მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

სათნოებათმოყვარეობა

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

 

ევაგრე მონაზონი

 

ცუდმედიდობის შესახებ

 

13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმექალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორებულის გონებას, მრავალგვარი აზრითა და მოვლენით ავსებს მას და რყვნის მის ლოცვებს, რომელთა მიერაც ეს უკანასკნელი თავისი სულის წყლულთა მკურნალობას გულმოდგინეობს. ყველა მოუძლურებული ეშმაკი ერთობლივად ზრდის ამ გულისზრახვას და მის მიერ ყველა ისინი კვლავ პოულობენ შესასვლელს სულებში, რითაც ამ სულთა საბოლოო მდგომარეობას უფრო უარესს ხდიან, ვიდრე თავდაპირველად იყო (შდრ. მთ. 12.45; ლკ. 17.26). ხსენებული გულისზრახვისგან იშვება აგრეთვე გულისზრახვა ამპარტავნებისა, რომელმაც მსგავსების აღბეჭდილობა და მშვენიერების გვირგვინი ცათაგან მიწაზე ჩამოანარცხა. ამიტომაც, განერიდე მას და ნუ დაახანებ, რათა არ მოხდეს ისე, რომ სხვა უწყალოთა მიმართ გავცეთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ყოფა (შდრ. იგავ. 5.9). ხსენებულ ეშმაკს უკუმიაქცევს მოუკლებელი ლოცვა და იმგვარად ღვწა, რომ ნებსით არაფერს ვიქმოდეთ და ვამბობდეთ ისეთს, რაც შეეწევა წყეულ ცუდმედიდობას.


14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რომელიც თავის ერთ-ერთ საღორეში ამწყვდევს მას და ამ გზით განსწავლის კიდეც, რომ მეტად აღარ მიატოვოს მან თავისი საწოლი ვიდრე სრულ გამოჯანმრთელებამდე, არცთუ იმ უწესო ავადმყოფთა მბაძველი იყოს, რომლებიც, ავადმყოფობის ნარჩენების კვლავ თავის თავში მატარებელნი, მგზავრობებსა და უდროო განბანვებს მიეცემიან და ამის შედეგად უკუშემოქცეულ სნეულებებში იგდებენ თავს. ამიტომაც გვმართებს, რომ [კელინში] მსხდომარეებმა უმალ საკუთარ თავს მივაპყროთ გულისყური, რათა სათნოებაში წარმატებულნი ძნელად აღსაძვრელნი ვიყოთ ბოროტების მიმართ, ხოლო ცოდნისმიერად აღძრულები მიმღებნი გავხდეთ ნაირგვარ ჭვრეტათა სიმრავლისა, კვლავ ამაღლებულნი კი უფრო ცხადად ვხედავდეთ ჩვენი მაცხოვრის ნათელს.


15. არ ძალმიძს მე ეშმაკთა ყველა ბოროტმოქმედების აღწერა. მრცხვენია კიდეც მათეულ უკეთურმანქანებათა ჩამოთვლა, ვეკრძალვი რა წამკითხველთაგან უწრფელესთ; თუმცა ისმინე სიძვის სულის მზაკვრობანი:


