მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

სათნოებათმოყვარეობა

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

 

წმიდა მარკოზ მონაზონი

 

იმათ შესახებ, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქმეთაგან განმართლდებიან

 

1. ქვემორე ნაწერებში მხილებული იქნება გარეშეთა ბოროტსარწმუნოება მტკიცედმორწმუნეთა და ჭეშმარიტების შემმეცნებელთა მიერ.


2. როდესაც უფალს ნებავდა ეჩვენებინა, რომ, ერთი მხრივ, სავალდებულოა ყველა მცნება, მეორე მხრივ კი ის, რომ ძეობილობა თვით მან მიჰმადლა ადამიანებს, თქვა: "რაჟამს ყოველივეს შეასრულებთ, რაც ნაბრძანები გაქვთ, მაშინ თქვით: უვარგისი მონები ვართ და ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა" (ლკ. 17. 10). ამიტომ, საქმეთა საზღაური როდია ცათა სასუფეველი, არამედ - მადლი უფლისა, სარწმუნო მონებისადმი გამზადებული.


3. ვერ მოითხოვს მონა თავისუფლებას როგორც ჯილდოს, არამედ იგი როგორც ვალდებულების შემსრულებელი, მოსაწონი ხდება [ბატონისთვის] და ამ თავისუფლებას მისგან როგორც მადლს, ისე მოელის.


4. "ქრისტე მოკვდა, - თანახმად წერილისა, - ჩვენი ცოდვების გამო" (I კორ. 15. 3). იგი თავისუფლებას მიჰმადლებს იმათ, რომლებიც კეთილად ემონებიან მას, ამბობს რა: 'კარგი, კეთილო და სანდო მონავ! მცირედზე იყავი სანდო, ბევრზე დაგადგენ შენ. შედი შენი უფლის სიხარულში" (მთ. 25. 21).


5. "სანდო მონაა" არაა ის, ვინც ჯერ კიდევ ლიტონ ცოდნას ეყრდნობა, არამედ ის, ვინც მორჩილებით ერწმუნება მამცნებელ ქრისტეს.


6. ვინც მეუფეს პატივს სცემს, ნაბრძანებს ასრულებს, ცთომილი ან ურჩი კი მოსაწევარს დაითმენს როგორც თავისეულს.


7. ხარ რა სწავლისმოყვარე, იყავი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამპარტავნებს ადამიანს (I კორ. 8. 1).


8. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად გვასწავლიან ჩვენ, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ, და ისინი ჩვენს უნებურად სინანულისკენ წარგვმართავენ.


9. ადამიანებზე მოწეული შეჭირვებანი მათივე უკეთურებების ნაყოფია, მაგრამ თუ ამ შეჭირვებებს ლოცვით დავითმენთ, კვლავ ვჰპოვებთ კეთილ საქმეთა მოჭარბებას.


10. მავანნი, სათნოების გამო შექებულნი, დატკბნენ და ცუდმედიდობის სიამე თავიანთ ნუგეშად შერაცხეს, სხვებმა კი, ცოდვის გამო მხილებულებმა, ტკივილი განიცადეს და ეს სასარგებლო ტკივილი ბოროტების მოქმედებად შერაცხეს.


11. ისინი, რომელბიც ღვაწლთა საბაბით თავს იმაღლებენ უმცონრესებზე, ფიქრობენ, რომ სხეულებრივ საქმეთაგან გამართლდებიან, ჩვენ კი, რომლებიც, ლიტონ ცოდნაზე დამყარებულნი, უმეცართ არაფრად ვრაცხთ, მათზე ბევრად უგუნურნი ვართ.


12. ცოდნას მოდევნებულ საქმეთა გარეშე ეს ცოდნა ჯერაც არაა მტკიცე, თუნდაც ჭეშმარიტი იყოს იგი. ამიტომ, ყოველი მოვლენის სიმტკიცე საქმეა.


13. ხშირად საქმისადმი უგულისყურობით ცოდნაც ბნელდება, რადგან რომელ მოვლენებთან დაკავშირებითაც მოხდა სრული უგულებელყოფა საქმისა, იმ მოვლენათა ხსოვნაც გაქრება თანდათან.

14. ამის გამო, წერილი შეგვაგონებს, რომ ცოდნისმიერად შევიცნოთ ღმერთი, რომ მართებულად ვემონებოდეთ მას საქმეთა მიერ.


15. როდესაც გარეგნულად აღვასრულებთ მცნებებს, მაშინ თუმცა შესაბამისადვე ვიღებთ უფლისგან ჩვენსას, მაგრამ სარგებელი კი არჩევანისეული მიზანდასახულობისამებრ შეგვეძინება.


16. ვისაც სურს რაიმეს გაკეთება, მაგრამ არ კი ძალუძს, გულთმეცნიერი ღვთის წინაშე ისეა, როგორც უკვე გამკეთებელი; და ეს ვრცელდება როგორც კარგზე, ასევე ცუდზე.


17. გონება სხეულის გარეშე ბევრ კარგსა და ცუდს სჩადის, სხეულს კი გონების გარეშე ამათი ჩადენა არ შეუძლია. ამიტომ, 'თავისუფლების რჯული" 'საქმეთა" უწინარეს იკითხება.


18. მავანნი, არ ასრულებენ რა მცნებებს, ფიქრობენ, რომ მართლად სწამთ, მავანნი კი, ასრულებენ რა, სასუფეველს მოელიან, როგორც კუთვნილ საზღაურს, მაგრამ ორივენი ჭეშმარიტებისგან გადაცთომილნი არიან.


19. ბატონისგან არ ივალდებულება საზღაური მონებისადმი. ამასთან, ვერც უღირსი მონები მოიპოვებენ თავისუფლებას.


20. თუ, თანახმად წერილისა, ქრისტე ჩვენს გამო მოკვდა, და თუ ვცოცხლობთ არა ჩვენი თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც ჩვენს გამო მოკვდა და აღდგა (II კორ. 5.15), ცხადია, ვალდებულნი ვართ სიკვდილამდე ვემონებოდეთ კიდეც მას. ან კი როგორ უნდა ვრაცხდეთ ღვთისშვილობას ვით კუთვნილ საზღაურს?


21. ქრისტე მეუფეა როგორც არსობრივად, ასევე განგებულებითად, რადგან მან, ერთი მხრივ, არარსებულნი დაგვბადა, მეორე მხრივ კი ცოდვით მკვდარნი თავისი სისხლით გამოგვისყიდა და ამგვარად მორწმუნეებს მადლი მოგვანიჭა.


22. როდესაც გესმის წერილის სიტყვები, რომ უფალი საქმეთაებრ მიუზღავს ყველას (ფს. 61.13), იგულისხმე არა საქმენი - გეჰენიისა თუ სასუფევლის ღირსნი, არამედ საქმენი მისდამი ურწმუნოებისა თუ რწმენისა, რასაც ქრისტე შესაბამისად აუნაზღაურებს ყველას, თუმცა არა როგორც ნივთებით თანამოვაჭრე, არამედ როგორც ღმერთი - ჩვენი შემქმნელი და გამომსყიდველი.


23. რომლებიც ღირსნი გავხდით ახალშობის ემბაზისა, კეთილ საქმეებს გავცემთ არა სანაცვლო მისაგებელად, არამედ ჩვენდამი მონიჭებული სიწმინდის დასაცველად.


24. ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების კვალობაზე აღვასრულებთ, უკეთურისგან განგვარიდებს, მაგრამ სიწმინდე რომ შეგვმატოს, მადლის გარეშე არ ძალუძს.


25. მმარხველი განეშორება ნაყროვანებას, უპოვარი - ანგარებას, მემყუდროე - მრავალსიტყვაობას, განწმენდილი - სიამეთმოყვარეობას, უმწიკვლო - სიძვას, თვითკმარი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - მშფოთვარებას, მდაბალი - ცუდმედიდობას, მორჩილი - მოდავეობას, თვითგამკიცხველი - პირმოთნეობას. ამგვარადვე, მლოცველი განეკრძალვის უიმედობას, ღარიბი - მომხვეჭელობას, აღმსარებელი - სარწმუნოების უარყოფას, მოწამე - კერპთთაყვანისმცემლობას. ხედავ, როგორაა, რომ ყველა ის სათნოება, რაც ვიდრე სიკვდილამდე მოიღვაწება, სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა განშორება ცოდვისაგან? ცოდვისგან განშორება კი ბუნების საქმეა და არა გადასახადი სასუფევლისთვის.


26. ადამიანი გაჭირვებით იცავს მისთვის ბუნებრივს, ქრისტე კი ჯვრის მიერ ღვთისშვილობას ანიჭებს მას.

27. არსებობს ნაწილობრივი მცნება და არსებობს სხვა - ყოვლისმომცველი, რადგან უფალი, ერთი მხრივ, ბრძანებს, რომ ნაწილობრივ მივუბოძოთ არასმქონეს (ლკ. 3.11), მეორე მხრივ კი გვამცნებს, რომ განვეშოროთ მთელ ქონებას (ლკ. 14.33).


