სათნოებათმოყვარეობა
პირველი წიგნის პირველი ნაწილი
ევაგრე მონაზონი
სიზმართა შესახებ
4. გამოსაძიებელია, თუ როგორ აღბეჭდავენ და დასახავენ ეშმაკები ჩვენს მეწინამძღვრეს, ე.ი. გონებას, ძილის ზმანებებში, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი რამ გონებას მაშინ ემართება, როდესაც იგი ან თვალით ხედავს, ან სმენით ისმენს, ან სხვა რამ გრძნობის ორგანოთი იღებს შეგრძნებას, ანთუ მოქმედებს მეხსიერების მიერ, რომელიც აღბეჭდავს მეწინამძღვრეს (გონებას), მოძრაობაში მოჰყავს რა ყოველივე ის, სხეულის მიერ რაც მიუღია. ასე რომ, ეშმაკები წარმოჩნდებიან როგორც მეხსიერების აღმძვრელები, სახოვანყოფენ რა ჩვენს გონებას. ამასთან, რადგან ორგანო ძილისგან უმოქმედოდ არის შეკავებული, მაშ, საძიებელია, აგრეთვე, თუ როგორ ამოძრავებენ ისინი მეხსიერებას. შესაძლებელი არ არის განა, რომ - ვნებათა მიერ? ამას ხომ ისიც ცხადყოფს, რომ განწმენდილები და უვნებონი ამგვარ რამეს აღარ განიცდიან, თუმცა არსებობს მეხსიერების რამ მარტივი მოძრაობა ჩვენგანვე, ანდა წმინდა ძალთაგან ქმნილი, რის კვალობაზეც წმინდანებს თანაშევეზრახებით და მათთან ერთად ვტრაპეზობთ. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ იმ გამოსახულებებს, რომლებსაც სხეულითურთ იღებს სული, მათ სხეულის გარეშე ამოქმედებს მეხსიერება. და ესეც ცხადია, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ძილშიც, როდესაც ჩაწყნარებულია სხეული, ჩვენ მაინც იგივე განცდა გვაქვს, რადგან ისევე როგორც შესაძლებელია გავიხსენოთ წყალი წყურვილის გამოც და წყურვილის გარეშეც, ამგვარადვეა შესაძლებელი გახსენება ოქროსი ანგარებითაც და ანგარების გარეშეც. იგივე ითქმის სხვა დანარჩენთან დაკავშირებითაც, ხოლო ის, რომ აღმოვაჩენთ ბრძანებათა სხვადასხვა ნაირსახეობას, ეს ნიშანია ეშმაკთა ბოროტხელოვნებისა. კიდევ, ისიც საცოდნელია, რომ ეშმაკები ზმანებისთვის იყენებენ გარეშე მოვლენებსაც, როგორც მაგალითად ტალღების ხმაურს მოცურავეთა მიმართ. 5. ეშმაკთა განაზრახს დიდად შეეწევა ჩვენი მრისხანება, ამოქმედებული ბუნების საწინააღმდეგოდ, რაც უაღრესად გამოსადეგი ხდება ყველა მათი ბოროტი მოქმედებისათვის. ამიტომაც, მათგან არც ერთი არც ღამით, არც დღისით არ წყვეტს ჩვენი მრისხანების გამოწვევას, მაგრამ თუკი ნახავენ ისინი ამ მრისხანებას თავმდაბლობით შეკრულს, მაშინ, ვითომცდა სამართლიანი მიზეზებით, მყის გახსნიან მას, რათა უკიდურეს სიფიცხემდე მიიყვანონ იგი და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი პირუტყვული ზრახვებისათვის. ამიტომ, აუცილებელია არ გავაღიზიანოთ ჩვენი რისხვითი მიდრეკილება არც სამართლიანი, არც უსამართლო მიზეზით, არცთუ ისე მოხდეს, რომ ჩვენვე ხელთ ვუგდოთ ჩვენს შემაცდენლებს მახვილი უკეთური, რასაც, ვიცი, მრავალნი მოქმედებენ მრავალგზის, რაჟამს მცირე რამ მიზეზთა გამო ჯეროვანზე ბევრად მეტად აღეგზნებიან. დიახ, მითხარი, რად შეიმართები, ესოდენ სწრაფად, ბრძოლისათვის, თუ მართლაც მოგიძაგებია საჭმელი, ფული და ფუჭი დიდება? რადღა იყოლიებ ძაღლს, თუ აცხადებ, რომ დასაცავი