როდესაც კი ვინმე მოიპოვებს გულისთქმითი ნაწილის უვნებობას და სამარცხვინო გულისზრახვები გაცივდება მასში, ზემოხსენებულ სულს სწორედ მაშინ შემოჰყავს კაცნი და ქალნი, ურთიერთშორის მოთამაშენი, და ამ სასირცხვილო საქმეთა და სახეთა მხედველად განაწესებს იგი განშორებულს, თუმცა კი ეს განსაცდელი ხანიერი როდია, რადგან ძლიერი ლოცვა და უკიდურესად შეზღუდული ცხოვრების წესი, მღვიძარებითურთ და სულიერ მჭვრეტელობებში გაწვრთნის გზით, განდევნის მას როგორც უწყლო ღრუბელს. ზოგჯერ ისე ხდება, ხორცთანაც მოდის შეხებაში ეს უკეთური, მიმართავს რა მას პირუტყვული განხურვებისკენ, და კიდევ სხვა მრავალს მზაკვრობს მისდამი, რომელთა საჯაროდ თქმა და წერილობით გადმოცემა აუცილებელი არ არის. ამგვარ გულისზრახვათა დასაძლევად შემწეობას გაგვიწევს რისხვის ამოდუღება, ზემორე ეშმაკის წინააღმდეგ აღძრული, რომელსაც ამ რისხვისა განსაკუთრებით ეშინია, ხსენებულ გულისზრახვათა მიზეზით რომ ჯანყდება და მის ჩანაფიქრებს რომ ანადგურებს. აი, ამას ნიშნავს სიტყვები: `მრისხანებდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4.5), რითაც განსაცდელთა ჟამს სასარგებლო წამალი ეძლევა სულს.


ზემოხსენებულ ეშმაკს ჰბაძავს აგრეთვე ეშმაკი მრისხანებისა, რომელიც იმგვარად წმასნის, თითქოს მოღვაწის ან მშობელი ან მეგობარი ანთუ ნათესავი იგვემებოდეს ვიღაც უღირსი ადამიანებისგან. ამ გზით აღძრავს იგი მეუდაბნოის მრისხანებას, რათა ამ უკანასკნელმა უკეთური რამ თქვას ან იმოქმედოს იმათ მიმართ, გონებაში რომ ეზმანა. ასეთ წარმოსახვებს აუცილებლად სიფრთხილით უნდა მოეპყროს მოღვაწე და სწრაფადვე გამოიტაცოს თავისი გონება ამგვარ ზმანებათაგან, რათა არ დაიხანოს მათში და ლოცვის ჟამს აგიზგიზებულ მუგუზლად არ გადაიქცეს. ხსენებულ განსაცდელებში განსაკუთრებით ვარდებიან გულფიცხი და გრძნობათშემოტევათა მიმართ ადვილად აღგზნებადი ადამიანები, რომლებიც შორს არიან განწმენდილი ლოცვისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნისგან.


16. ამ საუკუნის გულისზრახვები უფალმა გადასცა კეთილ მწყემსს, ადამიანს, როგორც ცხვრები. დაწერილია, რომ მისცა მან ყოველ ადამიანს გულისზრახვა მის გულში (შდრ. ებრ. 10.16), თანაშეაუღლა რა მასთან გულისთქმა და მრისხანება მისვე შესაწევნელად, რომ ადამიანს, ერთი მხრივ, მრისხანების გზის უკუექცია "მგელთა" გულისზრახვები, მეორე მხრივ კი, გულისთქმის გზით, შეეტკბო მას "ცხვრები", ამ `ცხვართა" გამო მრავალგზის წვიმებით, ქარებით გვემულს. ამასთან, მისცა ადამიანს უფალმა რჯულიც, თუ როგორ უნდა დაემწყსო ცხვრები, ისევე როგორც, მიუბოძა აგრეთვე "მწვანილოვანი ადგილი" და "მოსვენების წყალი" (ფს. 22.2), საფსალმუნე და ებანი, კვერთხი და არგანი, რომ მას ამგვარი მწყემსობის შედეგად "საზრდო" მოეპოვებინა, "შემოსილიყო" და "შეეგროვებინა მთის ბალახი" (იგავ. 27.25), რადგან "ვინ იქნება ისეთი, - ამბობს მოციქული, - ვინც დამწყემსავს სამწყსოს და მისი რძისგან არ შეჭამს?" (I კორ. 9.7). სწორედ ამიტომ, განშორებული მოღვაწე მოვალეა დღე და ღამ დაიცვას ხსენებული სამწყსო, რათა არ მოხდეს ისე, რომ რომელიმე ცხვარი ან მხეცებმა შეიპყრონ ან ყაჩაღებს ჩაუვარდეთ ხელში, ხოლო თუ ამგვარი რამ მაინც შეემთხვევა მას სადმე ზეგანში, მიტაცებული დაუყოვნებლივ უნდა გამოსტაცოს პირიდან ლომსა და დათვს (I მფ. 17.34.35).