28. არსებობს მოქმედება მადლისა, რაც უცნობია სულიერად ჩვილთათვის, და არსებობს მოქმედება უკეთურებისა, ჭეშმარიტებას მიმსგავსებული, თუმცა სჯობს ნურც შევეტკბობით მათ (რადგან იქნებ საცთურია) და ნურც შევაჩვენებთ (რადგან იქნებ ჭეშმარიტებაა), არამედ ყოველივე სასოებით განვუკუთვნოთ უფალს, რადგან სწორედ მან უწყის სარგებელი ორივე მათგანისა.


29. ვისაც სურს გონითი ზღვის გადალახვა, ამგვარი ვინმე სულგრძელებას იჩენს, თავმდაბლობს, მღვიძარებს, მმარხველობს, ხოლო თუ ვინმე ამ ოთხის გარეშე შეეცდება შევიდეს ზემორე ზღვაში, იშფოთებს გულით, გადალახვას კი ვერ შეძლებს.


30. მყუდროება ესაა უკეთურებათა მოკვეთა და თუნდაც რომ ზემოხსენებული ოთხი სათნოებაც შესძინოს მან თავის ლოცვას, ვერაფერი იქნება მისთვის მყუდროებაზე უფრო სწრაფი შემწე უვნებობისკენ.


31. შეუძლებელია მყუდროება გონებისა სხეულის გარეშე, არცთუ ამათ შორის აღმართული "შუაკედელი" დაირღვევა მყუდროებისა და ლოცვის გარეშე (შდრ. ეფეს. 1.14).


32. ხორცის გულისთქმა საწინააღმდეგოა სულისა, ხოლო სულის გულისთქმა - ხორცისა (გალ. 5.17), სულით მავალნი კი ხორცის გულისთქმას არ აღასრულებენ (გალ. 5.17).


33. არ არსებობს სრულყოფილი ლოცვა გონითი ხმობის გარეშე, ხოლო როდესაც განუწყვეტლივ ღაღადებს აზრი, შეისმენს უფალი.


34. განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო შემუსვრილი და დამდაბლებული გული უფლისგან უგულებელყოფილი არ იქნება (ფს. 50.19).


35. ლოცვაც სათნოებად ითქმის, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა სათნოებათა დედა, რადგან შობს მათ ქრისტესთან თანაშერთვის შედეგად.


36. რასაც კი ლოცვისა და კეთილი სასოების გარეშე ვაკეთებთ, მოგვიანებით საზიანო და არასრულყოფილი აღმოჩნდება.


37. როდესაც მოისმენ, რომ უკანასკნელნი პირველნი იქნებიან, პირველნი კი უკანასკნელნი (მთ. 19.30), სათნოებათა წილმქონეებად და სიყვარულის წილმქონეებად გაიაზრე ისინი, რადგან სიყვარული რიგის მიხედვით უკანასკნელია სათნოებათა შორის, მაგრამ ღირსების მიხედვით გვევლინება ყველაზე პირველი, უკანასკნელებად გამოაჩინებს რა მის წინამორბედებს.


38. თუ ლოცვისას მოწყინება დაგეუფლება, ანთუ მრავალგვარად დაითრგუნები ბოროტებისგან, გაიხსენე აღსასრული და მწარე სასჯელნი, უმჯობესია კი, რომ ლოცვითა და სასოებით შეეტკბო ღმერთს (ფს. 72.28), ვიდრე ის, რომ გარეგანი გახსენებანი აღძრა, თუმცა კი სასარგებლონი არიან.


39. ვერცერთი სათნოება ცალკე აღებული ვერ იქნება გამხსნელი ჩვენი ბუნებითი კარისა, თუ ყველა მათგანი თანამიმდევრულად არ დაექვემდებარება ერთიმეორეს.


40. არ არის მმარხველი ის, ვინც გულისზრახვებით იკვებება, რადგან თუნდაც რომ სასარგებლო იყოს ეს გულისზრახვები, სასოებაზე უფრო სასარგებლო ვერ იქნება.


41. სასიკვდილოა ყველა ის ცოდვა, რაც მოუნანიებელია, და თუნდაც მათზე წმინდანმა ილოცოს მავანის გამო, შესმენილი არ იქნება.


42. მართლად მონანული თავის ღვაწლს ისე როდი რაცხს, როგორც სანაცვლოს თავისი ძველი ცოდვებისას, არამედ ამ ღვაწლის გზით ღმერთს იმადლიერებს იგი.


43. თუკი ვალდებულნი ვართ, რომ დღიურად აღვასრულებდეთ, რაც კი რამ კარგი აქვს ჩვენს ბუნებას, ადრე ჩადენილ ბოროტებათა სანაცვლოდ რაღა გადავუხადოთ ღმერთს?


44. რაოდენი სიჭარბითაც არ უნდა აღვასრულებდეთ სათნოებას დღეს, ეს ყოველივე ჩვენი წარსული უმოქმედობის სამხილია და არა მათი სანაცვლო გადასახადი.


45. გონებით შეჭირვებული და ხორცით შვებული მსგავსია სხეულით შეჭირვებულისა და გონებით განცხრომილისა.


46. ორივემხრივ ნებსითი შეჭირვებულობა შეეწევა ურთიერთს, კერძოდ, გონებისმიერი - ხორციელს, ხორცისმიერი კი - გონებისეულს, რადგან მათი თანაშერთულობა კიდევ უფრო სამძიმოა.


47. დიდი სათნოებაა მოწევნულთა დათმენა და მოძულე მოყვასის სიყვარული, თანახმად უფლის სიტყვისა (მთ. 5.44).


48. პირუთვნელი სიყვარულის ნიშანია შეურაცხყოფათა შენდობა, რადგან უფალმაც ამგვარადვე შეიყვარა სოფელი.


49. შეუძლებელია გულით შევუნდოთ ვინმეს შეცოდებანი ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, რადგან სწორედ ჭეშმარიტი ცოდნა გვიმჟღავნებს, რომ ესა თუ ის მოსაწევარი კუთვნილია ყველა ჩვენგანისთვის.


50. არაფერს დაკარგავ იმისგან, რასაც მიუტევებ უფლის გამო, რადგან შესაბამის დროს მრავალჯერადად დაგიბრუნდება.


51. როდესაც გონება კეთილმსახურების მიზანს ივიწყებს, მაშინ სათნოების გარეგნული მოქმედებაც უსარგებლო ხდება.


52. თუ ყველა ადამიანისთვის მავნებელია ბოროტად ბჭობა, რაოდენ უფრო - იმათთვის, რომლებმაც ცხოვრების მკაცრი წესი ირჩიეს?


53. საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო.


54. კეთილმსახურების გამო გაწეულ შრომას მოჰყვება შეწევნა, ეს კი საცოდნელია ღვთის რჯულისა და სინდისის შედეგად.


55. მავანმა მიიღო მოძღვრება და განუსჯელად ითვისა იგი, მავანმა კი მიიღო და ჭეშმარიტებას შეუწამა. საძიებელია, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო კეთილმსახურებითად.


56. ჭეშმარიტი ცოდნა ესაა სამწუხაროთა დათმენა და არდადანაშაულება ადამიანებისა საკუთარ უბედურებებში.


57. სიკეთის მოქმედი და საზღაურის მაძიებელი ადამიანი მონაა არა უფლისა, არამედ საკუთარი ნებისა.


58. ვერ გაექცევა შემცოდე მისაგებელს, თუ არა ცოდვის შესაბამისი სინანულის შედეგად.


59. მავანნი ამბობენ, რომ არ ძალგვიძს სიკეთის კეთება, თუ ქმედითად არ მივიღებთ სულიწმინდის მადლს.


60. ისინი, რომლებიც საკუთარი არჩევანით სიამეებს ექვემდებარებიან, მუდამჟამს უარს ამბობენ შესაძლებელზე როგორც შეუწევნელზე.


61. მადლი ქრისტეს მიერ ნათელღებულებს საიდუმლოდ ენიჭებათ, მოქმედებს კი ეს მადლი მცნებათა აღსრულების შესაბამისად. ამიტომ, ერთი მხრივ, მადლი არ წყვეტს ფარულად შეწევნას ჩვენსას, მეორე მხრივ კი ჩვენზეა დამოკიდებული ძალისამებრ სიკეთის ქმნა.


62. იგი უპირველესად ღვთისმშვენად აღადგენს სინდისს, რითაც ბოროტმოქმედნიც კი, შეინანეს რა, ღმერთს ესათნოვნენ.


63. კიდევ, დაფარულია იგი მოყვასის შეგონებებში, ზოგჯერ კი კითხვისას მოედევნება აზრს და ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად თავის ჭეშმარიტებაში განსწავლის გონებას. ამიტომ, თუ არც ამ ნაწილობრივი კანონზომიერების ტალანტს დავფარავთ, დანამდვილებით შევალთ უფლის სიხარულში (მთ. 25.14-30).


64. ვინც მცნებათა აღსრულების უწინარეს ეძიებს სულიწმინდის მოქმედებებს, ამგვარი ვინმე ჰგავს ფულზე ნაყიდ მონას, რომელიც ყიდვისთანავე იმას ეძიებს, რომ მისთვის გადახდილ თანხასთან ერთად თავისუფლებაც გამოუწერონ მას.


