვებს ისათნოებ, ბილწი რამ რომ არ ჩაიდინო შენსავე თავში, ნურც ის მოხდება, რომ დაგამარცხოს ძმათმძულვარების მშობელმა მრისხანებამ, ისე რომ, უბადრუკი რამ და უგვანი საბაბის გამო, სხვაც დაამწუხრო და შენც დამწუხრდე, ამასთან შენი მოყვასის წინააღმდეგ უკეთური გულისზრახვები შემოიკრიბო შენს ხსოვნაში, განუდგე ღვთისადმი წმინდა ლოცვას, მონად აქციო გონება, მხეცური გულისზრახვით ქვეგახედო შენს თანასულიერ ძმას, ხორციელი აზროვნების პირუტყვული ზნე-ჩვევით შეიბორკო სინდისი და, შედეგად, გადაეცე უკეთურ სულებს (რომლებსაც დაემონე), რათა განგსწავლონ შენ გარკვეულ დრომდე, - იმ დრომდე, სანამ ყოველმხრივ უღონოქმნილი შენი გონება, ქვედანთქმული მწუხარებისა და მცონარების მიერ, და წინმსწრებ მიზეზთა გამო დამკარგავი საღვთო წარმატებისა, კვლავ არ გადადგამს პირველ ნაბიჯს, დიდი სიმდაბლით, ცხონების გზის დასაბამისკენ, რომ მეტისმეტად დამაშვრალმა ლოცვებით და მთელი ღამის მღვიძარებებით აღხოცოს ის, რაც შესცოდა, თავმდაბლობით და აღსარებით წინაშე ღვთისა და მოყვასისა. აი, ამ სახით კვლავ იწყებს იგი გამოფხიზლებას და, საღვთო მადლით, სახარებისეული ცოდნის სინათლის მიერ გაბრწყინებული შეიცნობს, რომ ვინც თავის თავს მთლიანად არ გადასცემს ჯვარს თავმდაბლობისა და არარადქცევის განზრახულებით, ვინც არ დაიგდებს თავს ყველას ქვეშ და უფლის გამო სიხარულით არ დაითმენს ყოველივეს, - გათელვას, არად ჩაგდებას, შეურაცხყოფას, უსამართლოდ გმობას, დაცინვასა და აბუჩად აგდებას, ამასთან, ვინც სრულად არ იძიებს შურს იმაზე, რაც კაცობრივია, კერძოდ დიდებაზე, პატივზე, ქება-შესხმაზე, სიამეებზე (საჭმელი იქნება ეს, სასმელი თუ შესამოსელი), ამგვარი ვინმე ვერ შეძლებს იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდეს. ასე რომ, რადგან წინ გვიდევს ესოდენი ღვაწლი, მორკინალობა და გვირგვინები, სანამდე უნდა ვიხდიდეთ სასაცილოდ თავს მოჩვენებითი კეთილმსახურების გამომეტყველებით, მოტყუებით ვმონებთ რა უფალს, რადგან სხვას ფიქრობენ ჩვენზე ადამიანები და სხვად ვჩანვართ დაფარულთა მცოდნის წინაშე? დიახ, მრავალნი გვთვლიან ჩვენ წმინდანებად, მაშინ როცა ზნე-ჩვევით კვლავ და კვლავ ველურები ვართ, და თუმცა გვაქვს, ჭეშმარიტად, ხატი ღვთისმსახურებისა, მისი ძალა კი ღვთის წინაშე არ მოგვიპოვებია (შდრ. II ტიმ. 3.5), ბევრისთვის ვჩანვართ ჩვენ ქალწულნი და განწმენდილნი, დაფარულთა მცნობისთვის კი - შინაგანად ბიწიერნი უწმინდურებით, როგორც სიძვის ზრახვათა შემწყნარებელნი და ვნებათა მოქმედებებში ჩაჭაობებულნი, რომლებსაც, როგორც ჯერ კიდევ მოჩვენებითად მოღვაწეებს, კვლავაც გვალაღებს კაცთაგან ქება და გონებით ისევ ბრმები ვართ. მაშ, კიდევ რამდენ ხანს უნდა იყოს ჩვენი სვლა გონების ამაოებაში, ვართ რა სახარებისეული გონების ვერმიმღებნი? როდისღა შევიცნობთ სინდისისმიერ მოღვაწეობას, რომ გულმოდგინედ შევუდგეთ მას და ვპოვოთ კიდევ სინდისისმიერი კადნიერება? ჯერჯერობით ხომ მარტოოდენ გარეგანი ადამიანის მოჩვენებით სიმართლეში ვმტკიცობთ და ჭეშმარიტ ცოდნას მოკლებულნი მხოლოდ გარეგანი საქმეებით ვიტყუებთ თავს, რადგან ის გვსურს, რომ მოვეწონოთ ადამიანებს, ამ გზით კი მოვინადიროთ მათგან დიდება, პატივი და ქება-შესხმანი. უთუოდ მოვა წყვდიადის დაფარულთა ცხადმყოფელი და გულის განაზრახთა გამომაჩინებელი, პირუთვნელი მსაჯული, ვინც არც მდიდარს ეკრძალვის, არც ღარიბს სწყალობს, ვინც აღძარცვავს ჩვენგან გარეგან სახეს და შიგნით დაფარულ სინამდვილეს ააშკარავებს, ვინც ჭეშმარიტ მოასპარეზეებსა და მორკინალებს, სინდისიერად რომ იღვწიან, ანგელოზთა თანდასწრებით გვირგვინოსანჰყოფს საკუთარი მამის წინაშე, ხოლო პირფერნი, ღვთისმოსაობის ხატით მოსილნი და მხოლოდღა კაცთა თვალისთვის მოჩვენებითად მოღვაწენი, რომლებიც სწორედ ამგვარ ღვაწლში მტკიცობენ ფუჭად და თავიანთ თავს იტყუებენ, გამოაშკარავებულნი იქნებიან მის მიერ წმინდანთა და მთელი ზეციური მხედრობის ზენა ეკლესიის წინაშე, ხოლო ამ სახით საშინლად