მხეცთაგან მაშინ ხდება გულისზრახვა შეპყრობილი - ვთქვათ, გულისზრახვა ძმის შესახებ - თუ ეს გულისზრახვა სიძულვილით იმწყსება ჩვენში, ანდა - გულისზრახვა ქალის შესახებ, თუ იგი სასირცხვილო გულისთქმით მიმოიქცევა ჩვენში, ანთუ - ვერცხლისა და ოქროს შესახებ, თუ იგი ანგარებითად იმკვიდრებს ჩვენში ადგილს, ან კიდევ - გულისზრახვანი თვით წმინდა საბოძვართა შესახებ, თუ ისინი ცუდმედიდობით ძოვენ ჩვენს გონებაში. ასევე შეგვემთხვევა სხვა გულისზრახვებთან დაკავშირებითაც, თუკი ისინი ვნებათაგან იქნებიან წარტაცებულნი. არა მხოლოდ დღის განმავლობაში გვმართებს ამათი გუშაგობა, არამედ ღამითაც უნდა ვმღვიძარებდეთ მათ დასაცავად, რადგან ხდება ისე, რომ ურცხვ და უკეთურ ზმანებებში გართული ადამიანი ჰკარგავს თავისას. სწორედ ეს ითქვა წმინდა იაკობისგან: "არ მომირთმევია შენთვის მხეცებისგან დაკბილული ცხვარი. მე თვით ვზღავდი ნაქურდალს დღისას და ნაქურდალს ღამისას, და ვიყავი გათანგული დღის მხურვალებით და ღამის ყინვით, და გაშორდა ძილი ჩემს თვალებს" (შესაქ. 31.39-40). თუკი რამ მოწყინება მოგვეახლება დაქანცულობის გამო, მცირედით ავირბინოთ ცოდნის კლდეზე და საფსალმუნეს შექცეულებმა, ცოდნის სათნოებათა მიერ ჩამოვკრათ სიმებს, ხოლო სინაის მთის ძირას კვლავ დავმწყსოთ ცხვრები, რომ ჩვენი მამების ღმერთმა ჩვენც გვიხმოს `მაყვლოვანიდან" (გამოსვლ. 3.1-4) და მოგვმადლოს ჩვენ სასწაულთა და ნიშთა "სიტყვები".


17. ბოროტებისგან მოკვდინებულ მოაზროვნე ბუნებას აღადგენს ქრისტე ყოველთა საუკუნეთა განჭვრეტის გზით, ხოლო ქრისტეს მამა იმ სულს, რომელიც მოკვდა ქრისტეს სიკვდილით, აღადგენს თავისი ცოდნის გზით. აი, ესაა ის, რაც პავლესგან ითქვა: "თუკი ქრისტესთან ერთად მოვკვდებით, გვწამს, რომ მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ" (რომ. 6.8; შდრ. II ტიმ. 2.11).


18. როდესაც გონება განიძარცვავს "ძველ ადამიანს" და შეიმოსავს იმას, რომელიც მადლისაგანია (ეფეს. 4.22-24), მაშინ იგი ლოცვის ჟამს განჭვრეტს აგრეთვე თავის შენივთულობას, "საფირონსა" და "ციურ ფერს" მიმსგავსებულს, რასაც წერილი "ღვთის ადგილსაც" უწოდებს, მოხუცებულთაგან დანახულს სინაის მთაზე (გამოსლ. 24.10).


19. უწმინდურ ეშმაკთაგან ნაწილი ადამიანს, როგორც ადამიანს, აცთუნებს, ნაწილი კი ადამიანს, როგორც უტყვ ცხოველს, აშფოთებს. როდესაც პირველნი მოიწევიან, ცუდმედიდობის, ამპარტავნების, შურისა თუ გმობის აზრებს შთაგვიგდებენ ჩვენ, რასაც არც ერთ პირუტყვთან არა აქვს კავშირი. მაგრამ როდესაც მეორენი მოგვეახლებიან, აღძრავენ ჩვენში არაბუნებისეულ რისხვასა და გულისთქმას, ესენი კი ჩვენი და პირუტყვთა საერთო ვნებებია, დაფარულნი მოაზროვნე ბუნების მიერ. ამიტომ ამბობს სულიწმინდა, ერთი მხრივ, ადამიანებისადმი, როგორც ადამიანებისადმი, შემთხვეულ ვნებათა მიმართ, რომ: "მე ვთქვი, ღმერთები ხართ და უზენაესის ძეები ყველანი, თქვენ კი კვდებით როგორც ადამიანები და ეცემით როგორც ერთი მთავართაგანი" (ფს. 81.6). მაგრამ პირუტყვულად აღძრულთა მიმართ რას ამბობს იგი? "ნუ ხართ როგორც ცხენი და ჯორი, რომლებთანაც არ არის გონება. ლაგამითა და აღვირით მოთრგუნე იმათი ყბები, რომლებიც არ გიახლოვდებიან შენ" (ფს. 31.9). ამასთან, რადგან კვდება საკუთრივ ის სული, რომელიც სცოდავს (შდრ. ეზეკ. 18.4), აშკარაა, რომ, ერთი მხრივ, ადამიანები, როგორც ადამიანები, კვდებიან და ადამიანებისგან იმარხებიან, მეორე მხრივ კი, როდესაც პირუტყვები კვდებიან ან ეცემიან, ძერებისგან და ყორნებისგან იჭმებიან, რომელთა ბარტყების ერთი ნაწილი "უფალს მოუხმობს" (ფს. 146.9), ნაწილი კი "სისხლით იბღალება" (იობ. 39.30). ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს.