65. ვინც აღმოაჩინა, რომ გარეგანი შემთხვევები ღვთის სამართლიანობის შესაბამისად მოიწია მასზე, ამგვარ ვინმეს უფლის ძიებისას მოუპოვებია ცოდნაც სამართლიანობითურთ (შდრ. იგავ. 16.8).


66. თუკი შეიცნობ, რომ, თანახმად წერილისა, მთელ ქვეყანაზეა ღვთის სამართალნი (I ნეშტთა 16.14; ფს. 104.7), ყველა შემთხვევა ღვთისმცოდნეობის მასწავლებლად გაგიხდება შენ.


67. თითოეულის შეხედულებისამებრ ხდება შეხვედრა კუთვნილთან, ხოლო შესატყვისი მოსაწევარის ნაირგვარობა მარტოოდენ ღმერთმა უწყის.


68. როდესაც რაღაც შეურაცხყოფას განიცდი ადამიანებისგან, მყისვე იმ დიდებისთვის განკუთვნილ მოსაწევრად ჩათვალე, ღვთისგან რომ მიიღებ, და ამ გზით შეურაცხყოფის ჟამს დაუმწუხრებელი და უშფოთველი იყავი, ხოლო დიდების ჟამს, როდესაც მოიწევა იგი, - მორწმუნე და არამგმობელი.


69. როდესაც, ღვთის სათნოჩენით, შექებული იქნები მრავალთაგან, ნურაფერს თავის გამოსაჩენს ნუ შეურთავ საუფლო განგებულებას, რომ კვლავ ცვლილება არ განიცადო და საპირისპიროში არ ჩავარდე.


70. თესლი არ გაიზრდება მიწისა და წყლის გარეშე, და ადამიანიც სარგებელს ვერ მიიღებს ნებაყოფლობითი შრომისა და საღვთო შეწევნის გარეშე.


71. შეუძლებელია ღრუბლის გარეშე გადმოდინება წვიმისა, ისევე როგორც - კეთილი სინდისის გარეშე ღვთისადმი სათნოყოფა.


72. ნუ შეწყვეტ სწავლას, თუნდაც რომ მეტად გონიერი იყო, რადგან განგებულება ღვთისა ჩვენს გონიერებაზე მეტად სასარგებლოა.


73. როდესაც გემოთმოყვარეობითი რამ ვნება გულს გამოიზიდავს მოღვაწეობის ადგილიდან, მაშინ ეს გული, დაღმართში დაქანებული უმძიმესი ქვისებრ, ძნელად შესაკავებელი ხდება.


74. ისევე როგორც ბალახს მიდევნებული გამოუცდელი ხბო კლდეებით გარსმოვლებულ ადგილას აღმოჩნდება, ამგვარადვე ემართება აზრებისგან თანდათან შორს გატყუებულ სულს.


75. როდესაც უფლის მიერ გამხნევებული გონება თავის სულს განაშორებს ძველი ვნებადი ჩვეულებისგან, მაშინ გული ამ გონებისა და ვნებისგან ისე იტანჯება, როგორც ჯალათებისგან, რადგან აქეთ და იქით ეწევიან მას.


76. ისევე როგორც ზღვაში მცურავნი სარგებლის იმედით წადიერად დაითმენენ მზის მცხუნვარებას, ამგვარადვე ბოროტების მოძულენიც მხილების მოყვარულნი არიან, რადგან წინააღმდეგობას უწევს, ერთი მხრივ, მზე ქარებს, მეორე მხრივ კი მხილება ვნებებს.


77. ისევე როგორც "ზამთარში ან შაბათ დღეს გაქცევა" (მთ. 24.20) სიმძიმილია ხორცისთვის და ბილწება - სულისთვის, ამგვარადვეა ვნებათაღძრულობა დაბერებულ სხეულში და განწმენდილ სულში.


78. არავინაა იმგვარად კეთილი და მოწყალე, როგორც უფალი, მაგრამ შეუნანებელს არც ის შეუნდობს.


79. ბევრი ჩვენგანი წუხს ცოდვათა გამო, მაგრამ ცოდვათმიზეზებს წადიერად განიკუთვნებს.


80. თხუნელას, რომელიც ბრმაა და მიწაში დაძვრება, არ შეუძლია ვარსკვლავების დანახვა. ასევე, ვინც ურწმუნოა ჟამიერთათვის, არც მარადიულთა შესახებ ექნება მას რწმენა.


81. მადლზე წინ ებოძათ ადამიანებს ღვთისგან მადლი - ჭეშმარიტი ცოდნა, რაც იმას ასწავლიდა ცოდნის მიმღებთ, რომ მბოძებლისადმი ჰქონოდათ რწმენა ყოვლის უწინარეს.


82. როდესაც მცოდველი სული მასზე მოწევნულ შეჭირვებებს არ შეიწყნარებს, მაშინ ანგელოზები მის შესახებ ასე ამბობენ: "ვკურნებდით ბაბილონს და არ განიკურნა" (იერ. 51.9).


83. ჭეშმარიტი ცოდნის დამვიწყებელი გონება ადამიანებს ისე უსაბუთებს უკეთურებას როგორც სარგებლობის მომტანს.


84. ისევე როგორც არ ძალუძს ცეცხლს დაახანოს წყალში, ასევე არც უკეთურ აზრს - ღვთისმოყვარე გულში. ამიტომ, ყველა ღვთისმოყვარე ადამიანი ღვაწლისმოყვარეცაა, ხოლო ნებსითი ღვწა ბუნებით არის გემოთმოყვარეობის მტერი.


85. ვნება ჯერ საქმით ჰპოვებს საძოვარს ადამიანში ნებაყოფლობითი დაშვების შედეგად, შემდეგ კი მძლავრებითად აუზვავდება იგი მასთან თანაზიარს, თუნდაც რომ არ სურდეს ამ უკანასკნელს.


86. უნებლიე აზრების მიზეზები გვიყვარს და ამიტომაც მოიწევიან ისინი ჩვენზე, ნებაყოფლობითი აზრებისა კი, ცხადია, საქმენიც გვიყვარს.


87. სიამაყე და ამპარტავნება მგმობელობის მიზეზებია, ხოლო ვერცხლისმოყვარეობა და ცუდმედიდობა - ულმობლობისა და პირფერობისა.


88. როდესაც ნახავს ეშმაკი, რომ გულიდან ილოცა გონებამ, მაშინვე დიდ და ბოროტად ნახელოვნებ განსაცდელებს მოაწევს მასზე, რადგან მცირე სათნოებათა აღმოსაფხვრელად დიდ თავდასხმებს არ იზრახავს იგი.


89. გახანგრძლივებული აზრი ააშკარავებს ადამიანის ვნებისმოყვარეობას, მყისვე აღმოფხვრილი კი მოასწავებს ბრძოლასა და წინააღმდეგობას.


90. სამი გონითი ადგილი არსებობს, რომლებშიც ცვალებადობის შედეგად შედის გონება: ბუნებითი, ბუნებაზე აღმატებული და ბუნების გარეგანი. როდესაც კი ბუნებითში შედის იგი, ჰპოვებს თავის თავს უკეთური აზრების მიზეზად და უწყის რა ვნებათა მიზეზები, აღსარებას წარმოთქვამს ღვთის წინაშე. მეორე მხრივ, როდესაც ბუნების გარეგანში აღმოჩნდება იგი, ივიწყებს ღვთის სამართლიანობას და ებრძვის ადამიანებს როგორც თითქოსდა მის შეურაცხმყოფლებს. მაგრამ როდესაც ზებუნებრივში აიყვანება იგი, ჰპოვებს სულიწმინდის ნაყოფთ, რომლებიც თქვა მოციქულმა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა და ა. შ. (გალ. 5.22). ამასთან ისიც იცის, რომ თუკი უპირატესობას მიანიჭებს ხორციელ საწუხარს, იქ დარჩენას ვერ შეძლებს, ამ ადგილიდან განშორებული კი ვარდება ცოდვაში და ცოდვას მოდევნებულ საშინელ უბედურებებში, თუმცაღა არა მაშინვე, არამედ შესაბამის დროს, როგორც უწყის ეს ღვთის სამართლიანობამ.


91. თითოეული ჩვენგანის ცოდნა იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც განამტკიცებს მას სიმშვიდე, თავმდაბლობა და სიყვარული.


92. მართლმადიდებლურად მონათლულმა ყველა ადამიანმა საიდუმლოდ მიიღო მთელი მადლი, სრულ დარწმუნებულობას კი ყოველი ჩვენგანი იღებს შემდეგ, მცნებათა აღსრულების შესაბამისად.


93. მცნება ქრისტესი, სინდისიერად აღსრულებული, გულის წუხილთა სიმრავლის კვალობაზე ნუგეშისცემასაც იძლევა, თუმცა წუხილიც და ნუგეშიც შესაბამის ჟამს მოიწევა.


94. ყველა საქმეში მუდამჟამს ვედრებას აღავლენდე, რადგან არაფერი აღესრულება ღვთის შემწეობის გარეშე.