შერცხვენილნი წარიგზავნებიან გარესკნელ წყვდიადში, მსგავსად იმ სულელი ქალწულებისა, მარტოოდენ გარეგნულად რომ დაიმარხეს ქალწულება (თუმცა ეს სასაყვედურო არ იყო მათთვის, პირიქით, ნაწილობრივ ზეთიც ჰქონდათ მათ ჭურჭლებში, ანუ, სხვაგვარად, რაღაც სათნოებათა, გარეგან წარმატებათა და რაღაც ნიჭთა თანაზიარნი ისინიც იყვნენ და ამის გამო მათი ჩირაღდნებიც რაღაც დრომდე ანთებული იყო), მაგრამ უზრუნველობის, უმეცრებისა და მცონარების მიზეზით წინდახედულება არ გამოიჩინეს და ზედმიწევნით ვერ შეიცნეს შიგნით დაფარულ ვნებათა გროვა, უკეთურ სულთა მიერ მართული, არამედ საპირისპირო მოქმედებათა მიერ თავიანთი აზრები გახრწნეს და, შეიტკბეს რა გულისზრახვები, ხსენებულ აზრთა ზიარნი გახდნენ, ფარულად მათგან შეცდენილნი და დაძლეულნი, რომლებიცაა: უბოროტესი შური, ღვარძლი სიკეთისმოძულე, განხეთქილება, ქიშპობა, სიძულვილი, მრისხანება, სიცხარე, ავმეხსიერება, პირფერობა, გულისწყრომა, ამპარტავნება, ცუდმედიდობა, კაცთმოთნეობა, თავმოთნეობა, ვერცხლისმოყვარეობა, მოწყინება, ხორციელი გულისთქმა (გულისზრახვებში რომ მოქმედებს ვნებათსიამეს), ურწმუნოება, ღვთის უშიშობა, სიმხდალე, შეწუხებულობა, შეპასუხება, მოამაყეობა, ძილქუშობა, თავმომწონეობა, თავისმართლება, მზვაობრობა, ქედმაღლობა, დაუკმაყოფილებლობა, უძღებობა, ანგარება, უიმედობა (რაც ყველაზე საშინელია) და სხვა ამგვარი, რაც კი არსებობს უკეთურების დახვეწილი რამ მოქმედება. ხსენებულმა ქალწულებმა ყველაფერი, თუკი რამ მადლის ნაწილი ჰქონდათ - ქველისსაქმენი, ღირსეული მოღვაწეობა და ისიც კი, კაცთა თვალისთვის რომ მოქმედებდნენ და ქებას რომ იმკიდნენ მათგან - ეს ყოველივე ცუდმედიდობისა და კაცთმოთნეობის სულებს მიჰყიდეს და, სხვა ვნებებთანაც ზიარებით, კარგი საქმენი შეურიეს უკეთურ და ხორციელ ზრახვებს, შედეგად კი თვით ეს საქმენიც არასათნონი და უწმინდურნი გახადეს მათვე, ისევე როგორც კაენის მსხვერპლი, მოაკლდნენ რა სიძის სიხარულს და დაეხშოთ რა ზეციური სანთიობო. ამ ყოველივეს აწონ-დაწონვით, განჩხრეკით და შემოწმებით უნდა შევიცნოთ და გულისხმავყოთ, რა დღეშიც ვართ ჩვენ, და ვიდრე კვლავ გვაქვს ჟამი სინანულისა და მოქცევისა, გამოვისწოროთ ჩვენი თავი, ხოლო ჩვენგან ქმნილი სიკეთენი, სიწმინდით აღსრულებულნი, ჭეშმარიტი და წმინდა იყოს, შეურევნელი ხორცის ზრახვებთან, რომ არ აღმოჩნდეს უკუგდებული, როგორც ის მსხვერპლი, ღვთის უშიშობას, გულგრილობას და ნაკლებობას ჭეშმარიტი მცოდნეობისას რომ შეუბილწავს. არ მოხდეს ისე, რომ დავითმინოთ შეჭირვება ქალწულობისა, თავშეზღუდვისა, მღვიძარებისა, მმარხველობისა და კეთილმესტუმრეობისა, გავლიოთ დღენი ამგვარ ღვაწლში, ხოლო შემდეგ, ზემოხსენებულ ვნებათა გამო, ყოველივე ის, რაც ღირსეული გვეჩვენებოდა, როგორც მსხვერპლი ბიწიერი, არ შეიწყნაროს ზეციერმა მღვდელმა ქრისტემ. მაშ, ჰოი შვილო, მას, ვისაც ნებავს, რომ აიღოს ჯვარი და ქრისტეს მიჰყვეს, უპირველესად ევალება, რომ მოიღვაწოს ცოდნა და გულისხმისყოფა თავის თავში გულისზრახვათა მუდმივი კვლევით, ცხონების გამო დიდი წუხილით, გონივრულობით, ღვთის მიმართ დიდი გულმოდგინებით და, ამასთან, გამოკითხვებით თანასულიერ და თანამოაზრე ღვთისმონათაგან, იმავე ღვაწლით რომ იღწვიან, რათა არ მოხდეს ისე, რომ არმცოდნემ, სად დადიხარ და რა წესით, სანათის შუქის გარეშე სიბნელეში მიაბიჯებდე, რადგან ვინც თვითრჯულია, ვინც სახარებისეული ცოდნისა და ვინმე გზამკველევის გარეშე მიდის, ბევრს ფერხდება, ვარდება კიდეც უკეთურის ბევრ ორმოში და ბევრ ხაფანგში, ბევრგზის ცდება, ბევრ საფრთხეს ხვდება და არკი იცის, როგორია ამ გზის ბოლო. მრავალი ვინმე გადიოდა ბევრ ღვწას და შრომას, ბევრ გასაჭირს და გვემულებას დაითმენდა ღვთის გულისათვის, მაგრამ სწორედ თვითრჯულობამ, განუსჯელობამ, ამასთან, არმსაჭიროებლობამ მოყვასისგან სარგებლის მიღებისა უძალო და ფუჭი გახადა მათი ესოდენ დამაშვრალობა. მაშ შენ, ჰოი საყვარელო შვილო, როგორც ამ სიტყვიერი შეგონების თავში