მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

სათნოებათმოყვარეობა

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

 

ევაგრე მონაზონი

 

მწუხარების ეშმაკის შესახებ

 

11. ყველა ეშმაკი სიამეთმოყვარეობას ასწავლის სულს; მარტოოდენ მწუხარების ეშმაკი არ იგუებს ამ საქმეს. პირიქით, იგი აუკუღმართებს მეუდაბნოეთა გულისზრახვებს, გარდაკვეთს და ახმობს რა სულის ყოველგვარ სიამეს მწუხარების მიერ, რადგან "მწუხარე კაცს უხმება ძვლები" (იგავ. 17.22). ვიდრე ზომიერად ებრძვის ეს ეშმაკი მეუდაბნოეს, გამოცდილ მოღვაწედ ხდის მას, რადგან აჯერებს, არაფერი სურდეს ამა სოფლისა და განუდგებოდეს ყოველგვარ სიამეს, მაგრამ როდესაც იგი მეტისმეტად ხანგრძლივად თანამყოფობს მასთან, წარმოშობს მასში იმგვარ გულისზრახვებს, რომლებიც შეაგონებენ ამ უკანასკნელს სულის ამოხდენას ან კიდევ აიძულებენ მას, რომ შორს გაიქცეს ამ ადგილიდან. სწორედ ეს იზრახა და განიცადა ოდესღაც წმინდა იობმა, ზემოხსენებული ეშმაკისგან შეურვებულმა, რადგან ასე თქვა: "ნეტამც შემეძლოს ჩემი თავის ხელყოფა ანდა სხვისთვის თხოვნა, ეს გამიკეთოს" (იობ. 30.24) ამ ეშმაკის სიმბოლოა ქვეწარმავალი იქედნე, რომლის შხამიც145, სამკურნალო მიზნით მოცემული, სხვა მხეცთა შხამს სპობს, მაგრამ თუ იგი უზომოდ მიეცემა რომელიმე არსებას, მასაც მოსპობს. სწორედ ამ ეშმაკს გადასცა პავლემ კორინთოში მცხოვრები რჯულის დამრღვევი. ამიტომაც, წადიერად სწერს იგი კორინთელებს ხელმეორედ, ეუბნება რა ასე: "გაამყარეთ მისდამი სიყვარული, რათა არ შთანთქას იგი მეტისმეტმა მწუხარებამ" (II კორ. 2.8-7), თუმცა ძალუძს ადამიანთა მტანჯველ ამ სულს, რომ კეთილი სინანულის გამომწვევიც გახდეს იგი. ამიტომ იყო, რომ თვით წმინდა იოანე ნათლისმცემელიც ამ სულისგან დანესტრილებს და ღვთისკენ შემოქცეულებს "იქედნეთა ნაშობებად" უწოდებდა და ამბობდა: `ვინ გიჩვენათ თქვენ განრიდება სამომავლო რისხვისგან? მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა და ნუ გეგონებათ, რომ იტყვით თქვენთვის: მამად გვყავს აბრაამი" (მთ. 3.8). მართლაც, ყველა ის, ვინც მიემსგავსა აბრაამს და გამოვიდა თავისი ქვეყნისა და ნათესაობისგან, ზემოხსენებულ ეშმაკზე ძლიერიც გახდა.


12. თუ ვინმემ დასძლია მრისხანება, მან ეშმაკები დასძლია, ხოლო თუ ვინმე რისხვას არის დამონებული, ამგვარი ვინმე გაუცხოებულია სამონაზვნო ცხოვრებისგან და შორსაა ჩვენი მაცხოვრის გზათაგან, რადგან ნათქვამია, რომ თვით უფალი ასწავლის მშვიდ ადამიანებს თავის გზებს (ფს. 24.9). სწორედ ამიტომ, ძნელად მოსანადირებელია მეუდაბნოეთა გონება, სიმშვიდის ველს შეფარებული, რადგან თითქმის არც ერთი სხვა სათნოება ისე არ აფრთხობს ეშმაკებს, როგორც სიმშვიდე. ეს სათნოება ჰქონდა მოპოვებული დიდ მოსეს, რომელსაც ეწოდა "მშვიდი ყველა ადამიანზე მეტად" (რიცხვ. 12.3). ასევე, წმინდა დავითმაც ღვთისგან მოხსენიების ღირსად განაჩინა სიმშვიდე, როდესაც თქვა: "მოიხსენე, უფალი, დავითი და მთელი სიმშვიდე მისი" (ფს. 131.1). მეტიც, თვით მაცხოვარმა ჩვენმა გვიბრძანა მისი სიმშვიდის მბაძველებად გახდომა, როდესაც თქვა: "ისწავლეთ ჩემგან, რომ მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის" (მთ. 11.29); მაგრამ თუ ვინმემ საჭმელი და სასმელი შეზღუდა, უკეთური გულისზრახვებით კი მრისხანებას აღაგზნებს, ამგვარი ვინმე ემსგავსება ზღვაში მცურავ ხომალდს, მესაჭედ რომ ეშმაკი ჰყავს. ამიტომაც, რაოდენ ძალგვიძს, ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ჩვენს "ძაღლს" და უნდა ვასწავლოთ მას, რომ მარტოოდენ "მგლები" გაანადგუროს, არ შეჭამოს ცხვრებიც და "მთელი სიმშვიდე გამოავლინოს ყველა ადამიანის მიმართ" (შდრ. ტიტ. 3.2).