არაფერი გაქვს? თუ ეს ძაღლი ყეფს და თავს ესხმის ადამიანებს, აშკარაა, რომ გაქვს შენ რაღაც და მისი დაცვა გწადია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამგვარი ვინმე შორსაა წმინდა ლოცვისგან, რადგან ვიცი, რომ მრისხანება სპობს მსგავს ლოცვას. გარდა ამისა, მიკვირს როგორ დაივიწყა მან წმინდანებიც, რადგან, ერთი მხრივ, დავითი ღაღადებს: "დამშვიდდი გულისწყრომისგან და მიატოვე მრისხანება" (ფს. 36.8), მეორე მხრივ კი, ეკლესიასტე შეგვაგონებს: "განიშორე მრისხანება შენი გულისგან და განაგდე უკეთურება შენი ხორცისგან" (ეკლ. 11.10). ასევე, მოციქულიც გვიბრძანებს, რომ აღვაპყროთ ყოველჟამს და ყოველ ადგილას წმინდა ხელები გულისწყრომისა და გულისზრახვათა გარეშე (I ტიმ. 2.8). რად არ განვისწავლებით ადამიანთა საიდუმლო და ძველი ჩვეულების კვალობაზე, რომლის თანახმადაც ლოცვის ჟამს ძაღლები განიდევნებიან სახლებიდან? ამით ხომ სწორედ ის მოესწავება, მლოცველებთან რომ მრისხანება არ უნდა თანამყოფობდეს, რადგან "ვეშაპთა მრისხანება ღვინოა მათთვის" (II სჯ. 32.33), ხოლო ნაზირეველები128 ღვინოს განუდგებოდნენ. რაც შეეხება იმას, რომ არაა საჭირო შესამოსელთა და საჭმელთა გამო ზრუნვა, ამის შესახებ ზედმეტიც მგონია რაიმეს დაწერა, რადგან თვით მაცხოვარი გვაძლევს აკრძალვას სახარებებში, როდესაც ამბობს: "ნუ ზრუნავთ თქვენს თავზე, რა ჭამოთ და რა სვათ, ანდა რა შეიმოსოთ" (მთ. 6.25, 31, 32). მართლაც, ამგვარი რამ აშკარად წარმართთა და ურწმუნოთა თვისებაა, რომლებიც უკუაგდებენ უფლის წინაგანგებას და უარყოფენ შემოქმედს, მაშინ როცა ამგვარი რამ სრულიად უცხოა ქრისტიანებისთვის, რომლებმაც მყისიერად ირწმუნეს, რომ ერთი ასარით ნაყიდი ორი პატარა ჩიტიც კი წმინდა ანგელოზების განგებულების ქვეშაა (მთ. 10.29). ამასთან, ეშმაკებს ისიც სჩვევიათ, რომ უწმინდურ ზრახვათა შემდეგ მზრუნველობითი ზრახვანი შთაგვიგდონ ჩვენ, რომ ამით "მიეფაროს" ჩვენგან იესო, ჰპოვებს რა იგი ჩვენი გონების "ადგილას" ფიქრების "ბრბოს" (შდრ. ი. 5.13), და რომ "უნაყოფო" გახდეს მისი სიტყვა, "მზრუნველობითი" გულის ზრახვებით "მოშთობილი" (შდრ. მთ. 13.22). ამიტომ, განვიშოროთ ეს ყოველივე და "უფალს მივანდოთ ჩვენი საზრუნავი" (ფს. 54.23), არსებული ვიკმაროთ, უბადრუკი ცხოვრება და სამოსელი ვიხმიოთ და ყოველდღიურად განვიძარცვავდეთ ცუდმედიდობის მამებს, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ უბადრუკი სამოსელი სამარცხვინოს გახდის მას, მზერა მიაპყროს წმინდა პავლეს, რომელიც "ყინვასა და სიშიშვლეში" (II კორ. 11.27) მოელოდა "სიმართლის გვირგვინს" (II კორ. 4.8); მაგრამ რადგან მოციქულმა "თეატრონი" და "საასპარეზო სარბიელი" უწოდა ამ სოფელს (I კორ. 9.24), ვნახოთ, არის კი შესაძლებელი, მზრუნველობითი ზრახვებით შემოსილმა "ღვთის ზენა ხმობის ჯილდოსკენ ისწრაფოს" (ფილ. 3.14) ანდა "იბრძოლოს" მან "მთავრობათა და ხელმწიფებათა მოპირისპირედ, ამ საუკუნის წყვდიადის სოფლისმპყრობელთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6.12). მე ეს არ ვიცი (განსწავლული ვარ რა თვით ამ გრძნობადი ისტორიისგანაც), რადგან ამგვარი ვინმე აშკარად დაბრკოლებული იქნება შესამოსელით და მიმოტაცებული - ისევე როგორც გონება - მზრუნველობითი გულისზრახვებით, თუკი ჭეშმარიტია სიტყვა, რომელიც ამბობს, რომ გონება თავის საკუთარ საუნჯეში მდგრადობს, რადგან უთქვამს: "სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც" (მთ. 6.21). 