გითხარი, თაყვანსაცემი და კაცთმოყვარე ღვთისგან შენდამი აღსრულებულ კეთილ საქმეებს ნუ დაივიწყებ, როგორც ბოროტებისა და მცონარების მიერ წარტაცებული და ქვეწათრეული, არამედ თვალწინ დაიდე ის სიკეთენი, შენი შობის დასაბამიდან ვიდრე ამ დრომდე, - სხეულებრივად თუ სულიერად, - შენზე რომ იქმნა, ჩაუკვირდი მათ და შეიმეცნე, თანახმად სიტყვებისა: "ნუ დაივიწყებ იმ ყოველივეს, რაც კი მისგან უკუმიგეგო" (ფს. 102.2), რათა ადვილად აღგეძრას გული ღვთის შიშითა და სიყვარულით. მაშ, უკუმიაგე მას, ძალისამებრ, მკაცრი ცხოვრება, სათნოებითი მოქალაქეობა, ღვთისმოსავი სინდისი, კეთილშეწყობილი სიტყვა, მართალი სარწმუნოება, მდაბალი ცნობიერება და, მოკლედ რომ ვთქვათ, მთლიანად შენი თავი ღმერთს განუკუთვნე, რიდით აღვსილმა იმ სიკეთეთა გახსენებით, კეთილი და კაცთმოყვარე მეუფისაგან რაც განიცადე, რათა ამ სახით, კეთილ საქმეთა ესოდენი ხსოვნის მიერ, უფრო კი, ზეგარდმო შეწევნის თანამოქმედებით, სიყვარულმა და სურვილმა თავისთავად დაგიჭრას გული, რომ საკვირველნი, რაც სხვათათვის, შენზე ბევრად უმჯობესთათვის, არ უქმნია მას, შენ აღგისრულა მისთვის საკუთრივი და გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. მაშ, ეცადე, რომ ღვთის მიერ შენზე აღსრულებულ სიკეთეთა ხსოვნა მოუკლებლად გქონდეს, განსაკუთრებით კი ის დიდი და საკვირველი მადლი და ქველისსაქმე გახსოვდეს დაუვიწყებლად, რაც მოგანიჭა მაშინ, წმინდა მიწიდან კონსტანტინოპოლისკენ რომ მიცურავდი შენს დედასთან ერთად, როგორც შენ თვითონ გითქვამს ჩემთვის, როდესაც ის საშინელი და შეუკავებელი ღელვა და დიდი ტალღა აღიძრა ღამით, რამაც ყველანი, ვინც ხომალდზე იყვნენ, მათ შორის მეზღვაურებიცა და თვით შენი დედაც, სიღრმეში ჩანთქა, ასეთ დროს კი, საკვირველი და საღვთო ძალის შეწევნით, მხოლოდღა შენ, და კიდევ ორი სხვა, ნაპირზე გამოირიყეთ და გადარჩით. შემდეგაც, როგორი განგებულებით მიგიყვანა მან ანკვირიაში, იქ, სადაც მამისეული თანალმობით მიგიღო შენ ერთმა კაცმა და სადაც სიყვარულით დაუკავშირდი უაღრესად ღვთისმოშიშ შვილს ეპიფანეს, რომ ორივენი, ვიღაც წმინდა კაცისგან ნაწინამძღვრებნი, დამდგარიყავით ცხონების გზაზე და საკუთარი შვილებივით მიეღეთ ღვთის წმინდა მონებს. მართლაც, ყველა ამ სიკეთის სანაცვლოდ, რაც ღმერთმა შენზე აღასრულა, რა გაქვს იმგვარად ფასეული, მას რომ მიაგო, ვინც საუკუნო სიცოცხლისკენ უწოდა შენს სულს? ამიერიდან ხომ, სამართლიანობის კვალობაზე, უთუოდ გმართებს იცოცხლო არა კვლავაც შენი თავისთვის, არამედ ქრისტესთვის, ვინც შენთვის მოკვდა და აღდგა (IIკორ. 5.15), სამართლიანობის ყველა სათნოებისთვის, მცნებათა ყოველგვარი წარმატებისთვის, რომ ყოველჟამს ეძიებდე, რა არის ნება ღვთისა, - ნება კეთილი, სრული, კეთილსათნო (რომ. 12.2), - და მთელი ძალით ცდილობდე, რომ მას მიჰყვე კვალში. გარდა ამისა, შვილო, შენი ახალგაზრდობა იმგვარად დაუმორჩილე ღვთის სიტყვას, როგორც ამას ითხოვს თავად სიტყვა. კერძოდ, წარუდგინე მას სხეული ცოცხალ, წმინდა და ღვთისსათნო მსხვერპლად, გონისმიერ მსახურებად (რომ. 12.1), ამასთან, გააშრე და გაახმე ხორციელი გულისთქმის ყოველგვარი სისველე სასმელ-საჭმელის სიმცირითა და მთელი ღამის მღვიძარებებით, რომ შენც თქვა წადიერად: "გავხდი მე როგორც თხიერი ყინვაში; შენი სიმართლენი არ დავივიწყე" (ფს. 118.83). როდესაც შეიცნობ, რომ ქრისტესი ხარ, შენი ხორცი ჯვარს აცვი, თანახმად სამოციქულო სიტყვისა, ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად (გალ. 5.24) და მოაკვდინე, თუმცა - არა მხოლოდ სიძვის საქმე, არამედ უკეთურ ძალთა მიერ ხორცში ამოქმედებული უწმინდურობაც. მართლაც, არა მხოლოდ აქამდე მიჰყავს ღვაწლი მას, ვინც მოელის ჭეშმარიტი, შეურყვნელი და მთლიანსრული ქალწულობის გვირგვინს, არამედ იგი, სამოციქულო მოძღვრებას შედგომილი, თვით ვნების რაობისა და აღძრულობის მოსაკვდინებლადაც მორკინალობს, თუმცა არც ამ სახით კმაყოფილდება და, მძაფრი ტრფიალებით მომლოდინე იმისა, რომ თავის სხეულში დაამკვიდრებს ანგელოზებრივ და უხრწნელ ქალწულობას, ლოცულობს, რომ განაქარვოს ლიტონი გულისთქმის მხოლოდღა აზრში გაფიქრებაც კი, რაც, სხეულებრივი ვნების აღძრულობისა და მოქმედების გარეშე, გონების თითქოსდა შეტოკებაში აღმოცენდება, ხოლო ამის მიღწევა შესაძლებელია მარტოოდენ სულიწმინდის ზეგარდმო შეწევნის, ძალისა და მომადლების შედეგად, თუ, რათქმაუნდა, არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც ამ მადლის ღირსნი არიან. ამგვარად, ვინც მომლოდინეა წმინდა, უნივთო და უხრწნელი ქალწულობის გვირგვინისა, ასკეტურ შრომათა მიერ ჯვარს აცვამს ხორცს, თავშეზღუდვის სიმძაფრითა და ხანგრძლივობით "მოაკვდინებს მიწიერ ნაწილებს", "ხრწნის გარეგან ადმაიანს", ამცრობს მას და დანაოჭებულსა და ჩამომხმარს ხდის, რომ სარწმუნოებისა და ღვაწლის შედეგად, და მადლის მოქმედებით, დღითი-დღე განახლდეს (II კორ. 4.16), - უკეთესისკენ წარმატებული, სიყვერულით აღორძინებული, სიმშვიდით შემკობილი, სულისმიერი სიხარულით მხიარული, ქრისტესმიერი მშვიდობით წარმართებული, გულქველობით წინამძღვრებული, სიკეთით დაფარული, ღვთის შიშით გარემოცული, გონებითა და ცოდნით გასინათლებული, სიბრძნით გაბრწყინებული, თავმდაბლობით გზაგაკვალული. ამ და ამათ მსგავს სათნოებათა მიერ სულიწმინდისგან განახლებული გონება თავის თავში ცნობს ღვთისსახოვანი ხატის ტვიფარს419, გულისხმაყოფს საუფლო მსგავსების გონითსა და გამოუთქმელ მშვენიერებას და შინაგანი რჯულის თვითნასწავლი და თვითნაცოდნი სიბრძნის სიმდიდრეს იხვეჭს. მაშ, დაამცრე, შვილო, ახალგაზრდული სხეული, ზემოთქმულთა მიერ განაპოხე უკვდავი სული და ხსენებულ სათნოებათა მიერ განაახლე გონება სულიწმინდის თანამოქმედებით, რადგან ახლგაზრდობის სხეული, სხვადასხვა საჭმლითა და ღვინისმსმელობით გაპოხილი, დასაკლავად გამზადებულ ღორს ემსგავსება; სხეულებრივ სიამეთაგან მისი აგზნებულობით დაიკვლება სული და უკეთური გულისთქმისგან მისი მდუღარებით ტყვევდება გონება, რომელსაც აღარ ძალუძს დაუპირისპირდეს ხორცის სიამეებს, ვინაიდან სისხლის მოდინება სულის გადინებას განაპირობებს. განსაკუთრებით არ უნდა გასინჯოს ახალგაზრდობამ ღვინო, დაყნოსვითაც კი, რათა არ მოხდეს ისე, რომ ორმაგმა ხანძარმა, - ერთი მხრივ, შიგნიდან წარმოჩენილმა ვნების მოქმედებით, მეორე მხრივ კი, გარედან ზედდასხმულმა ღვინისმსმელობით, - ამათ მიერ მეტისმეტად აადუღოს ხორცის სიამეთმოყვარეობა, ხოლო სულიერი სიამეთმოყვარეობა თვითშემუსრვითი ღვაწლისა თავისი თავისგან განდევნოს და გულში შთანერგოს არეულობა და გაქვავებულობა. პირიქით, სულიერი გულისთქმის გამო, ახალგაზრდობამ არ უნდა მიიღოს წყალიც კი ჭარბად, რადგან გონებამრთელობას მეტად შეეწევა წყლის ნაკლებობა და როდესაც საქმით გამოცდი ამას, თვით ეს გამოცდილება მოგცემს დარწმუნებულობას, რადგან არათუ იმის გამო შეგაგონებთ და განგისაზღვრავთ ამ ყოველივეს, რომ შენზე თითქოსდა იძულების უღლის დადგმა გვსურდეს, არამედ მხოლოდ სიყვარულით გარიგებთ და გირჩევთ ზემოთქმულს როგორც კარგ საშუალებასა და ხერხს ჭეშმარიტი ქალწულობისა და ზედმიწევნითი გონებამრთელობის შემწედ, ვუტოვებთ რა შენს თვითუფლებრივ არჩევანს, ის გააკეთოს, რაც სურს. ახლა კი, მოდი, მრისხანების პირუტყვული ვნების შესახებაც ვთქვათ მცირედი, რაც თავისი აღძრულობისა და მოქმედების ჟამს მთელ სულს აუდაბურებს, მშფოთვარებაში აგდებს და აბნელებს მას, ადამიანს კი, რომელიც განსაკუთრებით ადვილდაცურებადია და მსწრაფლმიდრეკადი მისკენ, მხეცის მსგავსს გამოაჩენს. ამ ვნებას განსაკუთრებით ამყარებს, აძლიერებს და დაურღვეველს ხდის ამპარტავნება ამიტომ, ვიდრე სიფიცხის, მრისხანებისა და გულისწყრომის ეშმაკეული ხე ამპარტავნების უკეთური წყლით ირწყვება, ეს ხე, კარგად აყვავებული და კარგად გაფოთლილი, ურჯულოების მრავალი ნაყოფის გამომღებია და ამ სახით დაურღვეველი ხდება სულში ბოროტისგან აგებული შენობა, აქვს რა მას სიმაგრედ და საყრდენად ამპარტავნების საძირკვლები. ამიტომ, თუ გსურს, რომ გახმეს და უნაყოფო გახდეს შენში ურჯულოების ხე (ესე იგი - სიფიცხის, მრისხანებისა და გულისწყრომის ვნება) და მოიწიოს მასზე სულის ცული, რაც, თანახმად სახარების სიტყვისა, მოკვეთს მას და ცეცხლზე დადებს, და აღმოფხვრის კიდეც მთელი ბოროტებითურთ, - დიახ, თუ გსურს, რომ ურჯულოების სახლი, რასაც ბოროტი უკეთურად აშენებს სულში, ყოველ ჟამს ქვებივით შემოკრებს რა იგი გულისზრახვებში, ნივთის საქმეთა თუ სიტყვათა მიერ, სხვადასხვა მიზეზს, გონივრულსა თუ უგუნურს, და შეამზადებს რა სულში ბოროტების შენობას, სიმაგრედ და საყრდენად რომ ამპარტავნებას უდებს ქვეშ, - მაშ, თუ გსურს, რომ დაარღვიო და დასცე ეს სახლი, დაუვიწყებლად გქონდეს გულში უფლის სიმდაბლე, თუ ვინ არის იგი და ვინ გახდა ჩვენს გამო, ანთუ ღმრთეებისეული სინათლის რაოდენი სიმაღლიდან ჩამოვიდა ჩვენამდე, - იმ სინათლისა, რაც ძალისამებრ გაეცხადება ზენა არსებებს, რაც იდიდება ცათა შინა ყველა გონითი ძალის მიერ, კერძოდ: ანგელოზთაგან, მთავარანგელოზთაგან, საყდართაგან, უფლებათაგან, მთავრობათაგან, ხელმწიფებათაგან, ქერუბიმთაგან, სერაფიმთაგან და იმ სახელდაუდებელ გონისმიერ ძალთაგან, რომელთა სახელებსაც არ ჩამოუღწევია ჩვენამდე, თანახმად მოციქულის იგავისა (ეფეს. 1.21), - დიახ, რაოდენი სიმაღლიდან ადამიანთა სიმდაბლის რაოდენ სიღრმემდე ჩამოვიდა იგი გამოუთქმელი სიკეთის გამო, ყოვლითურთ გვემსგავსა რა ჩვენ, სიკვდილის წყვდიადსა და ჩრდილში მსხდომებს (ეს. 9.2), ადამის დანაშაულის გამო ტყვექმნილთ და ვნებათა მოქმედების გამო მტრისგან დაუფლებულთ. მაშ, აი, ამგვარ ტყვეობაში ჩაკირთებულნი და უხილავსა და მწარე სიკვდილს დამონებულნი არ მოგვიძაგა მთელი ხილული და უხილავი შესაქმის მეუფემ, არამედ დაიმდაბლა თავისი თავი, ითვისა უპატიობისა და გულისთქმის ვნებებს დაქვემდებარებული და საუფლო განჩინება-ეპიტიმიით მსჯავრდებული ადამიანი, და ყოვლითურთ ჩვენი მსგავსი გახდა გარდა ცოდვისა (ებრ. 4.15), ესე იგი - უპატიობის ვნებათა გარდა., რადგან ითვისა მან ყველა ის ეპიტიმია, რაც კანონდარღვევის ცოდვის გამო საუფლო განჩინებით მოიწია ადამიანზე: სიკვდილი, დამაშვრალობა, შიშილი, წყურვილი და სხვა ამგვარი. გახდა იგი, რაც ვართ ჩვენ, რომ გავმხდარიყავით ჩვენ, რაც არის იგი. "სიტყვა ხორცი გახდა" (ი. 1.140), რომ ხორცი სიტყვა გამხდარიყო, და იგი, იყო რა მდიდარი, დაგლახაკდა ჩვენს გამო, რომ ჩვენ მისი სიგლახაკის მიერ გავმდიდრებულიყავით (IIკორ. 8.9). დიდი კაცთმოყვარეობის გამო გვემსგავსა იგი ჩვენ, რომ ყველა სათნოების მიერ მას ვემსგავსოთ, რადგან მას შემდეგ, რაც მოვიდა ქრისტე, ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სულიწმინდის მადლითა და ძალით ჭეშმარიტად განახლდება, აღწევს იგი სრული სიყვარულის საზომს, - იმ სიყვარულისას, რაც განაგდებს შიშს (Iი. 4.18) და რაც არ შეიძლება ოდესმე დაეცეს, ვინაიდან "სიყვარული არასოდეს ეცემა" (Iკორ. 13.8), გამომდინარე იქიდან რომ, როგორც იოანე ამბობს, "ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში დამკვიდრებული ღმერთში მკვიდრობს" (I ი. 4.16). აი, ამ საზომის ღირსნი გახდნენ მოციქულები და ისინიც, რომლებმაც მათებრ მოიღვაწეს სათნოება და თავიანთი თავი სრულქმნილი წარუდგინეს უფალს, სრული წადიერებით შეუდგნენ რა უფალს მთელი მათი ცხოვრების მანძილზე. ასე რომ, თუკი ყოველჟამს დაუვიწყებლად გექნება გონებაში ის დიდი სიმდაბლე, რაც ჩვენდამი სიყვარულის გამო გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით განიკუთვნა უფალმა, კერძოდ საშოში დამკვიდრება ღმერთ-სიტყვისა, მის მიერ ადამიანის მიღება, ქალისგან შობა, სხეულებრივ ასაკთან თანაშეზომილი ზრდა, უპატიობანი, გინებანი, გაკიცხვანი, შეურაცხყოფანი, გმობანი, მათრახნი, შენერწყვებანი, აბუჩად აგდება, დაცინვა, მეწამული ქლამიდი, ეკლოვანი გვირგვინი, მთავართა განაჩენი მის წინააღმდეგ, მისი თანამეტომე ურჯულო იუდეველების ღაღადისი მის წინააღმდეგ: "წაიყვანე, წაიყვანე