95. არაფრია ლოცვაზე უფრო ძლიერმოქმედი, და არც მასზე უფრო სასარგებლო ღვთის სათნოყოფისათვის.


96. მცნებათა ყოველგვარი აღსრულება მასშია შემოკრებილი, რადგან არაფერია ღვთის სიყვარულზე აღმატებული.


97. განუბნეველი ლოცვა ხანგრძლივმლოცველის ღვთისმოყვარეობის მომასწავებელია, ხოლო ლოცვისადმი უყურადღებობა და განბნეულობა ნიშანია გემოთმოყვარეობისა.


98. შეუჭირვებლად მღვიძარე, სულგრძელი და მლოცველი ადამიანი თვალნათლივ წარმოჩნდება სულიწმინდის თანაზიარად, თუმცა ამათში შეჭირვებული და მაინც ნებსით დამთმენი, - ისიც, - მალევე მიემთხვევა შეწევნას.


99. დასაბუთებულია, რომ მცნება მცნებას აღემატება. ამიტომ, რწმენაზე უმტკიცესი რწმენაც იპოვება.


100. არსებობს რწმენა მოსმენის გზით, თანახმად მოციქულისა (რომ. 10.17), და არსებობს რწმენა - შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ. 11.1).


101. კარგია სიტყვით ვარგოთ იმათ, რომლებიც გვეკითხებიან, მაგრამ უმჯობესია ლოცვითა და სათნოებით შევეწიოთ მათ, რადგან ვინც ამათ მიერ სწირავს თავის თავს ღმერთს, ღვთისგან მიღებული შემწეობის გზით შეეწევა თავის მოყვასსაც.


102. თუ გსურს, რომ მოკლე სიტყვით არგო სწავლისმოყვარეს, უჩვენე მას მლოცველობა, მართალმორწმუნეობა და მოსაწევართა დამთმენლობა, რადგან მართლაც ყველა სიკეთე ამათგან მოიპოვება.


103. რაზეც მავანმა სასოება აჩვენა ღვთისადმი, მასზე იგი მოყვასთან აღარ იბრძოლებს.


104. თუკი ყველაფერს არანებსითს ნებსითისგან აქვს მიზეზი, თანახმად წერილისა, მაშ არავინაა ადამიანის მტერი იმდენად, რამდენადაც თავად არის თავისი თავისთვის.


105. ყოველგვარ უკეთურებას წინ უძღვის უმეცრება, ხოლო მის შემდეგ მეორეა ურწმუნოება.


106. თავი დააღწიე განსაცდელს მოთმინებისა და ლოცვა-ვედრების გზით, ხოლო თუ ამათ გარეშე შეეწინააღმდეგები, უფრო მეტად დაგესხმის თავს.


107. საღვთო სიმშვიდის მქონე ბრძენთა უბრძნესია, გულით მდაბალი კი - მძლავრთა უმძლავრესი, ამიტომაც, ცოდნისმიერად ატარებენ ისინი ქრისტეს უღელს.


108. რასაც კი ლოცვის გარეშე ვამბობთ ან ვაკეთებთ, ეს ყოველივე შემდეგში ან მცდარი აღმოჩნდება ან საზიანო და საქმეთა მიერ გვამხილებს ჩვენ ჩვენდა შეუცნობლად.


109. საქმეთაგან, სიტყვათაგან და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი, ხოლო სარწმუნოებისგან, მადლისგან და სინანულისგან მრავალი გამართლებულა.


110. ისევე როგორც უცხოა მონანულისთვის ამპარტავნება, ასევე შეუძლებელია ნებსით მცოდველისთვის თავმდაბლობა.


111. მდაბალცნობიერება ესაა არა სინდისის გმობა, არამედ შეცნობა ღვთის მადლისა და თანალმობისა.


112. რაც არის ნივთიერი სახლი ზოგადი ჰაერისთვის, იგივეა მოაზროვნე გონება საღვთო მადლისთვის. რაც მეტ ნივთს გაყრი სახლიდან, იმდენად მეტად შემოვა ჰაერი, და რაც მეტ ნივთს შემოიტან, მით მეტად შემცირდება იგი.


113. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუდმედიდობა და გემოთმოყვარეობა.


114. სიფართოვე გულისა სასოებაა ღვთისადმი, მისი სივიწროვე კი ხორციელი საზრუნავი.


115. ერთია და უცვალებელი მადლი სულიწმინდისა, მოქმედებს კი თითოეულში, როგორც ნებავს.


116. ისევე როგორც მიწაზე დადენილი წვიმა მცენარეებს მათთვის ბუნებრივ თვისებას მიუბოძებს, კერძოდ ტკბილებს სიტკბოს, მწარეებს კი სიმწარეს, ამგვარადვე მადლიც, მორწმუნეთა გულებზე ცვალებადობის გარეშე მიტყორცნილი, სათნოებათა შესაბამის მოქმედებებს მიჰმადლებს მათ.


117. ეს მადლი ქრისტესთვის მშიერს საზრდოდ უხდება, მწყურვალს - უტკბილეს სასმელად, სამოსელშემოძარცულსა და დამაშვრალს - მოსვენებად, მლოცველს - გულსავსეობად და მგლოვიარეს - ნუგეშისცემად.


118. როდესაც მოისმენ წერილის სიტყვას სულიწმინდის შესახებ, რომ "დაჯდა იგი სათითაოდ ყოველ მოციქულზე" (საქ. 2.3), ანდა, რომ დაეშვა წინასწარმეტყველზე (I მფ. 11.6; 16.13) ანდა, რომ მოქმედებს (I კორ. 12.11), რომ შეწუხებულია (ეფეს. 4. 30), რომ ცხრება (I თეს. 5. 19), რომ მრისხანდება (საქ. 17.16), აგრეთვე იმას, რომ ზოგს დასაბამი აქვს სულიწმინდისა (რომ. 8.230, ზოგი კი სავსეა მისით (საქ. 2.4; 4.8; 6.3; 6.4), ნუ იფიქრებ, რომ სულიწმინდა რაიმეთი განიყოფება, ან იცვლება, ან გარდაიქმნება, არამედ გწამდეს იმგვარად, როგორც გვითქვამს, რომ უცვლელია იგი, გარდაუქმნელია და ყოვლადძლიერი, რის გამოც თავის მოქმედებებში იმადაც რჩება, რაც არის, და ამავე დროს თითოეულს ღვთისმშვენად მიჰმადლებს ჯეროვანს, რადგან იგი, მზის მსგავსად, ერთი მხრივ სრულად არის გადაღვრილი ნათელღებულებზე, მეორე მხრივ კი ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად იმისა, თუ რაოდენ მოვიძულებთ და აღმოვფხვრით ჩვენგან ჩვენს დამაბნელებელ უკეთურებებს, სულიწმინდისვე მიერ ვნათლდებით, მაგრამ, ამასთან, რაოდენ შევიყვარებთ ხსენებულ უკეთურებებს, ვბნელდებით.


119. ვისაც სძულს ვნებები, აღმოფხვრის კიდეც მათ მიზეზებს, ხოლო ვინც ამ მიზეზებში მკვიდრობს, ვნებები ებრძვიან მას, თუნდაც რომ არ სურდეს.


120. როდესაც უკეთური გულისზრახვებისგან ვიმართებით, ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ და არა მამისეული ცოდვა.


121. გულისზრახვათა მიზეზები გარეგანი უკეთურებანია, რომელთათვისაც ყოველჟამს თავს გამოვიდებთ ხოლმე.


122. შეუძლებელია გონებითად შევემსჭვალვოდეთ ვნებას და არ გვიყვარდეს მისი მიზეზები.


123. მართლაც, ვინ იქნება ისეთი, რომ სძულდეს სირცხვილი და შეემსჭვალვოდეს ცუდმედიდობას? ან ვინ იქნება, რომ უყვარდეს თავისი თავის არად ჩაგდება და აშფოთებდეს შეურაცხყოფა, ანდა, რომ შემუსვრილი და დამდაბლებული გული ჰქონდეს და ხორცის სიამეს განიკუთვნებდეს, ან კიდევ ქრისტე სწამდეს და ამავე დროს წუთიერთა გამო წუხდეს და მათთვის ბრძოლობდეს?


124. ვინც მავანისგან უგულებელყოფილი ხდება, თვით კი არც სიტყვით, არცთუ აზრით არ ექიშპება უგულებელმყოფელს, მოპოვებული აქვს მას სრული ცოდნა და მტკიცე რწმენას წარმოუჩენს მეუფეს.


125. "ცრუ არიან ადამიანთა ძეები უსამართლობის სასწორთა შორის" (ფს. 61.10), მაშინ როცა ღმერთი თითოეულს საკადრისს განუკუთვნებს.


126. თუკი არც უსამართლოდ მოქმედს უნარჩუნდება ნაჭარბევი, არცთუ უსამართლობის მსხვერპლს აქვს სინაკლულე, მაშ, "ხატებაში მიმოდის რა ადამიანი, ამაოდღა შფოთავს" (ფს. 38. 7).


127. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სიმწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს.


128. სხეულებრივ სიამეებში ჯეროვანზე მეტად შვებული ასმაგი შეჭირვებით ზღავს ნაჭარბევს.