20. როდესაც დაგჭრის მოახლებული მტერი, შენ კი გწადია, რომ მისი მახვილი, წერილისამებრ, მისივე გულისკენ მიაქციო (ფს. 36.15), გააკეთე ისე, როგორც ვამბობთ: დაანაწევრე შენს თავში მტრისგან ნატყორცნი გულისზრახვა, - კერძოდ, თუ რას წარმოადგენს იგი საერთოდ, რაოდენფვარ მიზეზთაგან შემტკიცებულა და რა არის სახელდობრ ის, რაც განსაკუთრებით ტანჯავს გონებას. რასაც ახლა გეუბნები, შემდეგს ნიშნავს: ვთქვათ, ეშმაკისგან გამოიგზავნა ვერცხლისმოყვარეობის გულისზრახვა. დაანაწევრე შენ იგი, ერთი მხრივ, "მის მიმღებ გონებად", მეორე მხრივ "ოქროს ცნებად", მესამე მხრივ თავად "ოქროდ" და მეოთხე მხრივ, "ვერცხლისმოყვარეობის ვნებად". ბოლოს იკითხე: რომელია ამათგან ცოდვა? ნუთუ გონება? მაგრამ როგორღაა იგი ხატი ღვთისა? იქნებ ოქროს ცნება? მაგრამ საღად მოაზროვნეთაგან ვინ იტყვის ოდესმე ამას? იქნებ თვით ოქროა ცოდვა? მაშ, რაღატომ შეიქმნა იგი? ამრიგად, გამოდის, რომ ცოდვის მიზეზი მეოთხეა, რაც არ არის არც არსობრივად თვითმდგომი მოვლენა, არცთუ მოვლენის ცნება, არამედ კაცთმოძულე რამ სიამეთმოსურნეობა, შობილი თვითუფლებრივობისგან და მაიძულებელი გონებისა, რომ ამ უკანასკნელმა ბოროტად მოიხმაროს ღვთის ქმნილებანი. სწორედ ამ სიამეთმოსურნეობის მოკვეთას განასაზღვრებს ღვთის რჯული. როდესაც ამ ყოველივეს გამოიწვლილავ, ერთი მხრივ, განქარდება ხსენებული გულისზრახვა, რადგან განჭვრეტილი ხდება მისი რაობა, მეორე მხრივ კი უკუიქცევა შენგან ეშმაკი, რადგან შენი გონება ამ ცოდნის წყალობით მაღლა აიზიდება. მაგრამ თუ არ გსურს, რომ ხსენებული ეშმაკის წინააღმდეგ გამოიყენო მისივე მახვილი და თუ იმას ესწრაფვი, რომ უპირველესად შენივე შურდულით განგმირო იგი, ამოაგდე, მაშ, შენც ქვა შენი სამწყემსო აბგიდან და ეძიე ახსნა იმისა, თუ როგორ ხდება, რომ ანგელოზები და ეშმაკები შემოდიან ჩვენს სამყაროში, ჩვენ კი მათ სამყაროებში ვერ შევდივართ, რადგანაც არც ის ძალგვიძს, რომ ანგელოზები უფრო მეტად შევაერთოთ ღმერთს, არცთუ იმის არჩევანი გვაქვს, რომ ეშმაკები უფრო უწმინდურები გავხადოთ; ასევე, როგორ უნდა აიხსნას, რომ `მთიები, განთიადისას ამომავალი, მიწაზე დაეკვეთა" (ეს. 14.12), და "რაცხს იგი ზღვას როგორც სანელსაცხებლეს, ხოლო უფსკრულის ტარტაროზს - როგორც ტყვეს, აღადუღებს კი უფსკრულს როგორც სპილენძის ქვაბს" (იობ. 41. 22-23), რომელიც ყველას აძრწუნებს თავისი ბოროტებით და რომელსაც ყოველთა ბატონობა სწადია. აი, ამ მოვლენების განჭვრეტა ფრიად განეწონება ეშმაკს და უკუაქცევს მთელ მის ბანაკს. მაგრამ ამას მხოლოდ ისინი ახერხებენ, რომლებიც მცირედით მაინც განიწმინდნენ და გარკვეულწილად ჭვრეტენ კიდეც მოვლენათა მიზეზებს, მაშინ როცა განუწმენდელნი უმეცარნი არიან ამ მოვლენათა საზრისისა და თუნდაც სხვათაგან ისწავლონ უკეთურთა განდევნა, მათსას მაინც არავინ შეისმენს, რადგან შერკინების ჟამს მეტისმეტი მტვერი და არეულობა წარმოიქმნება ვნებათა გამო. მართლაც, უთუოდ საჭიროა, რომ უცხოტომთა ბანაკი გაუნძრევლად იდგეს, რათა მხოლოდ `გოლიათი" გამოვიდეს ჩვენეული `დავითის" წინააღმდეგ (I მფ. 17).


აი ასე, ყველა სხვა უწმინდური გულისზრახვის წინააღმდეგაც იგივე დანაწევრება და ბრძოლის იგივე სახე-სიმბოლო უნდა გამოვიყენოთ.


