მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

სათნოებათმოყვარეობა

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

 

წმიდა კასიანე რომაელი

 

სიძვის სულისა და ხორცის გულისთქმის შესახებ

 

მეორე ჩვენი შერკინება მიმართულია სიძვის სულისა და ხორცის გულისთქმის წინააღმდეგ. ეს გულისთქმა ადრეული ასაკიდანვე იწყებს ადამიანის გატანჯვას. დიდია ეს შერკინება, მძიმეა და ორმაგი ბრძოლის მქონე. ამიტომ, თუ სხვა ნაკლოვანებებს მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვთ სულში, ეს ვნება ორმაგია, სულში და სხეულში შემყარებული, და ამის გამო ორმაგი ბრძოლის გამართვა გვმართებს, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ სხეულებრივი მარხულობა სრული გონებამრთელობისა და ჭეშმარიტი სიწმინდის მოსაპოვებლად, თუ ამავე დროს არ ხდება გულის შემუსვრაა, გაძლიერებული და მოუკლებელი ლოცვა ღვთის მიმართ, წერილთა მიმართ გულმოდგინების გამოჩენა, დაშვრომა და ხელსაქმეობა, რომელთაც ძალუძთ სულის დაუდგრომელ აღძრვათა მოთოკვა და სამარცხვინო წარმოსახვებისგან მისი უკუხმობა, თუმცა ყოვლის უწინარეს შემწევნელია სულის მდაბლობა, რის გარეშეც ვერავინ შეძლებს ვერც სიძვის, ვერც სხვა ვნებათა დაძლევას. ამიტომ, უპირველესად საჭიროა, რომ მთელი სიფრთხილით დავიცვათ გული ბიწიერ გულისზრახვათაგან (იგ. 4.23), რადგან სწორედ გულიდან გამოდის, თანახმად უფლის სიტყვისა, უკეთური აზრები, მკვლელობები, მრუშობანი, სიძვანი და სხვა დანარჩენი (მთ. 15.19); ამასთან, თვით მარხვაც არა მხოლოდ სხეულის საგვემად განგვეწესა ჩვენ, არამედ, აგრეთვე, გონების მღვიძარებისთვისაც, რათა არ მოხდეს ისე, რომ იგი, საჭმელთა სიმრავლით დაბნელებული, უძლური აღმოჩნდეს გულისზრახვათაგან თავდასაცავად. მაშ, საჭიროა მთელი გულმოდგინების გამოჩენა არა მხოლოდ სხეულებრივი მარხვის მხრივ, არამედ, აგრეთვე, გულისზრახვათა მიმართ ყურადღებისა და სულიერი მოღვაწეობის მხრივაც, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ჭეშმარიტი უბიწოებისა და განწმენდილობის მწვერვალზე ასვლა.ამრიგად, გვმართებს ჩვენ უპირველესად, თანახმად უფლის სიტყვისა, სასმელისა და ჯამის შიგნითა მხარის გაწმენდა, რომ გარეთა მხარეც განწმენდილი იყოს (მთ. 23.26). ამიტომაც, თუ ჩვენ, თანახმად მოციქულისა, გვაქვს იმის გულმოდგინება, რომ `რჯულიერად ვიღვაწოთ და გვირგვინი მივიღოთ" (შდრ. II ტიმ. 2.5), სიძვის სულის დამმარცხებლები მივენდოთ არა ჩვენს ძალასა და ღვწას, არამედ - ჩვენი უფალი ღმერთის შემწევნელობას, რადგან მანამ არ დასრულდება ამ სულის ომი ადამიანის წინააღმდეგ, სანამ ეს ადამიანი ჭეშმარიტად არ ირწმუნებს, რომ არა თავისი გულმოდგინებით, არცთუ თავისი რუდუნებით, არამედ ღვთის მფარველობითა და შეწევნით თავისუფლდება იგი ამ სენისგან და სიწმინდის სიმაღლისაკენ ადის. დიახ, ბუნებაზე