129. გამგებელი ვალდებულია უთხრას ხელქვეითს, რაც ევალება, ხოლო თუ იგი არ მოუსმენს, წინდაწინ აუწყოს მოსალოდნელ უბედურებათა შესახებ.


130. მავანისგან შეურაცხყოფილი და თავისი შეურაცხმყოფლისთვის სამაგიეროს მიზღვის უარმყოფელი იმავე ზომით არის მორწმუნე ქრისტესი და, ერთი მხრივ, ასწილად იღებს საზღაურს ამ საუკუნეში, მეორე მხრივ კი საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს.


131. ხსოვნა ღვთისა ესაა გარჯილობა გულისა ღვთისმსახურებისთვის, ხოლო ვინც ღმერთს ივიწყებს, სიამტკბილობს და უტკივილოა.


132. ნუ ამბობ, რომ ვინც უვნებოა, არ ძალუძს მას შეჭირვების განცდა, რადგან თუმცაღა თავისი თავის გამო არა, მაგრამ მოყვასის გამო ვალდებულია, რომ შეიჭირვებდეს.


133. როდესაც მტერი დავიწყებულ ცოდვათა ბევრ ხელწერილს მოიპოვებს, მაშინ აიძულებს იგი ცოდვათმოვალეს, რომ დაუვიწყებლადაც ჩაიდინოს იგივე, გონივრულად იყენებს რა მის მიმართ ცოდვის რჯულს.


134. თუ გსურს, რომ ყოველჟამს გახსოვდეს ღმერთი, ნუ განირიდებ მოსაწევარს როგორც თითქოსდა უსამართლოს, არამედ დაითმინე ყველა მათგანი როგორც სამართლიანად მოწევნილი, რადგან მოთმინება თითოეული შემთხვევის კვალობაზე ხსოვნას აღძრავს ღვთისას, მაშინ როცა მათი აცილება ასუსტებს გულის გონისეულ მცნობელობას და მოშვებულობის შედეგად დავიწყებას წარმოქმნის.


135. თუ გსურს, რომ ღმერთმა დაფაროს შენი შეცოდებანი (შდრ. ფს. 31.1), ნუ გაამჟღავნებ კაცთა წინაშე, თუკი რამ გაქვს სათნოება, რადგან რასაც ჩვენეულ სათნოებათა მიმართ ვმოქმედებთ ჩვენ, იმავეს მოქმედებს ღმერთი ჩვენეულ ცოდვათა მიმართ.


136. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც სამართლიანობის აღმსრულებელი, რადგან სამართლიანობა არის არა მხოლოდ ის, რომ დაფარო სიკარგე, არამედ აგრეთვე ის, რომ საერთოდ არ იფიქრო არაჯეროვანზე.


137. გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც კარგს გაუკეთებ ვინმეს, არამედ მაშინ, როდესაც ძვირუხსენებლად დაითმენ იმ წინააღმდეგობას, შენს კეთილ საქმეს რომ მოჰყვება, რადგან ისევე როგორც ღამეები მოსდევს დღეებს, ამგვარადვე მოსდევს ბოროტებანი კეთილ საქმეებს.


138. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შეუბღალავი დარჩეს კეთილი საქმე, თუკი პირველ რიგში მათ არ დასცემს ღვთის შიში.


139. არანებაყოფლობით სატკივრებში ღვთის წყალობა იფარება, რადგან სინანულისკენ იზიდავს ტკივილში მყოფს და ათავისუფლებს მას საუკუნო სატანჯველისგან.


140. ერთნი მცნებათა აღსრულებისას მოელიან, რომ ამას დაუდებენ სასწორის მეორე მხარეს საკუთარ ცოდვებს, სხვანი კი ამ გზით ჩვენი ცოდვებისთვის მკვდარ უფალს იმადლიერებენ. საძიებელია, ამათგან რომელს აქვს მართებული აზროვნება.


141. გეჰენიის შიში და სასუფევლისადმი ტრფობა გვანიჭებს ჩვენ სამწუხაროთა დათმენის ძალას, თუმცა ეს გვეძლევა არა ჩვენი თავისგან, არამედ მისგან, ვინც უწყის ჩვენეული გულისზრახვები.


142. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს განუკითხველად განუდგება, ხოლო ვინც ურწმუნოა, სიამეთმოყვარეა იგი და უვაებო.


143. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი გემოთმოყვარეობას, როდესაც საამისო საშუალება არა აქვს. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია კიდევ მეტი უბადრუკებით გემოთმოყვარეობდეს ვინმე თავის გულისზრახვებში.


144. სხვა არის ცოდნა საგანთა შესახებ და სხვა - შემეცნება ჭეშმარიტებისა. რამდენადაც მთვარეს აღემატება მზე, იმდენად უფრო სასარგებლოა პირველთან შედარებით მეორე.


145. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად შეგვეძინება, ხოლო ჭეშმარიტების შემეცნება - თანაშეზომილად ქრისტესადმი სასოებისა.


146. თუ გსურს ცხონება და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლა (I ტმ. 2.4), ეცადე ყოვლითურთ აღემატო გრძნობადს და მხოლოდღა სასოების მიერ შეეტკბო ღმერთს, რადგან ამ სახით შენდა უნებურად ამა სოფლისგან მიდრეკილი ჰპოვებ იმათ, თავდასხმების გზით შენ რომ გებრძვიან. ესენია "მთავრობანი და ხელმწიფებანი", ხოლო დაამარცხებ რა ამ ძალებს და კვლავაც დარჩები რა კეთილმსასოებელი, გექნება მადლი ღვთისა, რაც გადაგარჩენს სამომავლო რისხვისგან.


147. ვინც გულისხმაყოფს წმინდა პავლესგან საიდუმლოდ თქმულს, რომ, როგორც ამბობს, ჩვენი ბრძოლა მიმართულია უკეთურების სულთა წინააღმდეგ (ეფეს. 6.12), ამგვარი ვინმე შეიცნობს უფლის იგავსაც, რაც უფალმა თქვა სწორედ იმაზე, რომ გვმართებს მუდამჟამს ლოცვა და გარიდება ბოროტი საქმისგან (შდრ. ლ. 18.1).


148. რჯული სახისმეტყველებითად ბრძანებს, რომ ექვს დღეს ვსაქმობდეთ და მეშვიდე დღეს ვისვენებდეთ (გამოსლ. 20.9). ეს იმიტომ, რომ სულის საქმეა ქონების ანუ სიმდიდრის გზით ქველმოქმედება, ხოლო ამავე სულის მოცალეობა და მოსვენება - ყველაფრის გაყიდვა და გლახაკებისთვის დარიგება, თანახმად უფლის სიტყვისა (მთ. 18.21), რომ იგი, უპოვარების მიერ მოსვენებული, გონითი სასოებით მოცალეობდეს. პავლეც იქითკენ გვასწრაფებს, რომ სწორედ ამ მოსვენებაში შევიდეთ მთელი გულმოდგინებით. ასე ამბობს იგი: "ვესწრაფოთ შესვლას იმ მოსვენებაში" (ებრ. 4.11).


149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ განვაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში. ეს ცხადყო უფალმაც, როდესაც თქვა: "ცათა სასუფეველი თქვენს შიგნითაა" (ლკ. 17.21). იგივე თქვა მოციქულმაც: 'არსებობს რწმენა - შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ" (ებრ. 11.1); კიდევ: "იმგვარად რბოდეთ, რომ მიაღწიოთ" (I კორ. 9.24); და კიდევ: "გამოსცადეთ თქვენი თავი, ხართ თუ არა რწმენაში; ანდა არ იცით, რომ იესუ ქრისტე მკვიდრობს თქვენში? და თუ არა, მაშ გამოუცდელნი ხართ" (II კორ. 13.5).


150. ვისაც შეუცვნია ჭეშმარიტება, არ ეწინააღმდეგება იგი სამძიმო შემთხვევებს, რადგან იცის, რომ ამგვარი შემთხვევები ღვთის შიშისკენ უძღვიან ადამიანს.


151. ძველი ცოდვები, წარმოდგენითად დამახსოვრებულნი, ზიანს აყენებენ კეთილმსასოებელს, რადგან თუ, ერთი მხრივ, მწუხარებით ხდება ამ ცოდვათა გაცოცხლება გონებაში, სასოებისგან განდგომას იწვევენ ისინი, ხოლო თუ, მეორე მხრივ, მწუხარების გარეშე წარმოგვესახებიან, კვლავ შემოაქვთ ძველი სიბილწე.


152. როდესაც გონება თავისი თავის უარყოფის გზით მოიპოვებს ურყევ სასოებას, მაშინ მტერი, თითქოსდა აღსარების საბაბით, წარმოუსახავს მას წარსულ უკეთურებებს, რომ ღვთის მადლით დავიწყებული ცოდვები კვლავ გააღვივოს და ფარულად ავნოს ადამიანს, რადგან მაშინ ეს ადამიანი, რომელიც უკვე გაცისკროვნებულია და ვნებათმოძულე, იძულებით დაბნელდება, თანააღირევა რა თავის ძველ შეცოდებებში, ხოლო თუ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ ბურუსშია იგი და ჯერაც გემოთმოყვარეა, უთუოდ გაიხანგრძლივებს წარსულის მოგონებას და ვნებიანად შეეტკბობა მტრის თავდასხმებს, ისე რომ არათუ აღსარება აღმოჩნდება ამგვარი გახსენება, არამედ ადრინდელის კვლავ გაცოცხლება.