და ჯუარს-აცვი ეგ!" (ი. 19,15), ჯვარი, ლურსმები,ლახვარი, ძმრისა და ნაღვლის სმევა, ხალხის ზარ-ზეიმი, გამვლელთა დაცინვები და სიტყვები : "თუკი ძე ხარ ღვთისა, ჩამოდი მაგ ჯვრიდან... და გერწმუნებით შენ" (შდრ. მ. 27.39;42), და სხვა დანარჩენი ვნებულებანი, რაც ჩვენს გამო დაითმინა მან: ჯვარცმა, სიკვდილი, სამარეში სამდღიანი დასაფლავება, ჯოჯოხეთში ჩასვლა, შემდეგ კი ვნებულებათა ნაყოფნი, როგორიც არის და რაც, კერძოდ: მკვდრეთით აღდგომა, ჯოჯოხეთისა და სიკვდილის გაძარცვა იმ სულებისგან, უფალს რომ შეხვდნენ, ცათა შინა ამაღლება, მამის მარჯვნივ დაჯდომა, ყველა მთავრობასა და ხელმწიფებაზე, აგრეთვე ყველა სახელდებულის სახელზე აღმატებული დიდება და პატივი, ყველა ანგელოზის თაყვანისცემა მისდამი, რომელიც არის პირმშო მკვდართა, ვნებულებათა მიზეზით, თანახმად მოციქულისგან ნათქვამი სიტყვისა: "ეს შეიმეცნებოდეს თქვენში, რაც აგრეთვე იესო ქრისტეში, რომელმაც, ღვთის ხატებაში მყოფმა, მინატაცებად არ შერაცხა ღვთის სწორად ყოფნა, არამედ მან, მონის ხატის მიმღებმა, დააცარიელა თავისი თავი, ადამიანის მსგავსებაში ქმნილმა და სახით ადამიანად პოვნილმა, დაიმდაბლა თავისი თავი, მორჩილი გახდა ვიდრე სიკვდილამდე, - ჯვარზე სიკვდილამდე, - რის გამოც ღმერთმა აამაღლა იგი და მიჰმადლა მას სახელი, ყველა სახელზე აღმატებული, რათა იესო ქრისტეს სახელით მოდრკეს ყოველი მუხლი ზეციერთა, მიწიერთა და ქვესკნელის მკვიდრთა" (და შემდგომი). აჰა, ზემოთქმულთა მიზეზებმა, ღვთის სამართლიანობის კვალობაზე, რა დიდებამდე და სიმაღლემდე აიყვანა საუფლო ადამიანი! ამიტომ, თუკი ზემორეთა დაუვიწყარ ხსოვნას მოსურნედ და წადიერად შეინარჩუნებ შენს გულში, ვერ იმძლავრებს შენზე სიშმაგის, რისხვისა და გულისწყრომის ვნება, რადგან რაჟამს ქრისტეს სიმდაბლის გონებად მოღებით ამპარტავნების ვნების საფუძველნი განინქრევიან, ურჯულოების მთელი შენობა გულისწყრომისა, მრისხანებისა და მწუხარებისა ადვილად და თავისთავად ირღვევა. მართლაც, როგორი ულმობელი და გაქვავებული უნდა იყოს გული, რომ არ შეიმუსროს, არ განიგმიროს, არ დამდაბლდეს და, წერილისამებრ, არ გახდეს იგი ნებსით "მიწა და ნაცარი" (შესაქ. 18.27; იობ. 42.6; ზირ. 17.32) და ყველა ადამიანისგან "დასათრგუნველი" (შდრ. IV მფ. 19.26), თუკი მარადის ექნება მას გონებაში ესოდენი სიდიადე მხოლოდშობილისა, ჩვენთვის სიმდაბლედ ქმნილი, და ზემოხსენებულ ვნებათა წარუხოცელი ხსოვნა? ხოლო როდესაც აგრერიგად დამდაბლდება და შეიმუსრება სული, მაცხოვრის სიმდაბლისკენ გამზერილი, რა გულისწყრომა შეძლებს, რომ იმძლავროს მასზე, რა მრისხანება, რა სიშმაგე დაძლევს მას? მაგრამ, როგორც შესამჩნევია, ამ სასარგებლო და ჩვენი ცხოველმყოფელი გულისზრახვების მოვიწყარობა, აგრეთვე მოვიწყარობის და - მცონარება და ამათი თანაშემწე და თანამოთვისე - უმეცრება, რომლებიც სულის უფრო ღრმა და უფრო შინაგანი ვნებებია, ძნელადგამოსაკვლევნი და ძნელადგამოსწორებადნი, სულს რომ საშინელი მიმომწვლილველობით ფარავენ და აბნელებენ, - აი, ესენი სულში ბოროტების დანარჩენ ვნებათა ამოქმედებასა და დაბუდებას განაპირობებენ, როგორც უშიშობის და სიკეთეთა მიმართ გულგრილობის შთამნერგველნი მასში, ამით კი ყოველი ვნებისთვის უშიშრად და დაუბრკოლებლად იქ შესვლისა და ამოქმედების შესაძლებლობის მიმცემნი, რადგან რაჟამს სულს დაფარავს ყოვლადბოროტი მოვიწყარობა, დამღუპველი მცონარება და ყველა უკეთურების დედა და აღმზრდელი უმეცრება, მაშინ ყოველი მოვლენა, - ხილული, გონითი თუ სმენილი, - ადვილად შებორკავს უბადრუკსა და დაბრმავებულ გონებას. მაგალითად, თუკი ეს გონება დაინახავს ქალის მშვენიერებას, მყისვე განიგმირება ხორციელი გულისთქმით, შემდეგ კი მეხსიერება, ამ სახით შემწყნარებელი იმისა, რაც ვნებიანად და წადილით ჭვრიტა თუ ისმინა ანთუ ხელით მოსინჯა, აზრების წარმოსახვითა და უკეთური [წარმოსახვითი] გულმოდგინებით შიგნით აცოცხლებს ხატებს და ასე, სიძვის სულთა მოქმედების შედეგად, გამრყვნელი