21. რადგან ზოგი უწმინდური გულისზრახვა სწრაფად უკუიქცევა, გამოვიძიოთ მიზეზი, თუ რისგან გამომდინარე უნდა მომხდარიყო ეს. კერძოდ, ხომ არა - იმიტომ, რომ მოცემულ შემთხვევაში იშვიათია თვით მოვლენა და ამის გამო ძნელადმოსაპოვებელია გულისზრახვის საგანი, ან კიდევ - იმიტომ, რომ ნიშანდობლივია ჩვენთვის უვნებობა და ამის გამო ვერ იმძლავრა ჩვენზე მტერმა? მაგალითისათვის, თუ ვინმე განდეგილთაგანი წარმოიდგენს, რომ ქალაქის სულიერი გამგებლობა არწმუნეს სწორედ მას, ცხადია არ გაიხანგრძლივებს იგი ამ გულისზრახვის ზმანებას და უკუმიაქცევს მას ზემოთქმულთაგან პირველი მიზეზის შესაბამისად, მაგრამ თუ ვინმეს მსგავსი ფიქრი ექნება უმნიშვნელო ქალაქთან დაკავშირებით, ის კი მაინც ზემორეს მსგავსად განსჯის, ამგვარი ვინმე უვნებობის ნეტარებაში ჰგიეს. მსგავსადვე, სხვა ადვილგანსაგდებელ გულისზრახვებთან დაკავშირებითაც იგივე მიზეზი წარმოჩნდება და გამოიძიება. ამ ყოველივეს ცოდნა აუცილებელია ჩვენთვის, შესაბამისად ჩვენი წადიერებისა და ძალისა, რათა ვიხილოთ, გადალახული გვაქვს თუ არა იორდანე და ფინიკების ახლოს ვართ უკვე თუ კვლავაც უდაბნოში ვიმყოფებით და უცხოთესლთაგან ვიგვემებით. ავიღოთ, მაგალითად, ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი, რომელიც მეტად მრავალსახოვანი მეჩვენება და შეცდენაშიც ფრიად დახელოვნებული. ეს ეშმაკი, უკიდურესი განდეგილობის შედეგად ხშირად მოთრგუნული, დაუყოვნებლივ იღებს მეურვისა და გლახაკთმოყვარის სახეს, ნამდვილ მასპინძლობას უწევს არარსებულ სტუმრებს, სხვებს კი, ნაკლულევანთ, შორიდან უგზავნის შესაწევნელს, მოინახულებს, აგრეთვე, ქალაქის საპყრობილეებს, ვითომცდა გამოსასყიდ თანხას დებს მათთვის, შთააგონებს მდიდარ ქალებს, რომ მის კვალს მიჰყვნენ, სხვებს კი, რომლებსაც ფართო ქისა აქვთ, განდეგილობას ურჩევს. აი, ასე მცირე-მცირედ აცთუნებს იგი სულს, ვერცხლისმოყვარეობის გულისზრახვებით შემოიცავს მას და გადააბარებს შემდეგ ცუდმედიდობის ეშმაკს, ეს უკანასკნელი კი შემოუძღვება სიმრავლეს იმ ადამიანებისას, რომლებიც ზემოხსენებული ქველმოქმედების შედეგად გახდნენ უფლის მადიდებელნი, და მავანთ აიძულებს, რომ ხსენებული განდეგილის მღვდლობაზეც თქვან რამდენიმე სიტყვა ურთიერთშორის, ამასთან, წინასწარ მისნობს რა იგი ნამდვილი მღვდლის სიკვდილს, არწმუნებს ხსენებულ განდეგილს, რომ თითქოსდა ვერ აირიდებს იგი ამ მოვალეობას, რაც უნდა ბევრი ეცადოს. აი ასე, ზემორე გულისზრახვებით შებოჭილი უბადრუკი გონება, ერთი მხრივ, უკვე დაპირისპირებას იწყებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ არიან მისი მომხრენი, მეორე მხრივ კი თავის მომხრეებს წადიერად მიჰმადლებს ძღვენს და კეთილგონიერების გამო აქებს მათ, ამასთან მოწინააღმდეგეებს მსაჯულთ გადასცემს და ბრძანებს, რომ ქალაქიდან გააძევონ ისინი. როდესაც, მაშ, ეს გულისზრახვები აგრერიგად მკვიდრობენ და მიმოიქცევიან მასში, მყისვე წარმოდგება ამპარტავნების ეშმაკი, რომელიც კელინის სივრცეში ზედიზედ მიავლენს ელვას და ფრთიან ვეშაპებს, ბოლოს კი იმასაც იზამს, რომ გონებას წაართმევს მას. მაგრამ ჩვენ ამ გულისზრახვათა მოსპობისთვის მლოცველნი, მადლიერებით ვიყოთ სიღარიბეში მცხოვრებნი, "რადგან არაფერი შემოგვიტანია ამ სოფელში და ცხადია, არც რაიმეს წაღება ძალგვიძს, ხოლო გვაქვს რა საზრდო და შესამოსელი, ამით დავკმაყოფილდეთ" (I ტიმ. 6.7-8) და გვახსოვდეს პავლესი, რომელიც ამბობს, რომ ყველა ბოროტების ძირი ვერცხლისმოყვარეობაა (I ტიმ. 6.10).