6. გულისზრახვათაგან ზოგი განკვეთს და ზოგი განიკვეთება. მაგალითად, განკვეთს უკეთური გულისზრახვა კეთილს. ამასთან, ეს უკეთურიც, თავის მხრივ, კეთილისგან განიკვეთება. კერძოდ, სულიწმინდა ყურადღებას აპყრობს თავდაპირველ გულისზრახვას და მასთან მიმართებით ან გვკიცხავს ჩვენ ანდა სათნოგვიყოფს. ეს ნიშნავს შემდეგს: ვთქვათ, მაქვს სტუმართმოყვარეობის გულისზრახვა, და უთუოდ მაქვს იგი უფლის გამო. მაგრამ განიკვეთება ეს გულისზრახვა, როდესაც მომეახლება მაცთური და შთამაგონებს, რომ სტუმართმოყვარე ვიყო განდიდების გამო. და კიდევ, ვთქვათ მაქვს სტუმართმოყვარეობის გულისზრახვა ადამიანთა წინაშე თავის გამოსაჩენად. ესეც განიკვეთება, როდესაც უკეთესი გულისზრახვა მოგვეახლება, რომელიც უმალ უფლისკენ წარმართავს ჩვენს სათნოებას და გვაიძულებს, რომ ადამიანთა გამო არ ვმოქმედებდეთ მას. 7. ანგელოზურ, ადამიანურ და ეშმაკეულ გულისზრახვათა შორის დიდი დაკვირვების შედეგად შეცნობილი მაქვს იმ განსხვავების არსებობა, რომ, უპირველესად, ანგელოზური გულისზრახვები მოვლენათა ბუნებას გამოეძიებენ და მათ სულიერ საზრისებს იკვლევენ, როგორც, მაგალითად, იმას, თუ რის გამო შეიქმნა ოქრო, რა მიზეზით შთაითესა იგი მიწის ქვედა ნაწილებში ქვიშის სახით და რად მოიპოვებენ მას დიდი გარჯისა და შრომის ფასად, ანდა რად ხდება, რომ უკვე მოპოვებულს წყლით რეცხავენ, ცეცხლში აგდებენ და ამგვარად გადასცემენ ოსტატთა ხელებს, მისგან რომ "კარვის" სასანთლეს, სასაკმევლეს, ტაკუკებსა და ფიალებს ქმნიან (შდრ. გამოსვლ. 25.22-39; II ნეშტ. 4.21), რომლებითაც, მაცხოვრის მადლით, აწ უკვე აღარ სვამს ბაბილონის მეფე (დან. 5.2-3), და კლეოპაც ამ საიდუმლოთაგან ანთებულ გულს დაატარებს, მაშინ როცა ეშმაკეულმა გულისზრახვამ ამგვარი რამ არ უწყის და არც საზრობს. მხოლოდღა გრძნობადი ოქროს მოხვეჭას შთაგვაგონებს იგი ურიდად და იმ შვებისა და დიდების შესახებ გვეწინასწარმეტყველება, ოქრომ რომ უნდა მოგვიპოვოს. რაც შეეხება ადამიანურ გულისზრახვას, იგი არც ოქროს მოხვეჭას ეძიებს, არცთუ იმას ცნობისმოყვარეობს, თუ რისი სიმბოლოა ეს ნივთი, არამედ მარტოოდენ ოქროს ლიტონი გამოსახულება შემოაქვს გონებაში, რაც განშორებულია ვნებასა და ანგარებას. ამავე აზრს გამოვხატავთ სხვა საგნებთან დაკავშირებითაც, თუ მას ზემორე კანონის მიხედვით საიდუმლოდ გავავარჯიშებთ. 