ხდება ვნებადობით უკვე გამსჭვალული უბადრუკი გონებისა; ბოლოს კი ხორციც, თუკი იგი პოხიერია, ანთუ ახალგაზრდულია ან კიდევ - შედარებით ადვილდამყოლი, ამგვარ ხსოვნათა მიერ ვნებადობით წადიერად აღძრული და გულისთქმისკენ მიმართული, თავისას მოქმედებს, ისე რომ, ზოგჯერ სიზმარშიც, ან კიდევ ცხადში, უწმინდურებას სჩადის, თუნდაც რომ არ ჰქონდეს მას ხილულად ქალთან თანაშეყოფილობა; და მრავალთაგან შეიძლება მიიჩნეოდეს იგი სპეტაკად, უბიწოდ და წმინდად, ან კიდევ თვით მასვე ჰქონდეს ზმანებანი წმინდანობისა, მაგრამ დაფარულთა მხედველის წინაშე ამგვარი ვინმე გარყვნილად, უძღებად და მემრუშედ შეირაცხება, და სამართლიანადვე დაისჯება დღესა მას, თუკი მანამდე გლოვასა და მოთქმას არ მიეცემა იგი, თუკი განუწყვეტელი მარხვებით, მღვიძარებებითა და ლოცვებით არ დაადნობს საკუთარ ხორცს, ხოლო გონებას არ განკურნებს და არ განმართებს წმინდა ხსენებებითა და ღვთის სიტყვის გამოწვლილვით, ამ გზით კი ღირსეულ სინანულს არ შესწირავს ღმერთს, რომლის წინაშეც იზრახა მან, ანთუ იმოქმედა, ბოროტებანი. დიახ, უტყუარია ხმა ცხოველი, რომელიც ამბობს: "ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც გულისთქმით შეხედავს ქალს. უკვე იმრუშა მასთან თავის გულში" (მთ. 5.28). ამიტომაც, ფრიად სასარგებლოა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ, თუკი შესაძლებელია, საერთოდ არ ჰქონდეთ კავშირი ქალებთან, თუნდაც რომ წმინდანებად ჩანდნენ ისინი. ამასთან, თუ ვინმეს ძალუძს, რომ ადამიანებისგანაც განშორებულად იმყოფებოდეს, უფრო ადვილად წარმართავს იგი ბრძოლას და უფრო ცხადად შეიგრძნობს საკუთარ წინსვლას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მკაცრი ყურადღების ქვეშ ეყოლება მას თავისი თავი და მცირემჭამელობით, წყლის მცირემსმელობითა და მღვიძარებით მორკინალი ძლიერ ლოცვას დაუქვემდებარებს თავის ცხოვრებას, ამასთან მოსწრაფე იქნება იმისა, რომ შეემოყვსოს გამოცდილ სულიერ მამებს, მათთან თანამყოფობდეს და მათგან იწინამძღვრებოდეს, რადგან სახიფათოა განმხოლოებულად, თვითრჯულობითად, უმოწმოდ და, ამასთან, სულიერ ბრძოლაში გამოუცდელთა გვერდით თანაცხოვრება. მართლაც, ამგვარნი ბრძოლათა სხვა ხერხებით შეიპყრობიან, რადგან მრავალსახოვანია უკეთურების ხრიკები და ფარული ჩასაფრებანი და ნაირგვარი ხაფანგია მტრის მიერ ყველა მხარეს დაგებული. ამიტომ, თუ შესაძლებელია, სწორედ მცოდნე კაცებთან თანამყოფობა ანუ მათთან უწყვეტი შეხვედრები უნდა იყოს საშური და საღვაწი, რათა მავანი, თავად თუმცაღა არმქონე ჭეშმარიტი ცოდნის ჩირაღდნისა (გონითი ასაკის კვლავაც არასრულობისა და სიჩვილის გამო), თანამოგზაურად გაუხდეს იმას, ვისაც ეს აქვს, და ამგვარად, არ იაროს მან სიბნელეში, განერიდოს მახეებისა და ხაფანგების საფრთხეს და არ ჩაუვარდეს სულიერ მხეცებს, რომლებიც სიბნელეში ძოვენ და ყველას, ამ სიბნელეში საღვთო სიტყვის გონითი ჩირაღდნის გარეშე მავალს, იტაცებენ და ანადგურებენგ. ამრიგად, თუკი გსურს, შვილო, შინაგანად მოიპოვო გონითი სინათლისა და სულიერი ცოდნის ჩირაღდანი, რომ დაუბრკოლებლად შეგეძლოს სვლა ამ საუკუნის უღრმეს ბნელეთში და "უფლიგან იყოს წარმართული შენი ნაბიჯი", რათა სახარების გზა "გწადდეს ძალიან", თანახმად საწინასწარმეტყველო სიტყვისა, ანუ ის გწადდეს, რომ მგზნებარე რწმენით განუკუთვნო შენი თავი უსრულეს სახარებისეულ მცნებებს და უფლის ვნებებს გულისთქმითა და ლოცვით შეეზიარო, წარმოგიჩენ შენ საკვირველ ხერხს და სულიერი სახის საშუალებას, რაც საჭიროებს არა ხორციელ დამაშვრალობასა თუ მორკინალობას, არამედ - სულისმიერ გარჯილობას, გონების ზედამხედველობას და ყურადღებიან აზროვნებას, რასაც თანაშეეწევა ღვთის შიში და სიყვარული. სწორედ ამ ხერხით შეძლებ ადვილად დასძლიო მტერთა მწყობრი, ნეტარი დავითისებრ, რომელმაც უცხოტომელთა გიგანტი მოკლა ღვთისადმი რწმენითა და მასზე მინდობით (I მფ. 17.45) და ამ გზით თავის ხალხთან ერთად ადვილად დაამარცხა აურაცხელი მტერი, თუმცა