153. თუ გსურს ღმერთს უძღვნა განუკიცხველი აღსარება, ნუ გაიხსენებ შეცოდებებს წარმოდგენითად, არამედ ახოვნად დაითმინე მათი მოძალებანი.


154. დამწუხრებანი ზედმოიწევიან წარსულ ცოდვათა გამო, თან მოაქვთ რა, ყოველი შეცოდებისთვის თვისობრივი რაც არის.


155. ჭეშმარიტების მცოდნე და მეუწყე არათუ ნამოქმედართა ხსოვნის გზით, არამედ შემოტევათა დათმენის კვალობაზე არის აღმსარებელი ღვთის წინაშე.


156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას.


157. მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც - სიამენი და ცუდმედიდობანი.


158. ყველა სხეულებრივი სიამე წინმსწრები მოშვებულობის შედეგია, ხოლო მოშვებულობას ურწმუნოება შობს.


159. ცოდვის ქვეშ მყოფს არ ძალუძს დასძლიოს სხეულებრივი აზროვნება. ამიტომაც, დაუცხრომელი და ნაწილებში ჩაბუდებული აგზნებულობა აქვს მას.


160. ვინც ვნებადია, მართებს მას ლოცვა და მორჩილება, რადგან ამათი შეწევნითაც კი ძნელად თუ ხერხდება ძველ ჩვევებთან ბრძოლა.


161. ვინც მორჩილებითა და ლოცვით ებრძვის თავის ნება-სურვილს, დახელოვნებული მოასპარეზეა, გრძნობადთა უარყოფის გზით თვალნათლივ გამაცხადებელი გონითი ბრძოლისა.


162. ვინც არ უსადაგებს თავის ნებას ღმერთს, ბრკოლდება იგი საკუთარ საქმეებში და მტრების ხელში ვარდება.


163. როდესაც ნახავ ორ უკეთურს, რომლებსაც ურთიერთისადმი სიყვარული აქვთ, უწყოდე, რომ ისინი ერთიმეორეს შეეწევიან მათთვის სასურველში.


164. თავმოთნენი და ცუდმედიდნი წადიერად შეეწყობიან ურთიერთს, რადგან თავმოთნე აქებს ცუდმედიდს, მონურად ქედმოხრილს, ცუდმედიდი კი განადიდებს თავმოთნეს, მუდმივად მის მაქებელს.


165. ღვთისმოყვარე მსმენელი ორივე მხრივ იღებს სარგებელს, რადგან, ერთი მხრივ, კეთილთა გამო შექებული უფრო მეტად მონდომებული ხდება, მეორე მხრივ კი, უკეთურებათა გამო მხილებული აუცილებლობას გრძნობს სინანულისას. ამასთან, გვმართებს ჩვენ, რომ ცხოვრებაც წარმატების კვალობაზე გვქონდეს და, ცხოვრების კვალობაზე, ვალდებულნი ვართ ლოცვებს ვწირავდეთ ღმერთს.


166. კარგია ძირითადი მცნების დაცვა და არა ცალკეულად ზრუნვა-წუხილი, ანთუ ცალკეულად ლოცვა, არამედ მხოლოდ ძიება სასუფევლისა და ღვთის სიტყვისა (მთ. 6.33), რადგან თუ თითოეული საჭიროებისთვის ვიზრუნებთ, ვალდებულნი ვიქნებით, რომ თითოელის გამო ვილოცოთ კიდეც, ვინაიდან ვინც ლოცვის გარეშე რაიმეს აკეთებს ან რაიმეზე ზრუნავს, ვერ მიდის იგი საქმის კეთილად დაბოლოებამდე. სწორედ ესაა, რაც უფალმა თქვა: "არ ძალგიძთ ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა"(ი.15.5).


167. ლოცვის მცნების უგულებელმყოფელს უფრო დაუშვებელი ურჩობანი ისაკუთრებენ, რადგან ერთი მეორეს გადასცემს მას როგორც ბორკილდებულს.


168. ვინც ამჟამინდელ შეჭირვებებს სამერმისო სიკეთეთა მოლოდინით იწყნარებს, ჭეშმარიტი ცოდნა ჰქონია მას მოპოვებული, ამგვარი ვინმე კი ადვილად გათავისუფლდება მრისხანებისა და სევდისაგან.


169. ვინც ჭეშმარიტების გამო ირჩევს გვემულებასა და უპატიობას, სამოციქულო გზით მიდის, აღებული აქვს რა ჯვარი და შემოდებული აქვს რა ჯაჭვი (მთ. 16.24; საქ. 28.20), ხოლო ვინც ამათ გარეშე ცდილობს მიაყურადოს თავის გულს, ცდება გონებით და ვარდება იგი ეშმაკის განსაცდელებსა და ხაფანგებში (I ტიმ. 3.7; 6.9).


170. არც უკეთური გულისზრახვები მიზეზების გარეშე, არცთუ მიზეზები გულისზრახვათა გარეშე არ დაუძლევია ოდესმე მათთან მებრძოლს ვისმე. მართლაც, როდესაც განცალკევებით განვიშორებთ ერთ რომელიმეს, სულ ცოტა ხანში მეორის მიერ კვლავაც ორივე მათგანში შთავეკვეთებით.


171. ვინც შეურაცხყოფისა და შერცხვენის შიშით ადამიანებს ებრძვის, ამგვარი ვინმე ან აქვე უჭარბესად მიიღებს შეურაცხყოფას მოსაწევართა მიერ, ან კიდევ მომავალ საუკუნეში დაისჯება შეუბრალებლად.


172. ვისაც სურს დახშოს ყველა ცუდი მოსაწევარი, ვალდებულია, რომ ლოცვის მიერ ღმერთს შეაწყნაროს თავისი საქმენი და გონითად მისდამი სასოებას ინარჩუნებდეს, ხოლო გრძნობადთა გამო ზრუნვას ძალისამებრ მოიძაგებდეს.


173. როდესაც ხედავს ეშმაკი ადამიანს, აუცილებლობის გარეშე ხორციელი სურვილებით დაკავებულს, უპირველესად სტაცებს მას ცოდნის მონაპოვარს, შემდეგ კი ღვთისადმი სასოებას, როგორც თავს, კვეთს მისგან.


174. თუკი ოდესმე ჰპოვებ წმინდა ლოცვის ზღუდემოვლებულ ადგილს, ნუ შეიწყნარებ მტრის მიერ სწორედ ამ დროს აღძრულ ცოდნას საგანთა შესახებ, რომ არ დაკარგო უფრო მეტი, რადგან უმჯობესია, რომ ლოცვის ისრებით განგმირო მტერი, სადღაც ქვევით ჩაკეტილი, ვინემ თანაშეეზრახო მას, რომელიც გთავაზობს რაღაც უბადრუკს და იმას ცდილობს, რომ შეგაწყვეტინოს სწორედ მის წინააღმდეგ ლოცა-ვედრების აღვლენა.


175. საგანთა ცოდნა სასარგებლოა ადამიანისთვის განსაცდელისა და მოწყინების ჟამს, მაგრამ ამავე ცოდნას ლოცვის ჟამს ზიანის მოტანა სჩვევია.


176. როდესაც წილად გხვდება ასწავლო უფლის შესახებ, არ გისმენენ კი, შეიჭირვე გონებით, მაგრამ გარეგნულად მშფოთვარებას ნუ მიეცემი, რადგან შეიჭირვებ რა, ამის გამო არ დაიგმობი იმასთან ერთად, ვინც არ გისმენს, მაგრამ მშფოთვარებას თუ მიეცემი, შენც განიცდები იმავე საქმით.


177. განმარტების ჟამს ნუ დაფარავ იმას, რაც დამსწრეთათვის დატევნადია, და მათთვის შესაფერისი უცხადესად გადმოეცი, ხოლო ძნელად აღსაქმელი - მინიშნებითად.


178. ვინც შენს მორჩილებაში არ არის, პირისპირ ნუ წარმოუჩენ მის ცთომილებას, რადგან ამგვარი რამ უფრო უფლებამოსილების საქმეა, ვიდრე შეგონებისა.


179. მრავლობით რიცხვში რაც ითქმის, ყველასთვის სასარგებლოა, რადგან თითოეულს თავისი კუთვნილი გაეცხადება შესაბამისად სინდისისა.


180. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა.


181. რომლებისგანაც არ გაქვს აღსარება მორჩილებისა, ნუ შეეპაექრები მათ, როდესაც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას, რათა არ აღძრა მძულვარება, თანახმად წერილისა (იგავ. 9.8).


182. ვინც მორჩილს შეუნდობს უჯერო შემოპასუხებას, ამგვარი მოქმედებით შეცდომაში შეჰყავს იგი და ხელს უწყობს მას მორჩილების აღთქმის დარღვევაში.