22. ყველა უწმინდურ გულისზრახვას, ვნებათა გამო დახანებულს ჩვენში, დაღუპვასა და წარწყმედაში ჩაჰყავს გონება, რადგან ისევე როგორც დაიხანებს მშიერში აზრი პურის შესახებ შიმშილის გამო, მწყურვალში კი აზრი წყლის შესახებ წყურვილის გამო, ამგვარადვე ხანგრძლივდება ჩვენში, ვნებათა მიზეზით, აზრი ფულისა და იმ სამარცხვინო გულისზრახვების შესახებ, საჭმელ-სასმელთაგან რომ აღმოცენდება. იგივე გამომჟღავნდება ცუდმედიდობის გულისზრახვათა და სხვა წარმოსახვათა შესახებ. ამასთან, შეუძლებელია, რომ ღმერთს წარუდგეს და სამართლიანობის გვირგვინით შეიმკოს ამგვარი აზრებით მოშთობილი გონება, რადგან სწორედ ამ გულისზრახვებით იყო შთანთქმული ის სამგზისსაწყალობელი გონებაც, სახარებებში რომ იხსენიება, რომელმაც უარყო საღვთო ცოდნის ნადიმი (შდრ. ლ. 14. 18-20). ამავე გულისზრახვებით იყო მოქსოვილი, აგრეთვე, იმისი სამოსელიც, რომელიც ხელფეხშეკრული ჩააგდეს "გარესკნელ სიბნელეში" (მთ. 22.13) და რომელიც ამგვარი ქორწილისთვის უღირსად შერაცხა მეინახეთა მხმობელმა მეუფემ. ასე რომ, "საქორწინო სამოსელი" ესაა უვნებობა ამასოფლის გულისთქმათა უარმყოფელი მოაზროვნე სულისა, ხოლო ის, თუ რა არის მიზეზი გრძნობადი მოვლენების გახანგრძლივებულ წარმოსახვათა მიერ ცოდნის გახრწნისა, ამის შესახებ უკვე ვთქვით "ლოცვის შესახებ" დაწერილ თავებში.


23. საქმითი ღვაწლის მოწინააღმდეგე ეშმაკებში სამი არის წინამდგომი, რომლებსაც კვალში მოჰყვება უცხოთესლთა მთელი ბანაკი. ეს სამნი პირველები დგანან ბრძოლაში და სულებს უწმინდური გულისზრახვების გზით უხმობენ ბოროტებისკენ. ამათგან ერთნი განიკუთვნებენ ნაყროვანების სურვილებს, მეორენი ვერცხლისმოყვარეობას შთაგვაგონებენ, მესამენი კი კაცობრივი დიდებისაკენ გვიხმობენ ჩვენ. მაშ, დაეშურე განწმენდილ ლოცვას, იპყარ მრისხანება, შეიყვარე მრთელცნობიერება, დაიოკე მუცელი, ნუ მისცემ შენს სტომაქს პურს სიმაძღრედ და წყლის ნაკლებობით გვემე იგი. მღვიძარებდე ლოცვის ჟამს და ავმეხსიერება შორს განდევნე შენგან. სულიწმინდის სიტყვები ნუ მოგაკლდება შენ და წერილთა კარზე რეკდე სათნოების ხელებით. სწორედ მაშინ ამობრწყინდება შენში უვნებობა გულისა და ლოცვის ჟამს იხილავ შენს გონებას ვარსკვლავისებრ ელვარეს.