ჩვენი სიტყვის სამიზნე უცხოტომელთა სამი ძლიერი და მძლავრი გიგანტისკენ განიმზირება, რომლებზეც არის დაფუძნებული გონითი ოლოფერნის მთელი მოწინააღმდეგე ლაშქარი და რომელთა განადგურებისა და მოკვდინების შემდეგ შესამუსრავად იოლად მოუძლურდება უკეთურ სულთა მთელი მხედრობა. ხოლო ბოროტი ძალის სამ ძლიერ გიგანტად ისინი მიიჩნევიან, ზემოთ რომ უკვე მოვიხსენეთ, კერძოდ: უმეცრება (დედა ყველა ბოროტებისა), მოვიწყარობა (ზემოხსენებულის და, მისი თანამოქმედი და თანაშემწე) და შავი ღრუბლისგან სულის ბნელი სამოსისა და საფარველის მომქსოვი მცონარება (ორივე მათგანის განმამტკიცებელი, გამაძლიერებელი და მათთვის მდგრადობის მიმცემი, თან ყოვლითურთ უგულისყურო სულისთვის ფესვმაგარი და გამყარებული ბოროტების მოქმედი). მცონარების, მოვიწყარობისა და უმეცრების მიერ არის შემტკიცებული და განდიდებული დანარჩენ ვნებათა ქვესაძირკვლები, რადგან შეეწევიან ისინი ურთიერთს და ერთიმეორის გარეშე ვერ მდგრადობენ, წარმოჩნდებიან რა მოწინააღმდეგის ძალმოსილ მხედრებად და უკეთურის მძლავრ წინამძღვრებად. სწორედ მათგან ილექება ჩვენში, მათგან შემტკიცდება და ზრახვათა აღსრულების ძალას იღებს უკეთურების სულთა მთელი ჯარი, რადგან მათ გარეშე ამ უკანასკნელთ არ ძალუძთ, რომ მდგრადობა ჰქონდეთ. ამიტომ, თუ გსურს, რომ გაიმარჯვო ზემოხსენებულ ვნებებზე და ადვილად უკუაქციო გონითი უცხოტომელების მწყობრი, ლოცვისა და ღვთისმიერი თანაშეწევნის გზით ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და გულის სიღრმეებამდე ჩასულმა მოიკვლიე გონითი უცხოტომელების საფუძველი - ეშმაკის ზემოხსენებული სამი გიგანტი (ვამბობ მოვიწყარობას, მცონარებას და უმეცრებას, რომელთა მიერაც გემოთმოყვარეთა გულებში და განუსწავლელთა სულებში ბოროტების ყველა დანარჩენი ვნება ილექება, მოქმედებს, ცხოვრობს და ძლიერდება); შემდეგ, დიდი გულმოდგინებისა და გონების მეურვეობის გზით, ზეგარდმო შეწევნის კვალობაზე, აღმოაჩინე ეს ბოროტებანი, სხვებისგან რომ უცოდნელნი არიან და არარსებულად მიიჩნევიან (თუმცა კი დამღუპველნი არიან დანარჩენებზე მეტად), სამართლიანობის იმ საჭურველთა მიერ (ვამბობ კეთილ მეხსიერებას - ყოველგვარი სიკეთის წყაროს, აგრეთვე, გასხივოსნებულ ცოდნას, რომლის მიერ გაღვიძებული სულიც თავისი თავიდან განდევნის უმეცრების სიბნელეს, და გამორჩეულ კეთილმზაობას, რაც სულს ცხონებისკენ მიმართავს და წინ ასწრაფებს), ზემორეებს რომ უპირისპირდებიან, და სათნოების ამ საჭურველთა შემმოსველმა, სულიწმინდის ძალით, ყოვლადი ლოცვითა და ვედრებით ახოვნად და გაბედულად დასძლიე გონითი უცხოტომელების ზემოხსენებული სამი გიგანტი და, ერთი მხრივ, ღვთისეულთა ურჩეულესი ხსოვნით, ანუ "ყოვლითურთ იმის გააზრებით, რაც კი რამ ჭეშმარიტია, რაც კი რამ ღირსეულია, რაც კი რამ სამართლიანია, რაც კი რამ წმინდაა, რაც კი რამ კეთილსახელოვანია, რაც კი რამ სათნოებაა და რაც კი რამ საქებარია" (ფილიპ. 4.8), განდევნე შენი თავიდან ყოვლადუბოროტესი მოვიწყარობა, მეორე მხრივ, გასხივოსნებული და ციური ცოდნის მიერ სიბნელის დამღუპველი უმეცრება განაქარვე, მესამე მხრივ კი, ყოვლადსათნო და საუკეთესო კეთილმზაობის შედეგად უკუაქციე უღვთო და სულში ძირეული ბოროტების მოქმედი მცონარება. რაჟამს მოიპოვებ ამ სათნოებებს არა მხოლოდ ლიტონი არჩევანით, არამედ ღვთის ძალითა და სულიწმინდის თანამოქმედებით, დიდი გულმოდგინებისა და ლოცვის შედეგად, ასე შეძლებ თავი დააღწიო უკეთურის ზემოხსენებულ სამ მძლავრ გიგანტს, რადგან ჭეშმარიტი ცოდნის, ღვთის სიტყვათა ხსოვნისა და საუკეთესო კეთილმზაობის თანახმიერება, ძლიერმოქმედი მადლის მიერ სულში შესამყარებლად ნაგულმოდგინები და დიდი მზრუნველობით დაცული, თავისი თავისგან განაქარვებს და არაფრად აქცევს მოვიწყარობის, უმეცრებისა და მცონარების კვალს, რის შემდეგაც უკვე მადლი მეუფებს მასში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შეჰფერის დიდება და ძლიერება უკუნითი-უკუნისამდე. ამინ. |