8. არის ეშმაკი, "მოხეტიალედ" წოდებული, რომელიც განსაკუთრებით განთიადისას წარმოუჩნდება ძმებს და მიმოჰყავს მათი გონება ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სახლიდან სახლში, ვითომცდა უბრალო საუბრების წარმართვის მიზნით, და ეს გონება, ვიღაც თავის ნაცნობებთან ხანგრძლივად მოსაუბრე, შემხვედრთა მიზეზით ბღალავს საკუთარ ცხოვრების წესს და მცირე-მცირედ განშორებული ღვთის ცოდნასა და სათნოებას, აღთქმასაც ივიწყებს. ამიტომ, მართებს მეუდაბნოეს, რომ დაუკვირდეს ამ ეშმაკს, თუ საიდან მოდის იგი და სად ისადგურებს, რადგან არც ფუჭად, არცთუ შემთხვევით ხდება მისგან ესოდენ შორი წრის შემოვლა, არამედ მოქმედებს იგი ამას სწორედ განდეგილის მდგომარეობის შესაბღალად, რომ ამ უკანასკნელის გონება, შეხვედრებით აგზნებული და მრავალთა საუბრებით მთვრალი, მყისვე სიძვის ან მრისხანების ანთუ მწუხარების ეშმაკს ჩაუვარდეს ხელში, რომლებიც გაცილებით მეტად რყვნიან მისი ცხოვრების წესის ბრწყინვალებას. მაგრამ ჩვენ, თუკი მიზნად ის გვაქვს, ნათლად შევიცნოთ მისი მზაკვრობა, ნაჩქარევად ნუ შევესიტყვებით მას და ნუ გამოვიტანთ სააშკარაოზე მის საქმეებს, თუ როგორ ახდენს იგი აზრისმიერად ასაუბრებებს და რა სახით მიდენის გონებას, მცირე-მცირედ, სიკვდილისაკენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს ეშმაკი ხელიდან გაგვისხლტება (არ უნდა რა მას, რომხედავდნენ, რასაც მოქმედებს) და ამის შემდეგ ვეღარ შევიტყობთ ვერაფერს, რისი გაგებაც გვსურდა. ამიტომ, ვადროვოთ მას კიდევ ერთი-ორი დღე, დააბოლოოს თავისი მოქმედება, რომ ზედმიწევნით შევიცნოთ მისი მანქანება, შემდეგ კი სიტყვით ვამხილოთ იგი და უკუვაქციოთ. თუმცა რადგან განსაცდელის ჟამს ისე ხდება, რომ ამღვრეულია გონება და ზედმიწევნით ვერ ხედავს იგი მოვლენებს, ეშმაკის განრიდების შემდეგ ეს გააკეთე: დაჯექი და შენს თავში გაიხსენე, რაც შეგემთხვა, კერძოდ, თუ საიდან დაიწყე, სად წადი, რომელ ადგილას შეგიპყრო შენ სიძვის, მწუხარების თუ მრისხანების სულმა და კიდევ, როგორ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს ყოველივე შეისწავლე და მიაბარე მეხსიერებას, რომ შესძლო შენ მაცდურის მხილება, როდესაც იგი კვლავ მოვა შენთან. ამასთან, მის მიერ დაფარული ადგილიც გამოააშკარავე და ამის შემდეგ აღარ გაჰყვე მას, ხოლო თუ გინდა, რომ სიცოფემდეც მიიყვანო იგი, ამხილე დაუყოვნებლივ, რაჟამს წარმოგიდგება, და დანამდვილებით უჩვენე მას პირველი ადგილსაც, მეორეც და მესამეც, სადაც იყავი შესული, რადგან მეტად შმაგდება, ვერ იტანს რა შერცხვენას. ამასთან, მტკიცებულებად იმისა, რომ სწორედ შესაფერის დროს შეესიტყვე მას, იქნება ზემორე გულისზრახვის განრიდება შენგან, რადგან არ ძალუძს ხსენებულ მაცდურს აიტანოს აშკარა მხილება, როდესაც დაიძლევა ეს ეშმაკი, ამას მოჰყვება ძლიერგამტანჯველი ძილი და ქუთუთოების გაშეშება და მეტისმეტი გაცივება, აგრეთვე უსასრულო მთქნარებანი და მხრების დამძიმებულობა. ყოველივე ამას გულმოდგინე ლოცვის შედეგად აქარწყლებს სულიწმინდა. 