აღმატებულია ეს საქმე და გარკვეულწილად სხეულის გარეთ გადის ის, ვინც თრგუნავს ხორცის აგზნებულობასა და სიამეთმოყვარეობას. სწორედ ამის გამო, შეუძლებელია, რომ ადამიანი, ასე თქვათ, თავისი ფრთებით აფრინდეს სიწმინდის ამ მაღალ და ზეციურ საზღაურამდე და ანგელოზთა მბაძველი გახდეს, თუ როგორღაც ღვთის მადლი არ ამოიყვანს მას მიწიდან და ჭაობიდან, რადგან უფრო მეტად ვერც ერთი სხა სათნოებით ვერ მიემსგავსებიან ხორცს შეერთებული ადამიანები სულიერ ანგელოზებს, როგორც გონებამრთელობით. მართლაც, ამ სათნოების გზით მათ, ჯერაც მიწაზე მყოფთ და მცხოვრებთ, აქვთ, თანახმად მოციქულისა, `ცათა შინა მოქალაქეობა" (ფლ. 3.20), ხოლო ნიშანი ამ სათნოების სრულად ფლობისა არის ის, რომ ძილის დროს სული უკვე არანაირ ხატს სამარცხვინო წარმოსახვებისას არ მიელტვის, რადგან თუმცა ამგვარი აღძრულობა ცოდვად არ შეირაცხება, მაინც იგი ნიშანია სულის სნეულებისა და ვნებისგან თავდაუღწევლობისა. ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ძილში შემთხვეული სამარცხვინო წარმოსახვები მამხილებელია წინმსწრები უგულისყურობისა და ჩენში არსებული უძლურებისა, რადგან ძილის მოშვებულობაში შემთხვეული გადმოღვრა ააშკარავებს სულის სიღრმეებში დაფარულ სენს. ამის გამო, ჩვენი სულების მკურნალმა წამალი ჩაგვიდო სწორედ იქ, ჩვენი სულების სიღრმეებში, სადაც იცოდა მან სნეულების მიზეზთა არსებობა, თქვა რა: `ვინც გულისთქმით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში" (მთ. 5.28). ამით უფალი არა იმდენად ცნობისმოყვარე და გარყვნილ თვალებს განმართებს, რამდენადაც შიგნით შთასაძირკვლებულ სულს, რომელიც უკეთურად მოიხმარს ღვთისგან სიკეთისთვის ბოძებულ თვალებს. ამიტომ, ბრძენი მეიგავეც ამბობს არა იმას, მთელი სიფრთხილით დაიცავიო შენი თვალები, არამედ - `გული დაიცავიო მთელი სიფრთხილით" (იგ. 4.23), სწორედ იმას განუკუთვნა რა მან, განსაკუთრებით, სიფრთხილისმიერი მკურნალობა, რომელიც როგორც უნდა, ისე მოიხმარს თვალებს. ამრიგად, სწორედ გული უნდა იყოს ჩვენი განწმენდილობის წინადაცულობა, რომ როდესაც ჩვენს გონებაში ქალის გახსენება აღიძვრის, რასაც აღმოგვიცენებს ეშმაკეული ბოროტმოქმედება, თუნდაც რომ ეს იყოს გახსენება დედისა, დისა ან სხვა რომელიმე კეთილკრძალული ქალისა, საჩქაროდ უნდა განვიგდოთ იგი ჩვენი გულიდან, რათა არ გვპოვოს ბოროტმაცთურმა ამგვარ ხსენებებში ხანგრძლივშთენილნი, არ დააქანოს ჩვენი გონება ზემოხსენებულ ქალთა სახეებისგან და არ შთააკვეთოს იგი სამარცხვინო და მავნებელ ფიქრებში. ამასვე ბრძანებს, აგრეთვე, პირველშექმნილის მიმართ ღვთისგან ბოძებული მცნება, რომ ვეკრძალვოდეთ გველის "თავს" (შდრ. შეს. 3.15), ესე იგი მავნებელ გულისზრახვათა სათავეებს, რომელთაგანაც ცდილობს იგი ჩვენს სულებში შემოძვრომას, რათა არ მოხდეს ისე, რომ `თავის" (ესე