სათნოებათმოყვარეობა
პირველი წიგნის პირველი ნაწილი
ევაგრე მონაზონი
"მღვიძარეთა თავებიდან"
1. მონაზონს იმგვარად მართებს ყოფნა, როგორც მომდევნო დღეს სიკვდილის მიმღებს. ამასთან, იმგვარად უნდა იყენებდეს იგი თავის სხეულს, როგორც მრავალწლიანი სიცოცხლის მქონეს. პირველ შემთხვევაში მოწყინების გულისზრახვები მოიკვეთება და ამ გზით მონაზონიც უფრო მეტი გულმოდგინებისთვის განემზადება, მეორე შემთხვევაში კი მრთელად ნარჩუნდება სხეული და თანასწორად დაიცვება ვნებათაგან თავშეკავებულობა. 2. რომელიც ცოდნას შეერთო და მოინაყოფა მისი სიტკბოება, მეტად აღარ ერწმუნება ცუდმედიდობის ეშმაკს, თუნდაც რომ სოფლის ყველა სიამე წარმოუჩინოს მას, რადგან სულიერ მჭვრეტელობაზე უმჯობესს რაღას დაჰპირდება იგი? მაგრამ ვიდრე ამ ცოდნის გემო არ გაგვიგია, საქმითი ღვაწლი უნდა აღვასრულოთ გულმოდგინებით და ჩვენი მიზანსწრაფვა ვუჩვენოთ ღმერთს, - რომ ყოველივეს ვაკეთებთ მისი ცოდნის გამო. 3. აუცილებელია გამოვიკვლიოთ წინმავალ მონაზონთა გზები და ამ გზებისკენ ავიღოთ გეზი, რადგან ბევრი რამ არის წინამორბედ მონაზონთა მიერ კეთილად ქმნილი და თქმული, რომელთაგან ერთ-ერთი ამასაც ამბობს, რომ მყარად დაცულ ხმელისმჭამელობას, სიყვარულთან თანაშეუღლებულს, მალევე შეჰყავს მონაზონი უვნებობის ნავსაყუდელში. 4. შუადღის სიცხეში მომიხდა მისვლა წმინდა მაკარისთან და წყურვილისგან მეტისმეტად გატანჯულმა ვთხოვე მას წყალი, მან კი მითხრა: იკმარე ჩრდილი, რადგან ბევრი ვინმე, ვინც გზაშია ახლა ანდა ზღვაში, ამასაც მოკლებულია. შემდეგ, როდესაც მასთან განსჯათა გზით თავშეკავების შესახებ ვცდილობდი განსწავლას, `გამხნევდიო, მითხრა, ჰოი შვილო, რადგან მე მთელი ოცი წელი არც პური, არც წყალი, არც ძილი არ მქონია მაძღრისად, არამედ პურს წონით ვჭამდი, წყალს ზომით ვსვამდი, ძილს კი ნაწილს რასმე გამოვსტაცებდი კნინს, მივეყრდნობოდი რა მცირედით კედლებს". 5. გზააბნეულ გონებას მდგრადს ხდის წიგნისმკითხველობა, მღვიძარება და ლოცვა, გულისთქმას აჭკნობს შიმშილი, დამაშვრალობა და განშორებულობა, აბობოქრებულ მრისხანებას კი აცხრობს ფსალმუნება, სულგრძელება და მოწყალება, რადგან ყოველივე უსაზომო და უჟამო სწრაფწარმავალია, რაც საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო. |