183. ვინც ღვთის შიშით შეაგონებს ან განსწავლის ცოდვილს, თავის თავს მოუპოვებს ცთომილების მოპირისპირე სათნოებას, ხოლო ვინც ავმეხსიერია და ბოროტგანზრახულად კიცხავს ვისმე, სულიერი რჯულის თანახმად იმავე ვნებაში შთაეკვეთება.


184. რჯულში კეთილად განსწავლული მოშიშია რჯულმდებლისა და მისდამი მოშიშებით განიდრიკება იგი ყოველგვარი ბოროტებისგან (იგავ. 15.27).


185. ნუ იქნები ორენოვანი, რომ სხვაგვარად წარმოჩნდებოდე სიტყვით და სხვაგვარად - სინდისით, რადგან ამგვარ ვინმეს წყევლის ქვეშ დაადგენს წერილი (ზირ. 28.18).


186. არსებობს ჭეშმარიტების მთქმელი და უგუნურთაგან მოძაგებული, თანახმად მოციქულისა (იგავ. 10.1), და არსებობს პირფერი, რომელიც უყვართ პირფერობისთვის, თუმცა არცერთი ეს მისაგებელი ხანგრძლივი არ არის, რადგან უფალი შესაბამის ჟამს თითოეულს თავის კუთვნილს მიაგებს.


187. ვისაც სურს სამომავლო სიმძიმილთა აღხოცვა, მართებს მას, რომ წადიერად დაითმინოს ამჟამინდელნი, რადგან ამ სახით საქმის საქმესთან გონითად თანაშემწყობი მცირე წუხილთა მიერ დიდ სატანჯველთ დააღწევს თავს.


188. დაიცავი შენი სიტყვა ქადილისგან და შენი აზრი - ქედმაღლობისგან, რათა არ იქნე მიშვებული და არ გააკეთო საწინააღმდეგო, რადგან არათუ თავისთავად ადამიანისგან აღესრულება სიკეთე, არამედ - გამომდინარე ყოვლისმხედველი ღვთისგან.


189. ყოვლისმხედველი ღმერთი ისევე განუკუთვნებს საკადრის მოსაწევარს ჩვენეულ აზრებსა და ნებაყოფლობით გულისზრახვებს, როგორც - ჩვენს საქმეებს.


190. უნებური გულისზრახვები წინმსწრები ცოდვისგან აღმოცენდება, ხოლო ნებსითი - ჩვენი თვითუფლებრივი ნებისგან. აქედან, პირველთა მიზეზებად მეორენი წარმოჩნდებიან.


191. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო უკეთურ გულისზრახვებს ჩვენგან წუხილი ახლავს და ამიტომაც მყისიერად განქარდებიან, ხოლო სურვილისმიერთ - სიხარული, რის გამოც ძნელია მათგან თავის დაღწევა.


192. სიამეთმოყვარე ადამიანს მწუხარებაში აგდებს გაკიცხვები და შეჭირვებები, ღვთისმოყვარეს კი - ქება-დიდებანი და მრავლისმქონეობანი.


193. ღვთის მსჯავრთა არმცოდნე ადამიანი კლდოვან გზაზე გადის გონებით და ნებისმიერი ქარისგან ადვილად ენარცხება ქვევით, რადგან აქებენ რა, ამპარტავნებს, კიცხავენ რა, წყრება, შვებაშია რა, აღვირახსნილი ხდება, შეჭირვებულია რა, მწუხარებს, შემცნობია რა, თავი მოაქვს, ვერ შეიცნობს რა, შემცნობად აჩვენებს თავს, სიმდიდრეშია რა, თავმომწონეობს, სიღარიბეშია რა, პირფერობს, ნაყროვანებაშია რა, თავხედდება, მმარხველობს რა, ცუდმედიდობს, მამხილებლებს ექიშპება, ხოლო იმათ, რომლებიც შეუნდობენ, სულელებივით ეპყრობა.


194. დიახ, როდესაც მავანი ვერ შეძლებს იმას, რომ ქრისტეს მადლით მოიპოვოს ჭეშმარიტების ცოდნა და ღვთის შიში, იგი არა მხოლოდ ვნებებისგან, არამედ შემთხვევებისგანაც საშინელ ჭრილობებს მიიღებს.


195. როდესაც დახლართული საქმის მოგვარება გსურს, ის ეძიე, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ღვთისთვის სათნოა, და ჰპოვებ კიდეც მის სასიკეთო გადაწყვეტას.


196. რა საქმეებიც სათნოა ღვთისთვის, იმ საქმეებსვე ჰმსახურებს აგრეთვე მთელი ქმნილება, მაგრამ რასაც კი განერიდება იგი, მსგავსადვე იმას ქმნილებაც წინ აღუდგება.


197. ვინც ეწინააღმდეგება სამწუხარო შემთხვევებს, როგორც უმეცარი, უპირისპირდება ღვთის ბრძანებას, ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნის კვალობაზე იწყნარებს მათ, ამგვარი ვინმე, წერილის თანახმად, "დაუთმობს უფალს" (ფს. 26.14).


198. როდესაც მოიწევა განსაცდელი, ეძიე არა ის, თუ რის გამო და საიდან შეგემთხვა იგი, არამედ ის, თუ როგორ დაითმინო ეს განსაცდელი მადლიერებით, დაუმწუხრებლად და ძვირუხსენებლად.


199. უცხო უკეთურება არ შეგვმატებს ცოდვას, თუ ჩვენ უკეთური აზრებით არ მივიღებთ მას.


200. თუკი ძნელად ვიპოვით ვინმეს, ვინც განსაცდელთა გარეშე სათნოეყო ღმერთს, მაშ, გვმართებს მადლიერნი ვიყოთ ღვთისა ყოველი შემთხვევის გამო.


201. პეტრეს ღამეული თევზაობა რომ წარუმატებელი არ ყოფილიყო, დღისეულს ვერ ჰპოვებდა იგი; პავლე რომ ხორციელად არ დაბრმავებულიყო, გონითად ვერ აახელდა თვალს; სტეფანესთვისაც რომ არ დაეწამებინათ ცილი როგორც ღვთისმგმობისთვის, არ გაეხსნებოდა მას ცანი და ვერ იხილავდა იგი ღმერთს390.


202. ისევე როგორც სათნოებად ითქმის საღვთო საქმე, ასევე განსაცდელად ითქმის მოულოდნელი შეჭირვება.


203. ღმერთმა გამოსცადა აბრაამი (შესაქ. 22.1 და შემდ.), ესე იგი მისივე სარგებლობისთვის შეაჭირვა იგი, თუმცა არა იმიტომ, რომ შეეცნო უფალს, თუ როგორია აბრაამი (რადგან იცოდა მან იგი, რომელიც ყოველთა მცოდნეა ვიდრე მათ დაბადებამდე), არამედ იმიტომ, რომ სრული რწმენის გამოვლინების შესაძლებლობა მიეცა მისთვის.


204. ყოველი შეჭირვება ააშკარავებს ჩვენი ნების მიდრეკილებას, მარჯვნივაა იგი მიდრეკილი თუ მარცხნივ. ამის გამო იწოდება მემთხვეული შეჭირვება განსაცდელად, რადგან დაფარულ ნება-სურვილთა გამოცდას უწყობს იგი შეჭირვებულს.


205. ღვთის შიში გვაიძულებს, რომ ვებრძოლოთ უკეთურებას, ხოლო როდესაც ვიბრძვით, ღვთის მადლი აღხოცავს მას.


206. სიბრძნეა არა მხოლოდ ის, რომ ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად ვიცოდეთ ჭეშმარიტება, არამედ აგრეთვე ისიც, რომ დავითმენდეთ ჩვენს შეურაცხმყოფელთა უკეთურებას როგორც კუთვნილს, რადგან რომლებიც პირველში დარჩნენ, ამპარტავნებით განლაღდნენ, ხოლო რომლებმაც მეორეს მიაღწიეს, თავმდაბლობა მოიპოვეს.


207. თუ გსურს, რომ არ იმართებოდე ბოროტი გულისზრახვებისგან, განიკუთვნე არარაობა სულისა და შეჭირვება ხორცისა, ხოლო ეს - არა ნაწილობრივ, არამედ ყოველ ჟამს, ყოველ ადგილას და ყოველ საქმეში.


208. ვინც შეჭირვებებს ნებაყოფლობით აჩვევს თავს, ვერ იბატონებს მასზე უნებლიე გულისზრახვები, ხოლო ვინც პირველს არ განიკუთვნებს, მეორისგან ტყვევდება, თუნდაც არ უნდოდეს.


209. როდესაც შეურაცხყოფილს გაგიმკაცრდება გულ-გვამი, ნუ დამწუხრდები იმაზე, რომ განგებულებითად აღიძრა შენში ის, რაც ადრიდანვე შიგნით გქონდა, არამედ გიხაროდეს, რომ დაფარული გულისზრახვები გამოგივლინდა, და შემუსრე ისინი, გეცოდინება რა, რომ შემოტევისთანავე მათი აღხოცვისას უკვე აღძრული ბოროტებაც, როგორც წესი, მათთან ერთად აღიხოცება.