იგი გულისზრახვისეული შემოტევის) მიღების შედეგად გველის დანარჩენი სხეულიც (ესე იგი სიამეთმოყვარეობის მოწადინებაც) შევიწყნაროთ, ამის შემდეგ კი ურჯულო საქმისკენ მიდრიკოს მან ჩვენი გონება. სანაცვლოდ, გვმართებს, რომ, წერილისამებრ, `ცისკარზე მოვკლათ ყველა ცოდვილი მიწისა" (შდრ. ფს. 100.8), ესე იგი ცოდნის სინათლით ავწონ-დავწონოთ და მოვაკვდინოთ ცოდვილი გულისზრახვები მიწისა, ესე იგი ჩვენი გულისა, უფლის სწავლებისამებრ, ანუ ვიდრე ჯერაც `ყრმები" არიან `ბაბილონის ძეები" (ესე იგი უკეთური გულისზრახვები), დავცეთ ისინი და `კლდეს შევახეთქოთ" (ფს. 136.9), რაც არის ქრისტე, რადგან თუკი ისინი ჩვენი თანხმობით ძლიერდებიან, ვეღარც დამარცხდებიან, თუ არა დიდი კვნესისა და შრომა-ჯაფის შედეგად. ამ მხრივ საღთო წერილის გამონათქვამებთან ერთად კარგია გავიხსენოთ წმინდა მამათა სიტყვებიც. უთქვამს, კერძოდ, წმინდა ბასილის, კესარია-კაპადოკიის ეპისკოპოსს: `არც ქალი ვიცი და არც ქალწული ვარ", რადგან იცოდა მან, რომ არა იმდენად ქალისგან მარტოოდენ სხეულებრივი განშორებულობით მოიხვეჭება ქალწულობის ჯილდო, რამდენადაც სულის უბიწოებითა და განწმენდილობით, რაც ჩვეულებრივ ღვთის შიშით ხდება მისაღწევი. იმასაც ამბობენ მამები, რომ არ ძალგვიძს ჩვენ უბიწოების სათნოების სრულად ფლობა, თუ პირველად ჭეშმარიტ გონებამდაბლობას არ მოვიპოვებთ ჩვენს გულში; ამგვარადვე, ვერც ჭეშმარიტი ცოდნის ღირსნი გავხდებით, ვიდრე ჩვენი სულის დაფარულობაში სიძვის ვნებაა შთაბუდებული. ამასთან, იმ მიზნით, რომ გონებამრთელობის ღირსებანი მოციქულისგანაც წარმოვაჩინოთ, გავიხსენებთ მის ერთ ნათქვამს და დავასრულებთ სიტყვას: "მშვიდობას ესწრაფეთ ყველასთან ერთად და სიწმინდეს, რომლის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს" (ებრ. 12.14), რადგან ის, რომ მოციქული ზემოთქმულის შესახებ ამბობს ამას, ცხადია იმ სიტყვებიდან, რაც იქვე დაურთო, როდესაც თქვა: `ნურავინ იქნება ესავისებრ გარყვნილი და ბილწი" (ებრ. 12.16). ამრიგად, რამდენადაც ზეციურია და ანგელოზური სიწმინდის წარმატებულობა, იმდენად უფრო სიღრმისეული მზაკვრობებით მიმდინარეობს მის წინააღმდეგ ბრძოლა მოპირისპირეთა მხრიდან. სწორედ ამიტომ, გვმართებს გულმოდგინება არა მხოლოდ სხეულის დასაოკებლად, არამედ აგრეთვე გულის შემუსრვილობისა და კვნესათა თანხლებით მიმდინარე უწყვეტი მეტანიების საღვაწად, რათა ჩვენი ხორცის ღუმელი, რასაც ყოველდღიურად ანთებს ბაბილონელი მეფე გულისთქმის აგზნებულობათა მეშვეობით, სულიწმინდის მოვლინების ცვრით დავშრტოთ (დან. 3.19). გარდა ამისა, ხსენებულ ომში უდიდესი საჭურველია ჩვენთვის ღვთისსათნო მღვიძარება, რადგან ისევე როგორც დღისით კრძალულად ყოფნა შეგვიმზადებს ღამისეულ სიწმინდეს, ამგვარადვე ღამისეული ღვთისსათნო მღვიძარება გზას უკვალავს სულს დღისეული განწმენდილობისკენ.