9. ეშმაკთა სიძულვილი დიდად შეგვეწევა ცხონების საქმეში და დიდად გვარგებს სათნოებათა აღსასრულებლად. სწორედ ეს სიძულვილი უნდა გამოვზარდოთ ჩვენში როგორც რამ კეთილი ნაყოფი, მაგრამ ვერ ვახერხებთ კი, რადგან გემოთმოყვარეობის სულები გვიქარწყლებენ მას, რომლებიც კვლავ მათთან მეგობრობისა და სიახლოვისკენ აქეზებენ ჩვენს სულს, თუმცა ამგვარ მეგობრობას, უფრო კი ძნელად საკურნებელ განგრენას, ჩვენი მიტოვების გზით ჰკურნებს სულთა მკურნალი, რადგან უშვებს იგი, რომ დღე და ღამე განვიცდიდეთ რაღაც საშინელებას ეშმაკთაგან, რითაც სული კვლავ თავდაპირველ მძულვარებამდე აღიწევა, ისწავლის რა, რომ დავითისებრ ესიტყვოს უფალს: "სრული სიძულვილით შევიძულე ისინი და მტრად გამიხდნენ მე" (ფს. 138.22). მართლაც, სრული სიძულვილით იმას სძულს მტრები - ეშმაკები, ვინც არც მოქმედებით, არც გონებით არ სცოდავს, ეს კი ნიშანია უდიდესი და პირველადი უვნებობისა. 10. რაღა უნდა ითქვას იმ ეშმაკის შესახებ, რომელიც უგრძნობელს ხდის სულს? მეშინია კიდეც მის შესახებ დაწერა. როგორ ხდება, რომ ეს სული განუდგება საკუთარი ცხოვრების წესს ზემორე ეშმაკის მოახლების ჟამს და განიძარცვავს უფლის შიშსა და კეთილკრძალულებას, ცოდვას კი აღარ მიიჩნევს ცოდვად, არცთუ რჯულის დარღვევად რაცხს რჯულის დარღვევას, ხოლო საუკუნო სატანჯველსა და სასჯელს ლიტონ ნათქვამად მოიხსენებს, გულით დასცინის ცეცხლითმოსილ მიწისძვრას და, ვითომცდა ღვთის აღმსარებელი, უმეცარია მისი განჩინებისა. მკერდზე სცემ, ცოდვისკენ აღიძვრის რა იგი, მაგრამ მას ამის გრძნობა არა აქვს. წერილთაგან ესიტყვები, მაგრამ ყოვლითურთ ქვავდება და არ ესმის; ადამიანურ საყვედურს ეუბნები და არად რაცხს; ადამიანთა წინაშე სირცხვილსაც ვერ აღიქვამს იგი იმ ღორის მსგავსად, ღობე რომ გაარღვია თვალებდახშულმა. ხსენებული ეშმაკი შემოჰყავთ ცუდმედიდობის გახანგრძლივებულ გულისზრახვებს. თუკი არ შემოკლდებოდა უკანასკნელი დღენი, ვერ გადაურჩებოდა ამ ეშმაკს ვერც ერთი ხორციელი. იგი ერთი იმათგანია, რომლებიც იშვიათად მიეახლებიან საძმოს. ამის მიზეზი ნათელია, რადგან სხვათა უბედურების ჟამს, როდესაც მავანნი ან სნეულებათაგან იტანჯებიან ანდა საპყრობილეებში იმყოფებიან ბედკრულნი, ანთუ ანაზდეული სიკვდილისგან წარიტაცებიან, - დიახ, სწორედ მაშინ ეს ეშმაკიც განიდევნება, ვინაიდან მცირე-მცირედ სხვისი ტკივილით მოწყლული სული თანალმობით განიმსჭვალება და ამ გზით აღიხოცება კიდეც ამ ეშმაკისგან შეწმასნილი სიბრმავე. ამ საშუალებას ჩვენ, მარტოდმყოფნი, მოკლებულნი ვართ, რადგან უდაბნოში ვიმყოფებით და იშვიათობაა ვინმე უძლური ჩვენს მახლობლად. განსაკუთრებით სწორედ ამ ეშმაკის განსადევნელად გვიბრძანა უფალმა სახარებებში უძლურთა პატრონობა და პატიმართა მიხედვა, რადგან "უძლური ვიყავი, თქვა, და მოხვედით ჩემთან" (მთ. 25.36). ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ თუკი ვინმე მეუდაბნოეს, ამ ეშმაკთან შეხვედრისას, არ მიუღია მისგან ავხორცული გულისზრახვები, არცთუ მოწყინება დაუფლებია, რომ ამ მიზეზით მიეტოვებინა მას თავისი სახლი, ამგვარ ვინმეს შეწყნარებული ჰქონია უკვე ცათაგან მასზე ვლენილი მოთმინება და მრთელდაცულობა, და ეგზომი უვნებობით ნეტარქმნილი ყოფილა იგი. მეორე მხრივ, ყველა ისინი, რომლებიც აღთქმას დებენ, რომ ღვთისმოსაობას მოიღვაწებენ, მაგრამ ირჩევენ კი ერისკაცთა გვერდით თანამყოფობას, უნდა უფრთხოდნენ ამ ეშმაკს, რადგან მის შესახებ რომ კიდევ მეტი ვთქვა ან დავწერო, ადამიანებისაც მრცხვენია. |