210. გულის შემუსრვილობის გარეშე სრულიად შეუძლებელია თავის დახსნა ბოროტებისგან, ხოლო გულს მუსრავს სამნაწილედი თავშეზღუდვა: ძილისგან, ვამბობ, საჭმლისგან და ხორციელი შვებისგან, რადგან ამათი სიჭარბე ვნებათსიამეს შთაგვინერგავს, ხოლო ვნებათსიამე უკეთურ გულისზრახვებს აღმოაცენებს, უპირისპრდება კი იგი ლოცვასაც და ჯეროვან მსახურებასაც.


211. თუ წილად გხვდება ძმათა მბრძანებლობა, დაიცავი შენი მოვალეობა და შემოპასუხების შიშით არ შეიკავო თავი იმის თქმისგან, რაც საჭიროა, რადგან ვინც შეისმენს, საზღაური გექნება მისი სათნოების გამო, ხოლო ვინც არ შეისმენს, ყოვლითურთ მიუტევე მას, და სათანადოდ მიიღებ მისგან, ვინც თქვა: "მიუტევეთ და მოგეტევებათ თქვენ" (მთ. 6.14).


212. ბაზარს ჰგავს ყველა შემთხვევა. ვინც იცის ვაჭრობა, ბევრს სარგებლობს მისგან, ხოლო ვინც არ იცის, ზარალს იღებს.


213. ვინც ერთ სიტყვაზე არ დაგემორჩილება, ნუ აიძულებ მას შეკამათებით, არამედ ეცადე, რომ ის სარგებელი, რაც მან უარყო, შენ შესძინო შენს თავს, რადგან მის გამოსწორებაზე მეტად ძვირუხსენებლობა გარგებს შენ.


214. როდესაც ერთის დაზიანება მრავალზე განივრცობა, მაშინ არ გმართებს სულგრძელობა, არცთუ საკუთარი თავისთვის სასარგებლოს ძიება, არამედ - მრავალთათვის, რომ გადარჩნენ. ამიტომაც ერთნაწილედ სათნოებაზე უფრო სასარგებლო მრავალნაწილედი სათნოებაა.


215. როდესაც ვინმე ამა თუ იმ ცოდვაში ჩავარდება და ცთომილების შესაბამისი მწუხარება არ ექნება, ამგვარი ადამიანი კვლავაც ადვილად გაეხვევა იმავე ბადეში.


216. ისევე როგორც არ იღებს ლომი მეგობრულად ხბოს, ასევე არც აღვირახსნილება განიკუთვნებს წადიერად საღვთო მწუხარებას.


217. ისევე როგორც არ ხდება ცხვრის თანაყოფა მგელთან ნაშიერთა გასაჩენად, ასევე არც გულისმიერი შეჭირვებისა - ნაყროვანებასთან სათნოებათა დასაბადებლად.


218. არავის ძალუძს, რომ საღვთო შეჭირვება და მწუხარება ჰქონდეს, თუ უპირველესად ამათ მიზეზებს არ შეიყვარებს.


219. ღვთის შიში და მამხილებლობა მწუხარებას განისაკუთრებს, ხოლო მმარხველობა და მღვიძარება შეჭირვებას თანაშეეტკბობა.


220. ვინც წმინდა წერილის მცნებებსა და შეგონებებზე არ იზრდება, გაიდენება იგი ცხენის მათრახითა და ვირის სახრეთი (შდრ. იგავ 26.3), ხოლო თუ ამათაც განაგდებს, მაშინ "აღვირითა და ლაგმით მოითრგუნება მისი ყბები" (ფს. 31.9).


221. მცირე ვნებათაგან ადვილად დამარცხებული კანონზომიერად არის დიდთა მონადაც ქცეული, ხოლო მცირეთა მომძაგებელი დიდთა წინააღმდეგ უფლის მიერ ამხედრდება.


222. ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით მოამპარტავნეს, რადგან შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ადამიანი თავმომწონეც იყოს და ჭეშმარიტების მოყვარულიც.


223. ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, სამართლიანობასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ამათ ძალას სმენის გზით შთანერგავს წადიერად მსმენელებში. ამიტომაც, უმოწყალოებმა და უსამართლოებმა, უსიამოვნოდ რომ უგდებდნენ ყურს, ვერ შეძლეს ღვთის სიბრძნის შეცნობა, არამედ ჯვარსაც კი აცვეს იგი, დამმოძღვრელი. მაშ, დავუკვირდეთ ჩვენც, წადიერად ვუსმენთ მას თუ არა (შდრ. მრ. 12.37), რადგან თქვა მან: "ჩემი მოყვარული დაიცავს ჩემს მცნებებს და იგი შეყვარებული იქნება ჩემი მამის მიერ, და მე შევიყვარებ მას და გამოვუჩენ მას ჩემს თავს" (ი. 14.21). ხედავ, თუ როგორ დაფარა მან თავისი გამოჩინება მცნებებში? დიახ, ყველა მცნების გარემომცველია ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული, რაც შემყარდება ნივთთაგან განშორებისა და გულისზრახვათა დაწყნარებულობის შედეგად.


224. ამის მცოდნე უფალი გვამცნებს ჩვენ, როდესაც გვეუბნება: "ნუ ზრუნავთ ხვალისთვის" (მ. 6.34), და ჯეროვნადაც, რადგან ვინც ნივთთაგან და მათზე ზრუნვისაგან არ გათავისუფლებულა, როგორღა შეძლებს უკეთურ გულისზრახვათაგან თავის დაღწევას? ხოლო გულისზრახვებით გარემოცული როგორღა იხილავს მათ მიერ დაფარულ გვამოვან ცოდვას, რაც არის წყვდიადი და ბურუსი სულისა, უკეთური აზრებისგან და საქმეებისგან დასაბამის მიმღები, როდესაც, ერთი მხრივ, ეშმაკი ძალდაუტანებელი თავდასხმის შედეგად გამოცდას აწყობს და ცოდვის სათავეს წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი ადამიანი წადიერად შეეტკბობა მას გემოთმოყვარეობისა და ცუდმედიდობის მიერ (რადგან თუნდაც რომ განსჯითად არ ყოფილიყო იგი ამის მსურველი, მოქმედებითად მაინც მოწადინე იყო და შემწყნარებელი), ხოლო ამ გარემომცველი ცოდვის ვერდამნახავი როდისღა ილოცებს იმაზე, რომ განიწმინდოს მისგან? ამასთან, თუ განწმენდილი არ იქნება იგი, როგორღა ჰპოვებს წმინდა ბუნების ადგილს (შდრ. ეზეკ. 37.27), ხოლო ხსენებულ ადგილს თუ ვერ ჰპოვებს, როგორღა იხილავს შინაგან სახლს ქრისტესას, თუკი ვართ ჩვენ სახლი ღვთისა, თანახმად საწინასწარმეტყველო, სახარებისეული და სამოციქულო სიტყვისა (ზაქარ. 2.10; ი. 14.23; Iკორ. 3.16; ებრ. 3.6) ?


225. მაშ, გვმართებს, რომ ზემოთქმულთა მიმდევრობის შესაბამისად ვეცადოთ სახლის პოვნას და ლოცვაში განტკიცებულებმა დავაკაკუნოთ მასზე (მ. 7.7), რომ ან ამ ცხოვრებაში ანდა გარდაცვალებისას გაგვიხსნას უფალმა კარი და არკი მოხდეს ისე, რომ გვითხრას მან ჩვენ, ღვაწლის არმქონეთ: "არ გიცნობთ თქვენ, საიდან ხართ" (ლკ.13.25); ხოლო არამარტო ის გვმართებს, რომ ვითხოვოთ და მივიღოთ, არამედ ისიც, რომ ბოძებული დავიცვათ, რადგან არიან მავანნი, რომლებიც მიღების შემდეგაც კი წარწყმდნენ. ამიტომაა, რომ ზემოთქმულ საქმეთა ლიტონ ცოდნას ანუ, რაც იგივეა, შემთხვევით გამოცდილებას, შესაძლოა, გუშინ განსწავლულები და ახლებიც მოიპოვებენ, მაგრამ მოთმინებით ხანგრძლივად ღვწას ძლივს ახერხებენ ის ბერებიც კი, კეთილმსახურნი და დიდად გამოცდილნი რომ არიან, რომლებმაც ხშირად უყურადღებობის გამო წარწყმიდეს მიღებული და ნებაყოფლობით შრომათა მიერ ახლად იძიეს და ჰპოვეს კიდეც. ამიტომ, ჩვენც ნუ დავცხრებით ამგვარად ღვწისგან, ვიდრე არ მოვიპოვებთ მას, წარუპარველს.


226. აი, ეს სამართალნი შევიცანით სულიერი რჯულისა, მცირედი მრავლისაგან, რომელთა შესწავლასა და აღსრულებას თვით დიდი მეფსალმუნეც გამუდმებით შეაგონებს იმათ, უწყვეტად რომ ფსალმუნებენ უფალ იესოს მიერ, ვისაც შეჰფერის დიდება, მპყრობელობა და თაყვანისცემა აწ და უკუნისამდე. ამინ.