სათნოებათმოყვარეობა
პირველი წიგნის პირველი ნაწილი
წმიდა კასიანე რომაელი
ცუდმედიდობის შესახებ
ჩვენი მეშვიდე შერკინება ცუდმედიდობის სულის წინააღმდეგაა. ეს ვნება მრავალსახოვანია და უდახვეწილესი, რის გამოც თვით იმისგანაც კი, ვინც განიცადა იგი, ადვილად როდი მოიხელთება. მართლაც, სხვა ვნებათა შემოტევები უფრო აშკარაა და გარკვეულწილად უფრო ადვილიცაა მათ წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან სული ცნობს თავის მტერს და მყისვე ამარცხებს მას შეპაექრებისა და ლოცვის გზით, მაშინ როცა ცუდმედიდობის უკეთურება, რაც, როგორც ვთქვით, მრავალსახოვანია, ძნელად თუ ჩაიხშობა რაგინდ საქმეში, ხმაში, სიტყვაში, დუმილში, გარჯილობაში, მღვიძარებაში, მარხვებში, ლოცვაში, წერილის კითხვაში, მყუდროებაში, სულგრძელებაში, რამეთუ ამ ყოველივეს გზით სწორედ იმას გულმოდგინეობს იგი, რომ განგმიროს ქრისტეს მხედარი, ვინაიდან როდესაც არ ძალუძს მას, რომ ცუდმედიდობის ცთუნებაში ჩააგდოს ვინმე მდიდრულ შესამოსელთა მიერ, ასეთ დროს უბადრუკი სამოსით ცდილობს, რომ განსცადოს იგი. ასევე, ვისი გამრუდებაც ვერ შეძლო მან პატივის გზით, იმას ვითომცდა უპატიობაშემოსილობით მიდრეკს სიშლეგისაკენ და ვინც ვერ დააჯერა, რომ ცუდმედიდი გამხდარიყო მეცნიერებებში განსწავლულობის გამო, მდუმარების მიერ იტყუებს მას, როგორც ვითომცდა დაყუდებულს. ასევე, ვისაც ვერ არწმუნა, რომ სიამაყეს მისცემოდა საჭმელთა სიუხვის მიზეზით, მას მარხვის გზით ხდის დამთმობს ქება-დიდების მოსმენაში.
მარტივად რომ ვთქვათ, ყოველგვარი საქმე, ყოველგვარი ღვწა ომის საბაბს აძლევს ამ უკეთურ ეშმაკს, რომელიც, ყველაფერთან ერთად, სამღვდელო ხარისხის ზმანებასაც შთაუგდებს ცთუნებულს.
მაგალითად, მახსოვს, როდესაც სკიტში ვიმყოფებოდი, ერთი ბერი წავიდა ვიღაც ძმის კელინისკენ, რომ მოენახულებინა იგი, მაგრამ როდესაც კარს მიუახლოვდა, შიგნიდან ვიღაცის ლაპარაკი მოესმა და იფიქრა რა, რომ საღვთო წერილს კითხულობდა იგი, გარედან დადგა მოსასმენად, მაგრამ მიხვდა, რომ ეს ძმა ცუდმედიდობას ჭკუაზე შეეცდინა, რადგან თავისთავს დიაკონად აკურთხებდა და ვითომცდა განტევებას ანიჭებდა კათაკმევლებს. როდესაც ეს გაიგონა ხსენებულმა ბერმა, გამოაღო კარი და შევიდა, ის ძმა კი მიეგება, ჩვეულებისამებრ თაყვანი სცა და მოინდომა გაეგო, დიდხანს იდგა თუ არა იგი კარებთან. ბერმა ტკბილად მიუგო: "ეს წუთია მოვედი, შენ რომ კათაკმეველთა განტევება შეასრულე". როდესაც იმ ძმამ ეს მოისმინა, დავარდა ბერის ფერხთით და ევედრა მას, რომ ელოცა მისთვის, რათა ამ ცთომილებისგან გამოხსნილიყო.
ეს გავიხსენე იმის საჩვენებლად, თუ რაოდენი უაზრობისაკენ წარიტაცებს ადამიანს ხსენებული ეშმაკი. ამიტომ, ვისაც სურს, რომ სრულად იღვაწოს და სრულად შეიმკოს სიმართლის გვირგვინით, ყოველგვარი საშუალებით უნდა ეცადოს კიდეც ამ მრავალსახოვანი მხეცის დამარცხებას და ყოველთვის თვალწინ ჰქონდეს დავითის სიტყვები: "უფალმა გაფანტა კაცთმოთნეთა ძვლები" (ფს. 52. 6), რაც ნიშნავს, რომ არაფერი უნდა აკეთოს მან კაცთა ქებაზე გამეცადინებულმა, არამედ ეძიებდეს მარტოოდენ ღვთისმიერ ჯილდოს, მუდამჟამს განიშორებდეს მის გულში მოზვავებულ გულსზრახვებს, მას რომ აქებენ, და არაფრად რაცხდეს თავის თავს ღვთის წინაშე, რადგან სწორედ ამ გზით, ღმერთთან ერთად, შეძლებს იგი ცუდმედიდობის სულისგან თავის დახსნას.
|